Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე № 330210114500607

№ას-742-703-2015 4 დეკემბერი, 2015 წელი,

№ას-742-703-2015ვ-ა თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ვ-ა ვ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე-ი“(მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 მაისის განჩინება;

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულების შემცირება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2013 წლის 25 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ვ-ა ვ--ამ (შემდეგში: „მოსარჩელე, ან მსესხებელი“) შპს „ე-ისაგან“ (შემდეგში: „მოპასუხე, ან გამსესხებელი“) ერთი თვით ისესხა 50 000 აშშ დოლარი. სესხის სარგებელი განისაზღვრა თვეში 3 პროცენტით, ხოლო პირგასამტეხლო 0,15%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 623-ე, 625-ე და 417-418-ე მუხლები].

2. სესხის დაბრუნების ვადა 2013 წლის 25 ოქტომბრით იყო განსაზღვრული. ხელშეკრულების მესამე პუნქტის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით ამ ვადის გაგრძელება შესაძლებელი იყო თითო-თითო თვით.

3. სესხის დაბრუნების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ჭ-ას ქ. #2-სა და ჩ-ის ქ. #7-ს შორის, კორპ. 1, ბინა 1-, ს/კ 01.10.17.0--.0--.01.01.1-- [სსკ-ის 286.1 და 289.1 მუხლები].

4. მსესხებელი ყოველთვიურად უხდიდა გამსესხებელს 1500 აშშ დოლარს და მის მიერ გადახდილმა თანხამ, 2013 წლის 25 სექტემბრიდან 2014 წლის 7 აპრილის ჩათვლით, ჯამში შეადგინა 9 000 აშშ დოლარი.

5. 2014 წლის 28 აპრილს გამსესხებლის მოთხოვნის საფუძველზე, ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც: ძირითადი სასესხო ვალდებულებაა 50 000 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი 1500 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 795,67 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 1- ლარი [სსკ-ის 302-ე მუხლის მე-31 ნაწილი და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38.5 და 40-ე მუხლები].

6. მსესხებელმა სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა ნოტარიუსის მიერ 2014 წლის 28 აპრილს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ძირითადი ვალდებულების 11 367,67 აშშ დოლარით შემცირება და მისი განსაზღვრა 41 000 აშშ დოლარით. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ 9000 აშშ დოლარის ნაწილში ძირითადი ვალდებულება ნაწილობრივ შეწყდა შესრულებით, ხოლო 2295,67 აშშ დოლარისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯის - 1--, 72 ლარის მოთხოვნა, მისი მოსაზრებით, უსაფუძვლო იყო.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მსესხებლის მიერ გადახდილი 9000 აშშ დოლარი წარმოადგენდა არა ნასესხები თანხის ნაწილს, არამედ ექვსი თვის საპროცენტო სარგებელს. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 50-ე, 52-ე, 623-625-ე მუხლები, 626-ე მუხლის მესამე ნაწილი, 361.2, 417-418-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 102- და 105-ე მუხლები.

8. საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები. პალატამ სსკ-ის 52-ე და 338-ე მუხლების საფუძველზე დაასკვნა შემდეგი:

9.1. „...მართალია, ხელშეკრულების თანახმად, სესხი უნდა დაბრუნებულიყო ერთი თვის ვადაში - 25.10.2013, თუმცა, ზემოაღნიშნული ხელშეკრულება იმთავითვე განსაზღვრავდა ამ ვადის შემდგომ მხარეთა სამომავლო სამართლებრივ ურთიერთობას, კერძოდ, ხელშეკრულებაში საუბარია: მომავალი თვიდან სარგებლის დარიცხვის წესზე, ვადის გაგრძელების უფლებამოსილებაზე, ვადის თითო-თითო თვით გაგრძელებაზე მსესხებლის მიერ ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში და სარგებლის გადაუხდელობისას ხელშეკრულების შეწყვეტაზე... შესაბამისად, ეს პირობები ერთობლიობაში გულისხმობდა სწორედ იმას, რომ მხოლოდ პროცენტის კეთილსინდისიერად გადახდა იწვევდა ხელშეკრულების თითო-თითო თვით გაგრძელებას... მოცემულ შემთხვევაში მსესხებელი ყოველთვიურად იხდიდა ზუსტად ძირი თანხის 3%-ს, ანუ მხოლოდ პროცენტს - 1500 აშშ დოლარს, რაც იწვევდა ხელშეკრულების ვადის თითო-თითო თვით გაგრძელებას ვალდებულების ძირის შემცირების გარეშე...“

9.2. „... მსესხებელმა მარტის თვის გადახდა განახორციელა 07.04.2014წ, რითაც აღნიშნული ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2014 წლის აპრილის თვის ჩათვლით, გამსესხებელს გააჩნია აპრილის თვის საპროცენტო სარგებლის მოთხოვნის უფლება, რაც ასახულია კიდეც 28.04.2014წ. ნოტარიუს ე-ო შ-ის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში...“

10. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 მაისის განჩინება კასაციის წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია შემდეგნაირად:

ა) სააპელაციო სასამართლომ სსკ-ს 52-ე და 338-ე მუხლების გამოყენებით არასწორად განმარტა 2013 წლის 25 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მესამე პუნქტი, კერძოდ, ხელშეკრულების ვადის გაგრძელების საკითხი. მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარუდგინა სესხის დაბრუნების ვადის გაგრძელების დამადასტურებელი კანონით დასაშვები მტკიცებულება.

ბ) სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსკ-ის 335-ე და 345-ე მუხლები და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 102.3 მუხლი. მოპასუხემ საქმის განხილვისას დაადასტურა ის გარემოება, რომ 2013 წლის 25 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება სტანდარტულ დებულებებს შეიცავდა და მესამე მუხლის შინაარსი ხარვეზიანი იყო.

გ) მოცემულ საქმეზე დავის საგანი იყო შესასრულებელი ფულადი ვალდებულების ოდენობის განსაზღვრა და არა მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების დარღვევის ფაქტის დადგენა, თუმცა სასამართლომ სწორედ ამ ფაქტებზე იმსჯელა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსკ-ის 361.2-ე და 417-718-ე მუხლები;

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

11. საქმის მასალების გაცნობა, შესწავლა და ანალიზი, ასევე მიღებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმება, საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს გამოიტანოს დასკვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვის მიზნით იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების თაობაზე.

12.სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივად, სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია და სათანადოდ არ შეაფასა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები [სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი], რასაც შედეგად მოჰყვა არასწორი სამართლებრივი დასკვნა სარჩელის უსაფუძვლობის თაობაზე. სახელდობრ:

12.1. მხარეთა შორის სსკ-ის 623-ე მუხლით მოწესრიგებული სასესხო ურთიერთობის არსებობა დავას არ იწვევს. სადავოა 2014 წლის 28 აპრილს გამსესხებლის მოთხოვნის საფუძველზე, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით დადგენილი ფულადი ვალდებულების მოცულობა.

12.2. ფულადი ვალდებულების ოდენობის განსაზღვრა დამოკიდებული იყო სამართლებრივად მნიშვნელოვანი შემდეგი ფაქტების დადგენაზე, სახელდობრ:

ა) სესხის დაბრუნების ვადის სწორად განსაზღვრაზე, რადგანაც მოთხოვნის ვადამოსულობა განსაზღვრავს კრედიტორის უფლებას მოითხოვოს ვალდებულების შესრულება. თუ ხელშეკრულებით განსაზღვრულია დრო, მაშინ პრეზუმირებულია ის, რომ კრედიტორს არ შეუძლია შესრულების მოთხოვნა ამ ვადამდე, ხოლო მოვალეს კი შეუძლია ვალდებულების ვადამდე შესრულება [სსკ-ის 366-ე მუხლი].

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და აქედან გამომდინარე წინააღმდეგობრივია. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38.5 მუხლის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს იმ ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის შესრულების ვადაც დამდგარია. მოცემულ შემთხვევაში, 2013 წლის 25 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის პ.6-ით ვალდებულების შესრულების დროდ განსაზღვრულია 2013 წლის 25 ოქტომბერი, მაშინ, როდესაც სააპელაციო სასამართლოს დასკვნით ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2014 წლის აპრილის ჩათვლით (იხ. წინამდებარე განჩინების 9.2 პუნქტი). სასამართლოს ამ მსჯელობის გაზიარების შემთხვევაში, გამსესხებელს 2014 წლის 26 აპრილს არ შეეძლო მოეთხოვა სესხის დაბრუნება, რადგანაც ვადა ჯერ არ იყო დამდგარი!

ბ) 2013 წლის 25 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მესამე პუნქტის განმარტებასა და მისი ნამდვილობის დადგენაზე - სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მსესხებლის მიერ პროცენტის კეთილსინდისიერად გადახდა იწვევდა ხელშეკრულების თითო-თითო თვით გაგრძელებას, სამართლებრივად დაუსაბუთებელია. ცალსახაა, რომ სასამართლომ ხარვეზიანად ჩათვალა ხელშეკრულების აღნიშნული დებულება და ამის გამო მან მოიშველია სსკ-ის 52-ე და 338-ე მუხლებით დადგენილი განმარტების წესები, თუმცა, სასამართლომ ეს განმარტა ცალმხრივად, მხოლოდ გამსესხებლის ინტერესებით და არ გაითვალისწინა მსესხებლის პოზიცია, იმასთან დაკავშირებით, რომ ვადა არ გაგრძელებულა. ამ შემთხვევაში ვალდებულების შესრულების პირობების შემთავაზებელი იყო გამსესხებელი (მეწარმე სუბიექტი) და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა რამდენად კეთილსინდისიერად მოქმედებდა იგი [სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილი]. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო სსკ-ის 337-ე მუხლის დანაწესი, რომლის მიხედვითაც: „თუ ხელშეკრულების ცალკეული გამონათქვამები შეიძლება გაგებულ იქნეს სხვადასხვანაირად, მაშინ უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმას, რომელიც ჩვეულებრივ, მიღებულია ხელშეკრულების დამდები მხარეების საცხოვრებელ ადგილზე. თუკი მხარეებს სხვადასხვა საცხოვრებელი ადგილი აქვთ, გადამწყვეტია აქცეპტანტის საცხოვრებელი ადგილი.“

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ გამოიკვლია და არ შეაფასა სადავო დებულების ნამდვილობის საკითხი, კერძოდ:

ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება ხომ არ მოითხოვდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისათვის კანონით დადგენილი ფორმის დაცვას [სსკ-ის 302-ე მუხლის 31 ნაწილი და 625-ე მუხლის 1-3 ნაწილები], სადავო დებულების ამგვარი ფორმულირება ვალდებულების შინაარსის დადგენას ემსახურებოდა (ამ გარემოების დადგენის შემთხვევაში ფორმის დაუცველობა, სადავო დებულების ბათილობას გამოიწვევდა), თუ მიმართული იყო ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული რისკების განეიტრალებისაკენ, რადგანაც ამ დებულების შემთავაზებელია გამსესხებელი, ხომ არაა წინასწარ ჩამოყალიბებული მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული სტანდარტული დებულება (ამ გარემოებაზე კასატორიც მიუთითებდა, მაგრამ სხდომის ოქმის მიხედვით ეს საკითხი არ ყოფილა სასამართლოს კვლევის საგანი) და იქცა თუ არა იგი ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად [სსკ-ის 344-ე მუხლი] და ა.შ.

13. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას სწორად უნდა გაანაწილოს მტკიცების ტვირთი მხარეთა შორის [სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი], სრულყოფილად გამოიკვლიოს და ობიექტურად შეაფასოს როგორც სარჩელის გარემოებები, ისე მოპასუხის შესაგებელი, გამოიკვლიოს წინამდებარე განჩინების პ.12-ში მითითებული გარემოებები და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა)საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ)არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას შეამოწმოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ-ა ვ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი