Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №190210014556273

№ას-968-917-2015 11 დეკემბერი, 2015 წელი

№ას-968-917-2015კ-ძე თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ-რ კ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს-თ კ-ის მ-ის კ-ა ლ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 მაისის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – აუცილებელი გზის უფლების მოპოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ს-თ კ-ის მ-ის კ-ა ლ-ი (შემდეგში: მოსარჩელე) საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტს საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 19 დეკემბრის #1202 დადგენილებით რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე (ტ.1, ს.ფ. 98-105).

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2013 წლის 18 სექტემბრის #78/01-06 ბრძანებითა და მის საფუძველზე გაცემული #251 ნებართვით მოსარჩელეს უფლება მიეცა, გარდაბნის, მარნეულის, თეთრიწყაროს, წალკის, ახალციხისა და რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში განახორციელოს ბუნებრივი აირის სამხრეთ კავკასიური მილსადენის სისტემის გაფართოების (რეკონსტრუქციის) პროექტის ფარგლებში, 56 კმ სიგრძის მაღალი წნევის ახალი მაგისტრალური გაზსადენის, ორი საკომრესორო სადგურისა და მათთან დაკავშირებული ობიექტების მშენებლობა (ტ.1. ს.ფ. 14-31).

3. მილსადენის მარშრუტმა გადაკვეთა კერძო საკუთრებაში არსებული მთელი რიგი მიწის ნაკვეთები რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

4. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს, რომელთა ნაკვეთებსაც კვეთდა მილსადენის მარშრუტი, მოსარჩელემ შესთავაზა შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც სამხრეთ კავკასიური მილსადენის სისტემის გაფართოების პროექტის ფარგლებში საქართველოში მიწაზე უფლებების მოპოვებისა და კომპენსაციის სახელმძღვანელოს წესების მიხედვით იყო გამოთვლილი (ტ.1. ს.ფ. 88-97).

5. ნ-რ კ-ძის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს (ს/კ #02.01.0-.1-, მდებარე ქ. რუსთავში) კვეთს მშენებარე მილსადენის მარშრუტი (ტ. 1, ს.ფ. 36-39);

6. მოსარჩელემ 2013 წლის 16 მაისს მოპასუხეს შესთავაზა საკომპენსაციო თანხა მიწის ნაკვეთის შესაძენად, რასაც ეს უკანასკნელი არ დასთანხმდა (იხ.ტ.1, ს.ფ. 7).

7. მოსარჩელემ მოპასუხისა და სხვა მესაკუთრეების წინააღმდეგ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა მისთვის აუცილებელი გზის უფლების მინიჭება [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 180-ე მუხლის პირველი ნაწილი];

8. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი (ტ.1. ს.ფ. 141-148) შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

8.1. მოსარჩელეს საკუთრების უფლების შეზღუდვის საკომპენსაციოდ რეალური არაფერი შეუტავაზებია. შემოთავაზებული თანხა მცირეა და არ არის მისაღები;

8.2. წარმოდგენილი სარჩელი აღიარებითი სახისაა, რაც დაუშვებელია, ვინაიდან აღძრული უნდა იქნეს მიკუთვნებითი ან გარდაქმნითი სარჩელი;

8.3. არასწორია მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად სსკ-ის 180-ე მუხლზე მითითება.

9. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სსკ-ის 170-ე, 174-ე და 180-ე მუხლების გამოყენებით, სარჩელი დაკმაყოფილდა.

9.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მოყოლილია მოსარჩელის მიერ განსახორციელებელი პროექტის დერეფანში. მოპასუხემ უარი განაცხადა მოსარჩელესთან ხელშეკრულების გაფორმებაზე, რაც აფერხებს პროექტის განხორციელებას. მოსარჩელეს უფლება აქვს, კანონის საფუძველზე მოითხოვოს მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გავლით აუცილებელი გზა მის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან დასაკავშირებლად, ხოლო მოპასუხე ვალდებულია, ითმინოს მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად.

9.2. მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც მოთხოვნილია აუცილებელი გზის უფლება, არ არის განთავსებული სხვა სახის უძრავი ქონება, რაც შეიძლება დაზიანდეს მოთხოვნილი უფლების განხორციელების შედეგად.

10. 2014 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა აპელაციის წესით.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.

12. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ დავის გადასაწყვეტად გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსკ-ის 180-ე მუხლი.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 სექტემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

18. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია.

19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

20. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ამ კატეგორიის საქმეებზე უკვე არსებობს სტაბილური სასამართლო პრაქტიკა. აღნიშნულთან დაკავშირებით იხილეთ საქმე #№ას-478-454-2013 18.07.13 წელი, # ას-1141-1187-14, 08.12.14 წელი.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 257-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ-რ კ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ნ-რ კ-ძეს (პ.# 3-6) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (საგადასახადო დავალება #1, გადახდის თარიღი 22.09.15 სს თიბისი ბანკი), 300 ლარის, 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი