Facebook Twitter

№ ას-378-359-2015 21 დეკემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - დ. ო-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა. პ-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 თებერვლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – დივიდენდის მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. დ. ო-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა. პ-ის“ მიმართ მიუღებელი დივიდენდის ანაზღაურების მოთხოვნით „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-8 და მე-11 მუხლების საფუძველზე შემდეგი დასაბუთებით:

2. მოსარჩელის განმარტებით, შპს „ა. პ-ის“ საქმიანობის ძირითადი საგანია CO2 -ის წარმოება და რეალიზაცია. საზოგადოების საწესდებო კაპიტალი შეადგენს 4000 ლარს, რომლის 16 %-იანი წილის მფლობელია დ. ო-ე.

3. შპს „ა. პ-ის“ 2013 წლის 20 მაისისა და 6 აგვისტოს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებებით დადგინდა პარტნიორთა შორის დივიდენდის განაწილება, მაგრამ გასანაწილებლად განსაზღვრული თანხა არ შეესაბამება საწარმოს 2012 წლის საქმიანობით მიღებულ მოგებას. აღნიშნულს ადასტურებს შპს „ა. პ-ის“ 2013 წლის 6 აგვისტოს #1-1/13 წერილი, რომლის მიხედვით, ამავე საწარმოს 16% წილის მფლობელ პარტნიორ დ. ო-ის რწმუნებულს ეცნობა, რომ საზოგადოების მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი 2012 წლის მოგების დეკლარაციის მიხედვით, დასაბეგრი მოგება განსაზღვრულია 419 353 ლარით. აქედან, ბიუჯეტში მოგების გადასახადის სახით გადახდილია 62 909 ლარი, ს/ს „ლომისზე“ ლიცენზიის ღირებულების ჩათვლაში - 204 027 ლარი, ბანკის სესხის ძირის დაფარვაში - 171 212 ლარი.

4. მიუხედავად იმისა, რომ დ. ო-ის რწმუნებულმა პარტნიორთა 2013 წლის 20 მაისის კრებაზე, სადაც იხილებოდა დივიდენდის განაწილების საკითხი, მოითხოვა საწარმოს 2012 წლის მოგებისა და დივიდენდად გასანაწილებელი თანხის დოკუმენტური დასაბუთება, მასზე ასეთი მტკიცებულების გადაცემას ან/და უტყუარი ინფორმაციის მიწოდებას ადგილი არ ჰქონია. უფრო მეტიც, აღნიშნულ კრებაზე დივიდენდის სახით გასანაწილებლად გამოტანილი 50 000 ლარი რომ არ ასახავდა საწარმოს რეალური მოგების წლიურ შედეგებს, დასტურდება იმ ფაქტობრივი გარემოებითაც, რომ ამავე საზოგადოებამ 2013 წლის 6 აგვისტოს პარტნიორთა კრებაზე დივიდენდის სახით დამატებით კვლავ გაანაწილა 50 000 ლარი, რამაც 2012 წლის საბოლოო შედეგების მიხედვით, შეადგინა 100 000 ლარი.

5. მართალია, შპს „ა. პ-ის“ 2013 წლის 6 აგვისტოს #1-1/13 წერილი შეიცავს საწარმოს 2012 წლის შედეგების გაანგარიშებას, მაგრამ ასეთი მცდელობა შეუსაბამობაში მოდის დასაბეგრი მოგების გაანგარიშების მეთოდიკასთან, ვინაიდან დასაბეგრი მოგება უკვე გულისხმობს ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ყველა გამოქვითების (ხარჯების) არსებობას.

6. შესაბამისად, საზოგადოების განმარტება იმის შესახებ, რომ 2012 წლის დასაბეგრი მოგება განსაზღვრულია 419 353 ლარით, უკვე ნიშნავს იმას, რომ აღნიშნულ თანხას გამოკლებული აქვს ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული გამოქვითები (ხარჯები).

7. დ. ო-ეს, როგორც შპს „ა. პ-ის“ 16 %-იანი წილის მფლობელ პარტნიორს, 2012 წლის დივიდენდის სახით ჩაერიცხა 16 000 ლარი.

8. მოსარჩელის აზრით, საწარმოს 2012 წლის შედეგების მიხედვით, დივიდენდის სახით განაწილებული იქნა რეალურზე ნაკლები თანხა. შესაბამისად, შპს „ა. პ-ს“ დ. ო-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დივიდენდის სახით დამატებით 41 037 ლარის გადახდა.

9. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საზოგადოების პარტნიორობა ავტომატურად არ წარმოშობს დივიდენდის მიღების შესაძლებლობას, ვინაიდან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, წლიურ შედეგებს ამტკიცებს პარტნიორთა კრება. მოპასუხის განმარტებით, შესაძლებელია საზოგადოებას დარჩეს წლიური მოგება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს წლიური მოგება აუცილებლად დივიდენდების სახით უნდა განაწილდეს. პარტნიორთა კრება უმრავლესობით წყვეტს იმ საკითხს, საერთოდ განაწილდეს თუ არა დივიდენდი და თუ განაწილდება, ისევ კრების გადასაწყვეტია, თუ როგორ განაწილდება იგი. შესაბამისად, დივიდენდის გადაცემა არ არის სასამართლოს პრეროგატივა.

10. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით დ. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

11. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ო-ემ.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 თებერვლის განჩინებით დ. ო-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება.

13. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მართალია, შპს „ა. პ-მა“ სააპელაციო შესაგებელი არ წარმოადგინა, თუმცა ვინაიდან სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებდა, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

14. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

15. შპს ,,ა. პ-ის” პარტნიორთა საერთო კრების 2013 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით, შპს ,,ა. პ-ის” პარტნიორთა შორის 2012 წლის მოგებიდან დივიდენდის სახით 50 000 ლარი განაწილდა (ს.ფ. 36-42, ტ. 1).

16. შპს ,,ა. პ-ის” პარტნიორთა საერთო კრების 2013 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით, შპს ,,ა. პ-ის” პარტნიორთა შორის 2012 წლის მოგებიდან დივიდენდის სახით 50 000 ლარი განაწილდა (ს.ფ. 43-44, ტ. 1).

17. დ. ო-ე შპს „ა. პ-ის” პარტნიორი და 16 %-იანი წილის მესაკუთრეა (ს.ფ. 15, ტ. 1).

18. შპს ,,ა. პ-ის” პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით განაწილებული დივიდენდიდან, საერთო ჯამში, 100 000 ლარიდან, პარტნიორმა დ. ო-ემ დივიდენდის სახით, თავისი 16 % -იანი წილის შესაბამისად, 16 000 ლარი მიიღო.

19. შპს ,,ა. პ-ის” 2012 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციის მიხედვით, 2012 წლის საანგარიშო პერიოდზე კომპანიის დასაბეგრი მოგება 419 353,85 ლარით განისაზღვრა (ს.ფ. 128, ტ. 1).

20. 2012 წლის დასაბეგრი მოგებიდან - 419 353 ლარიდან, ბიუჯეტში მოგების გადასახადის სახით გადახდილია 62 909 ლარი, სს „ლომისზე“ ლიცენზიის ღირებულების ჩათვლით - 204 027 ლარი, ბანკის სესხის ძირის დაფარვაში - 171 212 ლარი.

21. მოგების გადასახადის გარეშე ე.წ. „წმინდა მოგების”, კერძოდ, დივიდენდის სახით, 256 444 ლარის განაწილების თაობაზე შპს „ა. პ-ის“ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების არსებობა არ დასტურდება.

22. შპს „ა. პ-ის“ პარტნიორების მიერ 256 444 ლარის დივიდენდის სახით განაწილების ან მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტი არ დასტურდება.

23. სასამართლომ განმარტა, რომ საწარმოში მოგების განაწილების მიზნით, უნდა არსებობდეს ორი კუმულატიური პირობა, კერძოდ, მოგება და პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება პარტნიორებზე დივიდენდის გაცემის თაობაზე. შესაბამისად, აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებაში მოგების არსებობა, უპირობოდ მისი დივიდენდის სახით განაწილებას არ გულისხმობს. დივიდენდის განაწილების მიზნებისათვის უნდა არსებობდეს პარტნიორთა ნება მოგების პარტნიორებს შორის გაყოფის თაობაზე.

24. განსახილველ შემთხვევაში, თავად დ. ო-ის განმარტებით, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ პარტნიორებს მოგების, კერძოდ, 256 444 ლარის ((419 353 (დაუბეგრავი მოგება) - 62 909 (მოგების გადასახადი) – 100 000 (განაწილებული დივიდენდი)) განაწილების თაობაზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ. შესაბამისად, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, არ არსებობდა დ. ო-ის სასარჩელო მოთხოვნის, კერძოდ, დივიდენდის სახით, 41 037 ლარის დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძველი.

25. პალატამ აქვე ყურადღება მიაქცია აპელანტის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ შპს „ა. პ-ის“ პარტნიორებმა, მართალია, დივიდენდი პარტნიორთა კრებაზე არ გაანაწილეს, თუმცა, მოგებიდან წილი არამართლზომიერი გზით მიიღეს, კერძოდ, 256 444 ლარის ოდენობით მოგება (419 353 - 62 909 – 100 000) პარტნიორებმა ერთმანეთს შორის გაინაწილეს. დ. ო-ისათვის კი დივიდენდის მიცემის თავის არიდების მიზნით უკანონოდ მიუთითეს, რომ სს ლომისზე ლიცენზიის ღირებულების ჩათვლაში გადაიხადეს 204 027 ლარი, ხოლო ბანკის სესხის ძირის დაფარვაში - 171 212 ლარი.

26. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ განმარტა შემდეგი: თუ დადასტურდება, რომ მითითებული თანხები ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვადი ხარჯები იყო, რომელიც შპს „ა. პ-ის“ პარტნიორებმა ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოქვითეს, რათა შემდგომ აღნიშნული თანხების მოგებიდან გამოქვითვის გზით მოგების ერთმანეთს შორის განაწილება გაემართლებინათ (გადაეფარათ), ასეთ შემთხვევაში, დ. ო-ეს მითითებული პარტნიორების მიმართ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა სახის მოთხოვნის უფლება წარმოეშობა, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ამ გზით პარტნიორების მიერ მითითებული სადავო თანხების მითვისება დადასტურდება, რადგან სხვა შემთხვევაში, ლიცენზიისათვის გადასახდელი თანხა და სესხის ძირი თანხა საერთო შემოსავალს გამოაკლდება, თუ მოგებას, პარტნიორისათვის, შედეგობრივი თვალსაზრისით, არაფერი იცვლება. აღნიშნულს შეიძლება მხოლოდ საგადასახადო მიზნებისათვის ჰქონდეს გარკვეული მნიშვნელობა. პალატამ აქვე აღნიშნა, რომ თუ სადავო თანხები საერთო შემოსავალს გამოაკლდებოდა, რაღა თქმა უნდა, მოგებაც აღარ იქნებოდა და პარტნიორს არც დივიდენდის მოთხოვნის უფლება წარმოეშობოდა. სხვა საქმეა, თუ პარტნიორებმა სესხის ძირი თანხა და ლომისის ლიცენზიის თანხა საერთო შემოსავალსაც გამოაკლეს და შემდეგ ფორმალურად მოგებასაც, რათა მითითებული თანხები ერთმანეთს შორის გაენაწილებინათ. სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ ამგვარ მითითებასა და შესაბამის მტკიცებას სარჩელი და სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით შპს „ა. პ-ის“ პარტნიორების ქმედების მართლწინააღმდეგობა არ დასტურდებოდა, ვინაიდან მხოლოდ ფაქტი, რომ დასაბეგრი მოგებიდან იქნა გარკვეული თანხები ამა თუ იმ ვალდებულების დასაფარად გამოქვითული, იმთავითვე არ ნიშნავდა პარტნიორთა ქმედების მართლწინააღმდეგობას. აღნიშნული დასკვნის გაკეთების საფუძვლად პალატამ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105 -ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამრიგად, პალატამ მიიჩნია, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად, ყველა ხარჯი არ ექვემდებარებოდა საერთო შემოსავლიდან გამოქვითვას. ლიცენზიის ღირებულების ჩათვლა და ბანკის სესხის არა პროცენტის (რაც, როგორც გამოქვითვადი ხარჯი, იმთავითვე საერთო შემოსავლებს არის გამოკლებული, ს.ფ. 128, ტ.ქ.1), არამედ ძირის დაფარვა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი იყო თუ არა, სასამართლოს მოსაზრებით უნდა დაადგინონ საამისოდ უფლებამოსილმა ორგანოებმა.

27. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ დ. ო-ის მიმართვის საფუძველზე შპს „ა. პ-ის“ პარტნიორების მიმართ საქმე ქვემდებარეობით საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეგზავნა (ს.ფ. 122, ტ.1). მითითებული განცხადებით დ. ო-ე პარტნიორებს დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდებისა და საზოგადოების კუთვნილი ფულადი თანხების მითვისების ფაქტზე ედავება. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე საქმის მასალებით არ დასტურდებოდა შპს „ა. პ-ის“ პარტნიორების მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი. უფრო მეტიც, მითითებული ფაქტების დადასტურების პირობებშიც, დ. ო-ის სარჩელი იურიდიულად მართებული იქნებოდა არა დივიდენდის მოთხოვნის, არამედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა სახის მოთხოვნების არსებობის პირობებში.

28. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით და განმარტა, რომ მხოლოდ მოგების მიღების ფაქტი საკმარისი წინაპირობა არ არის კაპიტალური ტიპის საზოგადოებაში დივიდენდის მიღებისათვის. მოგების მიღების ფაქტის დადასტურება ვერ გახდება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში დივიდენდის მიღების ფაქტობრივი საფუძველი იმ პირობებში, როდესაც დადგენილია პარტნიორთა გადაწყვეტილების არარსებობა საწარმოს მოგებიდან დივიდენდის განაწილების თაობაზე.

29. სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლზე და არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ მოგებიდან ლიცენზიის ღირებულების ჩასათვლელი თანხისა და ბანკის სესხის ძირი თანხის დაფარვა იმთავითვე უკანონო ქმედებაა, რადგან მითითებული თანხების გამოქვითვა ერთობლივი შემოსავლიდანაც შეიძლებოდა, შესაბამისად, ამ გზით პარტნიორებს შორის განაწილებული მოგება გადაიფარა. პალატამ განმარტა, რომ მითითებული პოზიცია სამართლებრივად არასწორია, ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსი ნათლად და მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ ყველა ხარჯი არ ექვემდებარება საერთო შემოსავლიდან გამოქვითვას. შესაბამისად, აპელანტს კანონით დადგენილი წესით უნდა დაედასტურებინა სასამართლოსათვის შპს „ა. პ-ის“ პარტნიორთა ქმედების მართლწინააღმდეგობა, რაც საზოგადოების კუთვნილი ფულადი თანხების მითვისებაში გამოიხატა. განსახილველ შემთხვევაში ის გარემოება, რომ შპს „ა. პ-ის“ პარტნიორებმა მართლსაწინააღმდეგო ქმედება განახორციელეს, დადასტურებული არ არის, თუმცა, საქმის მასალებით კიდევაც რომ დასტურდებოდეს შპს „ა. პ-ის“ პარტნიორების მიერ საზოგადოების კუთვნილი თანხების მითვისება, მითითებული ფაქტობრივი გარემოება დ. ო-ის, როგორც, პარტნიორის, დივიდენდის თაობაზე მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებს. პარტნიორების მიერ საზოგადოების კუთვნილი თანხების მითვისება საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სხვა სახის მოთხოვნების წარდგენის სამართლებრივ შესაძლებლობას იძლევა.

30. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პალატამ დამატებით განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ პალატა გაიზიარებდა აპელანტის მტკიცებას, რომ ლომისის ლიცენზიის თანხა და სესხის ძირი თანხა საერთო შემოსავლებს უნდა გამოკლებოდა, ასეთ პირობებში მოგება აღარ იარსებებდა, შესაბამისად, ვერც პარტნიორთა კრება ჩატარდებოდა მოგების განაწილების თაობაზე და ვერც დ. ო-ეს წარმოეშობოდა მიღებულზე უფრო მეტი ოდენობით დივიდენდის მოთხოვნის უფლება. ამდენად, პალატის მოსაზრებით, თავად აპელანტის მტკიცებაა წინააღმდეგობრივი, როდესაც იგი განმარტავს, რომ ლომისის ლიცენზიის თანხა და სესხის ძირი თანხა საერთო შემოსავლებს უნდა გამოკლებოდა.

31. გარდა ამისა, სასამართლოს მითითებით, სარჩელი და სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს მტკიცებას იმის თაობაზე, რომ ლომისის ლიცენზიის თანხა არ დაფარულა და სესხის ძირი თანხაც არ გადახდილა. სარჩელი და სააპელაციო საჩივარი არც იმგვარი ფაქტის თაობაზე შეიცავს მითითებასა და შესაბამის მტკიცებას, რომ ლომისის ლიცენზიის თანხა და სესხის ძირი თანხა საერთო შემოსავლებსაც გამოაკლდა და მითითებული ვალდებულებების დასაფარად თანხები ფიქტიურად მოგებიდანაც მიექცა. შესაბამისად, მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა პარტნიორთა მიერ თანხების მითვისების თაობაზე დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა.

32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა დ. ო-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

33. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე დ. ო-ემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 იანვრის საოქმო განჩინების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით:

34. კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, შპს „ა. პ-მა“ სააპელაციო სასამართლოში არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა შესაგებელი, რის გამოც სასამართლოს საქმეზე უნდა მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დ. ო-ის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რაც მან არ გააკეთა. საჩივრის ავტორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.

35. კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია არა დივიდენდის განაწილება, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია (რომელიც შეიძლება მდგომარეობდეს საერთოდ გაუნაწილებელი დივიდენდის თანხის მოთხოვნაში), არამედ პარტნიორთა კრებაზე 2012 წლის შედეგების მიხედვით გასანაწილებლად გამოტანილი დასაბეგრი მოგებიდან დივიდენდის თანხის არასწორი გამოთვლა-დაანგარიშება იმ მოტივით, რომ შპს „ა. პ-ის“ 06.08.2013 წ №1/-1/13 წერილის თანახმად შემოსავლების სამსახურში წარდგენილი 2012 წლის მოგების დეკლარაციის მიხედვით, დასაბეგრ მოგებად საგადასახადო ორგანოში დეკლარირებულ თანხას 419 353 ლარს (დეკლარაციის მიხედვით კი ეს თანხა 419 393 ლარია ) გარდა ბიუჯეტში მოგების გადასახადის სახით გადახდილი 62 909 ლარისა, თითქოსდა გამოაკლდა სს „ლომისზე“ ლიცენზიის ღირებულების ჩათვლაში 204 027 ლარი, ბანკის სესხის ძირის დაფარვაში კი 172 212 ლარი. ასეთი სახის გამოქვითვები დასაბეგრი მოგებიდან 419 393 ლარიდან ნაწარმოები რომ არ არის, შპს „ა. პ-ის“ მიერ მითითებული 2012 წლის დეკლარაციის მიხედვითაც დასტურდება, რომელშიც ასახულია ერთობლივი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების გამოქვითვები, რომლებშიც თავისთავად მოქცეულია ლიცენზიის ჩათვლის ან/და ბანკის სესხის ძირის დაფარვის თაობაზე გადასახადები, როგორც ხარჯები. თუმცა დეკლარაციაში დასაბეგრი მოგების სახით კონკრეტული ციფრის - 419 393 ლარის (და არა 419 353 ლარის) დაფიქსირება, უკვე ნიშნავს იმას, რომ ხარჯები გამოქვითულია. უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლომ თვითონვე დაადგინა, რომ შპს „ა. პ-ის“ დასაბეგრი მოგება 419 353 ლარით განისაზღვრა. ეს უსწორო მონაცემი საპელაციო სასამართლომ გადმოიტანა შპს „ა. პ-ის“ 06.08.2013 წლის წერილიდან, რომელიც ამ სასამართლოსათვის უფრო სარწმუნო აღმოჩნდა, ვიდრე საგადასახადო ორგანოში წარდგენილი 2012 წლის მოგების გადასახდის დეკლარაცია.

36. სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში არაერთხელ არის მითითებული, რომ დივიდენდის სახით პარტნიორთა კრებების გადაწყვეტილებებით განაწილებულ იქნა 50-50 ათასი ლარი და, შესაბამისად, არსებობს პარტნიორთა გადაწყვეტილებები. ამ გადაწყვეტილებების მიხედვით კი, ვინაიდან განაწილებული იქნა დივიდენდი 2012 წლის შედეგების მიხედვით, რაც დეკლარაციიდან გამომდინარე, შეადგენს საწარმოს დასაბეგრ მოგებას 419 393 ლარის ოდენობით, ამ თანხას უნდა გამოკლებოდა მოგების გადასახადი 15 % - 62 909.00 ლარი, რის შემდგომაც რჩება რა წმინდა მოგების სახით (419 393 -62 909) 356 484 ლარი, სწორედ აღნიშნული თანხიდან უნდა მომხდარიყო დივიდენდის თანხის განსაზღვრაც, რაც დ. ო-ის 16 % წილის გათვალისწინებით 57 037 ლარს შეადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ დ. ო-ე 2012 წლის შედეგების მიხედვით დივიდენდის სახით უკვე გაცემულია 16 000 ლარი, სხვაობა 41 037 ლარი დამატებით ექვემდებარება შპს „ა. პ-ე“ გადასახდელად დაკისრებას. შესაბამისად, 2012 წლის შედეგების მიხედვით მიღებული მოგებიდან დივიდენდის კუთვნილი თანხის არასწორი გამოანგარიშების გამო, აღნიშნული თანხა დააკლდა საზოგადოების 16 % წილის მფლობელ პარტნიორს.

37. პირველი ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 12 ივნისის სხდომაზე შპს „ა. პ-ის“ დირექტორმა დაადასტურა, რომ 2012 წლის შედეგების მიხედვით დივიდენდის სახით დამატებით არის შესაძლებელი 30 000 ლარის განაწილება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საწარმოს მიერ რეალური მოგებიდან არ იყო და არ არის განაწილებულ-განსაზღვრული პარტნიორ დ. ო-ეზე დივიდენდის სახით გაცემული თანხა და სადავოც სწორედ ეს ფაქტობრივი უსწორობაა და არა ის, რომ პარტნიორთა კრების მიერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება პარტნიორ დ. ო-ისათვის დივიდენდის სახით 41 037 ლარის მიკუთვნების შესახებ. ასეთი გადაწყვეტილება პარტნიორთა კრების მიერ მიღებული რომ იყოს, ცხადია, დავის საგანი (ფაქტიურად) იქნებოდა დივიდენდის თანხის მიკუთვნების შესახებ პარტნიორთა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღუსრულებლობა და არა არასწორად გამოანგარიშებულ-განსაზღვრული დივიდენდის თანხის პარტნიორის სასარგებლოდ საზოგადოებაზე გადასახდელად დამატებით დაკისრება, რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი და რაც იმავდროულად პარტნიორისათვის (და არა საზოგადოებისთვის) მიყენებულ ზიანსაც წარმოადგენს

38. კასატორის განცხადებით, მოცემულ შემთხვევაში, მან მიიჩნია რა, რომ წლიური შედეგების მიხედვით გასანაწილებლად გატანილი დივიდენდის თანხა არასწორად იყო გაანგარიშებულ-გაცემული, რის გამოც დაირღვა მისი ქონებრივი უფლება, მიმართა სასამართლოს და მიუთითა კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებზე, სამართლებრივ საფუძვლებზე. მის სარჩელსა ან/და სააპელაციო საჩივარში კი არსად არის მითითებული, რომ კონკრეტულად მოთხოვნილ (41 037 ლარი) დივიდენდის თანხაზე არსებობს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება. პირიქით, მითითებულია, რომ ვინაიდან დივიდენდის სახით გასანაწილებლად სრულად იყო გატანილი 2012 წლის დასაბეგრი მოგება 419 393 ლარი, მიუხედავად იმისა, რომ შპს „ა. პ-ის“ დირექტორის 06.08.2013 წ №1/-1/13 წერილის მიხედვით დასაბეგრი მოგების თანხას თითქოსდა გამოაკლდა ლიცენზიისა და ბანკის სესხის ძირის დაფარვის თანხა (რაც მოსაჩვენებლად არის მითითებული, ვინაიდან ასეთი თანხების გაქვითვაზე არც ერთი ინსტანციის სასამართლოში შპს „ა. პ-ის“ მიერ მტკიცებულებები არ იქნა წარდგენილი), 16 % წილის მფლობელმა პარტნიორმა მოითხოვა გაცემულსა და რეალურად მისაღებ დივიდენდის თანხათა შორის სხვაობის ანაზღაურება სწორედ იმ სამართლებრივი საფუძვლით, რომ არსებობს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად მიღებული პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებები წლიური მოგების არსებობისა და დივიდენდების სახით განაწილების შესახებ.

39. შესაბამისად, რომ არ არსებობდეს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებები წლიური მოგების არსებობისა და დივიდენდის სახით განაწილების შესახებ, ცხადია, რომ პარტნიორი სასამართლოს წესით ვერ მოთხოვდა სხვაობის თანხის გადახდევინებას, ვინაიდან „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური და შუალედური მოგების დივიდენდის სახით განაწილება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგადად, ამ სახის საზოგადოებებში წლიური და შუალედური მოგების დივიდენდის სახით განაწილებაზე უფლებამოსილი ორგანოა მხოლოდ პარტნიორთა კრება.

40. კასატორის განცხადებით, დ. ო-ემ დივიდენდის მოთხოვნის უფლებით სასამართლოს სწორედ იმიტომ მიმართა, რომ პარტნიორთა კრებამ დაადგინა საწარმოში მოგების არსებობა და წლიური მოგების დივიდენდის სახით განაწილება, მაგრამ დივიდენდის თანხა გასცა არასწორი გაანგარიშებით, შემცირებული ოდენობით, სხვაობის ანაზღაურება კი არის დავის საგანი.

41. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, არც პირველი ინსტანციის სასამართლოს და არც სააპელაციო სასამართლოს არ დაუსვამთ შეკითხვა შპს „ა. პ-ის“, თუ რეალურად რომელი თანხიდან, რა მოცულობის მოგებიდან იქნა გაცემული დივიდენდის თანხა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სასამართლოებს მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მხარეთა თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებით, სამართლიანად საქმის განხილვის სურვილი არ გააჩნდათ.

42. სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში ე.წ. დასაბეგრი მოგების მართლსაწინააღმდეგო განაწილების საფუძლით (რაც სააპელაციო სასამართლოს დასკვნით პარტნიორების მიერ თანხის მითვისებაში უნდა მდგომარეობდეს), მოთხოვნა საერთოდ დაყენებული არ ყოფილა. ეს განპირობებულია ამ ეტაპზე პარტნიორის ხელთ შესაბამისი მტკიცებულებების არქონით, კერძოდ, სწორედ იმ გარემოებით, რომ შპს „ა. პ-მა“ პარტნიორს (დ. ო-ეს) არ გადასცა საზოგადოების საქმიანობის შედეგებზე მოთხოვნილი ინფორმაცია და ამასთან, ამ ნაწილში სისხლის სამართალწარმოების წესით გამამტყუნებელი განაჩენი დადგენილი არ არის. მაგრამ , თუ სააპელაციო სასამართლო მიიჩნევდა, რომ დასაბეგრი მოგების არა მართლსაწინააღმდეგოდ განაწილება, როგორც სააპელაციომ მიუთითა, არამედ სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის ფარგლებში და საფუძვლებით მოთხოვნილი დივიდენდის თანხა, იმავდროულად წარმოადგენდა პარტნიორის მიერ განცდილ ზიანს, ასეთ შემთხვევაში სასამართლო არ იყო მოკლებული საპროცესო უფლებამოსილებას, რომ აღნიშნულის თაობაზე თვითონვე მიეთითებინა თავის გადაწყვეტილებაში და სარჩელი დაეკმაყოფილებინა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო მოპასუხე მხარეს დააკისრებდა საანგარიშო წლის მიხედვით თვითონ საზოგადოებისა და პარტნიორთა მიერ განსაზღვრული დასაბეგრი მოგებიდან უკვე გაცემულსა და რეალურად მისაღებ დივიდენდის თანხათა შორის სხვაობის ანაზღაურებას. აღნიშნულის სამართლებრივი საფუძველი კი იქნებოდა „მეწარმეთა შესახებ’’ კანონის მე-8 მუხლი, სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმა.

43. საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ აპელანტს მიუთითა პარტნიორთა კრების მიერ დივიდენდის სახით 41 037 ლარის ან 256 444 ლარის განაწილების თაობაზე, ასევე დივიდენდის თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტის თაობაზე მტკიცებულების წარდგენის მოვალეობაზე, თუმცა ასეთი მითითების აუცილებლობა არ არსებობდა, ვინაიდან სარჩელში ან/და სააპელაციო საჩივარში მოსარჩელე-აპელანტი არ უთითებს დივიდენდის სახით 41 037 ლარის ან 256 444 ლარის განაწილების ფაქტის ან დივიდენდის თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტის თაობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი ფაქტები აპელანტის მხრიდან დამტკიცებას არ საჭიროებდა.

44. პირიქით, თურმე პარტნიორს, რომელსაც საზოგადოების საქმიანობის შედეგებზე ინფორმაცია სრულიად გამიზნულად არ მიეწოდება და ასეთი ინფორმაციის გადაცემის თაობაზე არც სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნა იქნა შესრულებული (რაზეც მტკიცებულებები სააპელაციო სასამართლომ არ მიიღო), უნდა დაეკისროს მტკიცების ტვირთი იმის შესახებ, რომ ,,ლომისის’’ ლიცენზიის თანხა არ დაფარულა და სესხის ძირი თანხაც არ გადახდილა, რომ „ლომისის“ ლიცენზიის თანხა და სესხის ძირი თანხა საერთო შემოსავლებსაც გამოაკლდა და მითითებული ვალდებულებების დასაფარავად თანხები ფაქტიურად მოგებიდანაც მიექცა. ასეთია სააპელაციო სასამართლოს კანონსაწინააღმდეგო ლიგიკა და მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების შესახებ თვითნებურად დადგენილი წესი, რაც წინააღმდეგობაში მოდის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმებთან (მე-3, მე-4, 102-ე, 103-ე, მუხლები, 136-ე მუხლის მე-5 ნაწილი).

45. ასეთი სახის მტკიცებულებები საზოგადოების მიერ სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა. მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ, ისევე როგორც, პირველი ინსტანციის სასამართლომ, აღნიშნული გარემოება დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია.

46. მოცემულ შემთხვევაში, დ. ო-ისათვის ობიექტურად შესაძლებელი ნამდვილად არ იყო მტკიცებულების მოპოვება იმის შესახებ, რომ „ლომისის“ ლიცენზიის თანხა და ბანკის სესხის ძირის თანხა მოგების ხარჯზე დაიფარა თუ არა, ან ლომისის ლიცენზიის თანხა და სესხის ძირი თანხა საერთო შემოსავლებსაც გამოაკლდა და ეს თანხები ფიქტიურად მოგებიდანაც მიექცა თუ არა, ვინაიდან ასეთი სახის მტკიცებულებები, თუ ისინი საერთოდ არსებობენ, წესით შპს ,,ა. პ-ს’’ (მოპასუხეს) უნდა მოეპოვებოდეს. მით უფრო, რომ პარტნიორს, ,,მეწარმეთა შესახებ’’ კანონის მე-3, 46-ე მუხლების და წესდების მე-11, მე-13, 21-ე მუხლების იგნორირებით, საზოგადოებისგან არ მიეწოდება ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ.

47. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ განიხილა საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხი - ლიცენზიის ღირებულების ჩათვლაში მითითებული 204 027 ლარი და ბანკის სესხის ძირის დაფარვაში 171 212 ლარი ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვადი ხარჯი იყო, თუ დასაბეგრი მოგებიდან გამოკლებადი ხარჯი.

48. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ მოგებიდან ლიცენზიის ღირებულების ჩასათვლელი თანხიდან ბანკის სესხის ძირი თანხის დაფარვა იმთავითვე უკანონო ქმედებაა, რადგან მითითებული თანხების გამოქვითვა ერთობლივი შემოსავლიდანაც შეიძლებოდა, შესაბამისად, ამ გზით პარტნიორებს შორის განაწილებული მოგება გადაიფარა.

49. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს ამგვარი დასკვნა შეუსაბამობაში მოდის მოსარჩელის მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში ასახულ ფაქტობრივ-სამართლებრივ გარემოებებთან, სადაც სრულიად ცალსახად არის მითითებული, რომ ერთობლივი შემოსავლიდან უკვე არის გამოქვითული (და არა ,,უნდა გამოკლებოდა’’ ან ,,უნდა გამოქვითულიყო’’) მოგების მიღებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი.

50. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-3, მე-4, 102-ე, 103-ე, 136-(5)-ე 2323-1 მუხლები, საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლი, არასწორად განმარტა საგადასახადო კოდექსის 97-ე, 105-ე მუხლები, ასევე „მეწარმეთა შესხებ“ კანონის მე-8 მუხლი, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის შედეგად კი საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

51. კასატორი ასევე მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 20 იანვრის საოქმო განჩნების გაუქმებას შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

52. შპს „ა. პ-ის“ 2013 წლის 20 მაისისა და 6 აგვისტოს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებებით დადგენილ იქნა პარტნიორთა შორის დივიდენდის განაწილება, მაგრამ გასანაწილებლად განსაზღვრული თანხის გაანგარიშების სიზუსტის შემოწმების მიზნით, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, პარტნიორს „მეწარმეთა შესახებ“ კანონისა და საზოგადოების წესდების მითითებულ ნორმათა იგნორირებით, არ გადაეცა ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ. უფრო, მეტიც ასეთი ინფორმაციის გადაცემის თაობაზე არც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იქნა აღსრულებული, რის გამოც ადმინისტრაციული სარჩელი აღიძრა სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს, აღსრულების ეროვნული ბიუროსა და შპს „ა. პ-ის“ მიმართ, სააღსრულებო ფურცლის აღსრულებისა და პარტნიორისათვის საზოგადოების საქმიანობის შედეგებზე ინფორმაციის გადაცემის მოთხოვნით.

53. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 20 იანვრის სხდომაზე წარდგენილი შუამდგომლობის მიზანი კი სწორედ იმ გარემოებების დადასტურება იყო, რომ საზოგადოებამ თავი აარიდა საწარმოს საქმიანობის შედეგებზე მასთან არსებული ინფორმაციის პარტნიორისათვის მიწოდებას, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტნიორს არ გააჩნდა ასეთი ინფორმაცია და ეს გარემოება დასტურდებოდა შუამდგომლობით და მასზე დართული დოკუმენტებით, მაგრამ სააპელაციო სასმართლომ ეს საბუთები არ მიიღო. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ ამ ნაწილში მტკიცების ტვირთი მაინც ამავე პარტნიორს დააკისრა, რითაც ფაქტიურად დადასტურდა, რომ შუამდგომლობა ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას, ხოლო მასზე დართული საბუთები შემხებლობაში იყო საქმესთან. მით უფრო, რომ ამ საბუთების პირველი ინსტანციის სასამართლოში წარუდგენლობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მიზნებისათვის გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, ვინაიდან რაიონულ სასამართლოში საქმე განხილულ იქნა 05.06.2014 წ., სააღსრულებო ფურცელი გამოწერილია მოგვიანებით, კერძოდ 15.08.2014წ., ადმინისტრაციული სარჩელი კი შეტანილია 12.01.2015წ., რის გამოც ეს მტკიცებულებები ვერ დაერთო 31.07.2014 წ. შეტანილ სააპელაციო საჩივარს

54. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ ამ შემთხვევაში არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ამასთან არასწორად განმარტა აღნიშნული ნორმა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის„ა“, „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, განჩინების გაუქმების საფუძველია.

55. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 აპრილის განჩინებით დ. ო-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

56. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ო-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

57. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

58. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

59. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა კრების უფლებამოსილება დაადგინოს საწარმოს წლიური და შუალედური მოგების დივიდენდის სახით განაწილება, გულისხმობს როგორც დივიდენდის გაცემა-არგაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების, ისე გასანაწილებელი დივიდენდის ოდენობის განსაზღვრის უფლებამოსილებასაც.

60. აღნიშნული კანონი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში პარტნიორთა კრების მიერ დივიდენდის გაცემა-არგაცემის ან დივიდენდის ოდენობის განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მარეგულირებელ ნორმებს არ შეიცავს და მათი მოწესრიგების შესაძლებლობას ითვალისწინებს კომპანიის წესდებით.

61. განსხვავებული მდგომარეობაა სააქციო საზოგადოების შემთხვევაში. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 57-ე მუხლის შესაბამისად, სააქციო საზოგადოებაში წმინდა მოგების განაწილების წინადადებას ადგენენ დირექტორები, რომლებიც ასევე ადგენენ წლიურ ანგარიშს და ანგარიშს სამეურნეო მდგომარეობის შესახებ და წმინდა მოგების განაწილების წინადადებასთან ერთად წარუდგენენ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს. წმინდა მოგების განაწილების წინადადება უნდა მოიწონოს სამეთვალყურეო საბჭომ. მოწონების შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭო წმინდა მოგების განაწილების წინადადებას დასამტკიცებლად წარუდგენს საერთო კრებას. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დირექტორები და სამეთვალყურეო საბჭო ვერ შეთანხმდებიან წმინდა მოგების განაწილებაზე, მაშინ მათ წმინდა მოგების განაწილების ორივე წინადადება უნდა აცნობონ საერთო კრებას. ამრიგად, წმინდა მოგების განაწილების შესახებ წინადადებას ამზადებს სააქციო საზოგადოების მენეჯმენტი, თუმცა მოგების განაწილების შესახებ საწარმოში საბოლოო გადაწყვეტილება მაინც საერთო კრებას ეკუთვნის, რადგან კანონი ამ უკანასკნელს ანიჭებს უფლებამოსილებას საერთოდ უარი თქვას წმინდა მოგების განაწილებაზე. შედეგად, მთელი წმინდა მოგება დარჩება საწარმოში და გათვალისწინებული იქნება ახალი ანგარიშის დროს.

62. მოცემულ შემთხვევაში, შპს „ა. პ-ის“ წესდებით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 25-33) გათვალისწინებულია შემდეგი პროცედურა: წესდების 21-ე მუხლის შესაბამისად, საწარმოს მოგების განაწილების შესახებ წინადადებას ადგენს საზოგადოების დირექტორი, რომელსაც ასევე ევალება სამეურნეო წლის დასრულებიდან ორი თვის ვადაში შეადგინოს ბალანსი და საზოგადოების საქმიანობის შესახებ ანგარიში. წესდების მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საზოგადოების პარტნიორთა კრების კომპეტენციაა საზოგადოების წლიური შედეგების დამტკიცება და შედეგების გამოყენება. წესდების მე-17 მუხლის შესაბამისად, პარტნიორთა კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება და/ან წარმოდგენილია ხმის უფლების მქონე საწესდებო კაპიტალის ორ მესამედზე მეტი, ხოლო მე-20 მუხლის შესაბამისად, პარტნიორთა კრება გადაწყვეტილებას იღებს ხმების საერთო რაოდენობის ორ მესამედზე მეტით.

63. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ როგორც „მეწარმეთა შესახებ“ კანონი, ისე შპს „ა. პ-ის“ წესდება პარტნიორთა საერთო კრებას ანიჭებს, შესაბამისი წესით მომზადებული ფინანსური დოკუმენტების საფუძველზე, საწარმოს მოგების გამოყენების წესის განსაზღვრის დისკრეციას, რაც გულისხმობს დივიდენდის სახით გასანაწილებელი თანხის ოდენობის განსაზღვრის დისკრეციასაც.

64. აღნიშნული წესი მოქმედებს მრავალ ქვეყანაში და პარტნიორთა/აქციონერთა საერთო კრების ან საწარმოს მენეჯმენტის დისკრეციაში, სასამართლო როგორც წესი, არ იჭრება, თუ არ არსებობს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი.

65. ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ მხრივ დახურულ კორპორაციებთან მიმართებაში პრეცედენტული იყო გადაწყვეტილება საქმეში Dodge v. Ford Motor Co., სადაც მიჩიგანის შტატის სასამართლომ აღნიშნა, რომ დივიდენდების გაცემა-არგაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დისკრეცია აქვს საწარმოს მენეჯმენტს და მათ დისკრეციაში სასამართლო არ შეიჭრება, თუ მენეჯერთა მხრიდან ადგილი არ ჰქონია არაკეთილსინდისიერებას, განზრახ უგულებელყოფას ან დისკრეციის ბოროტად გამოყენებას (bad faith, willful neglect or abuse of discretion).[1]

66. ინგლისში დივიდენდის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესი რეგულირდება კომპანიების წესდებით და პარტნიორს/აქციონერს დივიდენდის განაწილების შესახებ საერთო კრების გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ადგილი ჰქონდა ქმედებას, რომელსაც საფუძვლად უდევს მის მიმართ უსამართლო წინასწარგანწყობა (unfair prejudice).[2]

67. შვედეთის კანონმდებლობით უმცირესობაში მყოფი პარტნიორის/აქციონერის უფლების დაცვის საშუალებას წაარმოადგენს მინიმალური დივიდენდი, რომლის მოთხოვნის უფლებაც მომგებიანი საწარმოს უმცირესობაში მყოფ პარტნიორს ყოველთვის აქვს.[3] გერმანიის კანონმდებლობა კი ითვალისწინებს, რომ, თუ კომპანიის წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, კომპანიის მენეჯმენტს ან სამეთვალყურეო საბჭოს წლიურ ანგარიშის დამტკიცებისას, შეუძლია მხოლოდ წმინდა მოგების ნახევრი მიმართოს რეზერვის დანიშნულებით. კომპანიის აქციონერთა კრებას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება რეზერვში უფრო მეტი თანხის მიმართვის შესახებ, თუმცა საერთო წესის შესაბამისად, კომპანიის თავისუფალი სახსრების ფონდში (რეზერვში) არ უნდა იქნას მოქცეული თანხა, რომელიც აღემატება კომპანიის კაპიტალის 50%-ს. აქციონერს, რომელიც ფლობს კომპანიის წილის/აქციების 5% მაინც, შეუძლია გაასაჩივროს აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილება, თუ საერთო კრება კომპანიის რეზერვში მოგების თანხებს მიმართავს ორი სტანდარტის დარღვევით: (ა) კეთილგონივრული ბიზნეს გადაწყვეტილების შესაბამისად ასეთი განაწილება არ არის აუცილებელი კომპანიის ჯანსაღი მდგომარეობის/სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად, და (ბ) რეზერვში მოგების თანხის მიმართვას დაჰყავს გასაცემი დივიდენდის ოდენობა საწარმოს მოგების 4%-ზე ქვემოთ.[4]

68. საქართველოს კანონმდებლობა საწარმოს მოგების განაწილების რაიმე შემზღუდავ ნორმას არ შეიცავს და არც მინიმალური დივიდენდის ოდენობას აწესებს. მხოლოდ წესდებით არის შესაძლებელი აღნიშნული საკითხების დარეგულირება. შპს „ა. პ-ის“ წესდების მიხედვით კი საწარმოს მოგების განაწილების სპეციალური წესი განსაზღვრული არ არის. წესდების თანახმად, გასანაწილებელი დივიდენდის ოდენობის განსაზღვრა წარმოადგენს სრულად პარტნიორთა კრების დისკრეციას, რომელმაც დივიდენდის განსაზღვრის შესახებ ერთ შემთხვევაში (2013 წლის 20 მაისს) გადაწყვეტილება მიიღო 2/3 უმრავლესობით (მოსარჩელემ თავი შეიკავა), ხოლო მეორე შემთხვევაში (2013 წლის 6 აგვისტოს) - ერთხმად, მოსარჩელის მონაწილეობით.

69. შესაბამისად, საწარმოს პარტნიორთა აღნიშნული დისკრეციის ფარგლებში სასამართლო ვერ შეიჭრება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პარტნიორთა კრების მხრიდან გასანაწილებელი დივიდენდის ოდენობის განსაზღვრისას საკუთარი უფლებამოსილების არამართლზომიერ გამოყენებას ჰქონდა ადგილი. მოსარჩელე პარტნიორი, რომელიც არ ეთანხმება კრების გადაწყვეტილებას გასანაწილებელი დივიდენდის ოდენობის განსაზღვრის შესახებ, არ უნდა უჭერდეს მხარს აღნიშნულ გადაწყვეტილებას და სარჩელში უნდა უთითებდეს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც სასამართლოს შეუქმნის საწარმოს პარტნიორთა კრების მხრიდან საკუთარი უფლებამოსილების არამართლზომიერად გამოყენების ვარაუდის საფუძველს.

70. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე/კასატორი უთითებს, რომ დავის საგანია საზოგადოების პარტნიორთა კრებებზე 2012 წლის შედეგების მიხედვით გასანაწილებლად გამოტანილი დასაბეგრი მოგებიდან დივიდენდის თანხის არასწორი გამოთვლა-დაანგარიშება იმ საფუძვლით, რომ შპს „ა. პ-ი“-ს 2013 წლის 6 აგვისტოს #1/-1/13 წერილის თანახმად, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი 2012 წლის მოგების დეკლარაციის მიხედვით, დასაბეგრ მოგებად საგადასახადო ორგანოში დეკლარირებულ თანხას 419 353 ლარს (დეკლარაციის მიხედვით ეს თანხა 419 393 ლარია), გარდა ბიუჯეტში მოგების გადასახადის სახით გადახდილი 62 909 ლარისა, თითქოსდა გამოაკლდა სს „ლომისზე“ ლიცენზიის ღირებულების ჩათვლაში 204 027 ლარი, ბანკის სესხის ძირის დაფარვაში კი 171 212 ლარი. კასატორის მითითებით, ასეთი სახის გამოქვითვები დასაბეგრი მოგებიდან ნაწარმოები არ არის და ეს კომპანიის 2012 წლის დეკლარაციის მიხედვითაც დასტურდება, რომელშიც ასახულია ერთობლივი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების გამოქვითვები, რომლებშიც თავისთავად მოქცეულია ლიცენზიის ჩათვლის ან/და ბანკის სესხის ძირის დაფარვის თაობაზე გადასახადები, როგორც ხარჯები. დეკლარაციაში დასაბეგრი მოგების სახით კონკრეტული ციფრის - 419 393 ლარის დაფიქსირება უკვე ნიშნავს იმას, რომ ზემოაღნიშნული ხარჯები გამოქვითულია. მოსარჩელის/კასატორის მითითებით, ვინაიდან პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებებით განაწილებულ იქნა დივიდენდი 2012 წლის შედეგების მიხედვით, რაც დეკლარაციიდან გამომდინარე, შეადგენს საწარმოს დასაბეგრ მოგებას 419 393 ლარის ოდენობით, ამ თანხას უნდა გამოკლებოდა მოგების გადასახადი 15% - 62 909 ლარი, რის შემდეგაც რჩება რა წმინდა მოგების სახით (419 393 – 62 909) 356 484 ლარი, სწორედ აღნიშნული თანხიდან უნდა მომხდარიყო პარტნიორთა წილების შესაბამისად დივიდენდის განაწილება.

71. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ მითითებებს შემდეგი გარემოებების გამო:

72. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის თანახმად, დივიდენდის სახით ნაწილდება საწარმოს წლიური ან შუალედური მოგება. აღნიშნული კანონი არ აწესებს ტერმინი „მოგების“ კონკრეტულ განმარტებას, თუმცა სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში კანონი უთითებს, რომ მოგება დგინდება საზოგადოების ბალანსის საფუძველზე.[5] შპს „ა. პ-ის“ წესდების შესაბამისადაც, მოგების შესახებ წინადადება უნდა ეფუძნებოდეს საზოგადოების ბალანსსა და წლიურ ანგარიშს (მუხლი 21). ამდენად, კანონის სისტემური ანალიზის და კანონსა და წესდებაში თავად ტერმინი „მოგების“ შეფასების საფუძველზე დგინდება, რომ საზოგადოების მოგება განისაზღვრება ბალანსის შესაბამისად, ხოლო „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საზოგადოებები ვალდებულნი არიან ბუღალტრული აღრიცხვა აწარმოონ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად.[6] ამდენად, დივიდენდად შესაძლებელია გაიცეს საზოგადოების მოგება, რომელიც დადგენილია ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შედგენილი ბალანსის მიხედვით. აღნიშნულიდან კი გამომდინარეობს, რომ გასანაწილებელი დივიდენდის ოდენობის განსაზღვრა-დაანგარიშება ხორციელდება არა დასაბეგრი (როგორც ამას კასატორი უთითებს), არამედ საწარმოს ფინანსური მოგებიდან. ამრიგად, გასაცემი დივიდენდის ოდენობის განსაზღვრისათვის საწარმოს დასაბეგრ მოგებაზე მითითება არარელევანტურია.

73. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე არარელევანტურია და სასამართლოს მხრიდან კვლევას არ საჭიროებს სესხის ძირისა და არამატერიალური აქტივის ღირებულების გადახდის დაბეგვრის მიზნებისათვის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯად აღიარება-არაღიარების საკითხი, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მაინც განმარტავს, რომ:

74. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად, გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამასთან, საგადასახადო კოდექსი ადგენს ხარჯების ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის სხვადასხვა ფორმას (ამორტიზაცია, პერიოდის ხარჯად აღიარება და ა.შ.).

75. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს იმავე სახისა და რაოდენობის ფული. სწორედ აღნიშნული რეგულაციის გათვალისწინებით, ვინაიდან სესხის აღებით პირი იღებს ქონებას, რომელიც უნდა დააბრუნოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, დაბეგვრის მიზნებისათვის მსესხებლის მიერ სესხის აღება არ განიხილება შემოსავლად, ხოლო მისი დაბრუნება - ხარჯად. განსახილველი ურთიერთობის ფარლებში მსესხებლისათვის ხარჯი წარმოიშობა სესხზე დარიცხული პროცენტის სახით - მომსახურების საფასური (სსკ-ის მუხლები 105 და 107).

76. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი მოგება არის სხვაობა ერთობლივ შემოსავალსა და საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის. შესაბამისად, დასაბეგრ მოგებაში კრედიტორისათვის გადახდილი სესხის ძირითადი თანხა არ იღებს მონაწილეობას.

77. რაც შეეხება არამატერიალურ აქტივს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია გამოიყენოს აღრიცხვის დარიცხვის მეთოდი. საგადასახადო კოდექსის 142-ე მუხლის შესაბამისად კი განსაზღვრულია, რომ თუ პირი იყენებს დარიცხვის მეთოდს, ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება მომენტი, როცა შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:

ა) შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის მიერ ფინანსური ვალდებულების აღების ცალსახად მიჩნევა;

ბ) ფინანსური ვალდებულების ოდენობა შეიძლება საკმარისი სიზუსტით შეფასდეს;

გ) გარიგების (ხელშეკრულების) ყველა მონაწილემ ფაქტობრივად შეასრულა თავისი ვალდებულება ამ გარიგების (ხელშეკრულების) მიხედვით და სათანადო ანაზღაურება ექვემდებარება აუცილებელ გადახდას.

78. შესაბამისად, დაბეგვრის მიზნებისათვის ხარჯი გაწეულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ თანხა არ არის გადახდილი, მაგრამ სახეზეა ზემოხსენებული პირობები.

79. არამატერიალური აქტივის ნაწილში საგადასახადო კოდექსის 113-ე მუხლი ადგენს, რომ მასთან დაკავშირებული ხარჯი აღიარდება ამორტიზაციის წესით. კერძოდ, არამატერიალური აქტივის ღირებულება აღირიცხება ცალკე საამორტიზაციო ჯგუფად და ხარჯად აღიარდება მათი სასარგებლო გამოყენების ვადის განმავლობაში, საანგარიშო პერიოდის პროპორციულად, ხოლო თუ შესაძლებელია სასარგებლო გამოყენების ვადის განსაზღვრა, ამოტრიზაციის ნორმა შეადგენს 15 პროცენტს.

80. ამდენად, არამატერიალური აქტივის შემძენი პირის მიერ შესაძლებელია ამ აქტივის შეძენასთან დაკავშირებული ხარჯი აღიარებულ იქნას შეძენის მომენტში და ერთობლივი შემოსავლიდან ამ ხარჯის გამოქვითვა განხორციელდეს ამორტიზაციის წესით, რა შემთხვევაშიც, აქტივის ღირებულების შეძენის მომდევნო წლებში გადახდისას გადასახდელი თანხა განმეორებით არ ჩაითვლება ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით თანხად და ვერ მიიღებს მონაწილეობას დასაბეგრი მოგების განსაზღვრისას.

81. შესაბამისად, არასწორია კასატორის მითითება, რომ ერთობლივი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების გამოქვითვებში თავისთავად უკვე მოქცეულია ლიცენზიის ჩათვლის ან/და ბანკის სესხის ძირის დაფარვის თაობაზე გადასახადები, როგორც ხარჯები.

82. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ პარტნიორს დადგენილი წესით არ მიეწოდა საწარმოს ფინანსური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია. გამომდინარე იქიდან, რომ საწარმოს მოგების შესახებ ინფორმაცია ეყრდნობა საწარმოს ბალანსს და წლიურ ანგარიშს, რომელსაც დირექტორი დასამტკიცებლად წარუდგენს პარტნიორთა საერთო კრებას, მნიშვნელოვანია წლიური ანგარიშის მომზადების პროცესში პარტნიორების ჩართულობა. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ყოველ პარტნიორს აქვს უფლება შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების დოკუმენტაციას უშუალოდ ან აუდიტორის მეშვეობით და საწარმოს ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მაგრამ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. ეს პარტნიორის მნიშვნელოვანი უფლებაა და მისი დარღვევა კომპანიის და/ან მისი დირექტორის პასუხისმგებლობას იწვევს, თუმცა სხვა გარემოებებზე კვალიფიციური მითითების არარსებობის პირობებში (იხ. მსჯელობა წინა პარაგრაფებში). აღნიშნული გარემოება, თავისთავად, ვერ ქმნის მიუღებელი დივიდენდის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის სამართლებრივ საფუძველს.

83. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის/აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს მის მოთხოვნას მიუღებელი დივიდენდის ანაზღაურების შესახებ.

84. შესაბამისად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არაკვალიფიციურია და მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამიტომ მისი განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლოს პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

85. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 6 თებერვლის განჩინებასთან ერთად, კასატორი ასაჩივრებს იმავე სასამართლოს 2015 წლის 20 იანვრის საოქმო განჩინებას, რომლითაც სასამართლომ უარი უთხრა საქმის მასალებისათვის დამატებითი მტკიცებულების სახით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 აგვისტოს სააღსრულებო ფურცლის და ადმინისტრაციულ საქმეზე აღსრულების ეროვნული ბიუროს და სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ დ. ო-ის სარჩელის დართვაზე. კასატორის განმარტებისა და სასამართლოს საოქმო განჩინების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ აღნიშნული მტკიცებულებები შეეხებოდა იმ გარემოებას, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ვერ განხორციელდა აღსრულება და დ. ო-ეს არ გადაეცა მის მიერ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე შპს „ა. პ-იდან“ გამოთხოვილი საფინანსო დოკუმენტაცია. როგორც უკვე აღინიშნა, სხვა გარემოებებზე კვალიფიციური მითითების არარსებობის პირობებში ეს გარემობა, თავისთავად, ვერ ქმნის მიუღებელი დივიდენდის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი არ ჰქონია ისეთ საპროცესო დარღვევას, რომლის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

86. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხოლოდ მაშინ აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებების საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

87. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით.

88. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

89. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას დ. ო-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

90. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2052 ლარის 70% – 1436 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. დ. ო-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ დ. ო-ეს (პ/ნ: ...) დაუბრუნდეს მის მიერ 2015 წლის 25 მარტს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2052 ლარის 70% – 1436,4 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე

[1] Dodge v. Ford Motor Co., 204 Mich. 459, 500, 170 N.W. 668, 682, 3 A. L. R. 413 (1919), Melvin Aron Eisenberg, Corporations and Other Business Organizations, Foundation Press, 2005, pp. 1231-1232.

[2] E. Ferran, Company Law and Corporate Finance, Oxford: OUP 1999, pp.415-416.

[3] Andres Vutt, Dividend Payments and Protection of Minority Shareholders, Juridica International Law Review XVI/2009. Available at: http://www.juridicainternational.eu/public/pdf/ji_2009_1_135.pdf , p.138

[4] Don Berger, Shareholder Rights Under the German Stock Corporation Law of 1965, 38 Fordham L. Rev. 687 (1970). Available at: http://ir.lawnet.fordham.edu/flr/vol38/iss4/, pp. 708-715.

[5] „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლები 25.1 და 38.1

[6] „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 4.