Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №080210014604875

№ას-1000-944-2015 15 დეკემბერი, 2015 წელი

№ას-1000-944-2015გ-ი, ც-ე თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ბ-რ გ-ი, რ-ნ ც-ე (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ-ა შ-ე, ნ-ი კ-ე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივნისის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ნ-ი კ-ე (შემდეგში პირველი მოპასუხე, ან მოწინააღმდეგე მხარე) იყო ქ. წ-ში, გრ. ხ-ის /ყოფილი მ-ის/ ქ. #5-ში მდებარე უძრავი ნივთის მესაკუთრე (შემდეგში: „სადავო ქონება“).

2. პირველი მოპასუხე და ზ-ა შ-ე (შემდეგში მეორე მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მეუღლეები არიან.

3. ბ-რ გ-ი (შემდეგში: პირველი მოსარჩელე, ან კასატორი) და რ-ნ ც-ე (შემდეგში მეორე მოსარჩელე ან კასატორი) დედა-შვილია.

4. 2008 წელს მხარეები ზეპირად შეთანხმდნენ იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეები გაიღებდნენ მოპასუხეების რჩენისა და მოვლის ხარჯებს, რის სანაცვლოდაც პირველი მოპასუხე თავისი ქონების ¼ ნაწილს საკუთრებაში გადასცემდა პირველ მოსარჩელეს.

5. მეორე მოსარჩელემ 2008 წლის 15 მაისს მინდობილობა გასცა ვინმე მ-ა ჭ-ის სახელზე, რომელსაც მიანიჭა უფლებამოსილება, გაეფორმებინა სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულება მის არასრულწლოვან შვილსა (პირველი მოსარჩელე) და პირველ მოპასუხეს შორის (ს.ფ. 32) [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 103.1, 107-ე , 941-942-ე მუხლები].

6. 2008 წლის 4 ივნისს პირველმა მოპასუხემ შეადგინა ნოტარიულად დამოწმებული ანდერძი, რომლის შესაბამისადაც, პირველ მოსარჩელეს უანდერძა მის საკუთრებაში არსებული ქონების ¼ ნაწილი (ს.ფ. 27-28) [სსკ-ის 1344-ე მუხლი].

7. 2008 წლის 14 ივნისიდან 2010 წლის ივნისის ჩათვლით მოსარჩელეებმა მოპასუხეებს გადასცეს: 800 ევრო, 600 აშშ დოლარი და 1352 ლარი. გარდა ამისა, მათ გაწიეს ხარჯები, გაარემონტეს პირველი მოპასუხის ნაანდერძევი ქონება (ს.ფ. 16-20).

8. 2012 წლის 11 სექტემბერს პირველმა მოპასუხემ 2008 წლის 4 ივნისის ანდერძი მოშალა (ს.ფ. 79) [სსკ-ის 1398-ე მუხლი].

9. 2014 წლის 21 აგვისტოს პირველ მოსარჩელესა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმდა ნოტარიულად დამოწმებული შეთანხმება (ს.ფ. 50), რომლითაც დადგენილია შემდეგი:

9.1. პირველმა მოსარჩელემ ორი წლის განმავლობაში მეორე მოპასუხის მოვლა-პატრონობისათვის 4500 ლარის ხარჯი გაწია, რაც ანდერძის მოშლის შემდეგ ამ უკანასკნელმა სრულად აანაზღაურა.

9.2. ქონების რემონტის მიზნით პირველი მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯი, 1200 აშშ დოლარი (2052 ლარი), ასევე ანაზღაურებულია და მხარეებს ერთმანეთთან პრეტენზია არ აქვთ.

10. მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს მოპასუხეთა წინააღმდეგ და უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებზე მითითებით, მოითხოვეს 4084,15 ლარის (800 ევროს, 600 აშშ დოლარის, 1352 ლარის) დაკისრება;

11. მოპასუხეებმა წარადგინეს მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი და მიუთითეს, რომ მოსარჩელეებს სრულად აუნაზღაურეს ამ უკანასკნელთა მიერ გაწეული ხარჯები, რაც დადასტურებული იყო წინამდებარე განჩინების პ.9-ში მითითებული 2014 წლის 21 აგვისტოს შეთანხმებით.

12. მოგვიანებით მოსარჩელეებმა დააზუსტეს სარჩელი და მოითხოვეს, მოპასუხეებს დაჰკისრებოდათ 600 აშშ დოლარის, 800 ევროსა და 1382 ლარის უკან დაბრუნება.

13. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგანაც მოსარჩელეებს მოპასუხეებმა ანდერძის მოშლის შემდეგ აუნაზღაურეს მათ მიერ გაწეული ყველა ხარჯი. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ქვეპუნქტი, 987-ე უხლის პირველი ნაწილი, 115-ე მუხლი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 102-ე და 105-ე მუხლები.

14. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 2 ივნისის განჩინებით არ დააკმაყოფილა.

14.1. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები.

15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მათ მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება. საჩივარი დაფუძნებულია შემდეგზე:

15.1. სასამართლომ არ გამოიყენა სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი და არ გაითვალისწინა, რომ მოპასუხეებმა ვერ დაადასტურეს სარჩელით მოთხოვნილი თანხის დაბრუნების ფაქტი. 2014 წლის 21 აგვისტოს შეთანხმებაში, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო, არ არის მითითებული მოთხოვნილი თანხის დაბრუნების თაობაზე.

15.2. სასამართლომ არასრულად დაასაბუთა და არ განმარტა სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტი;

15.3. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 სექტემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგი გარემოებების გამო:

18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

20. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია.

21. ამასთან, საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს დამატებით განმარტოს შემდეგი: მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება და სწორად შეაფასა შესრულების (სსკ-ის 976.1 „ა“ მუხლი) კონდიქციიდან გამომდინარე მოთხოვნების სამართლებრივი წინაპირობები:

21.1. მოსარჩელეებმა 2008 წლის 14 ივნისიდან 2010 წლის ივნისის ჩათვლით მოპასუხეებს გადასცეს: 800 ევრო, 600 აშშ დოლარი და 1352 ლარი. ამ შესრულებას საფუძვლად დაედო 2008 წლის ზეპირი შეთანხმება მოპასუხეთა სამისდღეშიო რჩენის თაობაზე [სსკ-ის 941-ე მუხლი]. რჩენის სანაცვლოდ, პირველ მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცემოდა უძრავი ნივთი.

კანონის თანახმად, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ნამდვილობის წინაპირობაა წერილობითი შეთანხმების დადება. უძრავი ქონების გადაცემის შემთხვევაში კი, ეს შეთანხმება სანოტარო წესითაც უნდა დამოწმდეს [სსკ-ის 942-ე მუხლი]. აქედან გამომდინარე, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ბათილი იყო. მოსარჩელეებმა მოპასუხეებს ვალდებულების გარეშე გადასცეს ზემოაღნიშნული თანხა, რასაც შედეგად მათი გამდიდრება მოჰყვებოდა. მათ სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის და 979-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე წარმოეშვათ შესრულებულის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება.

21.2. მიუხედავად ამისა, სააპელაციო პალატამ გაიზიარა რა მოპასუხეთა შესაგებელი, მართებულად ჩათვალა, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგანაც საქმის მასალებით დადასტურებული იყო უსაფუძვლოდ მიღებულის პირველი მოსარჩელისათვის დაბრუნების ფაქტი (იხ. 2014 წლის 21 აგვისტოს შეთანხმება), ანუ სსკ-ის 427-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეთა ვალდებულება შეწყვეტილი იყო.

21.3. პალატამ გამოიყენა სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი და მხარეებს შორის სწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი. მოსარჩელეებმა ვერ დაამტკიცეს სარჩელში მითითებული გარემოებები იმასთან დაკავშირებით, რომ 2014 წლის 21 აგვისტოს შეთანხმებაში მითითებული ხარჯების გარდა, სხვა ხარჯებიც ჰქონდათ გაწეული. შესაბამისად, საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

23. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 257-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ბ-რ გ-ის და რ-ნ ც-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ბ-რ გ-ს (5-1) და რ-ნ ც-ეს (6-8) დაეკისროთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 24 სექტემბრის განჩინებით (საქმე №ას-1000-944-2015) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 30%-ის 90 ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი