Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №330210013300696

№ას-942-892-2015 4 დეკემბერი, 2015 წელი

№ას-942-892-2015ა- ჯგ-ი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „სა-ო კო-ა ა- ჯგ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა-. ო. ღუ-ს სა-ის ერ-ი სა-ო ცე-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სამედიცინო მომსახურების ღირებულებისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს ა-. ო. ღუ-ს სახ. ერ-ი სა-ო ცე-ი (შემდეგში: „მოსარჩელე“) სამედიცინო მოსახურებას უწევდა შპს სა-ო კო-ა “ა- ჯგ-ის“ (შემდეგში: “მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი“) სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამით დაზღვეულ პირებს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის #177 დადგენილებით (შემდეგში: „წესები“) დადგენილი წესების შესაბამისად.

2. 2013 წლის მაისში მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწია 56024,40 ლარის სამედიცინო მომსახურება, რის თაობაზეც #1843 ანგარიშ-ფაქტურა წარუდგინა მოპასუხეს (ტ.1. ს.ფ. 22-27).

3. გაწეული მომსახურების ღირებულება მოპასუხეს უნდა დაეფარა 2013 წლის 28 ივნისამდე [წესების მეექვსე მუხლის მეხუთე პუნქტი].

4. მოპასუხემ 2013 წლის 23 ივნისს გადაიხადა 11222,10 ლარი, ხოლო 26 ივლისს - 10000 ლარი, ასანაზღაურებელი დარჩა 34802,30 ლარი.

5. მოსარჩელემ მოპასუხის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სსიპ სამედიცინო მედიაციის სამსახურს. ამ უკანასკნელმა 2013 წლის 22 აგვისტოს მიიღო რეკომენდაცია, რომლითაც დაადასტურა მოთხოვნის საფუძვლიანობა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანების, 34802,30 ლარის, 2013 წლის 28 ივნისიდან 26 ივლისამდე ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს, 1254,40 ლარის, 2013 წლის 27 ივლისიდან კი პირგასამტეხლოს 34,80 ლარის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (დავალიანების სრულად დაფარვამდე), გადახდა (ტ.1. ს.ფ. 94-102).

6. მოპასუხე არ დაეთანხმა სსიპ სამედიცინო მედიაციის სამსახურის გადაწყვეტილებას.

7. მოსარჩელემ მოპასუხის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა:

7.1. ძირითადი დავალიანების - 34802,30 ლარის დაკისრება;

7.2. პირგასამტეხლოს სახით: 2013 წლის 28 ივნისიდან 26 ივლისამდე 1254,60 ლარის; 2013 წლის 26 ივლისიდან 26 აგვისტომდე - 1044 ლარის; 2013 წლის 26 აგვისტოდან 2014 წლის 21 თებერვლამდე 5389,21 ლარის; სულ - 7687,52 ლარის; 2014 წლის 21 თებერვლიდან ვალდებულების შესრულებამდე ყოველდღიურად 7,62 ლარის დაკისრება.

7.3. საექსპერტო მომსახურების ხარჯების - 1600 ლარის დაკისრება;

7.4. სამედიცინო მედიაციის სამსახურის მომსახურების საფასურის 188,65 ლარის დაკისრება.

8. სარჩელის აღძვრის შემდეგ მოპასუხემ გადაიხადა 23000 ლარი, შესაბამისად, მოთხოვნა ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში შემცირდა 7622,30 ლარამდე.

9. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი და მიუთითა შემდეგი:

9.1. წესების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მხარეთა შორის არ გაფორმებულა ურთიერთშედარების აქტი, რაც შემდგომში საფუძვლად უნდა დადებოდა ანგარიშსწორებას.

9.2. მოპასუხესა და სს „ჩე- ოჯ-ს კლ-ს“ (ტ.1. ს.ფ. 129-142), ასევე, მოპასუხესა და შპს „მე-ლ პა-ი სა-ს“ შორის (ტ.1, ს.ფ. 143-157) გაფორმებულია ხელშეკრულებები, რომელთა შესაბამისადაც, მოპასუხის მიერ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაზღვეულ პირთა ცალკეული კონტიგენტის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფას, ასევე, აღნიშნულ პირებზე გაწეულ სამედიცინო მომსახურებაზე ინფორმაციის/დოკუმენტაციის დამუშავებას, მოპასუხისათვის მიწოდებას და რეგულირების შედეგად ასანაზღაურებელი თანხის ანგარიშსწორებას მოსარჩელის სასარგებლოდ უზრუნველყოფდნენ ეს კომპანიები. აქედან გამომდინარე, მოპასუხე არასათანადო მოპასუხეა.

9.3. შპს „მე-ლ პა-ი სა-ს“ მიერ მოთხოვნილი თანხა 16024,1 ლარი (ტ.1, ს.ფ. 73) შესწორდა და ანაზღაურებას დაექვემდებარა 11222,1 ლარი, ხოლო 4802 ლარის ანაზღაურება ეკისრება სს „ჩე- ოჯ-ს კლ-ს“. #2089 ანგარიშფაქტურით (ტ.1 ს.ფ. 71) მოთხოვნილ 40000.30 ლარს, აღნიშნული თანხიდან 11980,10 ლარი სს „ჩე- ოჯ-ს კლ-ს“ მიერ ექვემდებარებოდა რეგულირებას, რის შედეგადაც კორექტირების შემდგომ ასანაზღაურებელი მოცულობა განისაზღვრა 10980,10 ლარით, საიდანაც გადასახდელია 10000 ლარი.

9.4. არ არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი, ვინაიდან, წესების შესაბამისად, არ გაფორმებულა ურთიერთშედარების აქტი, რის გამოც გაურკვეველია პირგასამტეხლოს ოდენობა და მისი გაანგარიშების საფუძველი.

9.5. მოსარჩელის მიერ გაწეული რიგი სამედიცინო მომსახურება არ იყო გამოწვეული აუცილებლობით და მიზნად ისახავდა ხარჯების გაზრდას.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელის მიერ მითითებული თანხის ფარგლებში სამედიცინო მომსახურების გაწევა და მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულება. სასამართლომ, წესების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი „დ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა.დ.ა“ და „დ“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, არ მიიჩნია დადასტურებულად, რომ რიგ შემთხვევებში მოსარჩელის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურება არ იყო აუცილებელი და მხოლოდ ხარჯების ზრდას ემსახურებოდა. სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 316.1, 317.1, 361.1, 417 და 418-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები.

11. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა აპელაციის წესით.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა და შეიცვალა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

13. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები. სააპელაციო სასამართლომ, წესების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეცვალა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი 2014 წლის 8 აგვისტოდან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის ნაწილში და აპელანტს მოსარჩელის სასარგებლოდ 2014 წლის 21 თებერვლიდან, ყოველდღიურად, 2014 წლის 8 აგვისტომდე დააკისრა 7.62 ლარის, ხოლო 2014 წლის 8 აგვისტოდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე - 1.53 ლარის გადახდა.

14. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება აპელანტმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, რომლის დასაბუთება ემყარება შემდეგ გარემოებებს:

14.1. 2013 წლის მაისის თვის მომსახურების ღირებულების ნაწილი - 7622,30 ლარი ისეთი მომსახურების ღირებულებაა, რომლის გადახდისაგან კასატორი გათავისუფლებულია;

14.2. მხარეთა შორის არ გაფორმებულა სავალდებულო ურთიერთშედარების აქტი, რაც წესების შესაბამისად გაწეული მომსახურების ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველია;

14.3. სასამართლომ არ შეაფასა კასატორის არგუმენტები, სს „ჩე- ოჯ-ს კლ-ა“ და სპს „მე-ლ პა-ი სა-ს“ შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობა და ამ ურთიერთობიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:

17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამრთლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რამელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

19. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია.

20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

21. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 257-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „სა-ო კო-ა ა- ჯგ-ი“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „სა-ო კო-ა ა- ჯგ-ს“ (ს/კ 2-) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (საგადასახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 05.08.15 სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“) 473 ლარის 70% – 331,10 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი