Facebook Twitter

საქმე №ას-1013-956-2015 27 ნოემბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ გ. მ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. ა-ი (მოსარჩელე)

თავდაპირველი თანამოპასუხე _ ნოტარიუსი ლ. ჭ-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ქ. ა-მა (შემდგომში _ მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. მ-ისა (შემდგომში _ მოპასუხე, კასატორი) და ნოტარიუს ლ. ჭ-ას (შემდგომში _ მოპასუხე) მიმართ ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის მოთხოვნით, კერძოდ, მოსარჩელემ მოითხოვა დაკისრებული პირგასამტეხლოს 1 500 ლარით განსაზღვრა, უკანონოდ დარიცხული საპროცენტო სარგებლის გაუქმება და სარგებლის სახით ზედმეტად გადახდილი 10 950 აშშ დოლარის ძირი თანხის ანგარიშში ჩათვლა, შესაბამისად, ამ ვალდებულების 8 050 აშშ დოლარით განსაზღვრა (იხ. დაზუსტებული სარჩელი).

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. გ. მ-ემ მარტივი შედავებით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს ვალდებულება არ შეუსრულებია, შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

2.2. მარტივი შესაგებელი იქნა წარდგენილი ნოტარიუს ლ.ჭ-ას მიერაც, სადაც მხარემ მიუთითა სააღსრულებო ფურცლის კანონის მოთხოვნათა დაცვით გაცემაზე.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ცვლილებები შევიდა ნოტარიუს ლ. ჭ-ას მიერ 2014 წლის 25 მარტს გაცემულ სააღსრულებო ფურცლის მე-7 პუნქტში (აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა) მოვალე ქ. ა-ისათვის პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების ნაწილში და პროცენტის სახით მოსარჩელის ვალდებულება განისაზღვრა 2012 წლის 30 აპრილის და 2012 წლის 16 ნოემბრის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ჯამში 5 100 აშშ დოლარით, 2013 წლის 17 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე _ 1 710 აშშ დოლარით. პირგასამტეხლოს სახით მოსარჩელის ვალდებულება კრედიტორ გ. მ-ის წინაშე განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის პროცენტის (5 100+1 710=6 810) 0,05%-ით, რაც შეადგენდა ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 3.40 აშშ დოლარს, ანუ ჯამში 816 აშშ დოლარს. პირგასამტეხლოს ოდენობა სესხის პროცენტზე (6 810 აშშ დოლარი) 2014 წლის 12 მარტიდან სააღსრულებო ფურცლის წარმოებაში მიღებამდე განისაზღვრა 0.05%-ით.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, შევიდა ცვლილებები ნოტარიუს ლ. ჭ-ას მიერ 2014 წლის 25 მარტს გაცემულ სააღსრულებო ფურცლის მე-7 პუნქტში და მოსარჩელის ვალდებულება გ. მ-ის მიმართ განისაზღვრა შემდეგი სახით: სესხის ძირი თანხა - 8 050 აშშ დოლარი; პირგასამტეხლო - 1 500 ლარი.

5.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

5.1.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 30 აპრილს ქ. ა-მა გ. მ-ისაგან 3 თვით, ყოველთვიურად 5% სარგებლით ისესხა 15 000 აშშ დოლარი. პროცენტის თანხის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, აპელანტს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო, პროცენტის თანხის 0,3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი ქონება მდებარე: ქ.ბათუმში, ო-ის ქ#...ში.

5.1.2. 2012 წლის 16 ნოემბერს, 2012 წლის 30 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები. სესხის თანხა გაიზარდა 4 000 აშშ დოლარით და გახდა 19 000 აშშ დოლარი, ხოლო სესხის დაბრუნების ვადა გაიზარდა 3 თვით. შეთანხმებული პროცენტი დარჩა უცვლელად.

5.1.3. 2013 წლის 17 დეკემბერს, 2012 წლის 30 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ისევ შევიდა ცვლილება. სესხის დაბრუნების ვადა გაგრძელდა 3 თვით, ხოლო სარგებელი შემცირდა 3%-მდე. ამის შესაბამისად, სულ მოსარჩელემ მოპასუხისაგან ისესხა 19 000 აშშ დოლარი და ხელშეკრულებათა საფუძველზე, მას მოწინააღმდეგე მხარისათვის უნდა გადაეხადა სარგებელი - 15 000X5%X3+19 000X5%X3+19 000X3%X3=6 810 აშშ დოლარი. ეს თანხა მან კრედიტორს გადაუხადა. გარდა ამისა, აპელანტი მოწინააღმდეგე მხარეს თანხას უხდიდა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგაც და, დამატებით, გადაუხადა 10 950 აშშ დოლარი.

5.1.4. კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, 2014 წლის 25 მარტს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მე-7 პუნქტითაც აღსასრულებელი ვალდებულება განისაზღვრა შემდეგი სახით: სესხის ძირი თანხა _ 19 000 აშშ დოლარი; 6 თვისა და 13 დღის სარგებელი (5%-იანი განაკვეთი) _ 6 111 აშშ დოლარი; 3 თვის სარგებელი (3%-იანი განაკვეთი) _ 1 710 აშშ დოლარი. პირგასამტეხლო გადასახდელი სარგებლის (0.3%) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე _ 2013 წლის 19 ივლისიდან 2014 წლის 12 მარტის ჩათვლით _ 3 900 აშშ დოლარი. პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის (0.2%) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2014 წლის 12 მარტიდან სააღსრულებო ფურცლის მიღებამდე.

5.1.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, პალატამ განმარტა, რომ შეჯიბრებითობის ზოგადი პრინციპი კონკრეტულად რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სპეციალური ნორმებით, რომლის ერთ-ერთი გამოხატულება სარჩელზე შესაგებლის წარდგენის სავალდებულობაა. სწორედ შესაგებლით იგებს მოსარჩელე, თუ სარჩელში მითითებულ რომელ ფაქტებს ხდის სადავოდ მოპასუხე და რომელი გარემოებების მტკიცება მოუწევს მას. როგორც მოპასუხე არის უფლებამოსილი, იცოდეს თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით, რა საფუძვლებით ედავება მას მოსარჩელე, ასევე, მოსარჩელეც უფლებამოსილია, იცოდეს, თუ სარჩელში მითითებულ რომელ ფაქტს არ ეთანხმება მოპასუხე, ანუ რა საფუძვლებს ეყრდნობა შესაგებელი. თუ სარჩელში მითითებულ ამა თუ იმ ფაქტს მოპასუხე არ ედავება, ეს ფაქტი ითვლება უდავოდ, სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპიდან გამომდინარე, სამტკიცებელი არის მხოლოდ ის, რაც სადავოა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, განსაზღვრულია შესაგებლის წარდგენისა და სარჩელში მითითებული გარემოებების შედავების წესი, დადგენილ ვადაში, საპროცესო მოქმედების არასაპატიო მიზეზით შეუსრულებლობა მხარეს ართმევს უფლებას, შეასრულოს ეს საპროცესო მოქმედება პროცესის სხვა ეტაპზე, თანახმად ამავე კოდექსის 63-ე მუხლისა, თუ მოპასუხე შესაგებელს არ წარადგენს დადგენილ ვადაში, მას შესაგებლის წარდგენის უფლება უქარწყლდება. ეს დაკავშირებულია მნიშვნელოვან საპროცესო შედეგთან: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლისა და 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში, სარჩელში მითითებული გარემოებები ითვლება დადასტურებულად. თუ ეს გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლოს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ხოლო, თუ სასამართლო ჩათვლის, რომ სარჩელს არა აქვს სამართლებრივი საფუძველი, იგი ნიშნავს სხდომას, მაგრამ სხდომაზეც მოპასუხეს არა აქვს სარჩელში მითითებული ფაქტების შედავების უფლება. ამ თვალსაზრისით პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე: №ას-651-6-9-2013; №ას-307-292-2013.

5.1.6. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხე გ. მ-ეს ჩაბარდა 2014 წლის 11 აგვისტოს და მას განესაზღვრა 10-დღის ვადა სარჩელზე შესაგებლის წარდგენისათვის. მოპასუხემ სარჩელზე შესაგებელი წარადგინა 2014 წლის 13 აგვისტოს, თუმცა სარჩელში მითითებულ ფაქტებს, კერძოდ კი, იმას, რომ ქ. ა-მა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის გარდა, კრედიტორს 10 950 აშშ დოლარი გადაუხადა, არ შედავებია. შემოიფარგლა მხოლოდ ზოგადი მითითებით იმის თაობაზე, რომ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი იყო სწორი და შეესაბამებოდა მხარეთა შორის შეთანხმებულ პირობებს.იდენტური შინაარსის შესაგებელი წარადგინა მან 2014 წლის 27 ნოემბერს, დაზუსტებული სარჩელის ჩაბარების შემდეგ. ასეთივე ზოგადი შინაარსის შესაგებელი წარმოადგინა გ. მ-ემ ქ. ა-ის სააპელაციო საჩივარზე, რომლის მიმართაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლისა და 373-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გამოიყენება პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმეთა განხილვის მარეგულირებელი ნორმები. მიუხედავად შეთავაზებისა, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს არც სრულყოფილი შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი განუმარტავს. პალატის დასკვნით, რადგან კანონით გათვალისწინებული ვალდებულება მოპასუხემ არ შეასრულა, კანონის საფუძველზე, მას წაერთვა უფლება, შეესრულებინა ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. ამგვარად, იმ ფაქტს, რომ აპელანტმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი დაფარა სრულად და, გარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლისა, გადაიხადა 10 950 აშშ დოლარი, მოწინააღმდეგე მხარე სადავოდ ვერ გახდის.

5.1.7. პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე (საქმე №ას-1701-1685-2011), სადაც საუბარია სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით რეგულირებულ სფეროზე და განმარტებულია, რომ ამავე კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, თავისი შინაარსით სარგებელია და განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო. ამასთან, 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე.

5.1.8. სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ სარგებლის გადახდის ვალდებულება მხარეებს არ შეუთანხმებიათ. ამის შესაბამისად, აპელანტის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა უნდა გამოაკლდეს სესხის ძირითად თანხას. სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლისა და 10 950 აშშ დოლარის ნაწილში, აპელანტის ვალდებულება მოწინააღმდეგე მხარის მიმართ შეწყვეტილია. ამგვარად, აპელანტის ვალი მოწინააღმდეგე მხარის მიმართ შეადგენს 8 050 აშშ დოლარს.

5.1.9. სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლო გამოითვლებოდა გადასახდელი პროცენტიდან. რადგან დადგენილია, რომ აპელანტს მოწინააღმდეგე მხარისათვის პროცენტი მთლიანად გადახდილი აქვს, პალატამ დაასკვნა, რომ მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლებიც არ არსებობს, თუმცა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 248-ე მუხლის მიხედვით, აპელანტის მიერ მოწინააღმდეგე მხარისათვის გადასახდელი პირგასამტეხლო უნდა განსაზღვრულიყო 1 500 ლარით. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდა 0,05%-მდე და მისი გადახდის პერიოდი განისაზღვრა 240 დღით. ამ ნაწილში გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, დარჩენილი სასესხო ვალდებულების 5%-იანი სარგებლითაც გამოანგარიშების შემთხვევაში, სარგებელი 8 050X5%=402,5 აშშ დოლარი იქნებოდა, მისი 0,05% კი - 402,5X0,05%=0,2 აშშ დოლარი. ამ თანხის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ დღეთა რაოდენობაზე გამრავლებით, მითითებული ვალდებულება 0,2X240=48 აშშ დოლარით განისაზღვრებოდა, რაც ბევრად ნაკლებია აპელანტის მიერ მითითებულ თანხაზე. ამგვარად, აპელანტის მოთხოვნა პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის ნაწილში დასაბუთებულად იქნა მიჩნეული.

5.1.10. პალატამ მიუთითა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტზეც და აღნიშნა, რომ სააღსრულებო ფურცელში უნდა აღინიშნოს ვალდებულება იმ ოდენობით, რა ოდენობის მოთხოვნაც გააჩნია კრედიტორს. კრედიტორის მოთხოვნა აპელანტის მიმართ შეადგენდა ძირითად თანხას _ 8 050 აშშ დოლარს და პირგასამტეხლოს - 1 500 ლარს. ამის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელში უნდა შესულიყო შესაბამისი ცვლილებები.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

6.1. საკასაციო საჩივრების საფუძვლები:

6.1.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რამდენადაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივ საფუძვლად იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე და 2321 მუხლებზე მიუთითებს, ეს ნორმები შეეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, რაც, მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არაა, ამასთანავე, თუკი სააპელაციო პალატა მითითებული საპროცესო წესებით გადაწყვეტდა საქმეს, გაურკვეველია, რატომ წარიმართა სასამართლო სხდომა, სადაც მოსამართლე სწორედ სარჩელსა და შესაგებელში მითითებულ გარემოებებს იკვლევდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის საფუძვლით გასაჩვრებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობას წარმოადგენს ისიც, რომ სააპელაციო პალატამ ასევე იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით. ქვემდგომ სასამართლოებს შესაგებლის ვადის დარღვევით წარდგენის ფაქტი არ დაუდგენიათ, სწორედ ამიტომ არ იქნა გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამასთან, წარდგენილ შესაგებლში მხარემ განმარტა, რომ არ ეთანხმებიოდა მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ხოლო შესაგებლის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებში მითითებულია, რომ მოსარჩელეს ვალდებულება არ შეუსრულებია, შესაბამისად, მას არ გააჩნია თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება. საქალაქო სასამართლომ ეს გარემოება სწორედ მოპასუხის შედავების გამო შეაფასა საქმის მასალებზე დაყრდნობით. კასატორმა სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილ შესაგებელში განმარტა, რომ არ ეთანხმებოდა ქ.ა-ის მიერ 17 600 აშშ დოლარის გადახდის ფაქტს და მოსარჩელეს, გარდა ზეპირი განმარტებისა, არავითარი მტკიცებულება არ წარუდგენია მითითებული გარემოების დადასტურებისათვის. ფაქტობრივი გარემოების სიმარტივიდან გამომდინარე, მოპასუხეს არ განუვრცია საკუთარი პოზიცია, რისი უფლებამოსილებაც მას საპროცესო პრინციპებიდან და თავად 201-ე მუხლიდან გამომდინარე გააჩნია. ეს გარემოება სასამართლომ არასწორად შეაფასა, მოპასუხემ ნათლად განმარტა, რომ არ ეთანხმებოდა მოსარჩელის პოზიციას, ხოლო სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით.

6.1.2. სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის არასწორ განამარტებას ადასტურებს ისიც, რომ შესაგებლის წარდგენის საპროცესო ვადის დარღვევის შემთხვევაში, შესაგებელი განუხილველად კი არ რჩება, არამედ, ამავე კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს არც ეს ნორმები უნდა გამოეყენებინა გადაწყვეტილების დასაბუთებისას.

6.1.3. სააპელაციო პალატა გადაწყვეტილებას ამყარებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, თუმცა ამ შემთხვევაშიც, შესაგებლის შინაარსს არასწორ ინტერპრეტაციას აძლევს, პალატამ თავად დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი, როდესაც საკუთარი ინიციატივით იმსჯელა თითქოს მოპასუხე სადავოდ არ ხდიდა მოსარჩელის მიერ თანხის გადახდის ფაქტს, ამ საკითხზე სააპელაციო საჩივარსა და სასამართლო სხდომაზე არ მიუთითებია აპელანტს. აპელანტის წარმომადგენელი აპელირებდა მხოლოდ საკუთარ განმარტებებსა და სააღსრულებო ფურცლის შინაარსზე. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ სახეზე არ გვაქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე-132-ე მუხლებით გათვალისწინებული აღიარება, ხოლო სააპელაციო პალატის მიერ მიითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ორივე განჩინება შეეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, რის გამოც ამ გადაწყვეტილებებს წინამდებარე დავასთან რაიმე შეხება არ აქვთ.

6.1.4. სააპელაციო პალატას, მსგავსად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა, უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 302-ე, 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლებით.

6.1.5. ამავე საფუძვლებიდან გამომდინარე, კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს იმის თაობაზე, რომ: ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელეს მოპასუხისათვის უნდა გადაეხადა სარგებელი _ 6 810 აშშ დოლარი, რაც გადახდილი აქვს; აპელანტი მოწინააღმდეგე მხარეს თანხას უხდიდა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგაც და დამატებით მას გადახდილი აქვს 10 950 აშშ დოლარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. განსახილველი დავის საგანს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის სასარგებლოდ ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა წარმოადგენს. თავის მხრივ, მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს შემდეგზე: ქ. ა-სა და კასატორს შორის 2012 წლის 30 აპრილს, სამი თვის ვადით სანოტარო წესით გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, სესხის თანხა შეადგენდა 15 000 აშშ დოლარს, სარგებელი _ 5%-ს, ხოლო პირგასამტეხლო _ გადაუხდელი სარგებლის 0,3%-ს. 2012 წლის 16 ნოემბერს ცვლილება შევიდა ხელშეკრულებაში და სესხის ძირ თანხას დაემატა 4 000 აშშ დოლარი, სხვა პირობები დარჩა უცვლელი. 2013 წლის 17 დეკემბერს კვლავ შევიდა ცვლილება სესხის ხელშეკრულებაში და ამჯერად ყოველთვიური სარგებელი განისაზღვრა თვეში 3%-ით, სხვა პირობები დარჩა უცვლელად. მოსარჩელეს სარგებლის სახით ზედმეტად აქვს გადახდილი თანხა, რომელიც, სააღსრულებო ფურცელში არ გამოკლებია ვალდებულების ძირითად თანხას, შესაბამისად, მას უკანონოდ ეკისრება, როგორც ძირი თანხის ნაწილის, ისე პროცენტის გადახდის ვალდებულება, ხოლო შეთანხმებული პირგასამტეხლო არაგონივრულია, რის გამოც იგი უნდა შემცირდეს.

1.2. დადგენილ ვადაში სარჩელის (ასევე დაზუსტებული სარჩელის) წინააღმდეგ მოპასუხეებმა, მათ შორის კასატორმა, წარადგინეს შესაგებელი, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლომ, დავის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შედეგად სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

1.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო პალატამ მოსარჩელის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების გზით სრულად დააკმაყოფილა სარჩელი, რასაც საფუძვლად დაედო კასატორის მიერ სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებლის დაუსაბუთებლობა, რასაც არ ეთანხმება კასატორი და პრეტენზიას გამოთქვამს, როგორც გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთების, ისე სააპელაციო საჩივრის ფარგლების დარღვევის თაობაზე. საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს გ.მ-ის პრეტენზიებს და მათი საფუძვლიანობის გამორკვევისათვის, მიზანშეწონილად მიიჩნევს, იმსჯელოს, შესაგებლის, როგორც სარჩელისაგან თავდაცვის საპროცესო ინსტიტუტის მნიშვნელობაზე, ასევე ზემდგომი სასამართლოს მხრიდან დავის საჩივრის ფარგლებში განხილვა-გადაწყვეტის წესზე.

1.4. უპირველესად, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპებზე: შეჯიბრებითობასა და დისპოზიციურობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარის აბსოლუტურ უფლებას წარმოადგენს სასამართლოსათვის მიმართვა საკუთარი დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის თაობაზე, თუმცა ამ უფლების პარალელურად, ამავე ნორმის მე-2 ნაწილით მოპასუხედ დასახელებული პირი აღჭურვილია ასევე უფლებით, დაეთანხმოს მის წინააღმდეგ წარდგენილ პრეტენზიებს _ ნაწილობრივ ან სრულად ცნოს სარჩელი. სწორედ მოპასუხის დისპოზიციური ნების დაცვის ინსტრუმენტად გვევლინება სარჩელისაგან თავდაცვის იმგვარი საპროცესო საშუალებები, როგორიცაა შესაგებლისა და შეგებებული სარჩელის ინსტიტუტი. შესაგებელი არ წარმოადგენს კანონის ფორმალურ დანაწესს და როგორც მისი არასაპატიოდ წარუდგენლობა, ისე, შინაარსობრივი დასაბუთება მნიშვნელოვან შედეგებთანაა დაკავშირებული. პირველ შემთხვევაში, სასამართლო ვალდებულია, იხელმძღვანელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის დანაწესებით და სათანადო წინაპირობების არსებობისას, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე (რაც უდავოა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არაა), ხოლო, მეორე შემთხვევაში, სასამართლო მხარის შედავების გათვალისწინებით, განსაზღვრავს სადავო და უდავო ფაქტობრივ გარემოებათა წრეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლი არეგულირებს შესაგებლის წარდგენის სტანდარტს, რომელიც უნდა განიმარტოს ამავე კოდექსის მე-4 მუხლთან შესაბამისობაში (შეჯიბრებითობა) და იმის მიხედვით, თუ რამდენად არსებითია მოპასუხის შედავება, შესაძლებელია მისი კვალიფიკაცია, როგორიცაა, მაგალითად: ზოგადი, ანუ აბსტრაქტული სახის შედავება, კვალიფიციური შედავება და სხვა. მითითებული კვალიფიკაცია, თავისთავად, გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთსა და მტკიცების საგანში შემავალ გარემოებათა წრეზე.

1.5. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ საკითხის სიმარტივის გამო მან არ ჩათვალა სავალდებულოდ დასაბუთებული შესაგებლის წარდგენა და ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე-132-ე მუხლების შესაბამისად, არ უღიარებია კონკრეტული ფაქტი, ზოგადი ხასიათის შედავება არ შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა ამა თუ იმ საკითხის უდავო გარემოებად მიჩნევას. საკასაციო სასამართლო ზოგადად იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას უდავო და სადავო გარემოებების ურთიერთგამიჯვნის თვალსაზრისით, თუმცა, საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლით ამ საკითხის რეგულირებაზე მსჯელობის გამო, აქვე განმარტავს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. ნორმის მითითებული დანაწესი არ არის ამომწურავი და იგი სისტემურად უნდა განიმარტოს ამავე კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის, 215-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 219-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესებთან ერთობლიობაში. მითითებულ ნორმათაგან პირველი წარმოადგენს მხარეების გარანტირებულ საპროცესო უფლებათა ჩამონათვალს, მეორე _ განსაზღვრავს საპროცესო სამართლის მიზნებისათვის იმ გარემოებათა წრეს, თუ რა შეიძლება იქნას მიჩნეული საპატიოდ, ხოლო მესამე ნორმით დადგენილია შემდეგი: მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. ამდენად, თუკი არსებობს შესაბამისი წინაპირობები (რომლის თაობაზეც ქვემოთ იქნება განმარტებული) სადავო და უდავო ფაქტების გამიჯვნისა, ამგვარი გამიჯვნა არ შეიძლება მხოლოდ შესაგებელს ეყრდნობოდეს, რადგანაც მოპასუხე მხარეს კანონდებლობა უფლებას ანიჭებს, საქმის მომზადების ეტაპზე შეუზღუდავად დააზუსტოს და დააკონკრეტოს შესაგებელში მითითებული ესა თუ ის გარემოება, მისცეს სასამართლოს ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს იმავე ტიპის საქმეზე სხვა სასამართლოს გადაწყვეტილებანი, წარადგინოს საკუთარი დასკვნები და გამოთქვას მოსაზრებები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყოს მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები, ხოლო საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, მთავარ სხდომაზეც კი აქვს მას უფლება, მიუთითოს ახალ გარემოებებზე, შესაბამისად, სასამართლომ საკუთარი პოზიცია უნდა დაასაბუთოს, როგორც საქმეში წარმოდგენილ შესაგებელზე დაყრდნობით, ისე, გამოიკვლიოს მხარის მიერ საქმის მომზადების ეტაპზე შესაგებლის პოზიციის დაზუსტების საკითხი, მით უფრო იმ შემთხვევაში, როდესაც საქმის პირველი ინსტანციის წესით განმხილველ სასამართლოს რეალიზებული აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლით მინიჭებული შესაძლებლობა და დანიშნული აქვს არა ერთი მოსამზადებელი სხდომა. ამასთანავე, სააპელაციო პალატას არ შეუფასებია გ.მ-ის მიერ წარდგენილი შესაგებლის პოზიცია (რომელიც, მართალია, ასახულია არა სარჩელში მითითებული გარემოებების თაობაზე მოპასუხის პოზიციისათვის განსაზღვრულ შესაბამის, არამედ, სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლების თაობაზე მოპასუხის მოსაზრებებისათვის განკუთვნილ გრაფაში), რომ მოსარჩელეს ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებია, მან დაარღვის შესრულების ვადა და სწორედ ამან განაპირობა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მხარეთა შეთანხმება და ამ შეთანხმების სანოტარო წესით დადასტურება.

1.6. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორის არგუმენტს იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისას სააპელაციო სასამართლო შებოჭილია აპელანტის პრეტენზიებით და არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით იმსჯელოს იმ შესაძლო დარღვევაზე, რაც მხარეს სადავოდ არ გაუხდია (გარდა სსსკ-ის 394-ე მუხლით განსაზღვრული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძლებისა), წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო თავად დაარღვევს საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს.

1.7. ამ თვალსაზრისით საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ქ. ა-ის ძირითადი სააპელაციო პრეტენზია მიმართული იყო სასამართლოს მიერ ვალდებულების ძირ თანხაში მის მიერ ზედმეტად გადახდილი სარგებლის არასწორად არგაქვითვისკენ, ხოლო თავად თანხის გადახდის ფაქტს აპელანტი ამყარებდა არა მოპასუხის მიერ ამ გარემოების წინააღმდეგ აბსტრაქტული შედავების წარდგენასა და ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ სარგებლის გადახდის ფაქტის უდავოდ მიჩნევაზე, არამედ აღმასრულებლის მიერ სააღსრულებო წინადადებასა და თავად სააღსრულებო ფურცელში მითითებულ სარგებლის გამოანგარიშების წესზე. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კი, სააპელაციო პალატას აპელანტის მიერ მითითებულ გარემოებებზე არ უმსჯელია და სრულიად სხვა საფუძვლით დააკმაყოფილა მისი პრეტენზიები, რის თაობაზეც კასატორმა დასაბუთებული შედავება წარმოადგინა.

1.8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს კასატორის მოსაზრებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე და 2321 მუხლების არასწორად გამოყენება-განმარტების თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარდგენის ვადის დარღვევის ფაქტი არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია, შესაბამისად, არც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი დამდგარა დღის წესრიგში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით. თავად ნორმის აღწერილობითი ნაწილი განსაზღვრავს მისი გამოყენების სფეროს და ამ საპროცესო წესს სასამართლო შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეყრდნოს, თუ მხარემ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა/დაგვიანებით წარადგინა შესაგებელი. სხვა შემთხვაში, სასამართლო ვალდებულია, უხელმძღვანელოს მხარეთა შეჯიბრებითობას (სსსკ-ის 102-ე მუხლი) და საპროცესო წესების დაცვით წარმართოს სასამართლო პროცესი, მიიღოს ახსნა-განმარტებანი, მტკიცებულებები და ამავე კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით შეფასება მისცეს მათ, ანუ შეიძლება ითქვას, რომ განსხვავებით დაუსწრებელი გადაწყვეტილებისაგან, სადაც დავის ფაქტობრივი გარემოებები კანონის ძალით მიიჩნევა დამტკიცებულად, სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილება უნდა დაამყაროს საქმის მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლევას და დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები.

1.9. რაც შეეხება სააპელაციო პალატის მსჯელობას საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკაზე (სუსგ-ებები: №ას-651-6-9-2013; №ას-307-292-2013), საკასაციო პალატა, ბუნებრივია, ეთანხმება მითითებულ გადაწყვეტილებებში ჩამოყალიბებულ სამართლის ნორმის განმარტებას, თუმცა, აღნიშნავს, რომ, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის გამოყენება-განმარტება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას დავის ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევის საკითხს ემსახურება, რაც თავისთავად გამორიცხავს წინამდებარე დავის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის გაზიარების შესაძლებლობას.

1.10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო პალატამ საპროცესო ნორმათა დარღვევით დაადგინა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რასაც შედეგად არასწორი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა, ხოლო კასატორმა ამ დარღვევების თაობაზე სწორედ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია წარმოადგინა.

1.11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. მოცემული ნორმის ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას შეამოწმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. მ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. ქ. ა-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური