Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №330210015720571 15 დეკემბერი2015 წელი,

№ას-1180-1110-2015 თბილისი

№ას-1180-1110-2015 ქო-ე

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა- ქო-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნი- ერ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი –ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ა- ქო-ემ (შემდგომში: ,,მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა მა-ე კო-ის (შემდგომში ,,პირველი მოპასუხე, ან პირველი მოწინააღმდეგე მხარე“) და ირ-ა კე-ის მიმართ (შემდგომში ,,მეორე მოპასუხე“ ან ,,მეორე მოწინააღმდეგე მხარე“) მიმართ და მოითხოვა: ა) 2013 წლის 15 იანვრის მხარეთა შორის ვალის სანაცვლოდ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოსყიდვის უფლების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა. ბ) 2011 წლის 6 ივნისს მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულების 15 220.00 აშშ დოლარით განსაზღვრა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

5. პალატამ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მიუთითა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევაზე. (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის 369-ე მუხლი).

5.1 პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქaლაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება აპელანტის წარმომადგენელს ჩაჰბარდა 2015 წლის 31 ივლისს, გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 1 აგვისტოს დაამოიწურა 2015 წლის 14 აგვისტოს. აპელანტმა კი, სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2015 წლის 27 აგვისტოს, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

7. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო საჩივარი ფოსტას – შპს „სწ-ს“ (შემდგომში ,,ფოსტა“ ) ჩააბარა 2015 წლის 11 აგვისტოს (სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილი), რაც დასტურდება–ფოსტის მხრიდან ხელმოწერით დადასტურებული, საფოსტო გზავნილისა და ფოსტაზე ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტით (ბინის №1066), ასევე, 2015 წლის 8 ნოემბრის განცხადებაზე ფოსტის –წერილობითი პასუხით. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარი საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით და განსაზღვრულ ვადაში წარადგინა და არ არსებობდა მისი განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ა-ლიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

10. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

11. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის ვადის დარღვევით შეტანის გამო განუხილველად დატოვების კანონიერება.

13. საქმის მასალებით ირკვევა, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 1 აგვისტოს და ამოიწურა ამავე წლის 14 აგვისტოს, ხოლო, სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2013 წლის 27 აგვისტოს.

14. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მან საპროცესო ნორმების სრული დაცვით წარადგინა სააპელაციო საჩივარი. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად წარმოადგინა საფოსტო გზავნილისა და ფოსტაზე ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი -(ბინის №1066), (ტ.2 ს.ფ. 19), ასევე, ფოსტის დირექტორის წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2015 წლის 11 აგვისტოს, საფოსტო გზავნილის (წარმოდგენის, ჩაბარებისა და გაგზავნის) დამადასტურებელი დოკუმენტის ეგზემპლარი - ბინის მაინდენტიფიცირებელი ნომრით - 1066, გადაეცა აპელანტს, სასამართლოს და ერთიც ინახება ფოსტაში.

15. სსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

16. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მტკიცებულება, რომელსაც კერძო საჩივრის ავტორი, სააპელაციო საჩივრის ვადის დარღვევით წარდგენის გამომრიცხავ ფაქტად მიიჩნევს, მართალია საქმის მასალებს დადგენილი წესით არ ახლავს, თუმცა სააპელაციო საჩივრის ერთ-ერთ ასლს, რომელიც განკუთვნილია მოწინააღმდეგე მხარისთვის გადასაცემად, (სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ) თან ერთვის ფოსტის კონვერტი , სადაც აღნიშნულია აპელანტის მიერ საფოსტო გზავნილის ჩაბარების თარიღი ,,11.08.2015“ და ნომერი ,,1066“. შესაბამისად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარზე დართული მტკიცებულებები და ზემოაღნიშნული დოკუმენტები ცალსახად ადასტურებს სააპელაციო საჩივრის ვადაში გაგზავნის ფაქტს, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობას წარმოადგენს.

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ სააპელაციო საჩივარი კანონმდებლობის სრული დაცვით წარედგინა სააპელაციო პალატას. ამდენად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა- ქო-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინება და საქმე ა- ქო-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. განჩინება საბოლოო და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი