საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №330210014534989
№ას-993-937-2015 15 დეკემბერი, 2015 წელი,
№ას-993-937-2015ჟ-ი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
ნ-ნ ჟ-ის საკასაციო საჩივარში:
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ-ნ ჟ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა-ი“ (მოპასუხე)
შპს „ა-ი ქ-ის“ საკასაციო საჩივარში:
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ა-ი ქ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ-ნ ჟ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2012 წლის 1 თებერვალს ნ-ნ ჟ-ს (შემდეგში: მოსარჩელეს), შპს „ა-სა“ (შემდეგში : პირველი მოპასუხეს) და შპს „ა- ქ-ს“ (შემდეგში: „მეორე მოპასუხეს“) შორის სამი წლით დაიდო იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებები (ტ.1. ს.ფ. 15-20) [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 709-ე მუხლი], რომლის საფუძველზედაც მოსარჩელე იღებდა ვალდებულებას, უზრუნველეყო მოპასუხეთა სამართლებრივი მომსახურება.
1.1. თავის მხრივ, მოპასუხეები კისრულობდნენ ვალდებულებას, გაწეული მომსახურებისათვის ყოველთვიურად გადაეხადათ 750 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
1.2. მოსარჩელე ვალდებული იყო: უზრუნველეყო კლიენტი წერილობითი და ზეპირი კონსულტაციებით, მისი დავალებით შეედგინა განცხადებები, პრეტენზიები, საჩივრები, სარჩელები და სხვა სახის სამართლებრივი დოკუმენტები და ა.შ. (იხ.ხელ-ბის მეორე მუხლი, ტ.1. ს.ფ.15-17).
1.3. მოპასუხეები უფლებამოსილი იყვნენ ცალმხრივად, ვადაზე ადრე შეეწყვიტათ ხელშეკრულებები, თუ ისინი მოსარჩელეს ორი თვით ადრე წერილობით გააფრთხილებდნენ და მოახდენდნენ ხელშეკრულებით დარჩენილი ვადის განმავლობაში მისაღები ანაზღაურების სრულ კომპენსაციას [იხ. ხელშეკრულების 4.1 პუნქტი].
2. 2013 წლის 4 ივნისს პირველმა მოპასუხემ განცხადებით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდეგში - კომისიას) და მოითხოვა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემა (ტ.1. ს.ფ. 21).
3. 2013 წლის 6 ივნისს კომისიამ წერილით მიმართა პირველ მოპასუხეს და დაავალა 10 დღის ვადაში სანებართვო მოსაკრებლის - 100 ლარისა და რესურსით სარგებლობის საფასურის - 5000 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარდგენა (ტ.1. ს.ფ. 22-23). აღნიშნული წერილი შემდგომი რეაგირებისათვის დაეწერა მოსარჩელეს.
4. პირველმა მოპასუხემ დადგენილ ვადაში არ წარადგინა სანებართვო მოსაკრებლისა და რესურსით სარგებლობის საფასურის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოც კომისიის 2013 წლის 28 ივნისის #415/12 გადაწყვეტილებით პირველ მოპასუხეს უარი ეთქვა ნუმერაციის სარგებლობის ნებართვის გაცემაზე და მისი განცხადება განუხილველად დარჩა (ტ.1. ს.ფ. 26-28).
5. მოპასუხეებმა 2014 წლის 23 აპრილის ბრძანებებით ვადაზე ადრე, 2014 წლის 14 აპრილიდან, შეწყვიტეს 2012 წლის 1 თებერვლის იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებები (ტ.1. ს.ფ. 13-14).
6. მოსარჩელემ მოპასუხეთა წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. ხელშეკრულებების 4.1. პუნქტის საფუძველზე მან მოითხოვა თითოეულ მათგანზე კომპენსაციის -7125 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა სსკ-ის 317-ე, 319-ე, 361-ე, 411-412-ე, 414-ე მუხლებზე.
7. მოპასუხეებმა წარადგინეს მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი (ტ.1. ს.ფ. 46-55) იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ხელშეკრულების 4.1 პუნქტი, რომელსაც ეფუძნება მოსარჩელის მოთხოვნა, სსკ-ის 720-ე მუხლის საფუძველზე ბათილია.
8. პირველმა მოპასუხემ წარადგინა შეგებებული საჩელი (ტ.1. ს.ფ. 74-86) და მოითხოვა მოსარჩელეს 1900 ლარის გადახდა დაკისრებოდა. შეგებებული სარჩელი ეფუძნებოდა შემდეგ გარემოებებს:
8.1. მან 2013 წლის 4 ივნისს განცხადებით მიმართა კომისიას და მოითხოვა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა, რომლის მისაღებადაც კომისიამ 2013 წლის 6 ივნისის წერილით მოითხოვა 10 დღის ვადაში სანებართვო მოსაკრებლის - 100 ლარისა და რესურსით სარგებლობის საფასურის - 5000 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა და ამისი დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარდგენა. აღნიშნული დავალება შესასრულებლად გადაეცა მოსარჩელეს, რაც მან არ შეასრულა; ამის გამო კომისიამ მას უარი უთხრა ნუმერაციის სარგებლობის ნებართვის გაცემაზე და განცხადება განუხილველად დატოვა;
8.2. 2014 წლის აპრილიდან იგი აღარ სარგებლობს ნუმერაციის რესურსით, რის გამოც მან დაკარგა შემოსავალი, რომელიც ყოველთვიურად საშუალოდ 630 ლარს შეადგენდა. ერთი წლის შემოსავალი კი, ხარჯების გამოკლებით, იქნებოდა 2460 ლარი.
მეორე მოპასუხემ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსკ-ის 709-ე, 713-ე, 719-ე, 408.1 და 411-ე მუხლებზე.
9. მოსარჩელემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი და მოთხოვნა არ ცნო. მან მიუთითა, რომ მას არ დაურღვევია ხელშეკრულების პირობებით ნაკისრი ვალდებულებები, პირველი მოპასუხის პასუხისმგებელ პირებთან შეთანხმებით არ გადახდილა ნუმერაციის რესურსის მისაღებად გასდაზღვრული თანხა, რადგანაც მიჩნეულ იქნა არაეკონომიურად. თანხის გადაუხდელობის გამო კომისიამ უარი თქვა ნუმერაციის სარგებლობის ნებართვის გაცემაზე.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მეორე მოპასუხეს დაეკისრა 7125 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო მოთხოვნა პირველი მოპასუხის მიმართ არ დაკმაყოფილდა; პირველი მოპასუხის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს დაეკისრა 1900 ლარის გადახდა.
10.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დავალების შეუსრულებლობით პირველ მოპასუხეს შეუწყდა ნუმერაციის რესურსით სარგებლობა, რის გამოც მან ვერ მიიღო შემოსავალი, 1900 ლარი.
10.2. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მხარეთა შორის გაფორმებული იურიდიული მომასახურების ხელშეკრულების 4.1 პუნქტის ბათილად ცნობის საფუძველი,
11. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელემ და მეორე მოპასუხემ.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში; მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
12.1. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები მეორე მოპასუხისათვის კომპენსაციის 7125 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში. პალატამ სსკ-ის 52-ე და 338-ე მუხლების გამოყენებით განმარტა ხელშეკრულების 4.1. პუნქტი და დაასკვნა, რომ ხელშეკრულება შეწყდა არა მოსარჩელის, არამედ მეორე მოპასუხის მიზეზით და ეს უკანასკნელი ვალდებული იყო, გადაეხადა ფულადი კომპენსაცია ხელშეკრულებით დარჩენილი მთელი ვადისათვის, როგორც ეს შეთანხმებით იყო გათვალისწინებული.
12.2. რაც შეეხება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, სასამართლომ მიუთითა, რომ მეორე მოპასუხემ ვერ დაამტკიცა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის არსებობის ფაქტი და აქედან გამომდინარე, დაუსაბუთებელი იყო ამ უკანასკნელის მოთხოვნა ზიანის, 1900 ლარის, დაკისრების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 408.1, 411-ე და 412-ე მუხლები.
13. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელემ და მეორე მოპასუხემ.
14. მოსარჩელის კასაცია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მას სახელშეკრულებო ვალდებულება არ დაურღვევია, პირველი მოპასუხის დირექტორისათვის ცნობილი იყო კომისიის 2013 წლის 6 ივნისის წერილით განსაზღვრული მოთხოვნა 5100 ლარის გადახდის თაობაზე, რაც ხელმძღვანელობამ არ შეასრულა.
15. მეორე მოპასუხის საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
15.1. სსკ-ის 720-ე მუხლის შესაბამისად, მას უფლება ჰქონდა, შეეწყვიტა მოსარჩელესთან დადებული იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება;
15.2. იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების 4.1. პუნქტი ბათილია სსკ-ის 54-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 და 25 სექტემბრის განჩინებებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:
18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
20. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია.
21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
22. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 257-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ-ნ ჟ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ნ-ნ ჟ-ს (პ.# 0-4) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (საკრედიტო საგადასახადო დავალება #1, გადახდის თარიღი 10.08.15 სს ბანკი რესპუბლიკა და საკრედიტო საგადასახადო დავალება #1, გადახდის თარიღი 25.09.15 სს „ბანკი რესპუბლიკა“), 856 ლარის 70% – 599,20 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი# 3 0077 3150;
4. შპს „ა-ი ქ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
5. შპს „ა- ქ-ს“ (ს/კ 2-2) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (საგადასახადო დავალება #1, გადახდის თარიღი 24.08.15 სს „თიბისი ბანკი“), 831,50 ლარის 70% – 582,05 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი # 3 0077 3150;
6. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი