Facebook Twitter

საქმე №ას-602-570-2015 20 ნოემბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ჯ. მ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. ჩ-ე (შეგებებული სარჩელის ავტორი)

მესამე პირი _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის მომსახურების ცენტრი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 (2015) წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ძირითად სარჩელში _ შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა, შეგებებულ სარჩელში _ ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო/შეგებებული სარჩელის მოთხოვნა:

1.1. ჯ. მ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. ჩ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) მიმართ 2013 წლის 11 მაისს დაბადებულ შვილთან _ ბ. მ-ესთან ურთიერთობის დღეების განსაზღვრის მოთხოვნით, კერძოდ, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის საცხოვრებელი სახლის გარეთ შვილის კვირაში 4 დღით: ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს 14:00 საათიდან 17:00 საათამდე მონახულების, ხოლო პარასკევს _ დილის 10:00 საათიდან კვირა დღის 18:00 საათამდე ბავშვის მამის ოჯახში წაყვანის უფლების მინიჭება.

1.2. ქ. ჩ-ემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ არასრულწლოვანი ბ. მ-ის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის _ 300 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. ქ. ჩ-ემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, თანახმაა მამამ შვილი მოინახულოს დედის საცხოვრებელ ადგილას შაბთ-კვირას ორ-ორი საათით, რაც შეეხება მამის ოჯახში წაყვანას, მოპასუხემ ამ მოთხოვნაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ შვილი მიჯაჭვულია დედაზე, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას.

2.2. თავდაპირველმა მოსარჩელემ შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ, 100 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში ცნო.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჯ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ჯ. მ-ეს თავის არასრულწლოვან შვილთან - 2013 წლის 11 მაისს დაბადებულ ბ. მ-ესთან ურთიერთობისათვის განესაზღვრა ყოველკვირეულად 5 დღე შემდეგი რეჟიმით: ჯ. მ-ემ შვილი ბ. მ-ე მოინახულოს ბავშვის წაყვანის უფლებით ყოველი კვირის სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს დღის 14:00 საათიდან 16:00 საათამდე, ხოლო ბავშვის საბავშვო ბაღში სწავლის შემთხვევაში 16:00 საათიდან 18:00 საათამდე; ყოველი კვირის შაბათსა და კვირას ჯ. მ-ემ შვილი - ბ. მ-ე თავის საცხოვრებელ ადგილას - თერჯოლის რაიონის სოფელ ს-ში წაიყვანოს პირველი ორი თვის განმავლობაში 14:00 საათიდან 16:00 საათამდე, ორი თვის შემდეგ მომდევნო ოთხი თვის მანძილზე, დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდგომ, შაბათს დილის 10:00 საათიდან მე-2 დღის - კვირის 18:00 საათამდე მასთან ღამით ბავშვის დარჩენის უფლებით; ბავშვის წაყვანა და მისი დედასთან დაბრუნების უზრუნველყოფა დაეკისრა მოსარჩელეს. ქ. ჩ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ჯ. მ-ეს ქ. ჩ-ის სასარგებლოდ მათი არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად დაეკისრა ალიმენტის _ 200 ლარის გადახდა, რომლის გადახდევინება დაიწყო შეგებებული სარჩელის აღძვრის მომენტიდან _ 2014 წლის 19 აგვისტოდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

4. აპელანტების მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.

4.1. მოსარჩელემ მოითხვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ასევე, დაკისრებული ალიმენტის ოდენობის 100 ლარით განსაზღვრა;

4.2. შეგებებული სარჩელის ავტორმა მოითხოვა გასაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება, კერძოდ, არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის ჯ.მ-ისათვის კვირაში ორი დღის განსაზღვრა ორი საათით დედის საცხოვრებელ ადგილას, ბავშვის წაყვანის უფლების გარეშე, ასევე, შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 (2015) წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჯ. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ჯ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ჯ. მ-ეს შვილთან - 2013 წლის 11 მაისს დაბადებულ ბ. მ-ესთან ურთიერთობისათვის განესაზღვრა შემდეგი წესი: 2016 წლის 11 მაისამდე ჯ. მ-ეს მიეცა უფლება, წაიყვანოს ბ. მ-ე ყოველი მეორე კვირის შაბათს 10 საათიდან, იმავე დღის 18 საათამდე და - მომდევნო კვირა დღის 10 საათიდან იმავე დღის 17 საათამდე, ხოლო 2016 წლის 11 მაისის შემდეგ - ყოველი მეორე კვირის პარასკევს 18 საათიდან იმავე კვირის კვირა დღის 17 საათამდე, დადგენილი დროის გასვლის შემდეგ, ჯ. მ-ემ უნდა უზრუნველყოს ბ. მ-ის მიყვანა მუდმივ საცხოვრებელ ადგილას, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

5.1.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეები დაქორწინდნენ 2012 წლის 22 სექტემბერს, 2013 წლის 11 მაისს დაიბადა მათი შვილი, ბ. მ-ე.

5.1.2. მეუღლეები ამჟამად განქორწინებული არიან და ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ბ. მ-ე იზრდება დედასთან.

5.1.3. მხარეებს შორის ურთიერთობა უაღრესად დაძაბულია, რაც სასამართლო სხდომებზეც გამოჩნდა.

5.1.4. სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განმარტა, რომ ქ. ჩ-ეს უფლება არა აქვს ჯ. მ-ეს ხელი შეუშალოს შვილთან, მათ შორის, მისი თანდასწრების გარეშე ურთიერთობაში. ამ უფლების შეზღუდვა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაშია დასაშვები - თუ დადგინდება, რომ მშობლისა და შვილის დამოუკიდებელი ურთიერთობა ბავშვის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება, რაც საქმის მასალებით არ დგინდება. პირიქით, დაახლოებით 2014 წლის ივნისამდე, ე.ი მანამ, ვიდრე ქ. ჩ-ე და ჯ. მ-ე ერთად ცხოვრობდნენ, ბ. მ-ე დედის დასწრების გარეშე, თავისუფლად ურთიერთობდა, როგორც მამასთან, ასევე მამის მშობლებთან. ეს ფაქტი დადასტურდა რაიონული სასამართლოს სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით, რომელთაგან ყველაზე სრულყოფილი ჩვენება ჯ. მ-ის დედამ, მ- პ-ემ მისცა. ჩვენების თანახმად, ბ. მ-ის დაბადებიდან მეუღლეთა ფაქტობრივად განქორწინებამდე, ქ. ჩ-ე ხშირად დაკავებული იყო („არ იყო ოჯახში“), დადიოდა ავტომობილის მართვის სასწავლებლად; გაიკეთა ოპერაცია; იმოგზაურა უცხოეთში და ამ პერიოდში ბ. მ-ეს, ძირითადად, თვითონ და ძიძა ზრდიდნენ. ბავშვის მოვლაში ჯ. მ-ეც აქტიურ მონაწილეობას იღებდა. მისი თქმით, ბ. მ-ე იყო ძალიან კომუნიკაბელური ბავშვი და ადვილად შედიოდა კონტაქტში, მათ შორის, უცხო ადამიანებთანაც. მოსარჩელეს შვილი დამოუკიდებლად მიჰყავდა მეუღლეთა განშორების შემდეგაც, თითქმის, სარჩელის აღძვრამდე. სასამართლომ მ- მ-ის ჩვენება მიიჩნია დამაჯერებლად, ამასთან, ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ მოწმის მიერ მითითებული და დავის საგანთან კავშირში მყოფი, პრაქტიკულად, ყველა ფაქტი დაადასტურეს, მათ შორის, ქ. ჩ-ის ინიციატივით დაკითხულმა მოწმეებმა: მოპასუხის მამიდაშვილმა _ ს. გ-ემ სასამართლოს განუმარტა, რომ ჯ. და ბ. მ-ეების ურთიერთობის შემსწრე და თვითმხილველი არ ყოფილა, თუმცა იცოდა, რომ მეუღლეების განშორების შემდეგ „ჯ-ას“ (ანუ ჯ. მ-ეს) ბავშვი რამდენიმე დღით წაყვანილი ჰყავდა და უკან „ძალიან ანერვიულებული“ დაბრუნდა. ქ. მ-ემ ოპერაცია მართლაც გაიკეთა, საზღვარგარეთ - ანტალიაში სამოგზაუროდაც იყო წასული და ამ პერიოდში ბავშვს ჯერ ძიძა, ხოლო შემდეგ - ბებია და პაპა უვლიდნენ. საინტერესოა, რომ, ამ მოწმის თქმით, მას ბავშვი სულ სამჯერ ჰყავდა ნანახი. პრაქტიკულად იდენტური ჩვენება მისცა ქ. ჩ-ის მეგობარმა, თ. ნ-ემ - ჯ. მ-ისა და ბ. მ-ის ურთიერთობას არც ეს მოწმე შესწრებია, მოდავე მხარეთა სახლში მხოლოდ ერთხელ, ქორწილის დღეს იმყოფებოდა, თუმცა, ქ. ჩ-ესთან რეგულარი სატელეფონო კავშირის შედეგად მისთვის ცნობილი იყო, რომ ქ. ჩ-ე მეუღლის სამსახურშიც დადიოდა და „საქმეს სწავლობდა“, ოპერაციაც გაიკეთა, უცხოეთშიც იმოგზაურა და ამ დროს ბავშვს ძიძა და დედამთილი უვლიდნენ. მსგავსი შინაარსისაა ქ. ჩ-ის ძმის, მ. ჩ-ის ჩვენება - ამ მოწმემ ბავშვისათვის ძიძის დაქირავების ფაქტიც დაადასტურა („მე თვითონ ვნახე სახლში ძიძა“), ხოლო შემდეგ ისიც განმარტა, თუ დედამთილი ქ.ს ბავშვის გაზრდაში ეხმარებოდა, ვალდებულიც იყოო. განსაკუთრებით საყურადღებოა ქ. ჩ-ის დედის, ნ. ჩ-ის ჩვენება, მოწმის გადმოცემით, მას ჯ. მ-ესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა და ამის გამო სტუმრად 8 თვე არ მისულა. ნ. ჩ-ემ, პრაქტიკულად, ყველა სხვა მოწმის მიერ მითითებული ფაქტი დაადასტურა და, სხვათა შორის, ისიც განმარტა, რომ ქ. ჩ-ეს, ოპერაციის გაკეთების შემდეგ, ბავშვის ხელში აყვანა არ შეეძლო. ამიტომ, ჯ. მ-ის თხოვნით, ბავშვის მოვლაში დასახმარებლად თბილისში გაემგზავრა, მის ჩასვლამდე კი იქ, იმავე მიზნით, მ- პ-ე იმყოფებოდა. ამ მოწმის ჩვენებიდან ისიც დგინდება, რომ ჯ. მ-ეს, მეუღლეთა განშორების შემდეგაც, ბავშვი დამოუკიდებლად მიჰყავდა და მხარეთა შორის ურთიერთობა, ძირითადად, ბ. მ-ის რამდენიმე დღით დაუბრუნებლობისა და სარჩელის აღძვრის გამო დაიძაბა. ნ. ჩ-ე კატეგორიულად, მხოლოდ, იმ ფაქტს შეეწინააღმდეგა, რომ ბ. მ-ის აღზრდაში - საკვების მომზადებაში, ჰიგიენური პროცედურების ჩატარებასა და დაძინებაში ჯ. მ-ეც იღებდა მონაწილეობას. პალატის შეფასებით, მეუღლეთა განშორებამდე 8 თვის მანძილზე მაინც ნ. ჩ-ე ჯ. მაჩიტეძისთან სტუმრად არ ყოფილა და, შესაბამისად, მას არც ის ფაქტი ეცოდინებოდა, უმზადებდა თუ არა მოსარჩელე შვილს საკვებს. მოწმეების, გ. ფ-ისა და ლ. დ-ის განმარტებით კი, დასტურდებოდა, რომ ჯ. მ-ე შვილზე უდავოდ ზრუნავდა. ამგვარად, მოწმეთა ჩვენებებით უთუოდ მტკიცდებოდა ის გარემოება, რომ ბ. მ-ე სხვა პირებთან დედის დასწრების გარეშეც ჩვეულებრივად ურთიერთობდა და ამ ურთიერთობის აღდგენა სავსებით შესაძლებელი იყო.

5.1.5. რაიონულმა სასამართლომ სწორად შენიშნა, რომ, ვინაიდან ქ. ჩ-ე სასამართლოს სხდომებს ესწრებოდა, ბ. მ-ის დედის გარეშე დატოვება სავსებით შესაძლებელი ყოფილა, ამგვარად, პრაქტიკულად, ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც, გარკვეულწილად, ზემოხსენებული ფაქტის საწინააღმდეგოა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრის ფსიქოლოგის დასკვნაა.

5.1.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, რაიონულმა სასამართლომ ძალზე სრულად, ყოველმხრივ და საფუძვლიანად გამოიკვლია ეს დასკვნა და სწორად შეაფასა იგი. პალატის განმარტებით, ფსიქოლოგის დასკვნაში პირდაპირაა მითითებული და ეს მან სხდომაზეც განმარტა, რომ ბავშვის ასაკისა და დროის უქონლობის გამო, ინდივიდუალური სახის გამოკვლევა არ ჩაუტარებია და დასკვნა მოამზადა სააგენტოს შენობაში დედისა და ბავშვის ურთიერთობაზე ერთჯერადი დაკვირვებისა და დედასთან გასაუბრების, ინტერვიუს საფუძველზე. ფსიქოლოგის განმარტებით, მას საერთოდ არ უნახავს მამასა და შვილს შორის ურთიერთობა და არ იცის, როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ ერთმანეთთან. ფაქტი მამასთან ურთიერთობის შემდეგ ბავშვის ნერვიული მდგომარეობის შესახებ, დასკვნაში, მხოლოდ, ქ. ჩ-ის მონათხრობის საფუძველზე აისახა. აღსანიშნავია, რომ იმავე დასკვნის თანახმად, მამას ზემოხსენებული ინფორმაცია არ დაუდასტურებია. საბოლოოდ, ფსიქოლოგის თქმით, მისი დასკვნა იყო ზოგადი, სავარაუდო, თეორიული და სარეკომენდაციო ხასიათის, თუმცა, საყურადღებოა, რომ ფსიქოლოგის დაკვირვებით, ბ. მ-ე კონტაქტური და, თავისი ასაკის შესაფერისად, შემეცნებითად, ემოციურად და სოციალურად განვითარებული ბავშვია.

5.1.7. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, საქმის განხილვის დროისათვის ბ. მ-ე, თითქმის, ორი წლის იყო. შემეცნებითად, ემოციურად და სოციალურად ჯანსაღი ბავშვი გარეშე პირებთან, მით უმეტეს, მზრუნველ მშობელთან ურთიერთობას უპრობლემოდ უნდა ახერხებდეს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჯ. მ-ეს სასამართლოს მიერ დროებითი განკარგულების გამოტანის მომენტიდან, 2014 წლის 20 აგვისტოდან შვილთან პერიოდული ურთიერთობა აქვს. ამიტომ, მას ნება უნდა დაერთოს შვილთან ურთიერთობა იქონიოს დედის დასწრების გარეშეც, ანუ წაიყვანოს ბავშვი დედის საცხოვრებელი ადგილიდან. ამავდროულად, ეს ურთიერთობა უნდა ატარებდეს განჭვრეტად ხასიათს. ბ. მ-ე ცხოვრობს დედასთან, ასეთ ვითარებაში, ჯ. მ-ის უფლება ყოველკვირეულად და, მით უმეტეს, ყოველდღიურად, რამდენიმე საათით წაიყვანოს შვილი, გაართულებს ბავშვის სწავლის, აღზრდის, გართობისა და დასვენების ორგანიზების პროცესს. ამ სახის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებულია მნიშველოვანი პრობლემებიც, რაც წარმოქმნის გაუგებრობას, დაძაბულ სიტუაციასა და ნეგატიურად იმოქმედებს ბ. მ-ის ფსიქოლოგიაზე. ამიტომ, მიზანშეწონილი იქნება, ჯ. მ-ეს შვილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან წაყვანის უფლება მიეცეს ყოველი მეორე კვირის შაბათსა და კვირას. ამასთან, ფსიქოლოგის რეკომენდაციისა და თავად მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, 2016 წლის 11 მაისამდე, ანუ მანამ, სანამ ბ. მ-ე სამი წლის არ გახდება, მამამ შვილი მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან არ უნდა წაიყვანოს ღამის თევით.

5.1.8. სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, პალატა დაეთანხმა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას მოსარჩელისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში, საქმის მასალებით არ მტკიცდებოდა, რომ ჯ. მ-ეს შეეძლო ალიმენტის სახით გადაეხადა ქ. ჩ-ის მიერ მოთხოვნილი 300 ლარი. ჯ. მ-ის შემოსავლის ოდენობა ქ. ჩ-ეს არც კი მიუთითებია. რაიონული სასამართლოს მიერ დაკისრებული ოდენობით ალიმენტის გადახდის შესაძლებლობა ჯ. მ-ეს სადავოდ არ გაუხდია. მან ალიმენტის შემცირება მოითხოვა, მხოლოდ, იმიტომ, რომ, მის მიერ მოთხოვნილი წესით შვილთან ურთიერთობის გამო, ალიმენტის სახით 200 ლარის გადახდის საჭიროება არ არსებობდა, რაც არ იქნა გაზიარებული სასამართლოს მიერ.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, კერძოდ, კასატორისათვის უფლების მინიჭება, მოინახულოს შვილი შემდეგი წესით: სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს 14:00 საათიდან 17:00 საათამდე, მოპასუხის საცხოვრებელი სახლის გარეთ, ხოლო პარასკევს დილის 10:00 საათიდან კვირა დღის 18:00 საათამდე.

6.1. საკასაციო საჩივრების საფუძვლები:

6.1.1. სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ მხარისათვის ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ საქმის განხმილველი მოსამართლე და მოპასუხის დედა არიან ახლო ნათესავები, მოსამართლეს ჰქონდა თვითაცილების გაცხადების საფუძველი, რაც მას არ განუხორციელებია, ხოლო გადაწყვეტილების მიღებისას იგი ვერ იქნებოდა მიუკერძოებელი, რაზეც მეტყველებს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ კასატორი კარგი მამაა და აქვს ყველა პირობა შვილის უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში აღსაზრდელად, რის გამოც, მიზანშეწინილია მისი ურთიერთობა შვილთან ხშირი ინტენსოვობით, თუმცა მიღებული გადაწყვეტილება ამ ფაქტების საწინააღმდეგოა.

6.1.2. სასამართლო გასცდა ორივე აპელანტის მოთხოვნას (ქ.ჩ-ის მოთხოვნა იყო კვირაში ორი დღით განსაზღვროდა მოსარჩელეს შვილთან ურთიერთობის წესი) და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლისა და დასაბუთების გარეშე შეუზღუდა კასატორს მშობლის უფლება. სასამართლომ არ გაითვალისწინა ფსიქოლოგის რეკომენდაცია და ის გარემოება, რომ ორ კვირაში ერთხელ შვილის მონახულება უარყოფითად იმოქმედებს მამა-შვილის ურთიერთობაზე. სასამართლომ არ გაითვალისწინა ბავშვის უფლება, თანაბარი ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან, მიიღოს მათგან სიყვარული და ზრუნვა. ამ შესაძლებლობას კი, თვეში ორჯერ შვილის მონახულება გამორიცხავს. პალატამ არ გაითვალისწინა არც ის გარემოება, რომ ბ. მ-ე ორი წლისაა და არ შეუძლია დაიცვას საკუთარი უფლებები.

6.1.3. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო უსაფძვლოდ გასცდა სააპელაციო მოთხოვნებს, მას მიღებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ დაუსაბუთებია, გასათვალისწინებელია, რომ გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება და შემაჯამებელი დასკვნა სრულად ეწინააღმდეგება ერთმანეთს.

6.1.4. სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის, 31-ე მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები, 32-ე მუხლი, ბავშვის უფლებების კონვენციის მე-3 და მე-9 მუხლები, მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, თუმცა თავად შეზღუდა მშობლის უფლებები, რისი საფუძველიც საქმის მასალებით არ დადგენილა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს მშობლის არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა წარმოადგენს. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ, მიუხედავად იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენისა, რომ მამას აქვს ყველა პირობა და შესაძლებლობა, აღზარდოს შვილი, მიღებული გადაწყვეტილებით გაუმართლებლად, მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით შეზღუდა კასატორის, როგორც მშობლის, უფლება.

1.2. საკასაციო პრეტენზიების დასაბუთებულების შემოწმებამდე, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს განსახილველი დავის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძვლებსა და მსგავსი კატეგორიის საქმეებზე გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს სახელმძღვანელო პრინციპებზე:

1.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ და განსაზღვრულია, რომ ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“. შეიძლება ითქვას, რომ მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. მითითებული კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

1.3. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ:

1.3.1. ჯ. მ-ე და ქ. ჩ-ე დაქორწინდნენ 2012 წლის 22 სექტემბერს, 2013 წლის 11 მაისს შეეძინათ შვილი _ ბ. მ-ე;

1.3.2. მეუღლეები ამჟამად განქორწინებული არიან და ცალ-ცალკე ცხოვრობენ;

1.3.3. ბ. მ-ე იზრდება დედასთან;

1.3.4. ჯ. მ-ეს გააჩნია შვილის აღზრდის სათანადო უნარი, ასევე, მატერიალური შესაძლებლობა და არ არსებობს მისი, როგორც მშობლის, უფლებების შეზღუდვის რაიმე წინაპირობა;

1.3.5. ვიდრე ქ. ჩ-ე და ჯ. მ-ე ერთად ცხოვრობდნენ, ბ. მ-ე დედის დასწრების გარეშე, თავისუფლად ურთიერთობდა, როგორც მამასთან, ასევე, მამის მშობლებთან.

1.3.6. ბ. მ-ის დედის გარეშე დატოვება სავსებით შესაძლებელია.

1.3.7. სააპელაციო პალატამ ასევე დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მამა-შვილს უნდა ჰქონდეთ მჭიდრო ურთიერთობა, თუმცა, აღნშნულის საპირისპიროდ, დაასკვნა, რომ, ვინაიდან ბ. მ-ე ცხოვრობს დედასთან, ასეთ ვითარებაში, ჯ. მ-ის უფლება ყოველკვირეულად და, მით უმეტეს, ყოველდღიურად, რამდენიმე საათით წაიყვანოს შვილი, გაართულებს ბავშვის სწავლის, აღზრდის, გართობისა და დასვენების ორგანიზების პროცესს. მიზანშეწონილი იქნება ჯ. მ-ეს შვილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან წაყვანის უფლება მიეცეს ყოველი მეორე კვირის შაბათსა და კვირას. ამასთან, ფსიქოლოგის რეკომენდაციისა და თავად მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, 2016 წლის 11 მაისამდე, ანუ მანამ, სანამ ბ. მ-ე სამი წლის არ გახდება, მამამ შვილი მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან არ უნდა წაიყვანოს ღამის თევით.

1.4. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პოზიციას იმის შესახებ, რომ სააპელაცო პალატა გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს (სსსკ-ის 377.1 მუხლი), რაც იმაში გამოიხატა, რომ აპელანტი ქ.ჩ-ე სააპელაციო საჩივრით მოითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, კერძოდ, არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის ჯ.მ-ისათვის კვირაში ორი დღის განსაზღვრას ორი საათით დედის საცხოვრებელ ადგილას, ბავშვის წაყვანის უფლების გარეშე. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კი, სააპელაციო პალატამ ქ.ჩ-ის სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით, ჯ.მ-ეს, ნაცვლად სააპელაციო მოთხოვნით განსაზღვრულისა, ნება დართო, არასრულწლოვანი შვილი მოენახულებინა და წაეყვანა ყოველ მეორე კვირას. ამასთანავე, სააპელაციო პალატამ არასწორი შეფასება მისცა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასამართლოს პოზიტიური ვალდებულება, მშობელთა შეუთანხმებლობისას შვილის აღზრდის საკითხის მოგვარების თაობაზე, უნდა ემყარებოდეს ეროვნული და საერთაშორისო აქტებით აღიარებულ ბავშვის უპირატეს ინტერესებს, რაც საქმის გარემოებების ობიექტური და სრულყოფილი კვლევის გზით უნდა განხორციელდეს. ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას („ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის 3.1 მუხლი). ბავშვი არ უნდა განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება (ამავე კონვენციის 9.1. და 9.3. მუხლები).

1.5. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მართალია, შვილის სწავლა-დასვენებისა თუ სხვა მსგავსი საკითხების განსაზღვრისას გონივრული შეფასება უნდა მიეცეს ბავშვის განსაზღვრული წესით გადაადგილებას და სწორად დადგინდეს იმ მშობლის ურთიერთობის წესი შვილთან, რომელთანაც ბავშვი მუდმივად საცხოვრებლად არ იმყოფება, მაგრამ სადავო საკითხის გადაწყვეტისას მშობლისა და შვილის ურთიერთობისათვის დამაბრკოლებელი ფაქტორი არ შეიძლება იყოს მხოლოდ მანძილი ბავშვის მუდმივ საცხვრებელ ადგილსა და მშობლის საცხოვრებელ ადგილს შორის, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოდავე მხარეების სახლებს შორის მანძილი 8-10 კილომეტრია და ავტომობილით გადაადგილებას ესაჭიროება 5-10 წუთი.

1.6. გარდა აღნიშნულისა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივიცაა. ამ შემთხვევაში, პალატას მხედველობაში აქვს ქვემდგომი სასამართლოს შეფასებები მამა-შვილის ურთიერთობის ამსახველი ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე და მიღებული გადაწყვეტილების შემაჯამებელი დასკვნა. ერთ შემთხვევაში, სასამართლო მსჯელობს ჯ. და ბ. მ-ეების ურთიერთობის შესაძლებლობაზე დედის დასწრების გარეშე და ასკვნის, რომ ამ ურთიერთობის აღდგენა სავსებით შესაძლებელია, ხოლო, მეორე შემთხვევაში, ამ ურთიერთობის აღდგენისათვის მშობლისა და შვილის კავშირს განსაზღვრავს ორკვირიანი ინტერვალით იმგვარად, რომ არ გამოუკვლევია, თუ რამდენად შეუწყობს ხელს ამგვარი ურთიერობის წესის დადგენა ბავშვის მშობელთან შეჩვევის პროცესს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე (Eur. Court H.R. Johansen v. Norway , Judgment of 7 August 1996. Reports. 1996-III.) აღნიშნა, რომ ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გაერთიანების საკითხის გადაწყვეტისას ანგარიშგასაწევ ფაქტორებს წარმოადგენს ოჯახური ცხოვრება, მშობლებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობა და სხვა ისეთი ფაქტორები, რომლებიც არასრულწლოვნის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებას შეუწყობს ხელს. ასეთ სიტუაციაში შეძლებისდაგვარად უნდა იქნას გათვალისწინებული სუბიექტური ფაქტორებიც _ ბავშვის მიერ არსებული სიტუაციის აღქმა, რაც შესაბამისი დაკვირვება-გამოკვლევის გზითაა შესაძლებელი. ამ თვალსაზრისით, საგულისხმოა სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები ფსიქოლოგის დასკვნასთან მიმართებაში. გადაწყვეტილების თანახმად, ფსიქოლოგმა სხდომაზეც განმარტა და დასკვნაშიც ასახა, რომ ბავშვის ასაკისა და დროის უქოლობის გამო ინდივიდუალაური გამოკვლევა არ ჩაუტარებია და დასკვნა მოამზადა სააგენტოს შენობაში დედისა და ბავშვის ურთიერთობაზე ერთჯერადი დაკვირვების, ასევე დედასთან გასაუბრების საფუძველზე, ფსიქოლოგის განმარტებით, მას საერთოდ არ უნახავს მამასა და შვილს შორის ურთიერთობა და არ იცის, როგორი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან. დასკვნაში გადმოცემული ფაქტები მამასთან ურთიერთობის შემდეგ ბავშვის ნერვიული მდგომარების შესახებ, მხოლოდ ქ. ჩ-ის მონათხრობს ემყარებოდა, შემოთავაზებული კვლევა იყო ზოგადი, სავარაუდო, თეორიული და სარეკომენდაციო ხასიათის. მითითებული გარემოებების ანალიზის შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართლაწარმოებით განსახილველ სხვა კატეგორიის საქმეთაგან განსხვავებით, საოჯახო სამართლებრივი დავების განხილვა ინკვიზიციური ელემენტებითაა გაჯერებული და საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლით კანონმდებელი შესაძლებლად მიიჩნევს საქმის გარემოების დადგენას სასამართლოს ინიციატივითაც. ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ. მითითებული საპროცესო წესის გამოყენება სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე მით უფრო გამართლებულია, რამდენადაც სააპელაციო სასამართლო, როგორც სამართალწარმოების მეორე ინსტანცია, დავის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლოა და ამავე კოდექსის 380-ე მუხლით მას ახალ მტკიცებულებათა მიღების შესაძლებლობაც გააჩნია, შესაბამისად, თუკი საკითხის განსაკუთრებული თავისებურებიდან გამომდინარე, პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევდა ფსიქოლოგის დასკვნას, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, პრაქტიკულად არ ემყარება საკითხის კვლევას, მას სრული შესაძლებლობა გააჩნდა, მოეთხოვა დამატებითი დასკვნის წარმოდგენა.

1.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას შეამოწმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, ვიდრე საქმეზე ობიექტურად არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.

1.8. მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობები, მიზანშეწონილი აღარ არის კასატორის იმ პრეტენზიის შეფასება, რომელიც სააპელაციო სასამართლოში საქმის არაკანონიერი შემადგენლობით განხილვას შეეხება. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით ამოწურულია ამ კუთხით კასატორის იურიდიული ინტერესი, ხოლო, რადგანაც საქმე ხელახლა განსახილველად უბრუნდება სააპელაციო სასამართლოს, პალატა მიიჩნევს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჯ.მ-ე უფლებამოსილი იქნება, მოსამართლის აცილების საკითხი უშუალოდ სასამართლო სხდომაზე დააყენოს.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ. მ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის ნაწილში გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური