№330210014407127
საქმე №ას-776-733-2015 02 დეკემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ა(ა)იპ „საკალთბურთო კლუბი შსს აკადემია“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებით გაცდენილი დროის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ა(ა)იპ „საკალთბურთო კლუბ შსს აკადემიის“ მიმართ, რომლითაც მოითხოვა:
1. ა(ა)იპ „საკალათბურთო კლუბ შსს აკადემიის” 2013 წლის 02 დეკემბრის №- ბრძანების („საკალათბურთო კლუბ შსს აკადემიის” მწვრთნელ ზ-ისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ) ბათილად ცნობა;
2. ზ-ის აღდგენა ა(ა)იპ „საკალათბურთო კლუბ შსს აკადემიაში” მწვრთნელის თანამდებობაზე;
3. ა(ა)იპ „საკალათბურთო კლუბ შსს აკადემიისათვის”, ზ--ის სასარგებლოდ, 2013 წლის 02 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდის იძულებით გაცდენილი დროის ანაზღაურების დაკისრება, მისი ყოველთვიური ხელფასის - 750 ლარის გათვალისწინებით.
სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ ზ-ის, როგორც კალათბურთის მწვრთნელის ვალდებულებას წარმოადგენდა ა(ა)იპ „საკალათბურთო კლუბ შსს აკადემიის” საკალათბურთო გუნდის ვარჯიში და სხვადასხვა სახის შეჯიბრებაში სათამაშოდ გამოყვანა, რასაც მოსარჩელე პირნათლად ასრულებდა. დამსაქმებლისაგან არასდროს მიუღია რაიმე სახის შენიშვნა. შესაბამისად, მას უკანონოდ მიაჩნდა ა(ა)იპ „საკალათბურთო კლუბ შსს აკადემიის” 2013 წლის 02 დეკემბრის №- ბრძანება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და სარჩელზე წარმოდგენილ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე, სასამართლოსათვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში აღნიშნა, რომ ზ-ე, როგორც მწვრთნელი, კლუბში მიწვეული იყო კლუბის სპორტული დირექტორის - ლ- მ-ის მიერ, რომელიც კლუბის არასწორი დაკომპლექტებისა და უარყოფითი შედეგების გამო დათხოვილ იქნა კლუბიდან. გამოირკვა, რომ მოსარჩელე პოლიციის საკალათბურთო ბაზაზე თითქმის არავის უნახავს. იგი ძალიან იშვიათად ცხადდებოდა აკადემიაში. მის 14-წლამდელთა გუნდს ავარჯიშებდა მხოლოდ მეორე მწვრთნელი - ვასილ ბ-ი. ამასთან, ზ-ე აკადემიის სახელით, ბავშვებს ავარჯიშებდა ტერიტორიულად სხვა ადგილას. ზ-ე არაჯეროვნად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ-ის სარჩელი სსიპ ,,საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიას’’ მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ზ-ემ და მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება, სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილებით ზ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ააიპ „საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიას“ დირექტორის 2013 წლის 02 დეკემბრის N- ბრძანება ზ-ესთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; ააიპ „საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიას“ დაეკისრა კომპენსაციის – 3,600 ლარის (6 თვის გასაცემი ხელფასი) გადახდა ზ--ის სასარგებლოდ. ზ-ის სარჩელი პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2013 წლის 30 ივლისს ა(ა)იპ ,,საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიასა’’ (დირექტორი ზ-კ-ე) და ზ-ეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ზ-ეს, როგორც მწვრთნელს, დაევალა კლუბის 18 წლამდე კალათბურთელთა გუნდის ვარჯიში და სხვადასხვა სახის შეჯიბრებაში მათი სათამაშოდ გამოყვანა.
ხელშეკრულების 2.1 მუხლის თანახმად, მწვრთნელის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება 750 ლარით.
ხელშეკრულების 5.1 მუხლის მიხედვით, მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 01 აგვისტოდან 2014 წლის 01 ივნისამდე. ხოლო, 5.4 მუხლის თანახმად, დამსაქმებელი უფლებამოსილია მწვრთნელს შეუწყვიტოს ხელშეკრულება, ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის, ასევე, ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ მიმართული შეუფერებელი საქციელისათვის, რომელიც ლახავს კლუბისა და მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესებს.
მხარეები არ დავობენ, რომ 2013 წლის სეზონის დასაწყისიდან, ზ-ე, მეორე მწვრთნელ ვ. ბ–თან ერთად, მიმაგრებული იყო 14-წლამდელთა გუნდზე, რომელსაც იმ სეზონში წაგება არ ჰქონდა და წარმატებით ასპარეზობდა საქართველოს პირველობაზე.
ა(ა)იპ „საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიის” კლუბის დირექტორის 2013 წლის 02 დეკემბრის N- ბრძანებით, ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის, „საკალათბურთო კლუბ შსს აკადემიას'' მწვრთნელს ზ-ეს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება 2013 წლის 02 დეკემბრიდან.
ბრძანებაში ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მიეთითა ა(ა)იპ ,,საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიის’’ წესდების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ლ’’ ქვეპუნქტი და „საკალათბურთო კლუბ შსს აკადემიასა'' და ზ-ეს შორის 2013 წლის 30 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების 5.4 პუნქტი.
ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად ასევე მიეთითა კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება (ტომი 1; ს.ფ. 10).
ზ--ეს დამსაქმებელისათვის არ გაუგზავნია წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ დაუდასტურებლად მიიჩნია ზ-ის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევის ფაქტი და აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დგინდებოდა კონკრეტულად რაში გამოიხატა „ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულება".
ამასთან, აღნიშნა, რომ იმ ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას, მთლიანად ეკისრებოდა დამსაქმებელს (მოპასუხეს).
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემული მსჯელობა ურთიერთწინააღმდეგობრივი იყო, კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლო, ერთი მხრივ, აღნიშნავდა, რომ „ზ--ე 2013 წლის შემოდგომით სამსახურში სისტემატურად არ ცხადდებოდა, რაიმე საპატიო მიზეზის დამსაქმებლისათვის შეტყობინების გარეშე. მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა სამსახურში მისი სისტემატური გამოცხადებისა და შესაბამისად, სამსახურის (ვარჯიშების) გაუცდენლობის ფაქტი, რაც სწორედ მას ეკისრებოდა“, მეორე მხრივ, იქვე რამდენიმე აბზაცით ქვემოთ მიუთითებდა, რომ „განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელს გააჩნდა უპირატესობა, სასამართლოსათვის წარედგინა მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა მუშაკმა დაარღვია შრომითი მოვალეობები, რაც კონკრეტულ ქმედებაში გამოიხატა, ვიდრე მუშაკს ედასტურებინა, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია არამართლზომიერ მოქმედებებს“ (იხ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-6 და მე-7 გვერდები).
მოცემულ საქმეზე სადავოდ გამხდარი ბრძანების ფაქტობრივი საფუძვლის ბუნდოვანება, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ართულებდა ბრძანების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებას სადავო პერიოდში მოქმედი შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველ ნაწილთან მიმართებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ-ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად უნდა განხილულიყო შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ" ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია – დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.
მოპასუხე მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულების მტკიცებისას ეყრდნობოდა ზ-ის სამსახურში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას, რაც დაეფუძნა ა(ა)იპ ,,საკალათბურთო კლუბი შსს აკადემის’’ თანამშრომლების: ა. ჟ-ს, გ. ნ-ის, დ. ა-ის, ვ. ც-ის ჩვენებებს.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის ინიციატივით დაკითხული მოწმეების: ლ. მ-ისა და მ. გ-ის ჩვენებები მათი ზედაპირულობისა და ამასთან, იმის გამო, რომ ორივე მათგანი სამსახურიდან გათავისუფლებული იყო მოსარჩელის გათავისუფლებამდე გარკვეული ხნით ადრე, სამსახურში გამოუცხადებლობისა და სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების გამო.
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ეს მოსაზრებები არ გაიზიარა შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წინამდებარე საქმეზე საქალაქო სასამართლოს სათანადოდ არა ჰქონდა დასაბუთებული მოწმეების ლ. მ-ისა და მ. გ-ის ჩვენებების უარყოფა და აღნიშნა, რომ, მოპასუხის მოწმეებისგან განსხვავებით, ისინი წარმოადგენდნენ ა(ა)იპ „საკალათბურთო კლუბ შსს აკადემიის” მენეჯმენტს. კერძოდ, სადავო პერიოდში ლ.მ-ე იყო „კლუბის“ სპორტული დირექტორი, ხოლო მ. გ-ე – კლუბის ტექნიკური მენეჯერი. შესაბამისად, ფუნქციონალურად სწორედ მათ ევალებოდათ ასაკობრივი გუნდების მწვრთნელების საქმიანობაზე კონტროლი. პირველი ინსტანციის სასამართლომ მათი ჩვენებები არ გაიზიარა ზედაპირულობის გამო, თუმცა, არ აკონკრეტებდა რატომ მივიდა ამ დასკვნამდე.
აღნიშნულის საპირისპიროდ, სააპელაციო პალატა, მათი ჩვენებების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე შეფასების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ იყო ზედაპირული, დასახელებულმა მოწმეებმა, კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებზე მითითებით, დაადასტურეს, რომ სადავო პერიოდში მოსარჩელე ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
კერძოდ, ლ- მ-ის ჩვენებით დგინდებოდა, რომ ზ-ე, როგორც მწვრთნელი, სადავო პერიოდში მიმაგრებული იყო 14-წლამდელთა გუნდზე. ამავე პერიოდში, ზ-ე ავარჯიშებდა სხვა ახალგაზრდა კალათბურთელებს, ე.წ. „დიდუბის მანეჟის” ბაზაზე. 14-წლამდელთა გუნდს „კლუბის” ბაზაზე ვარჯიშები უტარდებოდათ კვირაში ორჯერ, სამშაბათს და ხუთშაბათს, საღამოს 20-საათიდან. დანარჩენ დღეებში ვარჯიშები ტარდებოდა „დიდუბის მანეჟში”. ლ. მ-ე უშუალოდ ფლობდა ვარჯიშების შესახებ ინფორმაციას, როგორც ზ-ისაგან, ისე, მეორე მწვრთნელის ვ. ბ-ისაგან. ნოემბრის თვეში ზ-ე მას რამდენიმეჯერ, დაახლოებით 3-4 ჯერ, გაეთავისუფლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. იგი ხშირად ცხადდებოდა ვარჯიშებზე და მისგან იღებდა ინფორმაციას. შედეგი კი იყო ის, რომ გუნდს წაგება არ ჰქონია.
მოწმე მ. გ-ის ჩვენებით, რომელსაც ევალებოდა ორგანიზაციული საკითხების მოგვარება, მათ შორის, ყველა ასაკობრივი გუნდის საქმიანობის კონტროლი, დგინდებოდა, რომ იგი ხშირად ნახულობდა ზ-ეს ვარჯიშის დაწყებამდე. როცა ზ-ე ვერ მოდიოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იგი წინასწარ ითხოვდა განთავისუფლებას, ანუ რეკავდა მათთან, თუმცა ეს იყო იშვიათი შემთხვევა. მოწმის განმარტებით, სხვა არანაირი კონტროლი სამსახურში გამოცხადების თაობაზე დაწესებული არ ყოფილა. მოწმემ უარყო ნოემბერში ზ-ის სამსახურში სისტემატური გამოუცხადებლობის ფაქტი. მისი განმარტებით, კონტრაქტის განმავლობაში ზ--ის მხრიდან სამსახურში სისტემატურად გამოუცხადებლობას ადგილი არ ჰქონია.
რაც შეეხება მითითებულ მოწმეთა ჩვენებების უარყოფის მეორე საფუძველს, თითქოს, ორივე მათგანი სამსახურიდან გათავისუფლებული იყო მოსარჩელის გათავისუფლებამდე გარკვეული ხნით ადრე, სამსახურში გამოუცხადებლობისა და სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების გამო, პალატამ არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ ლ. მ-ისა და მ. გ-ის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანებები ბათილად იყო ცნობილი სასამართლო გადაწყვეტილებებით. ამასთან, მ. გ-ის ნაწილში, სასამართლო გადაწყვეტილება შესული იყო კანონიერ ძალაში.
ამ ვითარებაში, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხეს, რომელიც წარმოადგენდა ტექნიკურად კარგად აღჭურვილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს, სასამართლოსთვის უნდა წარედგინა სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც უტყუარად დაადასტურებდა კონკრეტულ რიცხვებში მოსარჩელის სამსახურში გამოუცხადებლობას არასაპატიო მიზეზით. ამასთან, დამსაქმებელს ზ-ის შესაძლო დისციპლინური გადაცდომის საკითხზე არ უწარმოებია რაიმე შემოწმება, თვით დასაქმებულისათვის არ მოუთხოვია ახსნა–განმარტება კონკრეტულ სამუშაო დღეს სამსახურში გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით, განმარტება არ ჩამოურთმევიათ ზ-ის თანაშემწე ვ. ბ-ისთვის და არც სასამართლო სხდომაზე მისი მოწმის სახით დაკითხვა მოუთხოვიათ. უფრო მეტიც, პალატას ექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ დამსაქმებელმა ჯერ გამოსცა სადავო ბრძანება ზ-ის გათავისუფლების შესახებ და შემდეგ დაიწყო ამ ბრძანების ფაქტობრივი საფუძვლის დამადასტურებელი მტკიცებულებების შეგროვება. საწინააღმდეგო შემთხვევაში, ასეთ მტკიცებულებებზე მას სადავო ბრძანებაში უნდა მიეთითებინა.
პალატამ მიუთითა მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების 5.4 პუნქტზე, რომლის თანახმად, დამქირავებელი უფლებამოსილია მწვრთნელს შეუწყვიტოს ხელშეკრულება, ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის...
ა(ა)იპ „საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიის” შინაგანაწესის 8.2 მუხლის თანახმად, კლუბის შინაგანაწესი კლუბსა და კლუბის წევრებს შორის დადებული ხელშეკრულების ნაწილია.
შინაგანაწესის 6.1 მუხლის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, კლუბის წევრები ვალდებულნი არიან დროულად გამოცხადდნენ ბაზაზე, ხოლო „ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, დღის (დღის ნაწილის) საპატიო მიზეზით შესაძლო გაცდენის შემთხვევაში, წინასწარ აცნობონ კლუბის ხელმძღვანელობას. შინაგანაწესის 7.3 მუხლის თანახმად, კლუბის წევრთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტა შეიძლება შინაგანაწესის უხეში დარღვევისათვის და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის. შინაგანაწესის 7.4 მუხლის „ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, კლუბის წევრს შეიძლება შეუწყდეს მასთან დადებული ხელშეკრულება ბაზაზე არასაპატიოდ გამოუცხადებლობის (ორი ან მეტი დღე) შემთხვევაში.
ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელესთან მიმართებით სახეზე არ იყო შინაგანაწესის 7.4 მუხლის „ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული წერილი ვერ გამოდგებოდა მოსარჩელის მხრიდან შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად; ამასთან, საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების ერთობლიობაში შეფასებით პალატამ დაასკვნა, რომ ყოფილი მთავარი მწვრთნელის მიერ დასახელებული გუნდის წარუმატებლობის მთავარი მიზეზი – უცხოელ და ქართველ კვალიფიციურ მოთამაშეებთან კონტრაქტების გაუფორმებლობა, გამოწვეული იქნა 2013–2014წწ. სეზონის დასაწყისში კლუბის ხელმძღვანელობის (დირექტორი ზ- კ-ე) მცდარი სტრატეგიით, რაც გამოიხატა ძვირადღირებული და კვალიფიციური კალათბურთელების ტრანსფერებისგან თავის შეკავებაში.
სააპელაციო სასამართლომ აღინიშნა, რომ შრომითი ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ, შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევისას შეწყვიტონ შრომითი ხელშეკრულება. პრაქტიკაში, აღნიშნული ნორმა, უმეტესწილად დამსაქმებლის უფლების გამოყენებით გამოიხატება; კერძოდ, დამსაქმებლი დასაქმებულთან წყვეტს შრომით ხელშეკრულებას დასაქმებულის მიერ შრომითი პირობების დარღვევის გამო. ამიტომ, ამ საფუძვლით შრომითი ურთიერთობის მოშლა, რასაც უკავშირდება დასაქმებულის შრომითი უფლების შეწყვეტა, მოითხოვს შეწყვეტის საფუძვლის ძალიან დეტალურ და გულმოდგინე შესწავლასა და შეფასებას. ამგვარი შეფასება მნიშვნელოვანია მხარეთა შორის (დამსაქმებელი-დასაქმებული) სამართლიანი ბალანსის დასაცავად. ერთი მხრივ, დასაქმებულს უსაფუძვლოდ არ უნდა შეუწყდეს შრომითი ხელშეკრულება და ამით არ მოესპოს საარსებო საშუალება, ხოლო, მეორე მხრივ, დამსაქმებელს არ უნდა შეეზღუდოს შრომითი მოვალეობების დამრღვევი მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების უფლება და მისთვის მიუღებელი მუშაკის სამუშაოზე დატოვებით არ უნდა შეექმნას გარკვეული რისკები.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია, რომ დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან დათხოვნისას, თუნდაც, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის წინაპირობებისას, უნდა არსებობდეს გათავისუფლების გონივრული საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ ასევე, მიუთითა შემდეგზე: 1919 წლის ვერსალის ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილია შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (შსო), რომლის ფარგლებშიც შემუშავებულია შრომითი უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები და კონვენციები. ერთ-ერთი მათგანია შსო-ს N158 შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კონვენცია, რომელიც 1982 წელს არის მიღებული და ითვალისწინების გონივრული საფუძვლის ცნებას. კონვენციის მიხედვით, „გონივრულობის“ პრინციპი ასახული უნდა იყოს ყველა სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ დონეზე და განმტკიცებული უნდა იყოს საკანონმდებლო სისტემაში. „რაც შეეხება საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ იგი 158-ე კონვენციის მონაწილე მხარე არ არის, მას „გონივრული საფუძვლის“ პრინციპის კონვენციისეული მნიშვნელობით შიდასახელმწიფოებრივ დონეზე დანერგვის მოვალეობა იმავე ხარისხითა და მოცულობით აკისრია, როგორც ეს - კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოებს. საქართველოს ეს საერთაშორისო ვალდებულება საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლიდან და ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლიდან გამომდინარეობს“ (ციტირებულია: ლ.კასრაძე, სახელმწიფოს მინიმალური ვალდებულება და „გონივრულობის საფუძვლის” პრინციპი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების საქმეში: შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტი”(ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტები და საქართველო-სტატიათა კრებული. ავტ. კ.კორკელია 2011)).
პალატამ ასევე განმარტა, რომ „შრომით ურთიერთობაში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა არ ეწინააღმდეგება ამ კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მასთან თანხვედრაშია, კერძოდ, კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად, დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნა შეიძლება მხოლოდ კანონიერი საფუძვლის არსებობისას, რაც უკავშირდება დასაქმებულის შესაძლებლობებსა და ქცევის წესს ან დაწესებულების, საწარმოს აუცილებლობას ან სამსახურს“.
აღნიშნული კონვენციის სრული სათაურია „დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ კონვენცია“. შესაბამისად, იგი ძირითადად დასაქმებულის უკანონო საფუძვლით დათხოვნისაგან დაცვაზეა ორიენტირებული, თუმცა ამავე დროს, კონვენცია მიზნად ისხავს წონასწორობის დამყარებას შრომითი ურთიერთობის მონაწილე მხარეებს შორის. კონვენცია არ ითვალისწინებს დასაქმებულის დაცვას დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ნებისმიერი შემთხვევის დროს. ამ მხრივ კონცენცია შეიცავს სპეციალური დათქმებს, რაც დამსაქმებელს უფლებას აძლევს, გაათავისუფლოს მუშაკი გარკვეული წინაპირობების არსებობისას. ამგვარი დათქმები გაბნეულია სხვადასხვა მუხლში, ასე მაგ.მუხლი მე-2.მ, მე-4, მ. მე-11.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემული კონვენცია მოიცავს რეგულაციას, თუ რა ჩაითვლება მუშაკის უკანონო დათხოვნად, ისევე როგორც - რა არ ჩაითვლება. კონვენციის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, მუშაკის დათხოვნის გონივრული საფუძველი კავშირში უნდა იყოს ა) მუშაკის არაკომპეტენტურობასთან ან/და არასათანადო ქცევასთან ან ბ) უნდა მომდინარეობდეს საწარმოს, დაწესებულების თუ მათი სერვისის ოპერაციული საჭიროებიდან. ამგვარ კვალიფიკაციების დადგენისას კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საზედამხედველო ორგანოს - ექსპერტთა კომიტეტის კომენტარებს, გადაწყვეტილებებსა და საერთაშორისო შრომით რეკომენდაციებს, რომელთაც, მართალია, სარეკომენდაციო ხასიათი აქვთ, მაგრამ განმარტავენ კონვენციის ტექსტს, რეგულირების მასშტაბებს და ისინი შესაძლოა წარმოდგენილ იქნას, როგორც შთაგონების წყარო კანონმდებლობისა და ეროვნული სასამართლოებისთვის. შსო-ს ექსპერტთა კომისიის 1995 წლის მოხსენებაში მიმოხილულია „არასათანადო ქცევის“ კონცეფცია, რომელიც, თავის მხრივ, იყოფა ორ კომპონენტად:
1. მუშა-მოსამსახურეთა მიერ შრომითი კონტრაქტით გათვალისწინებული მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება (არასათანადო პროფესიული ქცევა);
2. შეუფერებელი ყოფაქცევა.
მუშაკის მიერ „შრომითი კონტრაქტით გათვალისწინებული მოვალეობების არაჯეროვან შესრულებაში“ იგულისხმება:
- სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების უგულებელყოფა;
- შრომის შინაგანაწესის დარღვევა (განსაკუთრებით, უსაფრთხოების ან ჯანმრთელობის დაცვის წესების კუთხით);
- დამსაქმებლის ლეგიტიმური ბრძანების დაუმორჩილებლობა;
- არასაპატიო მიზეზით სამუშაოზე დაგვიანება ან საერთოდ გამოუცხადებლობა“ (ციტირებულია: შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის N158 კონვენციისა და N166 რეკომენდაციის ზოგადი მიმოხილვა, 89-ე პუნქტი; 1995წ. შრომის საერთაშორისო კონფერენცია, 82-ე სესია).
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებები წარმოადგენს დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების გონივრულ, ლეგიტიმურ საფუძვლებს. შესაბამისად, პალატამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას: წარმოადგენს თუ არა მოსარჩელის ქმედებები საკმარისად სერიოზულ საფუძველს იმისათვის, რომ დამსაქმებელმა მასთან შრომითი ხელშეკრულება შეწყვიტოს. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ამ კითხვას უნდა გაეცეს ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი პასუხი.
ამდენად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დამსაქმებლის მიერ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობები შეწყდა სათანადო საფუძვლის გარეშე, რის გამოც, არსებობდა ა(ა)იპ ,,საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიას’’ დირექტორის 2013 წლის 02 დეკემბრის N- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს, დასაქმებულს მიეცემა შრომის ანაზღაურება სრული ოდენობით. მოცდენად უნდა ჩაითვალოს იმგვარი ვითარებაც, როდესაც შრომის ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის შედეგად, დასაქმებულს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულების შესაძლებლობა ესპობა, ვინაიდან, ამავე დროს, არსებობს დასაქმებულის ნება, განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება.
სამოქალაქო კოდექსის 408.1 მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
შრომის კოდექსის 44-ე მუხლის მიხედვით, შრომითი ურთიერთობისას, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება უკანონოდ შეწყდა 2013 წლის 02 დეკემბერს, რითაც აპელანტს (მოსარჩელეს) მოესპო საშუალება, რომ ამ ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე (2014 წლის 01 ივნისი) მიეღო შრომის ანაზღაურება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ა(ა)იპ ,,საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიას’’ უნდა დაეკისრებოდა კომპენსაციის – 3 600 ლარის (6 თვის გასაცემი ხელფასი) გადახდა ზ-ის სასარგებლოდ; ხოლო მოსარჩელის სამსახურში აღდგენის ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა, რადგან გასული იყო მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ვადა (გავიდა 2014 წლის 01 ივნისს).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა სსიპ „საკალთბურთო კლუბ შსს აკადემიამ“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორი მიიჩნევს, რომ მას სასამართლომ არასწორად დააკისრა მოსარჩელის მხრიდან სამსახურში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის მტკიცების ტვირთი. კასატორის მოსაზრებით, მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება მართებულად იყო მითითებული როგორც ზ-ესთან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი. შესაბამისად, უსაფუძვლო იყო მსჯელობა ზ-ის წინასწარ გაფრთხილების გარეშე, მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულების ფაქტის არარსებობის პირობებში გათავისუფლების თაობაზე.
კასატორმა ყურადღება გაამახვილა მისი მხრიდან წარმოდგენილი ოთხი მოწმის ერთგვაროვან ჩვენებაზე და აღნიშნა, რომ სამსახურში გამოცხადების მაკონტროლებელი მექანიზმის არარსებობის პირობებში, ობიექტურად შეუძლებელი იყო სხვა მტკიცებულების მოხმობა.
მოსარჩელის მოწმეთა ლ. მ-ისა და მ. გ-ის ჩვენებები ადასტურებდა მხოლოდ რამდენჯერმე გამოუცხადებლობის ფაქტს ავადმყოფობის მიზეზით, რაც არ გამორიცხავდა სხვა არასაპატიო გაცდენების არსებობას. კასატორი აღნიშნავს, რომ ლ. მ-ეს, როგორც მთავარი გუნდის სპორტულ დირექტორს არ გააჩნდა დასაქმებულის დროებითი გათავისუფლების უფლება, ხოლო აღნიშნულზე უფლებამოსილმა ერთადერთმა პიროვნებამ, კლუბის დირექტორმა ზ- კ-ემ დაადასტურა, რომ სამხარაძეს არასოდეს უთხოვია სამსახურიდან დროებით გათავისუფლება, მისი მხრიდან საპატიო მიზეზის გარეშე გამოუცხადებლობას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი. კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე (საქმე №ას-911-1218-07), შრომის ხელშეკრულების მოშლასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილებაზე (№ას-873-1183-07) და ევროპის სოციალურ ქარტიაზე, რომლის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ავალდებულებს დამსაქმებელს წინასწარ შეატყობინოს მუშაკს დასაქმების შეწყვეტის შესახებ და ამავდროულად, დანართის მე-2 ნაწილი გამორიცხავს ამ დებულების იმგვარ ინტერპრეტაციას რომელიც გაიგივებული შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი დარღვევის შემთხვევაში, სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე აკრძალვასთან.
კასატორის განმარტებით კლუბის შინაგანაწესი ითვალისწინებს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტას, როგორც ორი ან მეტი დღით გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგს. ასევე, კასატორს უხეშ დარღვევად მიაჩნია მოსარჩელის მხრიდან ე.წ. მანეჟის დარბაზში კლუბის სახელით გარეშე პირებთან ვარჯიშების ჩატარება.
კასატორი ასევე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზიანის ანაზღაურების ნაწილში და მიუთითებს, სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 411-ე მუხლების ნაცვლად სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 405-ე და 415-ე მუხლები.
კასატორის განმარტებით მისი, როგორც დამსაქმებლის ინტერესი აღნიშნულ შრომით ურთიერთობაში იყო კალათბურთელთა გუნდისათვის მოსარჩელის გამოცდილების გაზიარება. ამ ტიპის სამუშაოში დროის ფაქტორის დიდი მნიშვნელობიდან გამომდინარე არასაპატიო გაცდენა წარმოადგენს უხეშ დარღვევას. სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლზე დაყრდნობით, გაცდენა უნდა შეფასდეს, როგორც მოქმედება, რომელმაც ხელი შეუწყო ზიანის წარმოშობას. შესაბამისად, სასამართლოს ზიანზე მსჯელობისას უნდა გაეთვალისწინებინა დაზარალებულის ბრალი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან უხეშად დაირღვა შრომითი ვალდებულებები, რაც მართებულად გახდა შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს მიერ არასათანადოდ შეფასდა საქმის მასალები რამაც განაპირობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების დარღვევა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2015 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილადაა ცნობილი დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2013 წლის 30 ივლისს ა(ა)იპ ,,საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიასა’’ (დირექტორი ზ- კ-ე) და ზ--ეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ზ-ეს, როგორც მწვრთნელს, დაევალა კლუბის 18 წლამდე კალათბურთელთა გუნდის ვარჯიში და სხვადასხვა სახის შეჯიბრებაში მათი სათამაშოდ გამოყვანა.
ხელშეკრულების 2.1 მუხლის თანახმად, მწვრთნელის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება 750 ლარით.
ხელშეკრულების 5.1 მუხლის მიხედვით, მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 01 აგვისტოდან 2014 წლის 01 ივნისამდე. ხოლო, 5.4 მუხლის თანახმად, დამსაქმებელი უფლებამოსილია მწვრთნელს შეუწყვიტოს ხელშეკრულება, ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის, ასევე, ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ მიმართული შეუფერებელი საქციელისათვის, რომელიც ლახავს კლუბისა და მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესებს.
უდავო გარემოებაა, რომ 2013 წლის სეზონის დასაწყისიდან, ზ-ე, მეორე მწვრთნელ ვ. ბ–თან ერთად, მიმაგრებული იყო 14-წლამდელთა გუნდზე, რომელსაც იმ სეზონში წაგება არ ჰქონდა და წარმატებით ასპარეზობდა საქართველოს პირველობაზე.
ა(ა)იპ „საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიის” კლუბის დირექტორის 2013 წლის 02 დეკემბრის N- ბრძანებით, ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის, „საკალათბურთო კლუბ შსს აკადემიის'' მწვრთნელ ზ-ეს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება 2013 წლის 02 დეკემბრიდან.
ბრძანებაში ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მიეთითა ა(ა)იპ „საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიის’’ წესდების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი და „საკალათბურთო კლუბ შსს აკადემიასა“ და ზ-ეს შორის 2013 წლის 30 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების 5.4 პუნქტი.
ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად ასევე, მიეთითა კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება.
კასატორს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ზემოთ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მათ საკასაციო პალატისათვის სავალდებულო ძალა გააჩნიათ.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით სადავოდაა გამხდარი ზ-ესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ა(ა)იპ „საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიის” კლუბის დირექტორის 2013 წლის 02 დეკემბრის N- ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების არსებობა.
მოცემული დავის განხილვისას საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ ა(ა)იპ „საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიის” კლუბის დირექტორის 2013 წლის 02 დეკემბრის N- ბრძანებით, ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის, ზ-ეს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება 2013 წლის 02 დეკემბრიდან. ბრძანებაში ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მიეთითა ა(ა)იპ „საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიის“ წესდების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი და „საკალათბურთო კლუბ შსს აკადემიასა'' და მწვრთნელს შორის 2013 წლის 30 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების 5.4 პუნქტი. ასევე, გათავისუფლების საფუძვლად მიეთითა კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ა(ა)იპ „საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიის” კლუბის დირექტორის 2013 წლის 02 დეკემბრის N- ბრძანების მართლზომიერების კვლევას ართულებს ის გარემოება, რომ პრაქტიკულად, ბრძანება დასაქმებულის გათავისუფლების ნორმატიულ საფუძველს არ შეიცავს. მიუხედავად ამისა, სასამართლო, რომელმაც ყოველ კონკრეტულ საქმეზე უნდა აღასრულოს მართლმსაჯულება, ვალდებულია, თავად იკვლიოს და შეაფასოს სადავო ბრანების მართლზომიერება შრომით სამართლებრივ სივრცეში მოქმედ ნორატიულ აქტებთან მიმართებაში.
ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ სამართალწარმოებაში შეჯიბრებითობის პრინციპის მოქმედების პირობებში, საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ ფაქტობრივად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას (სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები), რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, აღნიშნული განეკუთვნება სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს, რომლის განხორციელებისას სასამართლო არ არის შეზღუდული. სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ, რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეებს შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.
პირველ რიგში, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს კასატორის იმ განმარტებას, რომ ზ-ე ააიპ „საკალათბურთო კლუბ შსს აკადემიის“ მწვრთნელის თანამდებობიდან გათავისუფლდა იმ საფუძვლით, რომ კლუბში მოწვეული იყო კლუბის იმჟამინდელი სპორტული დირექტორის - ლ.მ-ის მიერ, რომელიც კლუბის არასწორი დაკომპლექტებისათვის და უარყოფითი შედეგების გამო დათხოვნილ იქნა კლუბიდან. კასატორის (მოპასუხე) მითითებით, მწვრთნელს უნდა ევარჯიშებინა სხვადასხვა ასაკობრივი კალათბურთელთა გუნდები. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ამგვარი ასაკობრივი გუნდების ჩამოყალიბების ნორმატიული საფუძველი არ არსებობდა. გარდა ამისა, მოსარჩელე პოლიციის აკადემიის სახელით ბავშვებს ავარჯიშებდა ტერიტორიულად სხვა ადგილას და კლუბის სახელს იყენებდა მხოლოდ სახელის გამოყენების მიზნით. ამასთან, მოსარჩელე სისტემატიურად არასაპატიოდ არ ცხადდებოდა საწვრთნელ ბაზაზე, რაც კასატორის მითითებით, უნდა შეფასდეს შინაგანაწესის უხეშ დარღვევად (იხ., შესაგებელი ტ.1. ს.ფ. 27; საკასაციო საჩივრის საფუძვლები, ტ.2. ს.ფ. 89, 90). ასევე, ყურადსაღებია უშუალოდ ბრძანებში მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ ზ-ეს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის (იხ., ბრძანების დადგენილებითი ნაწილი, ტ.1. ს.ფ. 10).
ყოველივე ზემოაღნიშნული საკასაციო პალატას აძლევს ლოგიკური, თანმიმდევრული და დასაბუთებული მსჯელობის საფუძველს მასზედ, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, სადავოდ გამხდარი ბრძანების კანონიერება უნდა შემოწმდეს სადავო ბრძანების გამოცემის პერიოდში მოქმედ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველ ნაწილის „ზ“ პუნქტთან მიმართებაში, რადგან ზ-ის სამუშაო ადგილიდან გათავისუფლების მომენტისათვის (საქართველოს შრომის კოდექსის 2013 წლის 02 დეკემბრისათვის მოქმედი რედაქცია) მითითებული ნორმა ადგენდა შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის გამო, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას, რასაც, მოცემულ შემთხვევაში, ზ-ეს ედავება ააიპ „საკალათბურთო კლუბი შსს აკადემია“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ორგანული კანონის „შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლითაც დამსაქმებელს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შრომითი ხელშეკრულების პირობების უხეში დარღვევის საფუძველზე შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტოს დასაქმებულს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, გამოსაკვლევია განხორციელდა თუ არა ზ-ესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ნორმის შემადგენლობის სრული დაცვით, რაც თავის მხრივ, ა(ა)იპ „საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიის” კლუბის დირექტორის 2013 წლის 02 დეკემბრის N- ბრძანების ბათილობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების გამომრიცხველი გარემოებაა.
ამ მიზნით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხ.).
ნიშანდობლივია, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას.
ზემოაღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს შემდეგი ძირეული პრინციპიდან, რომლის მიხედვით დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზედ, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა.
საკასაციო პალატის მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე, ვერ იქნება გაზიარებული კასატორის პოზიცია, რომ საქმის სააპელაციო წესით განმხილველმა სასამართლომ არასაწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი და სამსახურში გამოცხადებისა და შინაგანაწესით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენის ვალდებულება, არასწორად გადააკისრა დამსაქმებელს.
ამავე მოსაზრებით არ იზიარებს საკასაციო პალატა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების (ტ.1. ს.ფ. 196) სამოტივაციო ნაწილში ჩამოყალიბებულ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს უნდა ედასტურებინა სამსახურში სისტემატიურად გამოცხადების შესახებ ფაქტობრივი გარემოება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მწვრთნელის (დასაქმებულის) სამსახურში გამოუცხადებლობა, რაც საფუძვლად ედება შრომითი ხელშეკრულების პირობების უხეში დარღვევის გამო, სამსახურიდან მის გათავისუფლებას, წარმოადგენს შესაგებლის ფაქტს, რომელი ფაქტიც სარწმუნოდ სწორედ მოპასუხემ უნდა დაადასტუროს.
ამდენად, სადავო შემთხვევაში, სწორედ კასატორი (მოპასუხე) იყო ვალდებული სათანადო მტკიცებულებებით დაედასტურებინა ზ-ის მიერ, მასზე ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის ფაქტები, რაც საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით ზ-ის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძვლად იქნებოდა მიჩნეული.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულება, როგორც ზემოთაც აღინიშნა, გამოიხატა შემდეგში:
- მოსარჩელე სისტემატიურად არასაპატიოდ არ ცხადდებოდა საწვრთნელ ბაზაზე, რითაც უხეშად დაირღვა შრომის შინაგანაწესი.
- მწვრთნელს უნდა ევარჯიშებინა სხვადასხვა ასაკობრივი კალათბურთელთა გუნდები. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ამგვარი ასაკობრივი გუნდების ჩამოყალიბების ნორმატიული საფუძველი არ არსებობდა.
ზემოთაღნიშნული გარემოებები, ვერ განიხილება დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევად, შემდეგი მოსაზრებების გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2013 წლის 30 ივლისს ა(ა)იპ ,,საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიასა’’ (დირექტორი ზ- კ-ე) და ზ-ეს შორის დაიდო ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა და მწვრთნელს დაევალა, 18 წლის ასაკამდე გუნდების ვარჯიში და სხვადასხვა შეჯიბრებებში სათამაშოდ გამოყვანა.
ხოლო საკითხი იმის შესახებ, არსებობდა თუ არა, რომელიმე კონკრეტული ასაკობრივი გუნდისათვის კონკრეტული ნორმატიული საფუძველი, წარმოადგენს კლუბის ადმინისტრაციის შიდა რეგულირების სფეროს და ამგვარი ნორმატიული საფუძვლის არარსებობის პირობებშიც კი, მაშინ როდესაც, მწვრთნელი ბავშვებს ავარჯიშებდა ხელშეკრულებით დადგენილი ასაკობრივი ზღვარის ფარგლებში, შინაგანაწესის ანდა ხელშეკრულების დარღვევად ვერ შეფასდება. მით უფრო, ეს დარღვევა მწვრთნელს ბრალად ვერ შეერაცხება.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის (მოპასუხის) მეორე არგუმენტს ზ-ის მიერ სისტემატიურად, არასაპატიო მიზეზით, ვარჯიშების გაცდენასთან მიმართებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც ზემოთ აღინიშნა, აღნიშნული შესაგებლის ფაქტია, რომელიც სარწმუნოდ უნდა დაედასტურებინა მოპასუხეს (კასატორი).
იმ პირობებში, როდესაც სამსახურის ადმინისტრაცია არ ახორციელებდა თანამშრომელთა სამუშაო ადგილზე გამოცხადების აღრიცხვიანობას, მხოლოდ ამჟამად დასაქმებულ ადმინისტრაციის თანამშრომელთა ჩვენება, რომელიც წინააღმდგობრივია მოცემულ საქმეზე დაკითხულ და სამსახურიდან უკვე გათავისუფლებულ პირთა ჩვენებებთან, საკმარის და უტყუარ მტკიცებულებად ვერ შეფასდება.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, ყურადღებაა მისაქცევი ლ- მ-ის ჩვენებაზე, რომელსაც სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებამდე ეკავა კლუბის სპორტული დირექტორის თანამდებობა. მისი ჩვენებით დასტურდება, რომ ზ-ე, როგორც მწვრთნელი, სადავო პერიოდში მიმაგრებული იყო 14-წლამდელთა გუნდზე. ამავე პერიოდში, ზ-ე ავარჯიშებდა სხვა ახალგაზრდა კალათბურთელებს, ე.წ. „დიდუბის მანეჟის” ბაზაზე. 14-წლამდელთა გუნდს „კლუბის” ბაზაზე ვარჯიშები უტარდებოდათ კვირაში ორჯერ, სამშაბათს და ხუთშაბათს, საღამოს 20-საათიდან. დანარჩენ დღეებში ვარჯიშები ტარდებოდა „დიდუბის მანეჟში”. ლ. მ-ე უშუალოდ ფლობდა ვარჯიშების შესახებ ინფორმაციას, როგორც ზ-ისაგან, ისე, მეორე მწვრთნელის ვ. ბ-ისაგან. ნოემბრის თვეში ზ-ე მას რამდენიმეჯერ, დაახლოებით 3-4 ჯერ, გაეთავისუფლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. იგი ხშირად ცხადდებოდა ვარჯიშებზე და მისგან იღებდა ინფორმაციას. შედეგი კი იყო ის, რომ გუნდს წაგება არ ჰქონია.
მოწმე მ. გ-ის ჩვენებით, რომელსაც ევალებოდა ორგანიზაციული საკითხების მოგვარება, მათ შორის, ყველა ასაკობრივი გუნდის საქმიანობის კონტროლი, დგინდებოდა, რომ იგი ხშირად ნახულობდა ზ-ეს ვარჯიშის დაწყებამდე. როცა ზ-ე ვერ მოდიოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იგი წინასწარ ითხოვდა განთავისუფლებას, ანუ რეკავდა მათთან, თუმცა ეს იყო იშვიათი შემთხვევა. მოწმის განმარტებით, სხვა არანაირი კონტროლი სამსახურში გამოცხადების თაობაზე დაწესებული არ ყოფილა. მოწმემ უარყო ნოემბერში ზ-----------ის სამსახურში სისტემატური გამოუცხადებლობის ფაქტი. მისი განმარტებით, კონტრაქტის განმავლობაში ზ-ის მხრიდან სამსახურში სისტემატურად გამოუცხადებლობას ადგილი არ ჰქონია.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, ზემოთმითითებულ მოწმეთა ჩვენებების უარყოფა იმ პირობებში, როდესაც სწორედ ისინი ახორციელებდნენ ა(ა)იპ „საკალათბურთო კლუბ შსს აკადემიის” მენეჯმენტს, სახელდობრ, სადავო პერიოდში ლ.მ-ე იყო „კლუბის“ სპორტული დირექტორი, ხოლო მ. გ-ე – კლუბის ტექნიკური მენეჯერი. ფუნქციონალურად, სწორედ მათ ევალებოდათ ასაკობრივი გუნდების მწვრთნელების საქმიანობაზე კონტროლი, დაუსაბუთებელია.
ის მოტივი კი, თითქოს ორივე მათგანი გათავისუფლებული იყო დაკავებული თანამდებობიდან შრომითი ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო, მოკლებულია ნორმატიულ საფუძველს, გამომდინარე იქიდან, რომ ლ- მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ა(ა)იპ „საკალთბურთო კლუბი შსს აკადემიას“ დირექტორის 2013 წლის 02 დეკემბრის N7 ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული (იხ., სუს 2015 წლის 07 ოქტომბრის განჩინებით. საქმე №ას-483-457-2015).
ამ ვითარებაში, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხეს, რომელიც წარმოადგენდა ტექნიკურად კარგად აღჭურვილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს, სასამართლოსთვის უნდა წარედგინა სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც უტყუარად დაადასტურებდა კონკრეტულ რიცხვებში მოსარჩელის სამსახურში გამოუცხადებლობას არასაპატიო მიზეზით.
ამასთან, მოპასუხის მხარეზე დაკითხულ მოწმეთა მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ ისიც აყენებდა, რომ თუკი ზურაბ სამსახაძის მხრიდან სამუშაო ადგილზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას სისტემატიური ხასიათი ჰქონდა, რატომ ერთხელაც არ იქნა მის მიმართ გამოყენებული შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ფორმა, რატომ არ მოსთხოვეს დასაქმებულს ახსნა-განმარტება ამ დარღვევებთან დაკავშირებით. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ამგვარი დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაციის მხრიდან განსახორციელებელ ღონისძიებებს ეთმობოდა შინაგანაწესის არაერთი მუხლი. კერძოდ, მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების 5.4 პუნქტის თანახმად, დამქირავებელი უფლებამოსილია მწვრთნელს შეუწყვიტოს ხელშეკრულება, ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის...
ა(ა)იპ „საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიის” შინაგანაწესის 8.2 მუხლის თანახმად, კლუბის შინაგანაწესი კლუბსა და კლუბის წევრებს შორის დადებული ხელშეკრულების ნაწილია.
შინაგანაწესის 6.1 მუხლის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, კლუბის წევრები ვალდებულნი არიან დროულად გამოცხადდნენ ბაზაზე, ხოლო „ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, დღის (დღის ნაწილის) საპატიო მიზეზით შესაძლო გაცდენის შემთხვევაში, წინასწარ აცნობონ კლუბის ხელმძღვანელობას. შინაგანაწესის 7.3 მუხლის თანახმად, კლუბის წევრთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტა შეიძლება შინაგანაწესის უხეში დარღვევისათვის და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის. შინაგანაწესის 7.4 მუხლის „ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, კლუბის წევრს შეიძლება შეუწყდეს მასთან დადებული ხელშეკრულება ბაზაზე არასაპატიოდ გამოუცხადებლობის (ორი ან მეტი დღე) შემთხვევაში.
ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, მოსარჩელესთან მიმართებით სახეზე არ იყო შინაგანაწესის 7.4 მუხლის „ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.
ამდენად, კასატორის მიერ ზემოაღნიშნულ გარემოებებზე, როგორც ზ-ის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე მითითება, მოკლებულია ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას. მით უფრო, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დასაქმებულთან ხელშეკრულება გაფორმებული იყო 2014 წლის 01 ივნისამდე და მისი მოქმედების ვადა ექვს თვეში იწურებოდა. შესაბამისად, მოპასუხეს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ სამომავლოდ მისთვის მისაღებ პირთან გაეფორმებინა ხელშეკრულება და მუდმივად არ ყოფილიყო შრომით ურთიერთობაში ზ-ესთან. აღნიშნული კი, შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის უსაფუძვლობის დამატებითი საფუძველია. საკასაციო პალატის ეს დასკვნა ეფუძნება პრინციპს, რომლის შესაბამისადაც, შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. შესაბამისად, მართალია, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით (მოსარჩელის გათავისუფლების დროისათვის მოქმედი რედაქციით), შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი მუშაკის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევაცაა, თუმცა, ნიშანდობლივია, დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის კონსტიტუციურ პრინციპი, რომლის შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, შრომის სამართალში “Ultima Ratio“ - ს პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას, შორის ზომიერი ბალანსის დაცულობა. ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის.
ამდენად, იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, სახეზე იყოს ისეთი მძიმე დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდის.
ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელმა, ვერ დაადასტურა მოსარჩელის მიერ შრომითი ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი, შესაბამისად, არამართლზომიერია დაუსაბუთებელი საფუძვლით პირის სამსახურიდან გათავისუფლება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზ-ეს არ ჩაუდენია მასზე დაკისრებულ ვალდებულებათა იმგვარი დარღვევა, რომელიც მისთვის გაფრთხილების, დამატებითი ვადის მიცემის ან კიდევ უფრო მსუბუქი სახის სანქციის შეფარდებას გამორიცხავდა და მისი სამსახურიდან გათავისუფლება მის მიერ ჩადენილი დარღვევის ადეკვატური ღონისძიება იყო.
აქვე, საკასაციო პალატა, მისთვის მინიჭებული ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანესი ფუნქციიდან გამომდინარე, მიზნაშეწონილად მიიჩნევს წინამდებარე გადაწყვეტილებაში გამოყენებულ ნორმატიულ მასალასთან დაკავშირებით განმარტოს შემდეგი:
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად, რომლებიც ქმნის საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს ნორმატიულ აქტებს განეკუთვნება აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება. კანონის აღნიშნული მუხლის დანაწესი იმაზე მიუთითებს, რომ საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება მხოლოდ მაშინ იქცევა საქართველოს კანონმდებლობის ნაწილად თუ, საქართველოს გაცემული აქვს თანხმობა საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე, რაც შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა ფორმით, როგორცაა ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, ხელშეკრულებაზე მიერთება, ხელშეკრულების რატიფიცირება და სხვ. („საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი).
ამდენად, საქართველოს თანხმობა საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე აუცილებელია, რომლის თაობაზეც გადაწყვეტილებას იღებენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით დადგენილი კომპეტენციის შესაბამისად. ამით კი, სახელმწიფო საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე იღებს პიზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებას უზრუნველყოს კანონით დაცულ სფეროში ჩაურევვლობა (ნეგატიური ვალდებულება) და უფლებათა დასაცავად შეიმუშავოს შესაბამისი ნორმატიული აქტები (პოზიტიური ვალდებულება).
მოცემულ შემთხვევაში, როგორც ეს თავად გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშია მითითებული 1919 წლის ვერსალის ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო)ფარგლებში 1982 წელს მიღებული N158 შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კონვენციის სავალდებულოდ აღიარებაზე საქართველოს გაცემული არ აქვს თანხმობა. შესაბამისად, იგი ვერ იქნება მიჩნეული საქართველოს კანონმდებლობის განუყოფელ ნაწილად და მასზე სასამართლოს მიერ მიღებული იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტის - სახელმწიფოს სახელით მიღებული გადაწყვეტილების, დაფუძნება უმართებულოა.
თუმცა, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან განსახილველი დავის გადაწყვეტისათვის გამოყენებულ ძირითად ნორმატიულ აქტებს წარმოადგენდა საქართველოს შრომის კოდექსი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ამიტომ, მოცემული დავის გადაწყვეტის საბოლოო შედეგზე ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტის გამოყენებას ზეგავლენა ვერ ექნება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება იმის თაობაზე, რომ სახეზე იყო ა(ა)იპ „საკალათბურთო კლუბი შსს აკადემიის” კლუბის დირექტორის 2013 წლის 02 დეკემბრის N- ბრძანების ბათილობის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი სწორი და დასაბუთებულია, რაც გამორიცხავს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს.
კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ „საკალთბურთო კლუბ შსს აკადემიის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე