ბს-923-782-კ-04 7 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია (მომხსენებელი),
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: თანხის გადახდის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 3 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს “ფ-მ” მოპასუხე ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიმართ 9000 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით იმ საფუძვლით, რომ 2003წ. 28 ოქტომბერს ჩატარებული აუქციონის შედეგად, სადაც გატანილი იყო საპრივატიზაციოდ სს “ქუთაისის ლ-ის” ტერიტორიაზე განლაგებული ობიექტები, მოპასუხემ ისინი აღიარა გამარჯვებულად. მათ მიერ წინასწარ, ბეს სახით შეტანილ იქნა 9000 ლარი. მიუხედავად გამარჯვებისა, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მათთვის ობიექტის ჩაბარება, რის გამოც 2003წ. 25 ნოემბრის ¹5-65 ბრძანებით გააუქმა აუქციონის შედეგები. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ მოპასუხემ თავისი ბრალეული ქმედებით ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, რაც სკ-ის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მათ აძლევდა უფლებას, გადახდილი ბე მოეთხოვათ ორმაგი ოდენობით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 30 იანვრის გადაწყვეტილებით შპს “ფ-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა, ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს შპს “ფ-ს” სასარგებლოდ დაეკისრა 9000 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 225 ლარის გადახდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შპს “ფ-ს” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გატანილი თანხის _ 9000 ლარის უკან დაბრუნების შესახებ.
აპელანტი მიუთითებდა, რომ არასწორი იყო გადაწყვეტილებაში იმის მითითება, თითქოსდა მოპასუხემ თავისი ბრალეული მოქმედებით ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები. შპს “ფ-მ” ობიექტის სარგებლობა ვერ შეძლო არა მოპასუხის, არამედ სს “ლ-ის” ბრალეული მოქმედების გამო, რასაც თავად მოსარჩელეც ადასტურებდა.
სასამართლომ ამავე დროს არ გამოიყენა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999წ. 31 მარტის ¹1-3/151 ბრძანებით დამტკიცებული დებულება “სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ”, რომელიც არ ითვალისწინებს აუქციონის ნებისმიერი მიზეზით გაუქმების გამო “ბეს” ორმაგად დაბრუნებას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 30 იანვრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით შპს “ფ-ს” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სკ-ის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბეს მიმღები მხოლოდ მაშინ დააბრუნებს ბეს ორმაგად, თუ ვალდებულების შეუსრულებლობაში მას მიუძღვის ბრალი. საქმეში არსებული შპს “ფ-ს” განცხადებით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე სს “ლ-ის” დირექტორმა არ შეუშვა ნაყიდ ობიექტში და სწორედ განცხადების საფუძველზე გაუქმდა აუქციონის შედეგები. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აპელანტს არ მიუძღოდა ბრალი ვალდებულების შეუსრულებლობაში.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს “ფ-ს” წარმომადგენელმა კ. კ-მა და შპს “ფ-ს” დირექტორმა თ. მ-ემ. კასატორები საჩივრებში მიუთითებდნენ, რომ სკ-ის 477-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნასყიდობის ხელშეკრულერბით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო 487-ე მუხლით _ გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი. მათთან მიმართებაში მოპასუხემ ვერ შეასრულა ადმინისტრაციული გარიგებით ნაკისრი ვალდებულებები, მითითებული კოდექსის 361-ე მუხლის ნაწილის თანახმად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულება მოპასუხეს წარმოეშვა აუქციონის შედეგად, რომელშიც გამარჯვებულად გამოცხადდა შპს “ფ.”. კასატორთა აზრით, მოპასუხემ აუქციონის შედეგების გაუქმებით დაადასტურა ის, რომ იგი ვერ ასრულებდა საქონლის მიწოდების ვალდებულებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება _ დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ შპს “ფ-სა” და შპს “ფ-ს’’ წარმომადგენელ კ. კ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 ივნისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებთა გამო:
საკასაციო პალატა განუმარტავს კასატორებს, რომ სკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ბეს მიმცემი ბრალეულად დაარღვევს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, ბე რჩება მის მიმღებს, ამასთან, ბე ჩაითვლება ზიანის ანაზღაურების ანგარიშში, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია ბეს მიმღების ბრალეული მოქმედებით, მან ბე უკან უნდა დააბრუნოს ორმაგად, ამასთან ბეს მიმღებს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. მოცემულ შემთხვევაში, ჩატარებული აუქციონის ოქმის პირობების თანახმად, შპს “ფ.”, როგორც აუქციონში გამარჯვებული, ვალდებული იყო აუქციონის შედეგების დამტკიცებიდან 20 კლენდარული დღის ვადაში გაეფორმებინა შესაბამისი ხელშეკრულება მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, ანუ მხოლოდ აუქციონში გამარჯვება არ იყო საკმარისი პირობა სს “ქუთაისის ლ-ის” ტერიტორიიდან გაყიდული ობიექტების გატანის უფლების წარმოშობისათვის. აღნიშნული ვალდებულება შპს “ფ-ს” მხრიდან არ იქნა შესრულებული და იგი ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე არ წარმოადგენდა ამ ობიექტების მესაკუთრეს. შესაბამისად, არ შეიძლებოდა მოცემულ სამართალურთიერთობაზე გავრცელებულიყო კასატორის მიერ მითითებული ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმები, როდესაც თავად ნასყიდობის ხელშეკრულება ფაქტობრივად არ იყო დადებული და ამდენად, მოპასუხეს არ წარმოშობია საქონლის მიწოდების ვალდებულება, საკასაციო პალატა თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში შპს “ფ-მ” თავად დაარღვია მასზე დაკისრებული ვალდებულება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, როდესაც განცხადებით მიმართა შეტანილი თანხის დაბრუნების მოთხოვნით მოპასუხეს. საკასაციო პალატა აღნიშნავს იმ გარემოებასაც, რომ ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2003წ. 25 ნოემბრის ბრძანება აუქციონის შედეგების გაუქმების შესახებ სადავო არ გამხდარა და იურიდიული ძალის მქონეა.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო და არ არსებობს შპს “ფ-სა” და შპს “ფ-ს” წარმომადგენელ კ. კ-ის საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს ზემოაღნიშნული სააპელაციო პალატის 2004წ. 17 ივნისის გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 309-ე, 404-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორებ შპს “ფ-ს” და შპს “ფ-ს” წარმომადგენელ კ. კ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 ივნისის გადაწყვეტილება;
3. შპს “ფ-ს” დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი თანხის _ 124 ლარის გადახდა;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.