საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №180210013295321
№ას-937-887-2015 4 დეკემბერი, 2015 წელი
№ას-937-887-2015თა-ი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გე- თა-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მე- თა-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავ ნივთზე თანამესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის (წარსულში რაიონის) სოფელ მისაქციელში მცხოვრებ თა-ების ოჯახს 1993 წლის დეკემბერში იმავე სოფელში მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების #26 აქტის საფუძველზე გამოეყო სამი მიწის ნაკვეთი, რომლებიც აღირიცხა აწ გარდაცლილ მა-მ თა-ის საკუთრებად (ტ.1. ს.ფ. 18) [„საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის #48 დადგენილება].
2. 1993 წლის დეკემბრისათვის კომლის წევრებად ირიცხებოდნენ: იო-ბ თა-ი, ოჯახის უფროსი, მა-მ თა-ი ამ უკანასკნელის მეუღლე, მათი შვილები: მე-ი (შემდეგში: „მოსარჩელე ან კასატორი“] და გე- (შემდეგში: “მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე“) და შვილიშვილი, პა-ა თა-ი (იხ. ტ.1, ს.ფ. 19-20).
3. იო-ბ თა------–---–ი გარდაიცვალა 1994 წლის 14 ოქტომბერს, ხოლო მა----მ თა-ი, 2009 წლის 13 იანვარს (ტ.1 ს.ფ. 30-31).
4. მოსარჩელე კომლიდან გავიდა 1995 წლის დეკემბერში (ტ.1. ს.ფ 20).
5. 2001 წლის 2 ოქტომბერს აწ გარდაცვლილმა მა-მ თა-მა (შემდეგში: “გამჩუქებელი“) მოპასუხეს აჩუქა უძრავი ნივთები. ჩუქება გაფორმდა წერილობით და დამოწმდა სანოტარო წესით, როგორც ამას ითვალისწინებდა იმ დროს მოქმედი კანონმდებლობა. ჩუქების საგანს წარმოადგენდა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. მისაქციელში მდებარე სამი მიწის ნაკვეთი: 0.160 ჰა (საცხოვრებელი სახლის მიმდებარე სარეგისტრაციო #7-), 0.150 ჰა (აბანოსთან მიმდებარე სარეგისტრაციო #7-) და 0.44 ჰა (ბენზინის გასამართ სადგურთან მიმდებარე სარეგისტრაციო #7-). სამივე მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში აღირიცხა მოპასუხე (ტ.1. ს.ფ. 15-16, 24-27) [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 524-ე, 525.2-ე,183-ე და 3111.1-ე მუხლები].
6. 2013 წელს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა:
6.1. 2001 წლის 2 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ გამჩუქებლის (დედამისის) ხელმოწერა ყალბია.
6.2. კომლის საკუთრებაში არსებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის 3/5 ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა, იმ საფუძვლით, რომ 1993 წელს, როდესაც მიწის რეფორმა ჩატარდა, ის კომლის წევრი იყო და, აქედან გამომდინარე, კომლის სხვა წევრებთან ერთად კომლის საერთო ქონების თანამესაკუთრე იყო. შესაბამისად, დედამისი უფლებამოსილი არ იყო განეკარგა მთელი ქონება.
7. მოპასუხემ წარადგინა, როგორც მოთხოვნის გამომრიცხავი, ისე მოთხოვნის ხანდაზმულობის (განხორციელების ხელისშემშლელი მუდმივი) შესაგებელი (ტ.1. ს.ფ. 38-47) და მიუთითა შემდეგი:
7.1. 1996-2000 წლებში კომლის წევრებად ფიქსირდებოდნენ მესაკუთრე და მოპასუხე (ტ.1 ს.ფ. 19);
7.2. მოსარჩელე 1996 წლიდან აღარ ირიცხებოდა კომლის წევრად, ვინაიდან ის გავიდა კომლიდან და მშობლებმა მას საკუთრებაში გადასცეს სხვაგან მდებარე ორი მიწის ნაკვეთი;
7.3. დედის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო მიიღო მოპასუხემ, რაზეც გაცემულია სამკვიდრო მოწმობა (ტ.1. ს.ფ. 49-51).
7.4. სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან მოსარჩელისათვის 2001 წლიდანვე ცნობილი იყო ჩუქების შესახებ.
7.5. იმისათვის, რომ საკომლო მეურნეობაზე გავრცელებულიყო საერთო საკუთრების რეჟიმი, თითოეული თანამესაკუთრე საჯარო რეესტრში უნდა დარეგისტრირებულიყო. მოცემულ შემთხვევაში კი, ასეთი რამ არ გამოვლენილა [საქართველოს კანონი „საოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ მუხლი 4, პუნქტი 4-5].
8. 2013 წლის 22 ნოემბერს მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა სადავო ქონების 3/5 წილის მესაკუთრედ ცნობა (ტ.1, ს.ფ. 130).
9. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით (ტ.1. ს.ფ. 200-222) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოსარჩელე ცნობილ იქნა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი #72.03.1-.1--, 1600 მ2 მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების) თანამესაკუთრედ 1/9 წილზე, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 2001 წლის 2 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულება მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი #72.03.1-.1--, 1600 მ2 მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები) 1/9 წილის ფარგლებში, ხოლო მოთხოვნა, მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი 72.03.1-.1--, 1600 მ2 მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები) თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე 22/45 წილის ფარგლებში და ხელშეკრულებაში მითითებულ სხვა ორ მიწის ნაკვეთზე, არ დაკმაყოფილდა.
9.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ 1995 წელს კომლიდან გასვლით დათმო თანასაკუთრების უფლება სადავო ქონებაზე, რათა რეფორმის ფარგლებში მიეღო ცალკე მიწის ნაკვეთები და ამით გაუქმდა საერთო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე საზიარო უფლება. ამ გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელე აღარ იყო კომლის წევრი და, შესაბამისად, მას არ გააჩნდა რაიმე უფლება კომლის ქონებაზე.
9.2. სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა მამის დანაშთი ქონების კანონისმიერ მემკვიდრეს. მან დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა: „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის #48 დადგენილება, 1964 წლის რედაქციით საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 122-ე და 125-ე მუხლები, სსკ-ის 1336-ე, 1306-ე 1328-ე,1319-ე, 1421.1, 1424-ე, 54-ე და 312-ე მუხლები.
10. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა აპელაციის წესით.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
ა). მოსარჩელე აღიარებულ იქნა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი 72.03.1-.1--, 1600 მ2 მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები) თანამესაკუთრედ 4/9 წილზე;
ბ). ბათილად იქნა ცნობილი 2001 წლის 2 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულება მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი 72.03.1-.1--, 1600 მ2 მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები) 4/9 წილის ფარგლებში, ხოლო 5/9 წილის ფარგლებში არ დაკმაყოფილდა;
გ).მოსარჩელის მოთხოვნა 0,150 ჰა და 0,440 ჰა მიწის ნაკვეთების ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში განუხილველად იქნა დატოვებული იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეს ამ ნაწილში არ გააჩნდა იურიდიული ინტერესი.
11.1. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ მამკვიდრებელს (იო-ბ თა-ს) ხუთი მემკვიდრე ჰყავდა და ქონება ხუთ ნაწილად უნდა განაწილებულიყო.
11.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1995 წლის დეკემბერში მოსარჩელის კომლიდან გასვლით მას კომლის ქონებაზე თანასაკუთრების უფლება არ დაუკარგავს; აღნიშნულიდან გამომდინარე, მას, როგორც კომლის წევრს გააჩნდა თანასაკუთრების უფლება ქონების 1/3 წილზე, ხოლო, როგორც მამის მემკვიდრეს, 1/9 წილზე, რამაც ჯამში შეადგინა 4/9 ნაწილი.
11.3. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღიარებითი სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნა ორი მიწის ნაკვეთის ნაწილში (0,150 ჰა და 0,440 ჰა) ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე ნამდვილ იურიდიულ ინტერესს იყო მოკლებული, რაც სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა.
12. სასამართლომ თავისი დასკვნების სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა: „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის #949 დადგენილება, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის #29 დეკრეტი, საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქციით) 122-ე, 125-ე, 128-129-ე მუხლები.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება მოპასუხემ ნაწილობრივ გაასაჩივრა (მოსარჩელის 4/9 წილზე თანამესაკუთრედ ცნობის, სადავო ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის ნაწილი) კასაციის წესით და მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა კომლის წევრობიდან გასვლის საკითხი, რის შედეგადაც დაადგინა, რომ სამკვიდრო უნდა გაყოფილიყო სამ მემკვიდრეს შორის, მაშინ, როდესაც რეალურად უნდა ყოფილიყო 5 მემკვიდრე და ქონებაც 5 ნაწილად უნდა გაყოფილიყო.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:
16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამრთლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რამელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
18. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია.
19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
20. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 257-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გე- თა-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილვე-–-დ;
2. გე- თა-ს (პ.#3-) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (საგადასახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 23.09.15 სს „თიბისი ბანკი“), 1669,16 ლარის, 70% – 1168,41 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი