Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №080210015739653

№ას-952-902-2015 11 დეკემბერი, 2015 წელი,

№ას-952-902-2015შემოსავლები თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ-ნ ხ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რ-ნ ხ-ძე (შემდეგში: „მოსარჩელე“) საკუთრების უფლებით ფლობდა ავტომობილს - მარკა „vaz 2121“, სახ-ფო ნომრით V-Y 0-0 (შემდეგში: ავტომანქანა ან სატრანსპორტო საშუალება).

2. ავტომანქანის თავდაპირველი მესაკუთრე იყო ი-ი მ-ძე (შემდეგში: „მესაკუთრე“), რომელმაც ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულებით საკუთრებაში გადასცა ავტომანქანა გ-ა ჩ-ძეს, ხოლო ამ უკანასკნელმა, ასევე, ზეპირი ხელშეკრულებით, 2004 წლის მარტში მოსარჩელეს იგივე ავტომანქანა გადასცა საკუთრებაში [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის , შემდეგში სსკ-ის, 186-ე მუხლის პირველი ნაწილი].

3. მოსარჩელეს სატრანსპორტო საშუალება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოში კანონით დადგენილი წესით არ დაურეგისტრირებია [„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლი].

4. 2013 წლის 3 ივნისს გარდაიცვალა მესაკუთრე, რომელსაც დარჩა პირველი რიგის მემკვიდრე, მეუღლე, დ-ნ გ-ძე (შემდეგში: „მეორე მოპასუხე“) [სსკ-ის მ. 1336] (ს.ფ. 15-16).

5. მესაკუთრის სახელზე ირიცხებოდა სალდირებული საგადასახადო დავალიანება, რის გამოც შემოსავლების სამსახურის (შემდეგში: „პირველი მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი“) 2011 წლის 8 დეკემბრის #021-4798 ბრძანებით ყადაღა დაედო მოსარჩელის კუთვნილ ქონებას, მათ შორის, ავტომანქანასაც (ს.ფ. 62) [საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლი].

6. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცის დროს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო, 2011 წლის 11 მაისს და 2014 წლის 21 ოქტომბერს მოსარჩელე დაჯარიმდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მეექვსე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის (ს.ფ. 17).

7. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეთა წინააღმდეგ და მოითხოვა მისი კუთვნილი ავტომანქანის ყადაღისაგან განთავისუფლება, იმ საფუძვლით რომ ის ყადაღადადებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეა და პასუხს არ აგებს ყადაღის საგნის ადრინდელი მესაკუთრის საგადასახადო ვალდებულებებისათვის.

8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოპასუხე წარმოადგენდა ავტომანქანის მესაკუთრეს და, შესაბამისად, არ არსებობდა ამ უკანასკნელის კუთვნილ ავტოსატრანსპოტო საშუალებაზე ყადაღის დადების სამართლებრივი საფუძველი. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 158-ე და 186-ე მუხლის პირველი ნაწილები, ასევე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები.

9. საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება პირველმა მოპასუხემ გაასაჩივრა აპელაციის წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები. სასამართლომ „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის („საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან.“) საწინააღმდეგოდ, რომლითაც ასაბუთებდა აპელანტი თავის პოზიციას, დამატებით მიუთითა შემდეგზე: „...“ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით... კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს ავტომობილზე საკუთრების უფლება წარმოეშვა 2004 წელს, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის შემოღებამდე. შესაბამისად, მითითებული მუხლის დანაწესი ვერ გავრცელდება რ-ნ ხ-ძეს, გ-ა ჩ-ჩაძესა და ი-ი მ-ძეს შორის წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ“.

10. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის განჩინება აპელანტმა გაასაჩივრა საკასაციო წესით შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

10.1. გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული;

10.2. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია;

10.3. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი მე-91 მუხლის შესაბამისად, საავტომობილო ტრანსპორტზე საკუთრების უფლება წარმოიშობა შსს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან. ვინაიდან სადავო ავტომობილი მომსახურების სააგენტოში ირიცხებოდა მესაკუთრის საკუთრებად, მასზე მართლზომიერად განხორციელდა ყადაღის დადება.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

15. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია.

16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ მიუთითა შემდეგი: „...საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. ამავე კოდექსის 186-197-ე მუხლებით განსაზღვრულია რა მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას“ (იხ. სუსგ-ებები:№ას-914-954-2011, 27 ოქტომბერი, 2011 წელი; №ას-658-625-2014, 5 დეკემბერი, 2014 წელი).

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტითა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით და მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სწორად განაწილების, ასევე, მტკიცებულებათა სწორი ანალიზით მართებულად დაადგინა მოსარჩელის საკუთრების უფლება ყადაღადადებულ ნივთზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება“ [იხ.საქმე №ას-1021-979-2014, 22.06.15წელი].

17. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 257-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სსიპ შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ და „უ“ ქვეპუნქტების საფუძველზე;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი