საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №330210014443737
№ას-890-840-2015 1 დეკემბერი, 2015 წელი
№ას-890-840-2015ძი-ი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორ-- _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სე-ო ძი-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – რა-ი ჯი-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2010 წლის 27 დეკემბერს გი- ძი-სა (შემდეგში: სარჩენი) და რა- ჯი-ეს (შემდეგში: მოსარჩელე) შორის დაიდო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება და მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, აე-ს დასახლებაში მდებარე უძრავი ქონება, სახლი 3-. ამავე ხელშეკრულებით მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება სარჩენი მთელი სიცოცხლის მანძილზე უზრუნველეყო ნატურით: ბინით, კვებით, მოვლით და ა.შ. [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში,სსკ-ის, 941-ე მუხლი].
2. 2011 წლის 26 თებერვალს სარჩენი, რომელიც რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, 2011 წლის 26 თებერვალს გარდაიცვალა.
3. სარჩენის გარდაცვალების შემდეგ მის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ ცნობილ იქნა და სამკვიდრო მოწმობა გაიცა გარდაცვლილის შვილზე, სე-ო ძი-ზე (შემდეგში: მოპასუხე) [სსკ-ის 1336-ე და 1500-ე მუხლები].
4. გარდაცვლილის სიცოცხლეში ამ უკანასკნელსა და მოპასუხეს შორის ურთიერთობა დაძაბული იყო.
5. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა მის მიერ სარჩენის მკურნალობაზე, დაკრძალვასა და წარმომადგენლობაზე გაწეული ხარჯების, 11485,86 ლარის, მოპასუხისათვის დაკისრება [სსკ-ის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილი, 969-ე და 973-ე მუხლები].
სარჩელი დასაბუთებული იყო შემდეგი ფაქტებით:
5.1. სარჩენი 2007 წლის 27 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით მკურნალობდა შპს „კა-რ კლ-ა გუ-ი“ და მკურნალობის ხარჯმა შეადგინა 715 ლარი (ტ.1. ს.ფ. 19-20);
5.2. გარდაცვლილის სარიტუალო მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 300 ლარი (ტ.1. ს.ფ. 93);
5.3. ქელეხის (3000 ლარი), ორმოცისა (1850 ლარი) და წლისთავის (2900 ლარი) სარესტორნო მომსახურების ხარჯებმა შეადგინა 7750 ლარი (ტ.1.ს.ფ. 21); ყველა ხარჯი გაწია მოსარჩელემ.
5.4. 2006 წლის 17 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, გრ-ს ქ. №3-ში. იპოთეკარს წარმოადგენდა სარჩენი, ხოლო მოვალეს - ირ- ოდ-ე. მოცემული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2008 წლის 19 სექტემბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით #01/08 -350 დააკმაყოფილდა პრეტენდენტის (სარჩენი) წარმომადგენლის (მოსარჩელე) პრეტენზია და მოპასუხე ირ- ოდ-ეს დაეკისრა თანხის გადახდა სარჩენის სასარგებლოდ. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისში, გრ-ს ქ. №3-ში, იძულებითი წესით აუქციონზე რეალიზაცია. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით თბილისის სააღსრულებო ბიუროს 05.10.2009 წლის განკარგულებით უძრავი ქონება ნატურით გადაეცა კრედიტორს (სარჩენს). აღნიშნულ დავასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა შეადგინა 2720,86 ლარი (საარბიტრაჟო მოსაკრებელი - 211,05 ლარი (ტ.1. ს.ფ. 27-28) და სააღსრულებო წარმოების საფასური - 2 298.76 ლარი).
6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია. მოსარჩელეს რაიმე ხარჯი, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა სარჩენის მკურნალობასთან ან გარადაცვალებასთან, არ გაუღია. საარბიტრაჟო წარმოების დროს იგი მოქმედებდა როგორც სარჩენის წარმომადგენელი. მას 2010 წლის 27 დეკემბრის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზეც ევალებოდა სარჩენის მოვლა და მზრუნველობა. დამკრძალავი ბიუროს მომსახურების ხარჯი 300 (სამასი) ლარი გადახდილია სარჩენის დანაზოგიდან.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა1800 ლარის გადახდა.
7.1. საქალაქო სასამართლომ დაასკვნა. რომ არ დასტურდებოდა სარჩენის მკურნალობის ხარჯის, 715 ლარის, მოსარჩელის მიერ გაწევის ფაქტი. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საარბიტრაჟო საქმისწარმოებისას და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში მოსარჩელე სარჩენს წარმოადგენდა და, შესაბამისად, იგი მოქმედებდა წარმოდგენილი პირის ხარჯითა და მისი სახელით.
7.2. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ გაღებულ იქნა გარდაცვლილის სარიტუალო მომსახურების ხარჯი, 300 ლარი, ასევე, ქელეხის, ორმოცისა და წლისთავის სარესტორნო მომსახურების ხარჯი - 7750 ლარი. სასამართლომ მოსარჩელის მიერ გაღებული სარიტულო ხარჯების ოდენობა - 300 ლარი გონივრულად ჩათვალა. რაც შეეხება ქელეხის, ორმოცისა და წლისთავის ხარჯებს, სასამართლომ განმარტა, რომ გონივრულად უნდა ჩაითვალოს შემდეგი: ქელეხისათვის 1000 (ათასი), ხოლო ორმოცისათვის 500 (ხუთასი) ლარის ფარგლებში ანაზღაურება. წლისთავის ხარჯი, ასევე ქელეხისა და ორმოცის ამდენივე ხარჯი, რასაც მოსარჩელე მიუთითებს, აუცილებელ ხარჯად ვერ ჩაითვლებოდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 1484-ე, 1489-ე და 973-ე მუხლები.
7.3. საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა. მოცემული თანხა წარმოადგენდა 2011 წლის 26 თებერვალს გარდაცვლილი სარჩენის დანაშთ სამკვიდროს. სასამართლო გადაწყვეტილებაზე 2014 წლის 2 ივლისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი;
7.4. სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ მოპასუხემ იცოდა სარჩენის გარდაცვალების შესახებ, თუმცა იგი დაკრძალვას არ დასწრებია.
8. საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა აპელაციის წესით.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2800 ლარის გადახდა.
9.1. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრი-- გარემოებები, მაგრამ არ დაეთანხმა დასაბუთებას ქელეხისა და ორმოცის ხარჯების დაფარვის ნაწილში.
9.2. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მართალია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2002 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით საქმეზე #3კ/441-01 დადგენილ იქნა პრაქტიკა დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის თაობაზე, მაგრამ მოგვიანებით, 2013 წელს, ერთ-ერთ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ განსხვავებულად განმარტა დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების საკითხი [იხ. სუს-ის განჩინება საქმეზე #ას-753-714-2013, 10.10.14], რასაც ფაქტობრივად დაეთანხმა უზენაესი სასამართლო, როდესაც დაუშვებლად ცნო საკასაციო საჩივარი. სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ, რადგანაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების მიღებიდან გასულია 10 წელზე მეტი და, იმის გათვალისწინებით, რომ ამ პერიოდში დაკრძალვის ხარჯების საბაზრო ფასები გაიზარდა, დაკრძალვის აუცილებელი ხარჯების გონივრული ოდენობა 15 000 ლარით უნდა განსაზღვრულიყო. მოცემული საქმეზე დადგენილი გარემოებების ანალიზით კი, პალატამ მიიჩნია, რომ ქელეხისა და ორმოცის ხარჯები უნდა გაზრდილიყო 500-500 ლარით და შესაბამისად განსაზღვრულიყო 1500 და 1000 ლარით.
10. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, რაც ეფუძნება შემდეგ საფუძვლებს:
10.1. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული;
10.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება (საქმე #ას-753-714-2013, 10.10.14წ) მიღებულია საქმეზე, რომლის დავის საგანსაც წარმოადგენდა დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება და, შესაბამისად, განსხვავდებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრი-- ვითარებისაგან.
10.3. საქალაქო სასამართლომ ქელეხის ხარჯი 1000 ლარი და ორმოცის ხარჯი 500 ლარი მართებულად ჩათვალა გონივრულად;
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამრთლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
15. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია.
16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
17. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოპასუხის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 257-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სე-ო ძი-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სე-ო ძი-ი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი