Facebook Twitter

საქმე №ას-1135-1068-2015 25 დეკემბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი. ს-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ქ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ნ. ქ-ამ (შემდგომში _ მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ს-ის (შემდგომში _ მოპასუხე, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული თანხის _ 50 000 აშშ დოლარის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, 40 000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში ცნო, ხოლო 10 000 აშშ დოლარის ნაწილში განმარტა, რომ ვალდებულება მესამე პირების _ მოსარჩელის ახლობლების წინაშე შეასრულა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო) სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 50 000 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა მოპასუხის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.

3.2. ამავე სასამართლოს 2015 წლის 5 მარტის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

5.1.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ამავე სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მისი შევსების მიზნით აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის, 2 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის (არა უმეტეს 5 000 ლარის) გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების ამ განჩინებით დადგენილ ვადაში სასამართლოში წარდგენა. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

5.1.2. 2015 წლის 20 ივლისს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა, წარადგინა სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის, 400 ლარის, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და განმარტა, რომ მისმა მარწმუნებელმა მძიმე ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით (იმყოფება სამკურნალოდ საზღვარგარეთ და ძვირადღირებული მკურნალობა სჭირდება), განჩინებით დადგენილ ვადაში ვერ შეძლო დარჩენილი სხვაობის გადახდა, შესაბამისად, ითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის 2 თვით გადავადება.

5.1.3. სააპელაციო პალატამ, 2015 წლის 23 ივლისის განჩინებით, აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დააკმაყოფილა. აპელანტს გაუგრძელა საპროცესო ვადა 7 დღით და დაავალა სახელმწიფო ბაჟის _ 2 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა მის მიერ უკვე გადახდილი თანხის გამოკლებით. აპელანტს დაევალა ამავე ვადაში ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენა. აპელანტს კვლავ განემარტა დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შედეგები.

5.1.4. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, 2015 წლის 23 ივლისის განჩინების ასლი აპელანტის შვილს - თ. ფ-აიას ჩაბარდა 2015 წლის 18 სექტემბერს.

5.1.5. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, 74-ე მუხლის პირველი ნაწილით, 59-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით, 61-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და აღნიშნა, რომ აპელანტისათვის სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დანიშნული 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების ასლის აპელანტის შვილისთვის გადაცემის მომდევნო დღიდან _ 2015 წლის 19 სექტემბრიდან და ამოიწურა 2015 წლის 25 სექტემბერს, რომელიც არ ყოფილა უქმე ან დასვენების დღე. საქმის მასალების თანახმად, აპელანტს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და დღემდე არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 63-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

6.1. კერძო საჩივრის საფუძვლები:

6.1.1. კერძო საჩივრის ავტორმა ვრცლად მიუთითა სააპელაციო საჩივარში მოყვანილ პრეტენზიებზე და განმარტა, რომ მისი მოთხოვნა პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების თაობაზე საფუძვლიანი იყო.

6.1.2. სააპელაციო პალატამ 2015 წლის 29 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი აპელანტმა, ეკონომიური მდგომაროების გათვალისწინებით, ნაწილობრივ გამოასწორა და გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, 400 ლარი, ამასთანავე, განემარტა სასამართლოს, რომ მხარეს ამ ეტაპზე არ შესწევდა უნარი, სრულად გადაეხადა სახელწიფო ბაჟი, რომელიც თითქმის მაქსიმალურ ზღვარს შეადგენდა, რის გამოც იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე. პალატამ არ გაიზიარა შუამდგომლობა და მხარეს გაუგრძელა საპროცესო ვადა. ასეთ შემთხვევაში, სასამართლომ უკანონოდ არ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა და არ მისცა მას დავის გაგრძელების შესაძლებლობა, მაშინ, როდესაც აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადახდით დაადასტურა დავის მიმართ ინტერესის არსებობა. აღსანიშნავია ისიც, რომ სასამართლოს სააპელაციო საჩივარი თუნდაც გადახდილი თანხის ნაწილში უნდა მიეღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება და მიიჩნევს, რომ ი. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

1.2. საკასაციო სასამართლო, უპირველესად, ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში შეფასებას ექვემდებარება სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივარის განუხილველად დატოვების მართლზომიერება, შესაბამისად, პალატა მოკლებულია ყოველგვარ შესაძლებლობას, იმსჯელოს კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც სააპელაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტების დასაბუთებულობას შეეხება. აღნიშნული საკითხი საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი შეიძლებოდა გამხდარიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იარსებებდა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები, სააპელაციო სასამართლო არსებითად განიხილავდა სააპელაციო პრეტენზიებს და მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე მხარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარადგენდა საკასაციო და არა კერძო საჩივარს. რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერებას, ამ კუთხით დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია შემდეგი გარემოებები:

1.2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის _ 2 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის (არა უმეტეს 5 000 ლარის) ჩარიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულების სასმართლოში წარდგენა. ხარვეზის გამოსწორების ვადა განისაზღვრა 10 დღით და აპელანტს განემარტა საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის ნეგატიური შედეგების თაობაზე;

1.2.2. დადგენილ ვადაში აპელანტის წარმომადგენელმა მიმართა სასამართლოს განცხადებით, წარადგინა სახელმწიფო ბაჟის _ 400 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდის გადავადების თაობაზე. შუამდგომლობა დასაბუთებულია იმით, რომ აპელანტი სამკურნალოდ იმყოფება ესპანეთში, ძვირადღირებული მკურნალობა სჭირდება და ამ ეტაპზე არ შეუძლია გადაიხადოს ბაჟის დარჩენილი ნაწილი. განცხადებას კი, ერთვის აპელანტის პასპორტის ასლი;

1.2.3. 2015 წლის 23 ივლისის განჩინებით პალატამ აპელანტის შუამდგომლობა არ გაიზიარა დაუსაბუთებლობის მოტივით, ხოლო აპელანტს დანიშნული საპროცესო ვადა გაუგრძელდა 7 დღით, ამასთანავე კვლავ განიმარტა დაკისრებული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები;

1.2.4. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, 2015 წლის 23 ივლისის განჩინება აპელანტის ოჯახის ქმედუნარიანმა პირმა _ შვილმა 2015 წლის 18 სექტემბერს ჩაიბარა;

1.2.5. უდავოა, რომ მხარეს დადგენილ ვადაში არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

1.3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებას საპროცესო ვადების გამოთვლის თაობაზე და მიიჩნევს, რომ 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 19 სექტემბერს და ამოიწურა სამუშაო დღეს, ამავე წლის 25 სექტემბერს, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი, 74-ე მუხლის პირველი ნაწილი, 59-ე მუხლის პირველი ნაწილი, მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი, 61-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები.

1.4. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სასამართლომ უკანონოდ არ გადაუვადა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი მხარეს და აღნიშნულით არ მისცა დავის გაგრძელების შესაძლებლობა. პალატა მიუთითებს საქმის განხილვის დროს მოქმედი რედაქციის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ნორმის ანალიზიდან გამოდმონარე, მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილებისათვის უტყუარად უნდა მტკიცდებოდეს მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, შუამდგომლობის ავტორი განმარტავდა, რომ აპელანტს არ შეეძლო დაკისრებული თანხის სრულად გადახდა, თუმცა, წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა მხოლოდ ის, რომ აპელანტი არ იმყოფებოდა საქართველოში, რაც, ბუნებრივია, შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავდა.

1.5. რაც შეეხება მხარის არგუმენტს, რომ სასამართლოს გადახდილი ბაჟის პროპორციულად უნდა მიეღო წარმოებაში სააპელაციო საჩივარი, ამასაც ვერ გაიზიარებს საკასაციო პალატა და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 83-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო მოთხოვნის შემცირება აპელანტის გარანტირებულ უფლებას წარმოადგენს, თუმცა საქმის მასალებში არ მოიპოვება წერილობითი მტკიცებულება, რაც მხარის მიერ ამ უფლების განკარგვასა და მოთხოვნის შემცირებას დაადასტურებდა, უფრო მეტიც, საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარების შემდგომ აპელანტს სასამართლოსათვის საერთოდ აღარ მიუმართავს, რაც შეუძლებელს ხდის მხარის მოსაზრების გაზიარებას, რომ მას დავის მიმართ ინტერესი გააჩნდა.

1.6. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 63-ე მუხლის სწორი განმარტების გზით მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი, მხარეს კი არ მიუთითებია იმგვარ გარემოებაზე, რაც მიღებული განჩინების გაუქმებას დაედებოდა საფუძვლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური