საქმე №ას-471-450-2015 20 ნოემბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ნ. ნ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ დ. ნ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _. გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, ქონების გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ნ. ნ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ნ-ის (შემდგომში _ მოპასუხე) მიმართ 2010 წლის 26 აგვისტოს მოსარჩელესა და მოპასუხის კანონიერ წარმომადგენელს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების, ასევე, გაჩუქებული უძრავი ქონების გამოთხოვის მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ მარტივი შედავების ფარგლებში სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე, წარადგინა მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი და აღნიშნა, რომ სარჩელი სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლით განსაზღვრული შედავების 1-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ იყო აღძრული.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე მოწმის დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მათი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
5.1.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2010 წლის 26 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, აპელანტმა მოპასუხეს აჩუქა ქ.თბილისში, თ---ის დასახლების ... კვარტლის ... კორპუსში მდებარე #... ბინა. ვინაიდან, ჩუქების ხელშეკრულების დადების დროისათვის მოპასუხე იყო არასრულწლოვანი, დასაჩუქრებულს წარმოადგენდა ე. ე-ი (მეურვე).
5.1.2. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ხელშეკრულების საგანი საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოპასუხის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება (დამოწმების თარიღი: 26.08.2010წ).
5.1.3. დასაჩუქრებული დაბადებულია 1996 წელს და არის მოსარჩელის შვილიშვილი.
5.1.4. მოსარჩელე მხარე სააპელაციო საჩივარს აფუძნებდა იმ გარემოებებზე, რომ გაჩუქებული ქონება წარმოადგენდა გამჩუქებლის საარსებო წყაროს, იგი იყო სოციალურად დაუცველი და ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდგომ მისი მატერიალური მდგომარეობა არსებითად გაუარესდა.
5.1.5. პალატის განმარტებით, სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ საფუძვლებს: თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ; თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა. თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ, რაც მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებების არსებობის შემთხვევაშია დასაშვები, კერძოდ, თუკი ჩუქების გარიგების დადების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ასეთ შემთხვევაში, მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 103-ე მუხლის თანახმად, აწევს მჩუქებელს. ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მიზნებისთვის კი მძიმე მდგომარეობად, სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მიიჩნევა ისეთი ვითარება, როდესაც გამჩუქებელს არ გააჩნია სახსრები იმისთვის, რომ გამოკვებოს და ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოს საკუთარი თავი. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტმა სასამართლოს ვერ წარმოუდგინა თავისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები, იმის შესახებ, რომ გაჩუქებული ქონება წარმოადგენდა გამჩუქებლის საარსებო წყაროს და გაჩუქებული უძრავი ქონებიდან მოსარჩელე იღებდა რაიმე შემოსავალს.
5.1.6. პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე სამოქალაქო კოდექსის 526-ე მუხლის თაობაზე და აღნიშნა, რომ ნორმის მიზნებისათვის, ქონების გაჩუქების შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქონება არის გამჩუქებლის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების საარსებო წყარო, ანუ, ამ ქონების მეშვეობით გამჩუქებელი შემოსავალს უნდა იღებდეს და გაჩუქების შემდეგ აღარ უნდა რჩებოდეს შემოსავლის სხვა წყარო, რომელიც მისი აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს. საცხოვრებელი სახლის გაჩუქება, თავისთავად, არ გულისხმობს საარსებო წყაროს მოსპობას. თუ ერთადერთი საცხოვრებელი სახლის გაჩუქების შემდეგ გამჩუქებელი, უხეშად რომ ითქვას, ქუჩაში რჩება თავშესაფრის გარეშე, მას ხელშეკრულების გაუქმება შეუძლია, მოითხოვოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე და არა 526-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან, ქონების გაჩუქების შემდეგ იგი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, 526-ე მუხლი კი, ეხება შემთხვევას, როდესაც, ქონების გაჩუქების შემდეგ გამჩუქებელი შემოსავლის გარეშე რჩება. 530-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნის უფლება გააჩნია მხოლოდ გამჩუქებელს, 526-ე მუხლის საფუძველზე კი, გამჩუქებლის კმაყოფაზე მყოფ პირებსაც. პალატის შეფასებით, არ დასტურდებოდა გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე სადავო ბინიდან შემოსავალს იღებდა, ასევე უდავოდ დგინდებოდა, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგაც, მოსარჩელე ცხოვრობდა სადავო ბინაში და ამ ბინით სარგებლობის უფლების შეზღუდვას, ანდა შედავებას ამ უფლებაში მოპასუხის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
5.1.7. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი სარჩელის დაკმაყოფილებას სხვა საფუძვლებთან ერთად, სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლზე მითითებითაც მოითხოვდა და სადავოდ ხდიდა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და უმადურობა არ გამოუჩენია. აღნიშნულ პრეტენზიას მოსარჩელე შემდეგ გარემოებაზე ამყარებს: ჩუქება განხორციელდა იმ მიზეზით, რომ დასაჩუქრებული ყურადღებას გამოიჩენდა დამსაჩუქრებლის მიმართ, მაგრამ ავად გახდომის შემდეგ მოპასუხე მის სანახავადაც კი არ მისულა. მითითებული არგუმენტი პალატამ არ გაიზიარა, რადგან აღნიშნული გარემოება არ შეიძლებოდა მიჩნეული ყოფილიყო მძიმე შეურაცხყოფის მიყენებად ან დიდ უმადურობად.
5.1.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შეამოწმა საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 თებერვლის საოქმო განჩინების (მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ) კანონიერება და აღნიშნა, რომ დაუსაბუთებელი იყო მხარის პრეტენზია დასახელებული განჩინების მიმართ. გაზიარებულ იქნა გასაჩივრებული განჩინების დასკვნა იმის თაობაზე, რომ გარემოებები, რის დასადასტურებლადაც მხარეს სურდა მის მიერ დასახელებულ მოწმეთა დაკითხვა, მოცემული დავის გადაწყვეტისათვის არ იყო არსებითი მნიშვნელობის მქონე.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
6.1.1. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია დავის ფაქტობრივი გარემოებები, სასამართლო სხდომაზე არ შეაფასა მხარის შუამდგომლობა საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე, დაარღვია საპროცესო სამართლის ნორმები, რასაც შედეგად არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა.
6.1.2. პალატამ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლი, არასწორად აღნიშნა, რომ მხარემ ვერ წარადგინა ამ ნორმით გათვალისწინებული შემადგენლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. კასატორი არ ეთანხმება პალატის მსჯელობას, რომლის თანახმადაც მას უნდა წარედგინა მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გაჩუქებული ქონება წარმოადგენდა საარსებო წყაროს და გამჩუქებელი ვეღარ იღებდა შემოსავალს. მითითებული მტკიცებულებებით დგინდება მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის 526-ე მუხლის შემადგენლობა, ხოლო მოთხოვნილი საფუძვლით სარჩელის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილია, რაც სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ის, რომ ჩუქების ხელშეკრულების დადების დროს გამჩუქებელი თავად გაჰყვა დასაჩუქრებულს ქონების გადასაფორმებლად და ხელშეკრულების დადებისას მისი ჯანმრთელობის მდგომაროება არსებულთან შედარებით იმდენად უკეთესი იყო, რომ შეეძლო დამოუკიდებლად გადაადგილება. ამჟამინდელ ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენს პენსია, რომელიც მედიკამენტების შეძენისთვისაც კი არ არის საკმარისი და რომ არა დისა და მისი ოჯახის დახმარება, კასატორი ცოცხალი აღარ იქნებოდა. პალატამ ასევე არ გამოიკვლია საქმეში არსებული სამედიცინო ცნობები და ამ თვალსაზრისით უმადურობის ფაქტზე არ უმსჯელია, არ უმსჯელია ქვეყანაში დამკვიდრებულ წეს-ჩვეულებებზეც, როდესაც ხანდაზმული ადამიანი ჩუქნის ქონებას შვილიშვილს.
6.1.3. კასატორის მიერ ჩუქების ხელშეკრულების დადების მიზანს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ დასაჩუქრებული სათანადო თანადგომასა და მხარდაჭერას გამოიჩენდა ბებიის მიმართ, ვინაიდან კასატორის შვილი უკრაინაში ცხოვრობს, ხოლო მშვილიშვილი _ გერმანიაში და გამჩუქებლის ერთადერთი იმედი იყო მოპაუხე. სწორედ უმადურობაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ მოსარჩელე სამჯერ აღმოჩნდა საავადმყოფოში და მასთან არც ერთხელ არ მისულა მოპასუხე, რაიმე თანადგომა ბებიის მიმართ არ გამოუხატავს.
6.1.4. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, მოპასუხემ შესაგებლში მითითებული გარემოებები შეცვალა სასამართლოსათვის ახსნა-განმარტების მიცემისას, შესაგებელში მოპასუხე აღნშნავდა, რომ მოსარჩელეს მისთვის დახმარების თხოვნით არასოდეს მიუმართავს, ხოლო სხდომაზე განმარტა, რომ კასატორს შესთავაზეს დახმარება და მათთან საცხოვრებლად გადასვლა, რასაც იგი არ დაეთანხმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს უძრავ ქონებაზე დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება და ნივთის გამოთხოვა. ამ თვალსაზრისით მხარე საკუთარ მოთხოვნას ამყარებდა იმ გარემოებებზე, რომ: მეუღლისაგან მემკვიდრეობით მიღებული საცხოვრებელი სადგომი აჩუქა არასრულწლოვან შვილიშვილს; ჩუქების ხელშეკრულება იმ პირობით გააფორმა, რომ დასაჩუქრებული და მისი კანონიერი წარმომადგენელი სათანადო მზრუნველობას გამოიჩენდნენ მოსარჩელის მიმართ, მოუვლიდნენ და მატერიალურ დახმარებას გაუწევდნენ მას; მოსარჩელეს გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის გამოც არაერთხელ მოხვდა საავადმყოფოში; დასაჩუქრებულს მის მიმართ მზრუნველობა არ გამოუჩენია, არ მიუკითხავს, ამასთანავე, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, არ შეუძენიათ სამკურნალო საშუალებები, არ გაუწევია ფინანსური დახმარება. მოსარჩელის მოსაზრებით, მის ვაჟსა და დასაჩუქრებული პირის კანონიერ წარმომადგენელს _ დედას შორის ოჯახური მდგომაროების გართულების გამო, ე. ე-მა (მოპასუხის კანონიერი წარმომადგენელი) შეწყვიტა ის მცირედი ყურადღებაც კი, რასაც ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ იჩენდა, მოსარჩელისვე განმარტებით, ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდგომ, იმდენად გაუარესდა მისი მდგომარეობა, რომ დამოუკიდებლად არ შეუძლია ირჩინოს თავი.
1.2. სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებლის მიხედვით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, თუმცა დასაბუთებული შედავება ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარუდგენია, აღნიშნა მხოლოდ ის, რომ მოსარჩელის შვილსა და მის მეუღლეს შორის ოჯახური ურთიერთობა ფაქტობრივად 2000 წლიდანაა შეწყვეტილი და იგი 2012 წელს ვერ გართულდებოდა. დავის დამატებით ფაქტობრივ გარეოებად მოპასუხემ მიუთითა დასაჩუქრებულის არასრულწლოვანებაზე, რის გამოც დ. ნ-ი ვერ შეძლებდა ბებიის ფინანსურ დახმარებას, ამასთანავე, აღნიშნა, რომ გასული იყო შედავების ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადა.
1.3. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით განაცხადა, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურება, რაც საფუძვლად დაედებოდა ჩუქების გაუქმებასა და საჩუქრის გამოთხოვას, ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2010 წლის 26 აგვისტოს ჩუქების ხელშეკრულების საგანი, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, რეგისტრირებულია მოპასუხის საკუთრებად.
1.4. სააპელაციო პალატის შეფასებებსა და დასკვნებს არ ეთანხმება კასატორი, რომელმაც წარმოადგინა პრეტენზია, როგორც განჩინების ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი დასაბუთების თაობაზე.
1.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
1.6. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის არგუმენტებს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო საპროცესო ნორმების დარღვევის თაობაზე და ყურადღებას კვლავ გაამახვილებს სარჩელში მითითებულ იმ გარემოებებზე, რომელთა თანახმადაც, სადავო ჩუქების ხელშეკრულება იმ პირობით დაიდო, რომ დასაჩუქრებული გამოიჩენდა მატერიალურ მხარდაჭერას დამსაჩუქრებლის მიმართ, მოუვლიდა და იზრუნებდა მასზე. მითითებული გარემოება მოსარჩელემ არა მარტო სარჩელში, არამედ სააპელაციო და საკასაციო საჩივარშიც მიუთითა, საქმეში წარმოდგენილი შესაგებელი ამ კუთხით არა თუ დასაბუთებულ შედავებას, ამ გარემოების უარყოფასაც კი არ შეიცავს. საკასაციო პალატა მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლს, რომლის პირველი ნაწილის თანახმადაც, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე ნორმის მე-4 ნაწილით კი, განსაზღვრულია, რომ პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. საპროცესო ნორმის მოხმობილი დანაწესები შეიძლება განიმარტოს ამავე კოდექსის 219-ე მუხლთან ერთობლიობაში, რომლის პირველი ნაწილის თანახმადაც, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მტკიცება გამჩუქებლის მიმართ ნაკისრი მზრუნველობა-მოვლის ვალდებულების თაობაზე, ხოლო სასამართლოს ამ გარემოებისათვის შეფასება არ მიუცია, რის თაობაზეც მართებულად მიუთითა კასატორმა.
1.7. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით გათვალისწინებულია მხარის ვალდებულება, სასამართლოს მოახსენოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებზეც თავის მოთხოვნას ამყარებს და მოთხოვნის შინაარსი, ასევე, მიზანშეწონილია, თუ მხარეები მოთხოვნის იმ სამართლებრივ საფუძველზეც - ნორმაზე მიუთითებენ, რომელსაც მათი მოთხოვნა ან, შესაბამისად, შესაგებელი ემყარება (პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი: სამართლებრივი საფუძვლები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს), თუმცა ეს არ არის შემზღუდავი სასამართლოსათვის და არც გავლენას ახდენს დავის შედეგზე, ანუ მოსამართლისათვის სავალდებულო არ არის მხარეთა მოსაზრებები, თუ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად რა სამართლებრივი საფუძველი უნდა იქნეს გამოყენებული და არც კანონის იმპერატიული დათქმაა, რომ გამოტანილი გადაწყვეტილება დაეფუძნოს მხარეთა მიერ მითითებულ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს. თუკი მხარეები განსაზღვრულ საკითხებთან მიმართებით არასწორ ან არამყარ სამართლებრივ პოზიციებს ირჩევენ, საქმის მასალებზე დაყრდნობითა და სხვაგვარი დასაბუთებით სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა. სწორედ აღნიშნული წარმოადგენს სამოსამართლო საქმიანობას, რომელიც უზრუნველყოფს კერძო სამართლის სუბიექტთა დარღვეული უფლებებისა და ინტერესების სრულყოფილად და ეფექტურად დაცვას (იხ. სუსგ Nას-877-825-2010, 28 დეკემბერი, 2010 წელი). მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ ისე იმსჯელა მოსარჩელის მიერ მითითებულ სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლებზე, რომ მას არ გამოუკვლევია მხარეთა ნამდვილი ნება იმის შესახებ, თუ ხელშეკრულებით რეალურად რაზე შეთანხმდნენ მხარეები და არ დაუდგენია, წერილობითი გარიგება ხომ არ წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსის 941-ე მუხლით განსაზღვრულ ნებას, რომლის თანახმადაც, პირი, რომელიც კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას (მარჩენალი), მოვალეა გადაუხადოს იგი სარჩოს მიმღებს (სარჩენს) მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით). ამ თვალსაზრისით საგულისხმოა, რომ გარიგება დადებულია წერილობით და დამოწმებულია საჯარო რეესტრის უფლებამოსილი პირის მიერ, გარიგების საგანი მოსარჩელის მფლობელობაშია და ხელშეკრულების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად მოსარჩელე მოწინააღმდეგე მხარის მიერ სწორედ სათანადო მზრუნველობის განუხორციელებლობას მიუთითებს.
1.8. მოცემულ შემთხვევაში, პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას, ჩუქების გაუქმებისას სამოქალაქო კოდექსის 526-ე, 529-ე და 530-ე მუხლების დისპოზიციით განსაზღვრული საფუძვლების გამიჯვნის თაობაზე. პალატა აღნიშნავს, რომ ქონების უსასყიდლოდ გადაცემის (ჩუქების) დროს, დასაჩუქრებულის ქონების გაზრდა ხდება მისი მხრიდან საპასუხო შესრულების გარეშე. ზოგადად, ის ფაქტი, რომ მოპასუხე სათანადო მზრუნველობას არ იჩენს და ყურადღებას არ აქცევს მოსარჩელეს, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს დასკვნას იმის შესახებ, რომ დასაჩუქრებულმა გამჩუქებლის მიმართ დიდი უმადურობა გამოიჩინა ან ამით აყენებს მას მძიმე შეურაცხყოფას. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა „მსგავსი მოთხოვნის შემთხვევაში, მოსარჩელის განსასაზღვრია, რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან შეურაცხყოფად, თუმცა კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე, კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, რომ, სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა“ (იხ. სუსგ №ას-1235-1176-2014, 2015 წლის 24 თებერვალი). გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა მხარედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ჩუქების ხელშეკრულების ფარგლებში წინამდებარე დავის შეფასების შემთხვევაშიც კი, სააპელაციო სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლით განსაზღვრული საფუძვლით ჩუქების გაუქმების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა. ერთ ერთ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ერთადერთი ბინის გაჩუქებით მოსარჩელისათვის არაფერი შეცვლილა მატერიალური მდგომარეობის გაუარესების კუთხით, რადგანაც ის ინარჩუნებდა გაჩუქებული ბინის მფლობელობას, ამდენად, არ არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის შემადგენლობა. საკასაციო პალატამ არ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს ეს შეფასება და სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მითითებული ნორმით რეგულირებისათვის ყურადღება გაამახვილა შემდეგ საკითხებზე: გაჩუქებული ქონება წარმოადგენდა გამჩუქებლის ერთადერთ საცხოვრისს; გამჩუქებელი იყო ხანდაზმული, საჭიროებდა მოვლას და სხვა აუცილებელ დახმარებას; დასაჩუქრებულს ობიექტურად არ ჰქონდა შესაძლებლობა, მატერიალური და სხვა სახის დახმარება გაეწია ბებიისათვის. საკასაციო სასამართლოს დასკვნით, „ქონების გასხვისებით კასატორი უდავოდ ჩავარდა მძიმე მდგომარეობაში, მას მოესპო იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი შეხედულებით განკარგოს ქონება, მაგალითად, გააქირაოს (სსკ-ის 531-ე მუხლი) და მიიღოს სარგებელი ან მთელი სიცოცხლის მანძილზე მისთვის მისაღებ პირს (მარჩენალს) სარჩოს გადახდის პირობით, გადასცეს უძრავ ნივთზე საკუთრება (სსკ-ის 941- 942-ე მუხლი) და ა.შ.“ (იხ. სუსგ №ას-710-676-2015, 22 სექტემბერი, 2015 წელი).
1.9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები (საჭიროა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა), საკასაციო პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას თავად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, ვიდრე ობიექტურად არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.
2. სასამართლო ხარჯები:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ივნისის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის _ 500 ლარის გადახდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებემდე. საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას, სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 55-ე მუხლების შესაბამისად, უნდა იმსჯელოს პროცესის ხარჯების თაობაზეც.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის განჩინებით კასატორს სახელმწიფო ბაჟის _ 500 ლარის გადახდა გადავადებული აქვს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური