Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №190210014583037

№ას-988-932-2015 15 დეკემბერი, 2015 წელი

№ას-988-932-2015რ-ის ა-ი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „რ-ის ა-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ-თ ბ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აგვისტოს განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დ---ს საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. დ-თ ბ-ე (შემდეგში: „მოსარჩელე“) 2006 წლიდან 2014 წლის 31 ივლისამდე შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე მუშაობდა სს „ე-ი ი-ში“, შპს „კ-ში” და შპს „რ-ის ა-ში“ ზეინკლის პოზიციაზე (ტ.1. ს.ფ. 15-24);

2. 2013 წლის 1 აგვისტოს მოსარჩელესა და შპს „რ-ის ა-ს“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) შორის ერთი წლით, 2014 წლის 1 აგვისტომდე, წერილობითი ფორმით დაიდო შრომითი ხელშეკრულება. (ტ.1. ს.ფ. 23-24) [საქართველოს შრომის კოდექსის,შემდეგში სშკ-ის, მუხლი 6].

3. 2013 წლის 31 მაისს მოსარჩელე არჩეულ იქნა სარემონტო-მექანიკური საამქროს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარედ (ტ.1. ს.ფ. 27-28).

4. მოპასუხის 2014 წლის 31 ივლისის #192კ ბრძანებით, შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა (ტ.1. ს.ფ. 25) [სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტი].

5. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა 2014 წლის 31 ივლისის #192კ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა უვადო ხელშეკრულებით და 2014 წლის 1 აგვისტოდან იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, შემდეგი საფუძვლით:

5.1. სშკ-ის მე-6 მუხლის 13-ლი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, მასთან უნდა გაფორმებულიყო უვადო შრომითი ხელშეკრულება, რადგანაც 2006 წლიდან მუშაობდა დამსაქმებელ საწარმოში ზეინკლად [„თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით, ან თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა მისი ვადის გასვლისთანავე ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო პირველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში.“];

5.2.გარდა ამისა, რადგანაც ის არჩეული იყო სარემონტო-მექანიკური საამქროს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარედ, მოპასუხეს არ ჰქონდა მისი განთავისუფლების უფლება და, შესაბამისად, მან დაარღვია „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მესამე პუნქტის მოთხოვნა [„დაუშვებელია დამსაქმებელთა ინიციატივით, შესაბამისი პროფკავშირული ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე, ძირითად სამუშაოზე დასაქმებული არჩევითი პროფკავშირული ორგანოს თავმჯდომარის, წევრის, პროფორგანიზატორისა და პროფჯგუფორგის სამუშაოდან დათხოვნა, სხვა სამუშაოზე გადაყვანა ან დისციპლინარული წესით დასჯა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა „].

6. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

6.1. მან სახელმწიფო რეგისტრაცია გაიარა 2011 წლის 19 ივლისს (ტ.1. ს.ფ.62), ხოლო უძრავ-მოძრავი ქონება შეიძინა შპს „კ-საგან“ ვალდებულებების გარეშე (ტ.1, ს.ფ. 65-89);

6.2. ის არ წარმოადგენს არც სს „ე-ი ი-ის“ და არც შპს „კ-ის“ სამართალმემკვიდრესა და უფლებამონაცვლეს;

6.3. მოსარჩელის სამუშაო სტაჟი მოპასუხესთან 2 წელსა და 10 თვეს არ აღემატებოდა, რაც მას აძლევდა უფლებას შეეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება ვადის გასვლასთან დაკავშირებით.

6.4. მას არ დაურღვევია „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მესამე პუნქტის მოთხოვნა.

7. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა.

7.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ, მიუხედავად იმ სამართლებრივ-ორგანიზაციული ცვლილებებისა, რაც განხორციელდა სს „ე-ი ი-ში“, შპს „კ-ში“ და მოპასუხესთან, საწარმოო პროცესი არ შეცვლილა და ამ საწარმოში მოსარჩელე 2006 წლიდან უწყვეტად განაგრძობდა მუშაობას ზეინკლის პოზიციაზე. შესაბამისად, სშკ-ის მიზნებიდან გამომდინარე, მოპასუხე, როგორც ახლადშექმნილი სუბიექტი, რომელსაც კანონმდებელი უწესებს გარკვეულ შეღავათებს შრომითი ხელშეკრულების უვადოდ დადებასთან დაკავშირებით, ასეთად ვერ იქნება განხილული. შესაბამისად, სშკ-ის მე-6 მუხლის 13-ლი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელესთან არსებული შრომითი ხელშეკრულება უნდა მიჩნეულიყო უვადო ხელშეკრულებად და, ამ ხელშეკრულების მოშლისას, უნდა დაცულიყო ხელშეკრულების შეწყვეტის სშკ-ის მიერ დადგენილი წესები [სშკ-ის 37-38-ე მუხლები].

7.2. მოპასუხემ ვერ დაასაბუთა მოსარჩელის განთავისუფლებისა და მასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის შესახებ თავისი პოზიცია, ასევე ვერ წარმოადგინა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სხვა საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

8. საქალაქო სასამართლოს გაადწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა აპელაციის წესით, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აგვისტოს განჩინებით არ დაკმაყოფილდა.

8.1. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ძირითადი სამართლებრივი შეფასებები. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ ვრცელდებოდა სშკ-ის მე-6 მუხლის 13-ლი ნაწილის მოქმედება. მან ასევე დაადგინა, რომ მოპასუხე არ არის ახლადშექმნილი საწარმო სშკ-ის მე-6 მუხლის 14-ლი ნაწილის კონტექსში და, შესაბამისად, ის დასაქმებულებისათვის სს „ე-ი ი-ის“ და შპს „კ-ის“ უფლებამონაცვლეა.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მიუთითა შემდეგზე:

9.1. სასამართლოს განჩინება არ არის დასაბუთებული, არასწორად განიმარტა სშკ-ის ნორმები;

9.2. სასამართლომ არასწორად მიიჩნია კასატორი სს „ე-ი ი-ის“ და შპს „კ-ის“ უფლებამონაცვლედ.

9.3. სასამართლომ არასწორად განმარტა სშკ-ის მე-6 მუხლის შენიშვნა [„მე-6 მუხლის 13 პუნქტის პირობების მიუხედავად, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე დასაქმებულთან, რომლის შრომითი ურთიერთობები ერთსა და იმავე დამსაქმებელთან გრძელდება 5 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში, უვადო შრომითი ხელშეკრულება ,მე-6 მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად, დადებულად ჩაითვლება ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის შემდეგ, ხოლო, თუ ასეთივე დასაქმებულის შრომითი ურთიერთობები ერთსა და იმავე დამსაქმებელთან გრძელდება 5 წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში, მასთან უვადო შრომითი ხელშეკრულება , მე-6 მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად ,დადებულად ჩაითვლება ,,საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედებიდან 2 წლის შემდეგ);

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 სექტემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

14. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია.

15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

16. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 257-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „რ-ის ა-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „რ-ის ა-ს“ (ს/კ 4-9) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (საგადასახადო დავალება #629, გადახდის თარიღი 17.09.15 სს სს საქართველოს ბანკი), 409 ლარის, 70% – 286,30 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი