Facebook Twitter

საქმე №ას-1076-1014-2015 25 დეკემბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნ. ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – ა. და თ. წ-ეები (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ბ. წ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 აგვისტოს განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, მემკვიდრედ აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ბ. წ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. და თ. წ-ეების (შემდგომში _ მოპასუხეები, კასატორები) მიმართ 2012 წლის 26 სექტემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და ზესტაფონის სოფელ მ-ში მდებარე უძრავი ქონების 1/3-ის მემკვიდრედ მოსარჩელის ცნობის მოთხოვნით.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოპასუხეებმა სარჩელში მითითებული გარემოებები არ ცნეს და მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით განმარტეს, რომ გასული იყო მოსარჩელის მიერ სამკვიდროს მიღების ვადა, შესაბამისად, მოთხოვნა იყო ხანდაზმული.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 2012 წლის 26 სექტემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა და მოსარჩელე ცნობილ იქნა ზესტაფონის სოფელ მ-ში მდებარე უძრავი ქონების 1/3-ის მემკვიდრედ (სარეგისტრაციო ზონა ზესტაფონი, კოდი 32, სექტორი მე-2 სვირი-02, კვარტალი 09, ნაკვეთი 802, დაზუსტებული ფართობი 740 კვ.მ).

4. აპელანტების მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

5.1.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მამა - მ. წ-ე გარდაიცვალა 1986 წლის 9 აგვისტოს, ბ. წ-ის პაპა, გ. წ-ე _ 2005 წლის 13 მაისს. გ. წ-ეს დარჩა პირველი რიგის სამი მემკვიდრე: თ. წ-ე, ა. წ-ე და ბ. წ-ე.

5.1.2. 2005 წლის 23 აგვისტოს აპელანტებმა განცხადებით მიმართეს ნოტარიუსს გ. წ-ის ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის მიღების მოთხოვნით, თუმცა, 2005 წლის 31 აგვისტოს, გ. წ-ის გარდაცვალებიდან 6-თვის ვადაში ნოტარიუსს განცხადებით მიმართა ბ. წ-ემაც და განმარტა, რომ იყო გ. წ-ის კომლის წევრი, სურდა მიემართა სასამართლოსათვის და მოითხოვა, არ გაეცა სადავო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა თ. წ-ისა და ა. წ-ის სახელზე. ამის გამო, ნოტარიუს ნ. ფ-ის 2008 წლის 12 მარტის დადგენილებით ა. წ-ესა და თ. წ-ეს სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე ეთქვათ უარი.

5.1.3. 2005 წლის 19 ოქტომბერს მ. მ-ემ და ბ. წ-ემ სარჩელი აღძრეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში სოფელ მ-ის საკრებულოს მიმართ და მოითხოვეს გ. წ-ის კომლის ქონებაზე უფლების აღიარება. ამ საქმეში მესამე პირად ჩართულ იქნენ მოპასუხეები. საბოლოოდ, მ. მ-ისა და ბ. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5.1.4. 2007 წლის 5 დეკემბერს სადავო ქონების 1/3 დარეგიტრირდა ბ. წ-ის საკუთრებად, თუმცა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით, თ. და ა. წ-ეების სარჩელის საფუძველზე ეს ჩანაწერი ბათილად იქნა ცნობილი.

5.1.5. 2012 წლის 26 ოქტომბერს სადავო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა აიღეს მოპასუხეებმა.

5.1.6. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 1424-ე და 52-ე მუხლების თანახმად, პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ მოსარჩელეს გ. წ-ის სამკვიდრო მიღებული ჰქონდა, რადგანაც გ. წ-ის სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის ვადაში ნოტარიუსისათვის მიმართვით ბ. წ-ემ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად გამოავლინა გ. წ-ის სამკვიდროს მიღების ნება. ამასთანავე, ამავე ვადაში სასამართლოსათვის მიმართვით ბ. წ-ე შეუდგა სადავო სამკვიდროს სამართლებრივი ბედის გადაწყვეტას, ე.ი მის მართვას, რაც სამკვიდროს მიღებაზეც მიანიშნებდა.

6. კასატორების მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

6.1.1. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი. მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2005 წელს. მართალია, მოსარჩელემ 6-თვიანი ვადის დაცვით მიმართა ნოტარიუსს და ითხოვა, არ გაცემულიყო სამკვიდრო მოწმობა, რადგანაც განმცხადებელი იყო კომლის ბოლო წევრი და სამკვიდრო არ უნდა გახსნილიყო, თუმცა ამ განცხადებამ გამოიწვია ის, რომ ნოტარიუსს არ დაუფიქსირებია განცხადება სამემკვიდრეო ბაზაში. მოსარჩელის მიმართვა ნოტარიუსისათვის იყო არა სამკვიდროს მიღება, არამედ ინფორმაციის მიწოდება, რადგანაც მოსარჩელის განცხადება არ პასუხობდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს, ასევე, არ იყო აღნიშნული, რომ მოსარჩელე იღებდა სამკვიდროს, რის გამოც მოითხოვდა სამკვიდრო მოწმობის გაცემას. ამის შემდგომ ბ.წ-ემ დაიწყო დავა კომლის აღდგენის მოთხოვნით, რაც არ დაკმაყოფილდა, მეტიც, გაუქმდა 2007 წლის 5 სექტემბერს საჯარო რეესტრში სადავო ქონების 1/3 მოსარჩელის სასარგებლოდ განხორციელებული ჩანაწერი. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი და არასწორად ჩათვალა, რომ მოსარჩელემ 6 თვის ვადაში მიმართა ნოტარიუსს, რითაც ფაქტობრივად მიიღო სამკვიდრო. აღნიშნულის საპირისპიროდ კასატორები დაეუფლენ სამკვიდროს, მოუარეს მიცვალებულს, დაკრძალეს ტრადიციისამებრ და აღადგინეს საცხოვრებელი სახლი. შესაბამისად, მიმართეს ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის გაცემის თხოვნით, თუმცა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი განაპირობა ქონების 1/3-ის მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხვამ, ხოლო დანარჩენ ნაწილზე სამკვიდროს მიღება არ დასტურდებოდა. სწორედ ამის შემდეგ მიმართეს სასამართლოს კასატორებმა ბ.წ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით, რაც 2008 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა. ამგვარი გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ის, რომ ბ.წ-ემ საჯარო რეესტრში ვერ წარადგინა საკუთრების დამადასტურებელი მტკიცებულება, ხოლო ზესტაფონის რაიონული სახალხო სასამართლოს 1987 წლის გადაწყვეტილება ბ.წ-ის თ. და გ. წ-ეების კომლიდან გამოყოფის თაობაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი ვერ გახდებოდა. ამდენად, სასამართლომ დაადგინა, რომ 1987 წლის გადაწყვეტილება არ იყო აღსრულებული და გასული იყო მისი აღსრულების 10-წლიანი ვადაც. საქმეში წარმოდგენილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილია, რომ ბ. წ-ეს მ. წ-ის გარდაცვალების შემდგომ გ. წ-ის კომლში არ უცხოვრია, შესაბამისად, სასამართლომ ბ.წ-ის კომლის წევრად აღიარებაზე უარი განაცხადა, რადგანაც ბ.წ-ეს ყოველგვარი კავშირი ჰქონდა გაწყვეტილი კომლთან. ამის შემდგომ მას არავითარი განცხადება არ წარუდგენია ნოტარიუსთან სამკვიდროს მიღების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ მოსარჩელის მამა - მ. წ-ე გარდაიცვალა 1986 წლის 9 აგვისტოს, ბ. წ-ის პაპა, გ. წ-ე _ 2005 წლის 13 მაისს. გ. წ-ეს დარჩა პირველი რიგის სამი მემკვიდრე: თ. წ-ე, ა. წ-ე და ბ. წ-ე. 2005 წლის 23 აგვისტოს აპელანტებმა განცხადებით მიმართეს ნოტარიუსს გ. წ-ის ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის მიღების მოთხოვნით, თუმცა, 2005 წლის 31 აგვისტოს, გ. წ-ის გარდაცვალებიდან 6-თვის ვადაში ნოტარიუსს განცხადებით მიმართა ბ. წ-ემაც და განმარტა, რომ იყო გ. წ-ის კომლის წევრი, სურდა მიემართა სასამართლოსათვის და მოითხოვა, არ გაეცა სადავო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა თ. წ-ისა და ა. წ-ის სახელზე. ამის გამო, ნოტარიუს ნ. ფ-ის 2008 წლის 12 მარტის დადგენილებით ა. წ-ესა და თ. წ-ეს სამკიდრო მოწმობის გაცემაზე ეთქვათ უარი, ამასთანავე, მოსარჩელე სასამართლო წესით შეეცადა სამკვიდრო ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარებას, შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში მოსარჩელემ გამოხატა სამკვიდროს მიღების ნება.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ანდა განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. განსახილველ შემთხვევაში, კასატორები იმ გარემოების მტკიცებისათვის, რომ მოსარჩელეს სამკვიდრო არ მიუღია, მიუთითებენ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე, რომლებითაც დადგენილია, რომ ბ. წ-ეს კომლთან კავშირი გაწყვეტილი ჰქონდა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები წინამდებარე დავის გადაწყვეტისათვის ხელისშემშლელი ვერ გახდება, რადგანაც ამ გადაწყვეტილებებით არ დადგენილა სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლით განსაზღვრული კომლში სამკვიდროს გახსნის იურიდიული შემადგენლობა და ასეთზე არც კასატორებს არ მიუთითებიათ, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად იმსჯელა ბ.წ-ის მიერ სამკვიდროს მიღებაზე და იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1421-ე და 1424-ე მუხლებით. პალატა დამატებით განმარტავს, რომ 1421-ე მუხლის მიზნებისათვის სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა და მას შესაბამისი იურიდიული შედეგი იმ შემთხვევაში მოჰყვება, თუ მემკვიდრე კანონით გათვალისწინებული მოქმედებების განხორციელების გზით გამოხატავს ნამდვილ ნებას, რაც მოწმობს მის მიერ სამკვიდროს მიღებას. ამგვარ ნებად სააპელაციო პალატამ სწორად მიიჩნია მოსარჩელის მოქმედებები და მართებულად აღიარა ბ.წ-ე ქონების 1/3-ზე უფლების მქონე პირად.

1.5. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ №ას-827-791-2014, 13 ნოემბერი, 2015 წელი).

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ ზ. წ-ის მიერ 2015 წლის 31 ოქტომბერს #... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. და თ. წ-ეების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორებს: ა. წ-ესა (პ/#...) და თ. წ-ეს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ ზ. წ-ის მიერ 2015 წლის 31 ოქტომბერს #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური