საქმე #ას-274-265-2012 12 იანვარი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
A ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ. ჭ-იას განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს რომ, მ. ჭ-იას განცხადება განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 დეკემბრის განჩინებით მ. ჭ-იას განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა განცხადება და განემარტა მოითხოვდა თუ არა სამოქალაქო საქმის განახლებას, დადებით შემთხვევაში განმცხადებელს უნდა წარმოედგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, ,,ბ“, ,,გ“, ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა დაცვით შედგენილი განცხადება. კერძოდ, განცხადებაში უნდა მიეთითებინა: ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტი დასახელება, ბ) მიეთითებინა იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება; გ) მიეთითებინა იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა, და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე; დ) მიეთითებინა განსჯადობის წესების დაცვის თაობაზე; ე) მიეთითებინა იმის შესახებ, თუ რა ზომით და რა ფარგლებში მოითხოვდა განმცხადებელი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სხვა გადაწყვეტილებით მის შეცვლას.
საპროცესო ვადის დადგენის შესახებ განჩინება განმცხადებელს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით საქმეში მითითებულ მისამართზე, მაგრამ მხარემ უარი განაცხადა მის ჩაბარებაზე. სასამართლოში მობრუნებული კონვერტისა და კურიერის მიერ შედგენილი აქტის თანახმად, მ. ჭ-იამ უარი განაცხადა კონვერტის ჩაბარებაზე, ამასთან მას განემარტა რომ, „აღნიშნული გზავნილი კანონის თანახმად ჩაბარებულად ჩაეთვლებოდა“.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე.
ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს რომ, მ.ჭ-იას უარი სასამართლო გზავნილის ჩაბარებაზე მიჩნეულ უნდა იქნას ჩაბარებულად სასამართლო კურიერის მიერ აქტის შედგენის დღეს - 2015 წლის 30 დეკემბერს (იხ.აქტი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2015 წლის 31 დეკემბერს და ამოიწურა 2016 წლის 6 იანვარს. ამ ვადის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც მისი განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.
განცხადების მოთხოვნასთან მიმართებით პალატა ყურადღებას ამახვილებს შემდეგ საკითხზე: მ.ჭ-ია პრეტენზიას გამოთქვამდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 თებერვლის განჩინების კანონიერებასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მ. ჭ-იას საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ დარღვეული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლისა და 397-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საპროცესო ვადა. ასეთ ვითარებაში, სამოქალქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4, ასევე 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით უპირობოდაა დადგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების აუცილებლობა. რაც შეეხება კანონის დროში მოქმედების პრინციპს, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2012 წლის 3 მაისის #3786/4-10 განცხადების საპირისპიროდ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2012 წლის 20 თებერვლის განჩინება ემყარება, როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის სწორ განმარტებას, ისე ამ საკითხის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასმართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან საამართლო პრაქტიკას (იხ. სუსგ-ებები: №ას-58-57-2010, 3 თებერვალი, 2010 წელი; №ას-213-206-2012, 17 თებერვალი, 2012 წელი; №ას-234-226-2012, 17 თებერვალი, 2012 წელი; №ას-287-276-2012, 27 თებერვალი, 2012 წელი; №ას-249-241-2012, 24 თებერვალი, 2012 წელი; №ას-238-230-2012, 17 თებერვალი, 2012 წელი; №ას-243-235-2012, 23 თებერვალი, 2012 წელი; №ას-258-249-2012, 27 თებერვალი, 2012 წელი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ჭ-იას განცხადება დარჩეს განუხილველად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე