საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№330210014569089
№ას-1120-1054-2015 15 დეკემბერი, 2015 წელი,
№ას-1120-1054-2015იმ-ი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „უშ-ს სა-ი იმ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნუ-რ ცე-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნუ-რ ცე-ე (შემდეგში: “მოსარჩელე“) შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა შპს „უშ-ს სა- იმ-თან“ (შემდეგში: „მოპასუხე ან აპელანტი“) მათ შორის 2013 წლის 20 ივნისს გაფორმებული კონკრეტული ობიექტის დაცვის ხელშეკრულების საფუძველზე [საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, შემდეგში სშკ-ის, მეექვსე მუხლი]
2. 2014 წლის 1 ივნისიდან მოსარჩელე იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში.
3. 2014 წლის 20 ივნისს მხარეთა შორის შეწყდა შრომითი ურთიერთობა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლასთან დაკავშირებით [სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტი].
4. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას მოპასუხეს მოსარჩელესთან საბოლოო ანგარიში არ გაუსწორებია [სშკ-ის 34-ე მუხლი].
5. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა, ამ უკანასკნელს დაჰკისრებოდა ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება, რაც შეადგენდა 574 ლარს, და 2014 წლის შვებულების თანხის, 200 ლარის, გადახდა. ამასთანავე მან მოითხოვა ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის კანონისმიერი პირგასამტეხლოს, 0,07%-ის, დაკისრება [სშკ-ის 31-ე მუხლის მესამე ნაწილი].
6. მოგვიანებით მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა შვებულების თანხის , 200 ლარის - გადახდის ნაწილში [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის,შემდეგში სსსკ-ის,83-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილები].
7. 2015 წლის 4 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე [სსსკ-ის 230-ე მუხლი].
8. საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხემ [სსსკ-ის 236-ე მუხლი], იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის წარმომადგენლის (დირექტორის) სხდომაზე გამოუცხადებლობა განპირობებული იყო მისი ავადმყოფობით. მოპასუხემ წარადგინა ამ ფაქტის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება.
9. საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ივნისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხეს ჰყავდა როგორც კანონისმიერი, ისე გარიგებითი წარმომადგენელი. ორივე მათგანისათვის ცნობილი იყო სასამართლოს სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. იმ შემთხვევაში, თუ კანონისმიერი წარმომადგენელი (დირექტორი) ავადმყოფობის მიზეზით ვერ ცხადდებოდა სასამართლო სხდომაზე, მაშინ სხდომაზე უნდა გამოცხადებულიყო გარიგებითი წარმომადგენელი. მისი გამოუცხადებლობის მიზეზი კი, სასამართლოსათვის ცნობილი არ არის. შესაბამისად, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი [სსსკ-ის 241-ე მუხლი].
10. საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 ივნისის განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრა აპელაციის წესით [სსსკ-ის 240-ე მუხლის მესამე ნაწილი].
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივლისის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის, 75 ლარის, გადახდა. აღნიშნული განჩინება აპელანტს ჩაჰბარდა 2015 წლის 5 აგვისტოს (ს.ფ. 140).
12. აპელანტმა 2015 წლის 13 აგვისტოს განცხადებით მიმართა სასამართლოს (ს.ფ. 141) და ითხოვა ბაჟის გადახდის გადავადება სააპელაციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
13. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 10 სექტემბრის განჩინებით აპელანტის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. სასამართლომ მიუთითა, რომ არ არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი არ იყო აპელანტის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები [სსსკ-ის 48-ე მუხლი]. ამასთანავე, სასამართლომ აღნიშნა, რომ არ არსებობდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების საფუძველი.
14. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 10 სექტემბრის განჩინება აპელანტმა გაასაჩივრა კერძო საჩივრით, იმ საფუძვლით რომ:
ა). სასამართლომ დაუსაბუთებლად უთხრა უარი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე;
ბ) სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე უარის შემდგომ მას არ მიეცა დამატებითი ვადა ხარვეზის შესავსებად.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 აგვისტოს განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
16. საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და საჩივრის მოტივების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
17. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
18. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმ ნაწილში, რომ სსსკ-ის 48-ე მუხლის შესაბამისად, არ არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადავადების საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი არ ყოფილა აპელანტის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
19. სსსკ-ის 48-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.
20. ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადავადების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, რის გამოც მას არა აქვს საშუალება წინასწარ გადაიხადოს სასამართლოს ხარჯები. ამ გარემოების დადასტურების ტვირთი ეკისრება თვითონ მხარეს, რომელიც ითხოვს სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადებას.
21. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი მითითებული არ აქვს (ს.ფ. 141).
22. აპელანტს სსსკ-ის 102-ე და 103-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია მისი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, მოკლებული იყო შესაძლებლობას შეეფასებინა მტკიცებულებები და ემსჯელა მხარის ქონებრივ მდგომარეობაზე და მის თანამდევ შედეგებზე სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების მიმართებით. სასამართლო განმარტავს, რომ უტყუარი მტკიცებულებებით მხარის ქონებრივი მდგომარეობის დადასტურება კანონისმიერი მოთხოვნაა და სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მტკიცებულებათა არ არსებობის პირობებში, დააკმაყოფილოს აპელანტის შუამდგომლობა.
23. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ აპელანტმა, სსსკ-ის 59-ე და 63-ე მუხლებიდან გამომდინარე, დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან ხარვეზის შევსების საპროცესო ვადაში მან არ შეავსო ხარვეზი.
24. სსსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აპელანტს ხარვეზი უნდა შეევსო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, რაც მან არ შეასრულა.
25. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე მხარის მოთხოვნის არარსებობის პირობებში, სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით გააგრძელოს ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო სასამართლოსათვის არ უთხოვია ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება, რის გამოც, სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, საკუთარი ინიციატივით გაეგრძელებინა მის მიერ დადგენილი ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა [სსსკ-ის 387-ე მუხლის მეშვიდე ნაწილი].
26. ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „უშ-ს სა-ი იმ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად ;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი