¹ ბს-923-509(კ-05) 7 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია (მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: ფინანსური სანქციის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
2005წ. 23 თებერვალს თბილისის საოლქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა მოპასუხე “გ. ქ. ბ.” მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 570000 ლარის გადასახდელად დაკისრება და მისი დავალდებულება სასამართლოში წარმოედგინა ცნობა საინკასო დავალიანების მიღებაზე უარის შემდეგ შპს “მ. ე.” ანგარიშიდან გასული ოპერაციების თანხის ოდენობის შესახებ, რის შემდეგადაც დააზუსტებდა სარჩელს.
მოსარჩელემ განმარტა, რომ რეგიონალური საბაჟო “....” მიერ 2004წ. 7 ოქტომბერს მოპასუხე ორგანიზაციაში წარდგენილ იქნა საინკასო დავალება (განკარგულება), სასამართლოს გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი, შპს “მ. ე.” ანგარიშიდან 430673,77 ლარის რეგიონალური საბაჟო “...” სასარგებლოდ ჩამოწერის თაობაზე. მოპასუხემ წარდგენილი საინკასო დავალება არ მიიღო იმ მოტივით, რომ დარღვეული იყო ეროვნული ბანკის ¹22 ბრძანება “საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების შესახებ” მუხლი ¹7 ანგარიშსწორების საინკასო დავალება”.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ “საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” ეროვნული ბანკის ¹220 ბრძანების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უდავო წესით სახსრების ამოღებას ახორციელებენ მხოლოდ სასამართლო აღმასრულებლები და მოქმედი კანომდებლობის შესაბამისად მსგავსი უფლებამოსილების მქონე პირები. საბაჟო ორგანოები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენენ მსგავსი უფლებამოსილების მქონე პირებს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საბაჟო ორგანოს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, საინკასო დავალების საფუძველზე აწარმოოს როგორც გადამხდელის, ისე _ მისი დებიტორის საანგარიშსწორებო ან სხვა ანგარიშებიდან, აღიარებული ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვალის ჩამოწერა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საბაჟო გადასახადების ადმინისტრირების ნაწილში საბაჟო ორგანოს აქვს სასამართლოს აღმასრულებლის მსგავსი უფლებამოსილება.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხემ თავისი უარით ხელი შეუშალა საბაჟო ორგანოს კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაციაში, რითაც ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის თანახმად ბანკებისა და ცალკეული საბანკო ოპერაციების განმახორციელებელი ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც არ ასრულებენ ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, გამოიყენება ჯარიმა ფინანსური სანქციის სახით ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საანგარიშსწორებო ანგარიშიდან შესრულებული გასავლის ოპერაციების თანხის 10%-ის ოდენობით, იმ შემთხვევაში, თუ მათ არ შეასრულეს 233-ე მუხლის “ა” და “ბ” პუნქტები. მოსარჩელის მოთხოვნა შპს “მ. ე.” ანგარიშიდან გასული ოპერაციების თანხის ოდენობის შესახებ, მოპასუხემ არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ ასეთი სახის ცნობის გაცემა აღემატებოდა მის უფლებამოსილებას და შეიძლება გაცემულიყო მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი აქტის საფუძველზე. მოსარჩელის მონაცემებით, მოპასუხის მიერ საინკასო დავალება მიღებაზე უარის შემდეგ შპს “მ. ე.” ანგარიშიდან გასული ოპერაციების თანხამ შეადგინა დაახლოებით 5,7 მილიონი ლარი. საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე მოპასუხე ვალდებული იყო, საგადასახადო კოდექსის 233-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის დარღვევისათვის ფინანსური სანქციის სახით გადაიხადა ჯარიმა _ შპს “მ. ე.” ანგარიშიდან გასული ოპერაციების თანხის 10%- 570000 ლარი.
თბილისის საოლქო სასამართლოს დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა მოპასუხე “გ. ქ. ბ.” მიმართ და მოპასუხისათვის 2848746,2 ლარის დაკისრება მოითხოვა იგივე საფუძვლებით. დამატებით მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მონაცემების თანახმად, მოპასუხის მიერ საინკასო დავალების მიღებაზე უარის შემდეგ შპს “მ. ე.” ანგარიშიდან გასული ოპერაციების თანხა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის დაფარვამდე შეადგენდა 28915299,2 ლარს. ამ თანხიდან 427836,45 ლარი მიმართული იყო შპს “მ. ე.” სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის დაფარვისათვის. შესაბამისად, გასული ოპერაციების თანხას _ 28915299,2 ლარს უნდა გამოკლებულიყო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მიმართული თანხის ოდენობა _ 427836,45 ლარი, რის შემდეგაც მოპასუხის მიერ საინკასო დავალების მიღებაზე უარის შემდეგ, შპს “მ. ე.” ანგარიშიდან გასული ოპერაციების თანხის ოდენობამ შეადგინა 28487462,75 ლარი და საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე მოპასუხე ვალდებული იყო ამავე კოდექსის 233-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის დარღვევისათვის ფინანსური სანქციის სახით გადაეხადა ჯარიმა შპს “მ. ე.” ანგარიშიდან გასული ოპერაციების თანხის 10% _ 2848748,2 ლარი.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 6 მაისის გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს უარი ეთქვა სარჩელზე სს “გ. ქ. ბ.” 2848746,2 ლარის გადასახდელად დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “....” მიერ 2004წ. 7 ოქტომბერს სს “გ. ქ. ბ.” გარდაბნის ¹... ფილიალში წარდგენილ იქნა საინკასო დავალებები, თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 5 აგვისტოს ¹3ა/193 გადაწყვეტილებისა და 2004წ. 2 აგვისტოს გაცემული სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად შპს “მ. ე.” ანგარიშიდან 430673,77 ლარის რეგიონალური საბაჟო “....” სასარგებლოდ ჩამოწერის შესახებ. საბანკო დაწესებულებამ საინკასო დავალებები არ მიიღოO იმ მოტივით, რომ დარღვეული იყო საქართველოს ეროვნული ბანკის 1999წ. 2 სექტემბრის ¹220 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების” მე-7 მუხლი და საინკასო დავალებები წარმოდგენილი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ.
სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ 2004წ. 19 ოქტომბრისათვის ფინანსთა სამინისტროს საბაჟოOდეპარტამენტი და შპს “მტკვარი ენერგეტიკა” შეთანხმდნენ სასამართლო გადაწყვეტილებით საწარმოსათვის დაკისრებული საბაჟო გადასახდელის _ 236 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში გადახდის გრაფიკზე, რომლის მიხედვით, შპს “მ. ე.” რეგიონალური საბაჟო “....” მითითებული თანხა სრულად დაუფარა 2004წ. 24 თებერვლისთვის. სს “გ. ქ. ბ.” გარდაბნის ფილიალის მიერ საბაჟოO დეპარტამენტის საინკასო დავალებების მიღებაზე უარიდან შპს “მ. ე.” ანგარიშიდან გასავალი ოპერაციების თანხამ, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ზემოაღნიშნული თანხის სრულ დაფარვამდე შეადგინა 28487462,75 ლარი.
სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, რომ სს “გ. ქ. ბ.” გარდაბნის ფილიალის მიერ შპს “მ. ე.” ანგარიშებზე ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “....” საინკასო დავალების მიღებაზე უარის თქმის საფუძველი იყო საქართველოს ეროვნული ბანკის 1999წ. 2 სექტემბრის ¹220 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოში უნაღდო ანგარისსწორების წესების” მე-7 მუხლი, რომლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, ორგანიზაციების ანგარიშიდან მათი თანხმობის გარეშე უდავო წესით სახსრების გადახდევინება შეიძლება მოხდეს სასამართლო და სხვა ორგანოების გადაწყვეტილებათა საფუძველზე, რომლითაც კანონმდებლობის შესაბამისად გააჩნიათ ორგანიზაციებისათვის გადასახდელთა დაკისრების უფლებამოსილება. უდავო წესით სახსრების ამოღებას ახდენენ მხოლოდ სასამართლო აღმასრულებლები და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მსგავსი უფლებამოსილების მქონე პირები.
სასამართლო კოლეგია არ დაეთანხმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტზე მოსარჩელის მითითებას, კერძოდ მითითებული ნორმის შესაბამისად, საგადასახადო და საბაჟო ორგანოების უფლება ჰქონდათ საინკასო დავალებით ჩამოეწერათ კუთვნილი თანხები გადასახადის გადამხდელის დებიტორის საბანკო ანგარიშებიდან აღიარებული ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვალის ფარგლებში. მოსარჩელის განმარტებით, ეს მუხლი თავისთავად გულისხმობდა, რომ საბაჟოO ორგანოს უფლება ჰქონდა, არამარტო გადასახადის გადამხდელის დებიტორის ანგარიშზე დაედო საინკასო დავალება, არამედ უშუალოდ გადასახადის გადამხდელის ანგარიშზეც, რაც აშკარად უსაფუძვლო იყო, რადგან საგადასახადო კოდექსის ეს მუხლი განსაზღვრავდა მესამე პირის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე გადახდევინების მიქცევის წესებს.
სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ორგანოები სადავო სამართალურთიერთობის დროისათვის (2004წ. ოქტომბერი) არ წარმოადგენდნენ იმ უფლებამოსილ ორგანოებს, რომლებიც უშუალოდ გადასახადის გადამხდელის ანგარიშიდან საინკასო დავალებით შეეძლოთ ჩამოეწერათ სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული საბაჟო გადასახადების თანხები, რადგან საბაჟო ორგანოებს ასეთ უფლებას არ ანიჭებდა იმ დროისათვის მოქმედი საბაჟო კოდექსის არც ერთი მუხლი. ეს უფლებამოსილება უნდა განეხორციელებინა სასამართლო აღმასრულებელს, რომელიც “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 ნაწილის “ა” პუნქტის “ა-გ” ქვერპუნქტების საფუძველზე უფლებამოსილი იყო, განეხორციელებინა გადახდევინება საინკასო დავალების საფუძველზე მოვალის საბანკო ანგარიშებიდან.
თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის მთლიანად დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი მიუთითებს, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, სააღსრულებო დაწესებულებებია იუსტიციის სამინისტროს და აფხაზეთის და აჭარის ა/რ ბიუროები, აგრეთვე, საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული სახელმწიფო ორგანო. ამავე მუხლის მეორე პუნქტში მითითებულია, რომ პირველ პუნქტში აღნიშნული სახელმწიფო ორგანო (მისი სტრუქტურული ერთეული) განისაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა და იუსტიციის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით. აღნიშნული ერთობლივი ბრძანება ¹1037 გამოცემულია საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლის საფუძველზე, 2002წ. 17 დეკემბერს და ეხება გადასახადის გადამხდელის დაყადაღებული ქონების რეალიზაციას, სადაც “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო ორგანოს წარმოადგენს საგადასახადო დეპარტამენტი და მისი სტრუქტურული ერთეულები.
კასატორი კანონიერ საფუძველს მოკლებულად მიიჩნევს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც საბაჟო ორგანო არ იქნა მიჩნეული საარსრულებო დაწესებულებების მსგავსი უფლებამოსილების მქონე ორგანოდ, ხოლო ამ დაწესებულების უფლებამოსილი პირი - სასამართლო აღმასრულებელის მსგავსი უფლებამოსილების პირად.
კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა სადავო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 233-ე მუხლი, რომელიც ასევე შედის საგადასახადო კოდექსის XIV კარში და რომლის თანახმად, ბანკები და საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა შემსრულებელი სხვა ორგანიზაციები ვალდებული არიან პირველ რიგში შეასრულონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალებები და საგადასახადო ორგანოს (ე.ი. საბაჟოO ორგანოს) საინკასო დავალება მათი საანგარიშსწორებო ან სხვა ანგარიშიდან გადასახადის გადახდის თაობაზე.
კასატორი აღნიშნავს, რომ საბანკო დაწესებულებამ უხეშად დაარღვია კანონის იმპერატიული მოთხოვნა, არა თუU პირველი რიგში, საერთოდ არ შეასრულა საბაჟო ორგანოს საინკასო დავალება, უსაფუძვლოდ განაცხადა უარი საინკასო დავალების მიღებაზე.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა ძველი საგადასახადო კოდექსის 146-ე მუხლი, ამ მუხლით საბაჟო ორგანოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება საინკასო დავალებით მოეხდინა დავალიანების თანხის ჩამოწერა გადამხდელის დებიტორის საბანკო ანგარიშიდან, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ იგივე ქმედების განხორციელების უფლება აქვს მას გადასახადის გადამხდელის მიმართ.
კასატორი უთითებს, რომ რადგან საბაჟო ორგანოს კანონით აქვს მინიჭებული საბანკო დაწესებულებაში საინკასო დავალების წარდგენის უფლებამოსილება იგი არის საარსრულებო დაწესებულების მსგავსი უფლებამოსილების მქონე ორგანო, რადგან “საქართველოს უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის 1999წ. 2 სექტემბრის ¹220 ბრძანების მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უდავო წესით სახსრების ამოღებას ახდენენ მხოლოდ სასამართლოს აღმასრულებლები და კანონმდებლობის შესაბამისად მსგავსი უფლებამოსილების მქონე პირები. სასამართლოს მხოლოდ ამ მუხლის მარტივი ანალიზი აძლევდა იმის უფლებას, რომ საბაჟო ორგანო ეცნო სასამართლო აღმასრულებლის მსგავსი უფლებამოსილების მქონე პირად და დაკმაყოფილებინა სარჩელი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 6 მაისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 407.2 მუხლის საფუძველზე საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “....” მიერ 2004წ. 7 ოქტომბერს სს “გ. ქ. ბ.” გარდაბნის ¹26 ფილიალში წარდგენილ იქნა საინკასო დავალიანებები, თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 5 აგვისტოს გაცემული სააღსრულებო ფურცლის შესაბამისად შპს “მ. ე.” ანგარიშიდან 430 673,72 ლარის რეგიონალურ საბაჟო “....” სასარგებლოდ ჩამოწერის შესახებ. საბანკო დაწესებულებამ საინკასო დავალებები არ მიიღო იმ საფუძვლით, რომ ისინი წარდგენილი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ, რითაც დარღვეული იყო საქართველოს ეროვნული ბანკის 1999წ. 2 სექტემბრის ¹220 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების” მე-7 მუხლის მოთხოვნები. სასამართლო კოლეგიის მიერ ასევე დადგენილად არის მიჩნეული, რომ 2004წ. 19 ოქტომბრისათვის კასატორი და შპს “მ. ე.” შეთანხმდნენ სასამართლო გადაწყვეტილებით შპს-სათვის დაკისრებული საბაჟო გადასახდელის (რომლის თაობაზე კასატორმა საინკასო დავალებებით მიმართა მოპასუხის გარდაბნის ფილიალს) გადახდის გრაფიკზე და რომლის მიხედვითაც შპს “მ. ე.” სადავო თანხა სრულად დაფარა 2005წ. 24 თებერვლისათვის. აღნიშნული ფაქტი საკასაციო პალატის სხდომაზე დაადასტურა საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას განსახილველ დავასთან მიმართებაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის (1997წ.) 247-ე მუხლის საფუძველზე გამოცემული ფინანსთა და იუსტიციის მინისტრების ერთობლივი 2002წ. 17 დეკემბრის ¹1037 ბრძანების გამოყენებასა და მოცემულ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს სააღსრულებო დაწესებულებასთან გაიგივების თაობაზე. საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლი და შესაბამისად, ერთობლივი ბრძანებაც ეხება მხოლოდ დაყადაღებული ქონების რეალიზაციას და კონკრეტულ შემთხვევასთან კავშირი არ გააჩნია. საბაჟო ორგანოებზე სააღსრულებო დაწესებულების უფლებამოსილებანი მხოლოდ დაყადაღებული ქონების რეალიზაციის დროს ვრცელდება.
საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას სასამართლოს მიერ საგადასახადო კოდექსის 233-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის არ გამოყენების შესახებ, რომლის თანახმად, ბანკები და საბანკო ოპერაციების ცალკეულ სახეობათა შემსრულებელი სხვა ორგანიზაციები ვალდებულნი არიან პირველ რიგში შეასრულონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალებები და საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალება მათი საანგარიშსწორებო ან სხვა ანგარიშებიდან გადასახადის გადახდის თაობაზე. აღნიშნული მუხლი შედიოდა საგადასახადო კოდექსის XIV კარში, რომელზეც მითითებულია საქართველოს საბაჟო კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილში. აღნიშნული კარის ნორმები კი, მართალია, ადგენდა გადასახადების ადმინისტრირების წესებს, მაგრამ არ ითვალისწინებდა საგადასახადო (საბაჟო) ორგანოს უფლებამოსილებას საინკასო დავალიანება წარედგინა უშუალოდ გადასახადის გადამხდელთა ანგარიშზე. ამ კარში შემავალი 246-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება ჰქონდა, აღიარებულ ან სასამართლოს მიერ დადგენილ ვალთან დაკავშირებით ეწარმოებინა საინკასო დავალებით (განკარგულებით) კუთვნილი თანხის ჩამოწერა მხოლოდ გადასახადის გადამხდელის დებიტორის საბანკო ანგარიშიდან და არა თავად გადასახადის გადამხდელის ანგარიშიდან. ასეთი უფლება საგადასახადო ორგანოს ენიჭებოდა საგადასახადო კოდექსის XV კარის 265-ე მუხლის “ე” პუნქტით და ამდენად, საბაჟო ორგანოები ვერ ისარგებლებდნენ იმ უფლებამოსილებით, რომლებიც კონკრეტულ შემთხვევებთან მიმართებაში კანონის საფუძველზე არ გააჩნდა საგადასახადო ორგანოებს, რასაც მოცემულ დავაში აქვს ადგილი. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სასამართლო კოლეგიის დასკვნას, რომ საბაჟო დეპარტამენტის ორგანოები სადავო სამართალურთიერთობის პერიოდში არ წარმოადგენდნენ იმ უფლებამოსილ ორგანოებს, რომლებსაც უშუალოდ შეეძლოთ საინკასო დავალიანებით გადასახადის გადამხდელის ანგარიშიდან ჩამოეწერათ სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული საბაჟო გადასახადების თანხები. “საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ” ეროვნული ბანკის 1999წ. 2 სექტემბრის ¹220 ბრძანების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უდავო წესით სახსრების ამოღებას ახდენენ მხოლოდ სასამართლო აღმასრულებლები და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მსგავსი უფლებამოსილების მქონე პირები.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორს ბანკის ფილიალს უარის შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის _ 430673,77 ლარის ამოღების მოთხოვნით არ მიუმართავს სააღსრულებო ბიუროსათვის და მხარეს შეუთანხმდა აღნიშნული თანხის გადახდის გრაფიკზე, რომლის მიხედვით შპს “მ. ე.” რეგიონალურ საბაჟო “....” თანხა სრულად დაუფარა 2004წ. 24 თებერვლისთვის.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში საბაჟო ორგანოები იმჟამად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ წარმოადგენდნენ სასამართლო აღმასრულებლის უფლებამოსილების პირებს და სს “გ. ქ. ბ.” უარი ზემოთმითითებული ¹220 ბრძანების საფუძველზე საბაჟო დეპატამენტის რეგიონალური საბაჟო “....” მიერ წარდგენილი საინკასო დავალების შესრულებაზე კანონშესაბამისია, შესაბამისად, არ არსებობს კასატორ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 6 მაისის გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პიერველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 399-ე, 404-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფლდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 6 მაისის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.