Facebook Twitter

საქმე №ას-914-864-2015 4 დეკემბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – რ. ჭ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

სს „თ-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. ჭ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 08.10.2011წ. საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის _ 992,71 ლარის, სარგებლის _ 147,94 ლარისა და პირგასამტეხლოს _ 250,66 ლარის, ასევე 28.12.2012წ. განვადების ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის _ 996,40 ლარის, სარგებლის _ 686,07 ლარისა და პირგასამტეხლოს _ 1 926,22 ლარის (იხ: შემცირებული მოთხოვნა, 18.03.2015წ. სხდომის ოქმი) გადახდა.

2. მოპასუხის პოზიცია:

საკრედიტო დავალიანების ძირი თანხისა და სარგებლის დაკისრების ნაწილში მოპასუხემ სარჩელი ცნო, ხოლო პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს სესხის ძირითადი თანხების, საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს სახით მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3 023.12 ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ამ ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი პირგასამტეხლოს გადახდევინების თაობაზე სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დამატებით დაეკისრა 1 976.88 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

5.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

5.1.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 8 ოქტომბერს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც აპელანტმა მოპასუხეს გადასცა 1 000 ლარიანი საკრედიტო ბარათი, წლიურად 36% სარგებლის დარიცხვის პირობით. ვადაგადაცილების შემთხვევაში მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე: ერთჯერადი ფიქსირებული გადასახდელი - 20 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და 0,5%. მსესხებელს ყოველ თვეში უნდა დაეფარა ათვისებული თანხის სულ მცირე 10% დაანგარიშების დღემდე დარიცხული სარგებლისა და პირგასამტეხლოს ჩათვლით. ამ კრედიტის ფარგლებში 2013 წლის 4 მარტის შემდეგ მოპასუხეს არანაირი შენატანი არ განუხორციელებია, რის გამოც 2014 წლის 15 დეკემბრის მდგომარეობით მას დაერიცხა დავალიანება 1 391,31 ლარი, საიდანაც 992.71 ლარი იყო ძირი თანხა, 147.94 ლარი _ საპროცენტო სარგებელი, ხოლო 250.66 ლარი _ პირგასამტეხლო.

5.1.2. 2012 წლის 28 დეკემბერს მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც აპელანტამ მოპასუხის სახელზე გასცა 1 000 ლარიანი საკრედიტო (განვადების) ბარათი, წლიურად 42% სარგებლის დარიცხვის პირობით. მხარეები ვადაგადაცილების შემთხვევაში შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე: ერთჯერადი ფიქსირებული გადასახდელი - 20 ლარი და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%. მსესხებელს კრედიტი უნდა დაეფარა შემდეგი წესით: თანხის გატანიდან 10 კალენდარული თვის განმავლობაში, ყოველი თვის 27 რიცხვში, უნდა გადაეხადა წინა თვის ბოლო კალენდარული დღის ჩათვლით ათვისებული თანხა და დარიცხული სარგებელი, გადანაწილებული 10 თვეზე. მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება, რის გამოც, 2014 წლის 15 დეკემბრის მდგომარეობით, მას ერიცხებოდა დავალიანება 4 972.07 ლარი, საიდანაც 996,4 ლარი იყო ძირი თანხა, 686,07 ლარი _ საპროცენტო სარგებელი და 3 289,6 ლარი _ პირგასამტეხლო, თუმცა, საქმის განხილვის დროს, მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში და მოითხოვა მხოლოდ 1 926,22 ლარის გადახდევინება.

5.1.3. მოპასუხე შესაგებლით არ შედავებია პირგასამტეხლოს დაანგარიშების წესსა და ოდენობას, მან მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს გადახდა არ უნდა დაკისრებოდა, რადგან დაკარგა სამსახური და შეეძლო მხოლოდ ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის გადახდა.

5.1.4. პალატის განმარტებით, სადავოს წარმოადგენდა ის გარემოება, მოვალეს პირგასამტეხლო ხელშეკრულებით შეთანხმებული ოდენობით უნდა დაკისრებოდა თუ არა. სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, განმარტა, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმია, რომელიც ასრულებს როგორც ვალდებულების დარღვევის პრევენციის, ისე - დარღვევიდან გამომდინარე კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის ერთგვარი კომპენსაციის ფუნქციას. პირგასამტეხლოს ოდენობა, იმავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განისაზღვრება ხელშკრულების მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენით და იგი შეიძლება აღემატებოდეს კიდეც კრედიტორის შესაძლო ზიანს.

5.1.5. გასაჩივრებულ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლს, თუმცა მოპასუხე არ შედავებია პირგასამტეხლოს ოდენობას, დაანგარიშების უსწორობის თვალსაზრისით, ანუ უდავო იყო, რომ მოსარჩელემ პირგასამტეხლოს თანხა სწორად დაიანგარიშა სესხის დაფარვის ვადაგადაცილებული დღეების გამრავლებით სესხის გადაუხდელი თანხის 0.5%-ზე და დამატებული ერთჯერადი, ფიქსირებული გადასახდელი 20-20 ლარის ოდენობით.

5.1.6. მოპასუხეს სესხს საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო 2014 წლის 15 დეკემბრის შემდგომ აღარ დარიცხვია, რის შემდგომაც გასული იყო 7 თვე. რომელიმე მხარის მიერ საკასაციო საჩივრის წარდგენის უფლების გამოყენების შემთხვევაში, სამართალწარმოება შეიძლება კიდევ 6 თვით გახანგრძლივებულიყო, რასაც საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების ვადებიც ემატებოდა. მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატამ ჩათვალა, რომ მიზანშეუწონელი იყო სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე დაყრდნობით პირგასამტეხლოს შემცირება, რომელიც განსაზღვრულია მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით, ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად და იგი, დროის გასვლასთან ერთად, არ იზრდებოდა. პალატის შეფასებით, პირგასამტეხლოს შემცირების ამგვარი პრაქტიკა მართლაც შეიძლებოდა გამხდარიყო არაკეთილსინდისიერ მოვალეთა პასუხისმგებლობისაგან უსაფუძვლოდ გათავისუფლების, აგრეთვე, კეთილსინდისიერ მოვალეთა წაქეზების საშუალება, დაერღვიათ ვალდებულება, მოსალოდნელი პირგასამტეხლოს დაუსაბუთებლად შემცირების იმედით, რაც არ წაადგებოდა სახელმწიფოში არსებული სამოქალაქო ბრუნვის სტაბილური, პროგნოზირებადი ხასიათით განხორციელებას.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

6.1. საკასაციო საჩივრების საფუძვლები:

6.1.1. კასატორმა მიუთითა მას და მოპასუხეს შორის დადებულ ხელშეკრულებებზე, მათი დარღვევის გამო წარმოშობილ დავალიანებაზე და განმარტა, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ არაგონივრული იყო, რაც გაითვალისწინა პირველი ინსტანციის სასამართლომ და მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ შეცვალა რა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მოთხოვნები _ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი.

6.1.2. სააპელაციო პალატამ დააკმაყოფილა რა მოსარჩელის მოთხოვნა, განმარტა, რომ თითქოს ამგვარად დამკვიდრდებოდა სასამართლო პრაქტიკა, თუმცა არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ამ საკითხზე უკვე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რაც მხედველობაში მიიღო საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას და სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, რა დროსაც გათვალისწინებულ იქნა, როგორც მოვალის მატერიალური მდგომაროება, ისე, მის მიერ ვალდებულების შესრულების მცდელობა და მოლაპარაკების წარმოება კრედიტორთან.

6.1.3. გაურკვეველია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, თითქოს მოპასუხე არ შედავებია პირგასამტეხლოს დაანგარიშების სისწორეს, საქმეში წარმოდგენილი შესაგებლის თანახმად, კასატორმა სარჩელი ძირი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დავალიანების ნაწილში ცნო, ხოლო პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში მოითხოვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს ვალდებულების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობა წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით კი, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.1.1. 2011 წლის 8 ოქტომბერს მხარეებს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს „თ-მა“ მსესხებლის სახელზე გასცა 1 000 ლარიანი საკრედიტო ბარათი, წლიურად 36% სარგებლის დარიცხვის პირობით. ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე, რომელიც წარმოადგენდა ფიქსირებულ ერთჯერად გადასახდელს - 20 ლარსა და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ს. მსესხებელს ყოველ თვეში უნდა დაეფარა ათვისებული თანხის სულ მცირე 10%, დაანგარიშების დღემდე (ანუ - ყოველი კალენდარული თვის 3 რიცხვი) დარიცხული სარგებლისა და პირგასამტეხლოს ჩათვლით.

1.1.2. 2013 წლის 4 მარტის შემდეგ მოპასუხეს რაიმე შენატანი ამ კრედიტის ფარგლებში არ განუხორციელებია, რის გამოც 2014 წლის 15 დეკემბრის მდგომარეობით მას დაერიცხა დავალიანება 1 391,31 ლარის ოდენობით, საიდანაც 992,71 ლარი შეადგენდა ძირითად თანხას, 147,94 ლარი - საპროცენტო სარგებელს და 250.66 ლარი - პირგასამტეხლოს.

1.1.3. 2012 წლის 28 დეკემბერს მხარეებს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა _ 1 000 ლარი, წლიური სარგებელი _ 42%. ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე _ ერთჯერადი ფიქსირებული გადასახდელი _ 20 ლარი და 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებელს კრედიტი უნდა დაეფარა შემდეგი წესით: თანხის გატანიდან 10 კალენდარული თვის განმავლობაში, ყოველი თვის 27 რიცხვში, უნდა გადაეხადა წინა თვის ბოლო კალენდარული დღის ჩათვლით ათვისებული თანხა და დარიცხული სარგებელი, გადანაწილებული 10 თვეზე.

1.1.4. მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება და 2014 წლის 15 დეკემბრის მდგომარეობით დავალიანებამ შეადგინა 4 972,07 ლარი, საიდანაც 996,4 ლარი იყო ძირითადი თანხა, 686,07 ლარი - საპროცენტო სარგებელი და 3 289.6 ლარი - პირგასამტეხლო. საბოლოოდ მოსარჩელემ ამ ხელშეკრულების ფარგლებში პირგასამტეხლოს სახით მოითხოვა 1 926,22 ლარის მსესხებლისათვის დაკისრება.

1.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

1.3. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, შესაბამისად, უსაფუძვლოდ დააკმაყოფილა სს „თ-ის“ სააპელაციო საჩივარი (სსსკ-ის 393-ე მუხლი).

1.4. საკასაციო პალატა იზიარებს რ.ჭ-ის მოსაზრებას სააპელაციო სასამართლოს მიერ მატერიალური სამართლის ნორმის არასწორად განმარტების თაობაზე და აღნიშნავს შემდეგს: სამოქალაქო კოდექსი იცნობს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით საშუალებებს, რომელთაგან პირველს გირავნობა (სკ-ის 254-ე მუხლი) და იპოთეკა (სკ-ის 286-ე მუხლი), ხოლო მეორეს _ პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია (სკ-ის 416-ე მუხლი) განეკუთვნება. მითითებულთაგან ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ საშუალებას სწორედ პირგასამტეხლო წარმოადგენს და იგი მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის (სკ-ის 417-ე მუხლი). სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დანიშნულება ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში ამ თანხის ჩათვლაა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად მიღებული ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის სავალდებულოა მხარეთა მიერ შესაბამისი ფორმით შეთანხმების მიღწევა, რაც რეგულირებულია სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილით. განსხვავებით ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, რომელიც, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ საჭიროებს მხარეთა წინასწარი შეთანხმების არსებობას, პირგასამტეხლო ყოველთვის სახელშეკრულებო პირობად გვევლინება. ზიანის ანაზღაურების სახელშეკრულებო პირობის ერთადერთი გამონაკლისია ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისას პროცენტზე შეთანხმება (სკ-ის 403-ე მუხლი), თუმცა, ეს შემთხვევა სახეზე არ გვაქვს.

1.5. მართალია, სამოქალაქო კანონმდებლობა პირგასამტეხლოს ნამდვილობას მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწულ შეთანხმებას უკავშირებს, თუმცა, იგი არ წარმოდგენს აბსოლუტურ დათქმას და მოვალის შესაგებლის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის თანხის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა.

1.6. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის წინააღმდეგ, სააპელაციო პალატამ სარჩელის საფუძვლიანობა დაუკავშირა იმგვარ გარემოებებს, როგორიცაა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებით კეთილსინდისიერი გადამხდელების წახალისება, რათა პირგასამტეხლოს შემცირების იმედით მათ აღარ შეასრულონ ვალდებულება, რაც ხელს შეუშლის სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მითითებულ მსჯელობას თუნდაც იმ მიზეზით, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნა, სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების დარღვევისას წარმოიშობა, ხოლო კეთილსინდისიერი გადამხდელის შემთხვევაში არა თუ მისი შემცირების, გადახდის საჭიროებაც არ დგება დღის წესრიგში. ამასთანავე, ვინაიდან კასატორმა სადავო გახადა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა შესაგებელში პირგასამტეხლოს თაობაზე შეცილების არარსებობის შესახებ, საკასაციო პალატა ამ საკითხზეც გაამახვილებს ყურადღებას (სსსკ-ის 404.1 მუხლი) და აღნიშნავს, რომ, მართალია, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში მოპასუხე მხოლოდ ზოგადი ხასიათის შედავებით _ სამართლის ნორმაზე მითითებით შემოიფარგლა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლომ მაინც იმსჯელა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებაზე, თუმცა ამ გარემოების თაობაზე სს „თ-ს“ სააპელაციო პრეტენზია არ წარუდგენია, ხოლო სააპელაციო პალატა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, არ იყო უფლებამოსილი, ემსჯელა და გადაწყვეტილება დაემყარებინა ამ ფაქტზე.

1.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. განსახილველ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ უფლებამოსილია, თავად გადაწყვიტოს დავა, შესაბამისად, სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს, როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს. ამ ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილებულია და გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, რაც შეეხება მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების საკითხს, პალატა ამ დარღვევის თანაზომიერ, გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიიჩნევს 2011 წლის 8 ოქტომბრის ხელშეკრულებაზე დარიცხულ პირგასამტეხლოს _ 250,66 ლარს და თვლის, რომ ამ ნაწილში ქვემდგომი სასამართლოს მსჯელობა კანონშესაბამისია, ხოლო 2012 წლის 28 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ნაწილში საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს არა მოთხოვნილი ოდენობით, არამედ, 250 ლარით, რაც სავსებით უზრუნველყოფს მინიმალური ზიანის ანგარიშში კრედიტორის ინტერესების დაკმაყოფილებას.

2. სასამართლო ხარჯები:

2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი-მე-3 ნაწილების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

2.2. საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილების შესაბამისად, სს „თ-ის“ მიერ პირგასამტეხლოს ნაწილში მოგებული დავის პროპორციულად სააპელაციო სამართალწარმოების გამო გაღებული საპროცესო ხარჯიდან კასატორს უნდა დაეკისროს 12 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ (150,66+150X4%), ხოლო რ.ჭ-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით საკასაციო საჩივარზე გადახდილი თანხიდან _ 300 ლარიდან სს „თ-ს“ კასატორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოგებული თანხის 5% _ 86 ლარი. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით (86-12) სს „თ-ს“ რ. ჭ-ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში უნდა დაეკისროს 74 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. რ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილების (სარეზოლუციო ნაწილის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტები) შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

3. სს „თ-ის“ სარჩელი რ. ჭ-ის მიმართ საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ 2011 წლის 8 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სრულად, ხოლო საბანკო კრედიტის 2012 წლის 28 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს:

3.1. რ. ჭ-ეს (პ/#...) სს „თ-ის“ (ს/#...) სასარგებლოდ 2011 წლის 8 ოქტომბრისა და 2012 წლის 28 დეკემბრის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით დამატებით დაეკისროს 300,66 (150,66 და 150) ლარის გადახდა.

4. სს „თ-ს“ (ს/#...) რ. ჭ-ის (პ/#...) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯიდან 74 ლარის გადახდა.

5. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური