Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №010210015725432

№ას-1146-1078-2015 15 დეკემბერი, 2015 წელი

№ას-1146-1078-2015კი-ი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – კრ-ა კი-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზვ-ი ცი-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ზვ- ცი-ე (შემდეგში: მოსარჩელე) და კრ-ა კი-ი (შემდეგში: მოპასუხე ან აპელანტი) 2009 წლის სექტემბრიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვროდნენ რუსეთის ფედერაციაში.

2. 2010 წლის 3 ნოემბერს მათ შეეძინათ შვილი ან-ა-მა-, რომლის მამის სახელად ჩაწერილია ზვ-ი. დაბადების მოწმობაში მამის გრაფა ცარიელია, ხოლო დედად მითითებულია კრ-ა კი-ი (ს.ფ. 24-26).

3. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 4 ნოემბრის # 881 ბრძანებულებით ან-ა-მა- კი-ს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა (ს.ფ. 19).

4. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა შემდეგი: 2010 წლის 3 ივნისს დაბადებული ან-ა-მა- კი-ის დაბადების სააქტო ჩანაწერში მამის გრაფაში მითითებულ იქეს მოსარჩელე და, შესაბამისად, ბავშვის გვარად განისაზღვროს ცი-ე.

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 მაისის ნაწილობრივი გადაწყვეტილებით (ს.ფ. 87-88) სარჩელი დაკმაყოფილდა და 2010 წლის 3 ივნისს დაბადებული ან-ა-მა- კი-ის მამად ცნობილ იქნა მოსარჩელე [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 1190-ე მუხლის მეორე ნაწილი, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლი], ხოლო 2015 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით (ს.ფ. 92-99) 2010 წლის 3 ივნისს დაბადებული ან-ა-მა- კი-ს გვარად მიენიჭა მამის გვარი „ცი-ე“ [„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 25, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის #18 ბრძანებით დამტკიცებული „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის“ 20.4 მუხლი].

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 6 მაისის გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა აპელაციის წესით.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა 5 დღის ვადაში წარედგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის, გადახდის ქვითარი (ს.ფ. 123-125). აღნიშნული განჩინება აპელანტს ჩაჰბარდა 2015 წლის 1 ივლისს (ს.ფ. 130).

8. 2015 წლის 6 ივლისს აპელანტმა ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი, გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და ითხოვა დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარმოდგენის საპროცესო ვადის გაგრძელება 10 დღით (ს.ფ. 133-135).

9. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ივლისის განჩინებით აპელანტის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარმოდგენის საპროცესო ვადა გაგრძელდა 5 დღით (ს.ფ. 136-138). აღნიშნული განჩინება აპელანტს ჩაჰბარდა 2015 წლის 14 ივლისს (ს.ფ. 140). ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის ბოლო დღე იყო 2015 წლის 20 ივლისი [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის,შემდეგში სსსკ-ის, 61-ე მუხლის მეორე ნაწილი].

10. აპელანტმა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2015 წლის 20 ივლისს (ს.ფ. 221), რომელიც სასამართლოში წარდგენილ იქნა 2015 წლის 21 ივლისს (ს.ფ. 153).

11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადაში არ წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი.

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 სექტემბრის განჩინება აპელანტმა გაასაჩივრა კერძო საჩივრით. კერძო საჩივარში მითითებულია, რომ აპელანტმა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადაში 2015 წლის 20 ივლისს ფოსტის მეშვეობით წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი. გასაჩივრებული განჩინების გაცნობის შემდგომ ის გაეცნო საქმის მასალებს და აღმოაჩინა, რომ დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა და გასაჩივრებული განჩინების მიღების თარიღად მითითებულია 2015 წლის 4 მაისი, ნაცვლად 6 მაისისა. აღნიშნული ტექნიკური შეცდომა კი, არ უნდა გამხდარიყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, ვინაიდან მასში მითითებული იყო, რომ საჩივრდებოდა ბავშვზე გვარის მინიჭების საკითხი და სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი უსწორობების, ახალი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი უსწორობების არგუმენტები ეხებოდა სწორედ გვარის მინიჭების საკითხს.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

14. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

15. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში არ შეავსო ხარვეზი, რაც ეფუძნება საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების ანალიზს, კერძოდ:

16. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ივლისის განჩინებით (ს.ფ. 136-138) აპელანტს გაუგრძელდა დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადა 5 დღით და აღნიშნული განჩინება მას ჩაჰბარდა 2015 წლის 14 ივლისს (ს.ფ. 139-140). შესაბამისად, ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა სრულდებოდა 2015 წლის 20 ივლისს [სსსკ-ის მ 59-ე, მე-60, 61.2-ე მუხლები].

17. ს.ფ. 153-ზე წარმოდგენილია სააპელაციო საჩივარი, რომლის მიღების შტამპზეც სააპალაციო სასამართლოში შესვლის თარიღად მითითებულია 2015 წლის 21 ივლისი. აღნიშნულ სააპალაციო საჩივარს დანართის სახით ერთვის ფოსტაში ჩაბარების დოკუმენტი, რომლის შესაბამისადაც, სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაჰბარდა 2015 წლის 20 ივლისს (ს.ფ. 221). სსსკ-ის 61.3. მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი წარდგენილია ხარვეზის შევსების საპროცესო ვადაში, რაც დადგენილი იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ივლისის განჩინებით.

18. საკასაციო სასამართლო იზიარებს აპელანტის პოზიციას, რომ მის მიერ წარდგენილი ზემოაღნიშნული სააპელაციო საჩივარი ეხებოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებას და მასში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, რომლის შესაბამისადაც, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თარიღად მითითებულია 2015 წლის 4 მაისი. საკასაციო სასამართლომ აღნიშნული დასკვნა გამოიტანა სააპელაციო საჩივრის შინაარსის გაცნობის შედეგად, კერძოდ:

ა). სააპელაციო საჩივრის მე-2 გვერდზე (ს.ფ. 154) მითითებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების საქმის #2-417/15წ, ასევე, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილი - „ბავშვის გვარის მინიჭების ნაწილში“;

ბ) სააპელაციო საჩივარში მითითებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი უსწორობები, ახალი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი უსწორობები ეხება სწორედ ბავშვისათვის მამის გვარის მინიჭების საკითხს, რაც გადაწყდა სააპელაციო წესით გასაჩივრებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 6 მაისის გადაწყვეტილებით.

19. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამავე ნორმის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ სააპელაციო საჩივარი კანონმდებლობის სრული დაცვით წარედგინა სააპელაციო პალატას. ამდენად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კრ-ა კი-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 სექტემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან განსახილველად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი