Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №010211415700002078

№ას-1133-1066-2015 15 დეკემბერი, 2015 წელი,

№ას-1133-1066-2015მა-ე თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ემ-რ მა-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გი- ბა-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გი- ბა-ე (შემდეგში – „პირველი მოსარჩელე“) და გი-ი ჯი-ე (შემდეგში „მეორე მოპასუხე“) უძრავი ქონების მესაკუთრეები არიან. მათი საკუთრების უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 183-ე და 312-ე მუხლები].

2. პირველი მოსარჩელის საკუთრებაშია გარდაბანში, სოფ. კრ-ში, #6 კორპუსში მდებარე ბინა #5-, ხოლო მეორე მოსარჩელის საკუთრებაშია გარდაბანში, სოფ. კრ-ში, #6 კორპუსში მდებარე ბინა #1-. აღნიშნულ ბინას ფლობს ემ-რ მა-ის (შემდეგში: „პირველი მოპასუხე ან აპელანტი“), ხოლო მეორე მოსარჩელის ბინას ფლობს შუ-ი ბა-ს (შემდეგში: „მეორე მოპასუხე“) ოჯახი.

3. მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს მოპასუხეთა წინააღმდეგ და მოითხოვეს მათი კუთვნილი უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და ბინიდან მოპასუხეთა გამოსახლება [სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი].

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 1- მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რომელიც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 1- მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მეორე მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება აპელანტმა და მეორე მოსარჩელემ გაასაჩივრეს კასაციის წესით.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ივნისის განჩინებით მეორე მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, განუხილველად იქნა დატოვებული.

8. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 ივნისის განჩინებით აპელანტის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ აპელანტის (პირველი მოპასუხის) სააპელაციო საჩივრის განხილვა დანიშნა 2015 წლის 8 ოქტომბერს, 11-00 საათზე.

10. 2015 წლის 8 ოქტომბრის სასამართლოს სხდომის თაობაზე უწყება გაეგზავნა როგორც აპელანტს, ისე მის პროცესუალურ წარმომადგენელსაც. ამ უკანასკნელს უწყება გაეგზავნა რწმუნებულებასა (ტ.1 ს.ფ. 121) და სააპელაციო (ტ.1. ს.ფ.210), საკასაციო (ტ.2. ს.ფ 213) საჩივრებში მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, ქე-ნ დე-ს 6-, ბინა #6-. უწყება არ ჩაჰბარდა წარმომადგენელს მისამართის შეცვლის გამო (ტ.2. ს.ფ. 334). აპელანტის სახელზე გაგზავნილი უწყება საქმეში მითითებულ მისამართზე ჩაჰბარდა ოჯახის წევრს (ტ.2. ს.ფ. 311).

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, პირველი მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, განუხილველად იქნა დატოვებული [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის,387-ე მუხლის მესამე და 229-ე მუხლის მეორე ნაწილები].

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ოქტომბრის განჩინება პირველმა მოპასუხემ (აპელანტმა) გაასაჩივრა კერძო საჩივრით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

ა). 2015 წლის 8 ოქტომბრის სასამართლოს სხდომის თაობაზე უწყება არ ჩაჰბარებია მისი ოჯახის წევრს. მა-ა ტე-ი, რომელსაც უწყება ჩაჰბარდა, მისი ოჯახის წევრი არ არის;

ბ) განჩინებას ხელს აწერს მოსამართლე მ. სულხანიშვილი, რომლის საქმეში მონაწილეობაც ოქმით არ დასტურდება.

13. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 10 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი დასაშვებად ცნო და მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის მოტივების შემოწმებისა და საქმის მასალების გაცნობის შედეგად ასკვნის, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

14.1. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

14.2. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: „ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას“.

14.3. სსსკ-ის 387-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ აპელანტი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე და მოწინააღმდეგე მხარე არ შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებაზე, გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სსსკ-ის ზემოაღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, სსსკ-ის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, თუ მოწინააღმდეგე მხარე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის (სააპელაციო საჩივრის) განუხილველად დატოვების შესახებ.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება წარმოადგენს მხარის სასამართლოს სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის პროცესუალურ შედეგს და მისი გამოყენების მართლზომიერება პირდაპირ უკავშირდება საკითხს იყო თუ არა მხარე ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ სსსკ-ის 70-78 მუხლებით დადგენილი წესის მიხედვით.

17. სსსკ-ის 70 მუხლის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის შესახებ და უწყება ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაჰბარდა ერთ-ერთ მათგანს ან სსსკ-ის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

18. საქმის მასალებით, კერძოდ, უკუგზავნილით, დადგენილია რომ უწყება 2015 წლის 4 აგვისტოს გაეგზავნა პირველ მოპასუხეს (აპელანტს) მის მიერ მითითებულ მისამართზე: გარდაბნის რ-ნი, კრ-ი, მე-6 კორპუსი, 5-ე ბინა, რომელიც ჩაჰბარდა ოჯახის წევრს, მა-ა ტე-ს 2015 წლის 6 აგვისტოს (იხ.ტ.2. ს.ფ. 337).

18.1. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ მ. ტე-ი არ არის მისი ოჯახის წევრი და ამიტომ უწყება ჩაბარებულად არ ჩაითვლება, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების შესაბამისად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაჰბარდა ერთ-ერთ მათგანს.

18.2. უტყუარადაა დადგენილი, რომ უწყება კანონით დადგენილი წესით არა მარტო აპელანტს, არამედ მის წარმომადგენელსაც გაეგზავნა. აპელანტის წარმომადგენელს უწყება გაეგზავნა რწმუნებულებასა (ტ.1 ს.ფ. 121) და სააპელაციო (ტ.1. ს.ფ.210), საკასაციო (ტ.2. ს.ფ 213) საჩივრებში მითითებულ მისამართზე ქ. თბილისი, ქე-ნ დე-ს #6-, ბინა #6-, მაგრამ ვერ ჩაჰბარდა მისამართის შეცვლის გამო (ტ.2. ს.ფ. 334). აპელანტის წარმომადგენლის მიერ მისამართის შეცვლა დასტურდება განსახილველი კერძო საჩივრითაც, რომელშიც წარმომადგენელს მითითებული აქვს ახალი მისამართი (ტ.2. ს.ფ.351).

18.3. სსსკ-ის 76-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან, აცნობონ სასამართლოს საქმისწარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

18.4. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტის წარმომადგენელს სასამართლოსათვის არ უცნობებია მისამართის შეცვლის შესახებ და, სსსკ-ის 76-ე მუხლის შესაბამისად, მისთვის უწყება ჩაბარებულად ითვლება, ხოლო ამავე კოდექსის 70-ე მუხლის მეორე წინადადების შესაბამისად, უწყება ჩაბარებულად ითვლება აპელანტისთვისაც.

18.5. აქედან გამომდინარე, აპელანტის ზემოაღნიშნული არგუმენტი იმის თაობაზე, რომ მა--ა ტე-ი, რომელსაც უწყება ჩაჰბარდა, მისი ოჯახის წევრი არაა, სამართლებრივად მნიშვნელოვანი ვერ იქნება იმის დასასაბუთებლად, რომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას დარღვეული იყო კანონის მოთხოვნები.

19. უსაფუძვლოა აპელანტის მითითება იმასთან დაკავშირებითაც, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქ-ნი მაია სულხანიშვილი 2015 წლის 8 ოქტომბრის სასამართლოს სხდომაში მონაწილეობას არ იღებდა. სხდომის ოქმის (ტ.2. ს.ფ. 341) აუდიოჩანაწერის მიხედვით, დადგენილია, რომ (11:18:03) სხდომის თავმჯდომარემ გამოაცხადა სასამართლოს შემადგენლობა: ბ. ტაბაღუა, თ. სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი, მ. სულხანიშვილი და განმარტა აცილების უფლება. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება ხელმოწერილია სწორედ იმ მოსამართლეების მიერ, რომელთაც, მონაწილება მიიღეს საქმის განხილვაში.

20. ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ემ-რ მა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ოქტომბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი