საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე #330210013288539
№ას-982-927-2015 11 დეკემბერი, 2015 წელი,
№ას-982-927-2015თავდაცვა თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „2- ს-ი პ-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ივნისის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2012 წლის 17 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა (შემდეგში: „მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი“) და შპს „2- ს-ი პ-ს“ (შემდეგში: „მოპასუხე“) შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #492 (შემდეგში: „ ხელშეკრულება“) [საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ მე-101 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და 161 მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 477-ე მუხლი].
2. ხელშეკრულების (ტ1, ს.ფ. 13-22) მესამე და მერვე მუხლების შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელისათვის 2012 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიეწოდებინა 33889,80 ლარის ღირებულების საქონელი (ჟურნალ-გაზეთები, წიგნები).
3. ხელშეკრულების 14.1.1. პუნქტი საქონლის მიუწოდებლობისათვის (მათ შორის: ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, უხარისხო, არასრული მოცულობით, საჭირო დოკუმენტაციის გარეშე) ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს, ხელშეკრულების ღირებულების 0,2%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე [სსკ-ის 417-418-ე მუხლები].
4. მოსარჩელემ 2013 წლის 15 მაისის #492-1 აქტის საფუძველზე (ტ 1, ს.ფ. 25), მოპასუხეს წარუდგინა პრეტენზია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში საქონლის მიუწოდებლობისათვის და მოსთხოვა პირგასამტეხლოს, 1897,83 ლარის, გადახდა.
5. მოპასუხემ პირგასამტეხლო არ გადაიხადა.
6. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის წინამდებარე განჩინების პ.4-ში აღნიშნული პირგასამტეხლოს დაკისრება.
7. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი და მიუთითა, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დათქმულ ვადაში, 2012 წლის 19 სექტემბერს, შეასრულა. ამის დასადასტურებლად მან მიუთითა 2012 წლის 19 სექტემბრის დროებითი შენახვის აქტზე და სასაქონლო ზედნადებებზე (ტ.1. ს.ფ. 54-61) [სსკ-ის 477-ე მუხლის პირველი ნაწილი, 483-ე და 427-ე მუხლები].
8. მოპასუხემ წარადგინა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა მიწოდებული საქონლის ღირებულების, 33973,80 ლარის, მოსარჩელისათვის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ ეს უკანასკნელი 20 კალენდარული დღის ვადაში ვალდებული იყო, გადაეხადა მიწოდებული საქონლის ღირებულება [ხელშეკრულების პ.4.1, სსკ-ის 477-ე მუხლის მეორე ნაწილი და 483-ე მუხლი].
9. მოსარჩელემ შეგებებული მოთხოვნა არ ცნო (ტ.1. ს.ფ. 111-120) და მიუთითა, რომ დროებითი შენახვის აქტი არ წარმოადგენს საქონლის მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს, ხოლო სასაქონლო ზედდებულებზე არ ფიქსირდება მხარეთა ხელმოწერები. ამასთანავე, მოპასუხის მიერ არ შესრულებულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და დადგენილად მიიჩნია მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის დათქმულ ვადაში მიწოდება და მოსარჩელის მიერ მისი მიღების ფაქტი. ამ გარემოების დასადასტურებლად სასამართლო დაეყრდნო არა მარტო 2012 წლის 19 სექტემბრის დროებითი შენახვის აქტსა და სასაქონლო ზედნადებებს, არამედ სსიპ სამხედრო ლიცეუმის წერილსაც, საიდანაც დასტურდებოდა მოსარჩელის კუთვნილი რეგიონული ბაზიდან მოპასუხის მიერ მიწოდებული საქონლის მიღების ფაქტი (იხ.ს.ფ.161). სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 477-ე, 361.2 და 417-ე მუხლები.
11. საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა აპელაციის წესით.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
13. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათზე მიცემული სამართლებრივი შეფასებები.
14. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ივნისის განჩინება მოსარჩელემ გაასაჩივრა საკასაციო წესით შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
14.1. არ არსებობს ხელშეკრულების 9.1 პუნქტით განსაზღვრული მიღება-ჩაბარების აქტი, რითაც დადასტურდებოდა მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულება, რის საფუძველზედაც მოსარჩელეს წარმოიშობოდა გადახდის ვალდებულება;
14.2. ხელშეკრულების 9.3. პუნქტით განსაზღვრული დროებითი შენახვის აქტი არ წარმოადგენს საქონლის საბოლოო მიღების დადასტურებას;
14.3. მოპასუხემ უფრო მეტი ღირებულების საქონელი მიაწოდა მოსარჩელეს, ვიდრე ხელშეკრულების 3.1. პუნქტით იყო გათვალისწინებული. სასაქონლო ზედდებულებით დასტურდება არა 33973,80 ლარის, არამედ 35149,80 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდება, რაც, ხელშეკრულების 9.5.2. პუნქტის თანახმად, ზედმეტად მიწოდებულ პროდუქციაზე უარის თქმის საფუძველია.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:
17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
19. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია.
20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
21. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 257-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი