Facebook Twitter

№330210014515973

საქმე №ას-856-806-2015 04 დეკემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „--“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს ბ-ი „ს-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

I. სასარჩელო მოთხოვნა და სარჩელის საფუძვლები:

1. სააქციო საზოგადოება ბ-მა „ს-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „-ს“ მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 18,620 ლარის გადახდის დაკისრება.

2. სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულია, რომ მხარეებს შორის 2005 წლიდან 2013 წლის ჩათვლით ყოველწლიურად იდებოდა წერილობითი ხელშეკრულებები, რომელთა შესაბამისად, მოსარჩელე მოპასუხეს ქირავნობით გადასცემდა თავის საკუთრებაში რიცხულ საერთო ფართს მაღლივ და მინაშენ კორპუსებში შემდგომში გაქირავების უფლებით. მოპასუხეს საკუთარი შემოსავლების ხარჯზე ეკისრებოდა მოსარჩელის მაღლივი და მინაშენი კორპუსებისა და ეზოს ტერიტორიის სრული ტექნიკური ექსპლუატაციის ვალდებულება.

3. მხარეთა ვალდებულებები ისევე, როგორც ქირავნობის საგნის ღირებულება განისაზღვრებოდა ხელშეკრულებებით. მხარეთა თანხმობით ქირავნობის ფართის ღირებულებასთან მიმართებით ხელშეკრულებებში შედიოდა ცვლილებები.

ხელშეკრულებებში განსაზღვრული იყო საბოლოო ანგარიშსწორების ვადები. მხარეებს შორის წარმოებდა სამი სახის გადახდა:

- მოპასუხის მიერ ქირის თანხის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის ანგარიშზე ბანკში ან სალაროში თანხის შეტანით.

- მოპასუხის მიერ სარემონტო სამუშაოებისათვის ნაწარმოები გადახდები, რაც მხარეებს შორის იქვითებოდა.

- მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის სასარგებლოდ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მომსახურებისათვის გათვალისწინებული ყოველთვიური საზღაური სხვადასხვა თანხის ოდენობით, რაც მხარეთა შორის იქვითებოდა და ითვლებოდა საერთო გადახდაში.

4. მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულებებიდან გამომდინარე 2005 წელს მოპასუხეს მოსარჩელის მიერ დაერიცხა 456 000 ლარი, საიდანაც მოპასუხემ გადაიხადა ბანკში ქირის თანხა 386 700 ლარი, რემონტის თანხამ შეადგინა 69300 ლარი, რითაც მოპასუხემ სრულად დაფარა დავალიანება.

5. 2006 წელს, მოპასუხეს დაეკისრა ქირის თანხა 566 400 ლარი, საიდანაც მოპასუხემ გადაიხადა ბანკში 367200 ლარი, მოსარჩელის სალაროში შეიტანა 29 000 ლარი, ჩატარებული რემონტის თანხამ შეადგინა 100568,14 ლარი, რითაც სულ გადაიხადა 505 768,14 ლარი, დარჩა დავალიანება 60631,86 ლარი.

6. 2007 წელს, მოპასუხეს დაერიცხა ქირავნობის თანხა 495 600 ლარი, საიდანაც მოპასუხემ ბანკში გადაიხადა 407732 ლარი, სალაროში შეიტანა 10400 ლარი, ჩატარებული რემონტის თანხამ შეადგინა 50500 ლარი, რამაც ჯამში შეადგინა უფრო ნაკლები - 468632 ლარი, რასაც დაემატა წინა წლის დავალიანების თანხა და 2007 წელს დავალიანებამ შეადგინა 87599,86 ლარი.

7. 2008 წელს, მოპასუხეს დაერიცხა ქირის თანხა 651 360 ლარი, საიდანაც ბანკში გადახდილ იქნა 679 600 ლარი, რემონტის ხარჯებმა შეადგინა 16 520 ლარი, ჯამმა კი შეადგინა 696120 ლარი. წინა წლის დავალიანება 87599,86 ლარიდან შემცირდა და 2008 წელს შეადგინა 42839,86 ლარი.

8. 2009 წელს, მოპასუხეს დაერიცხა ქირის თანხა 991200 ლარი, საიდანაც მოპასუხემ ბანკში გადაიხადა 794 840 ლარი, სალაროში შეიტანა 143 750 ლარი, რემონტის ხარჯებმა შეადგინა 3004,16 ლარი, ჯამმა კი 941 594,16 ლარი, რის გამოც წინა წლის დავალიანება 42 839,86 ლარიდან 2009 წელს გაიზარდა 92 445,70 ლარამდე.

9. 2010 წელს, მოპასუხეს დაერიცხა ქირის თანხა 955800 ლარი, საიდანაც მოპასუხემ ბანკში გადაიხადა 834900 ლარი, სალაროში შეიტანა 77030 ლარი, რემონტის ხარჯებმა შეადგინა 40946 ლარი, ჯამმა კი შეადგინა 952 876 ლარი, რითაც წინა წლის დავალიანება გაიზარდა და 2010 წელს შეადგინა 95 369,70 ლარი.

10. 2011 წელს, მოპასუხეს დაერიცხა 562 240 ლარი, საიდანაც ბანკში გადახდილი იქნა 465 180 ლარი, სალაროში შეტანილ იქნა 68110 ლარი, მომსახურების თანხამ შეადგინა 3044 ლარი, სულ გადაიხადა 563734 ლარი, რითაც წინა წლის დავალიანება უმნიშვნელოდ შემცირდა და 2011 წლის დავალიანებამ შეადგინა 93 875,70 ლარი.

11. 2012 წელს, მოპასუხეს დაერიცხა ქირის თანხა 440640 ლარი, საიდანაც ბანკში გადახდილ იქნა 255660 ლარი, სალაროში შეტანილ იქნა 39 350 ლარი, მომსახურების თანხამ შეადგინა 91 332 ლარი, რემონტზე გაწეულმა ხარჯებმა კი შეადგინა 76773,34 ლარი, რითაც მოპასუხის მიერ გადახდილ იქნა დარიცხულზე 22000 ლარით მეტი, რითაც წინა წლის დავალიანება შემცირდა და 2012 წელს შეადგინა 71400,36 ლარი.

12. 2013 წელს, მოპასუხეს დაერიცხა ქირის თანხა 373728 ლარი, საიდანაც ბანკში გადარიცხულ იქნა 166 920 ლარი, სალაროში შეტანილ იქნა 12 700 ლარი, მომსახურების თანხამ შეადგინა 144 428 ლარი, მოპასუხისაგან გადაცემულ იქნა 19 719,59 ლარის ინვენტარი, რემონტის ხარჯებმა შეადგინა 12 740,98 ლარი. სულ გადახდილ იქნა 426 508,57 ლარი, რის შემდეგ წინა წლის დავალიანება 71 400,36 ლარიდან შემცირდა და 2013 წლის ბოლოს შეადგინა 18619,79 ლარი.

13. მოსარჩელემ აგრეთვე მიუთითა, რომ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებებს მოპასუხე წლების მანძილზე, შეხსენების გარეშე, ნაწილ-ნაწილ იხდიდა და მოთხოვნა 2013 წლის ბოლოსათვის 60 631,86 ლარიდან შემცირდა 18 620 ლარამდე.

14. მოსარჩელის მხრიდან არაერთგზის შეხსენების და მოთხოვნის მიუხედავად მოპასუხემ ვალი მთლიანად არ გადაიხადა.

15. შპს „-ს“ დირექტორმა ა- გ-მა პირველად 2014 წლის 14 აპრილის წერილში სს ბ-ის დირექტორ მ. გ-ისადმი აღიარა ვალის არსებობა, კერძოდ, განმარტა შემდეგი: შპს ,- ს’’ შეიძლება ერიცხებოდეს დავალიანება სს „ს--ის“ მიმართ. შესაბამისად, გთხოვთ წერილობით გვაცნობოთ ასეთის არსებობის შემთხვევაში და მზად ვართ დავფაროთ დავალიანება. გთხოვთ, უახლოესი შვიდი დღის ვადაში წერილობით გვაცნობოთ პასუხი, ისევე, როგორც შეგვეხმიანოთ და მზად ვართ გავაფორმოთ მიღება-ჩაბარების აქტი ჩვენი ქონების უკან დაბრუნების თაობაზე, ისევე როგორც, გადმოვრიცხოთ დავალიანება’’, რის შემდეგაც გ-მა 08.05.2014 წლის წერილით აცნობა არსებულ დავალიანებაზე 18620 ლარზე და ამის შემდეგ შპს , -ს’’ დირექტორმა ა. გ-მა 16.05.2014 წლის წერილში სს ბ-ი ს-ის დირექტორ გ-ისადმი, მეორედ აღიარა მოთხოვნილი ვალის არსებობა და მოსარჩელისადმი შეთავაზებულ იქნა ვალის გადახდის ხანგრძლივ ვადიანი პირობები, ასევე ვალის გადახდის ალტერნატიული საშუალება.

16. მოსარჩელემ აღნიშნა, სარჩელი არ არის ხანდაზმული: მოპასუხის მიერ 2006 წელს წარმოშობილი დავალიანების ნებაყოფლობით, ნაწილ-ნაწილ გადახდით და შემდეგ, 2014 წლის აპრილ-მაისში ვალის წერილობით აღიარების შემდეგ მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადის დინება შეწყდა, რის შემდეგაც დაიწყო ხანდაზმულობის ახალი ვადის დინება.

II. მოპასუხის პოზიცია:

17. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა მის ხანდაზმულობაზე.

III . პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებზე მითითება:

18. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს.ს. „ბ--ს-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს „-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 18 620 ლარის გადახდა.

IV. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

19. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა შპს „-მ“ და მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

V. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:

20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება.

21. აღნიშნული საქმის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ 2005 წლიდან 2013 წლამდე მხარეებს შორის იდებოდა ქირავნობისა და ნარდობის ხელშეკრულებები, რომლითაც სს ბ-ი „ს--ი“ მოპასუხეს ქირავნობით გადასცემდა საერთო ფართს მაღლივ და მინაშენ კორპუსებში მისამართზე ვაჟა-ფშაველას გამზირი №45, შემდგომი გაქირავების უფლებით, ხოლო მოპასუხე ვალდებული იყო ეწარმოებინა ხსენებული კორპუსების და ეზოს ტერიტორიის სრული ტექნიკური ექსპლუატაცია.

22. მხარეთა შორის საბოლოო ანგარიშსწორების ვადები განსაზღვრული იყო ხელშეკრულებებით - საბოლოო ანგარიშსწორება ხდებოდა ყოველი წლის 31 დეკემბერს შემდეგნაირად:

- მოპასუხის მიერ ქირის თანხის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის ანგარიშზე ბანკში ან სალაროში თანხის შეტანით.

- მოპასუხის მიერ სარემონტო სამუშაოებისათვის ნაწარმოები გადახდები, რაც მხარეებს შორის იქვითებოდა.

- მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის სასარგებლოდ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მომსახურებისათვის გათვალისწინებული ყოველთვიური საზღაური სხვადასხვა თანხის ოდენობით, რაც მხარეთა შორის იქვითებოდა და ითვლებოდა საერთო გადახდაში.

23. სს ბ-ი „ს-ის“ მიერ სარჩელის დაზუსტების მიზნით წარმოდგენილი განცხადებისა (ტ. I, ს.ფ. 111-116) და აღნიშნული განცხადების საპასუხოდ შპს „-ს“ მიერ წარმოდგენილი შესაგებლის (განცხადების) (ტ. I, ს.ფ. 317); მხარეთა შორის არსებული მიმოწერის (ტ. I, ს.ფ. 83-86); საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების აქტების, ხარჯთაღრიცხვების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სალაროს შემოსავლის ორდერების, მხარეთა შორის ანგარიშსწორებაზე ნაერთი ამონაწერების (ტ. I, ს.ფ. 29-82, 117-314) საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული 2005-2013 წლების ქირავნობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, შპს „---ს“ სს ბ- „ს-ის“ მიმართ გააჩნდა 18 620 ლარის დავალიანება.

24. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ თავდაპირველად, სარჩელით სს ბ- „ს-ი“ მოპასუხე შპს „--სგან“ მოითხოვდა 18 620 ლარის დავალიანებას მხარეებს შორის 2014 წლის 24 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. მოსარჩელემ მოსამზადებელ ეტაპზე სასამართლოში წარდგენილი განცხადებით დააზუსტა სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი და მიუთითა, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ წარმოშობილია 2005-2013 წლების ხელშეკრულებების საფუძველზე:

- 2005 წლის ხელშეკრულებით მხარეთა შორის ქირა განისაზღვრა 456000 ლარით, საიდანაც მოპასუხემ გადაიხადა ბანკში ქირის თანხა 386700 ლარი, რემონტის თანხამ შეადგინა 69300 ლარი, რითაც მოპასუხემ სრულად დაფარა დავალიანება.

- 2006 წელს ქირის თანხა განისაზღვრა 566400 ლარით, საიდანაც მოპასუხემ გადაიხადა ბანკში 367200 ლარი, სალაროში შეიტანა 29000 ლარი, ჩატარებული რემონტის თანხამ შეადგინა 100568.14 ლარი, რითაც სულ გადაიხადა 505768.14 ლარი, დარჩა დავალიანება 60631.86 ლარი.

- 2007 წელს ქირამ შეადგინა 495600 ლარი, საიდანაც მოპასუხემ ბანკში გადაიხადა 407732 ლარი, სალაროში შეიტანა 10400 ლარი, ჩატარებული რემონტის თანხამ შეადგინა 50500 ლარი, რამაც ჯამში შეადგინა - 468632 ლარი, რასაც დაემატა წინა წლის დავალიანების თანხა და 2007 წელს დავალიანებამ შეადგინა 87599.86 ლარი.

- 2008 წელს ქირა განისაზღვრა 651360 ლარით, საიდანაც გადახდილი იქნა ბანკში 679600 ლარი, რემონტის ხარჯებმა შეადგინა 16520 ლარი, ჯამმა კი შეადგინა 696120 ლარი, და წინა წლის დავალიანება 87599.86 ლარიდან შემცირდა და 2008 წელს შეადგინა 42839.86 ლარი.

- 2009 წელს ქირამ შეადგინა 991200 ლარი, საიდანაც მოპასუხემ ბანკში გადაიხადა 794840 ლარი, სალაროში შეიტანა 143750 ლარი, რემონტის ხარჯებმა შეადგინა 3004.16 ლარი, ჯამმა კი 941594.16 ლარი, რის გამოც წინა წლის დავალიანება 42839.86 ლარიდან 2009 წელს გაიზარდა 92445.70 ლარამდე.

- 2010 წელს, მოპასუხეს დაერიცხა ქირის თანხა 955800 ლარი, საიდანაც მოპასუხემ ბანკში გადაიხადა 834900 ლარი, სალაროში შეიტანა 77030 ლარი, რემონტის ხარჯებმა შეადგინა 40946 ლარი, ჯამმა კი შეადგინა 952876 ლარი, რითაც გაიზარდა წინა წლის დავალიანება და და 2010 წელს შეადგინა 95369.70 ლარი.

- 2011 წელს, მოპასუხეს დაერიცხა 562240 ლარი, საიდანაც ბანკში გადახდილი იქნა 465180 ლარი, სალაროში შეტანილ იქნა 68110 ლარი, მომსახურების თანხამ შეადგინა 3044 ლარი, სულ გადაიხადა 563734 ლარი, რაც - 1494 ლარით მეტია გადასახდელ ქირაზე.

- 2012 წელს, მოპასუხეს დაერიცხა ქირის თანხა 440640 ლარი, საიდანაც ბანკში გადახდილ იქნა 255660 ლარი, სალაროში შეტანილ იქნა 39350 ლარი, მომსახურების თანხამ შეადგინა 91332 ლარი, რემონტზე გაწეულმა ხარჯებმა კი შეადგინა 76773.34 ლარი, რითაც მოპასუხის მიერ გადახდილ იქნა დარიცხულზე 22000 ლარით მეტი, რითაც შემცირდა წინა წლის დავალიანება და 2012 წელს შეადგინა 71400.36 ლარი.

- 2013 წელს, მოპასუხეს დაერიცხა ქირის თანხა 373728 ლარი, საიდანაც ბანკში გადარიცხულ იქნა 166920 ლარი, სალაროში შეტანილ იქნა 12700 ლარი, მომსახურების თანხამ შეადგინა 144428 ლარი, მოპასუხისაგან გადაცემულ იქნა 19719.59 ლარის ინვენტარი, რემონტის ხარჯებმა შეადგინა 12740.98 ლარი. სულ გადახდილ იქნა 426508.57 ლარი, რაც 52780.57 ლარით მეტი იყო გადასახდელ ქირაზე. წინა წლის დავალიანება შემცირდა 71400.36 ლარიდან და 2013 წლის ბოლოს შეადგინა 18620 ლარი.

25. დაზუსტებული სარჩელის პასუხად შპს „-ს“ წარმომადგენელმა სასამართლოში წარადგინა განცხადება (შესაგებელი), რომლითაც მან არ ცნო დავალიანება იმაზე მითითებით, რომ მოსარჩელეს მანამდე არ ჰქონია გაცხადებული მოთხოვნილი დავალიანების განცხადებაში მოყვანილი საფუძველი. ამასთან, მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე.

26. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ შესაგებელში მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია დაზუსტებულ სარჩელში მითითებული დავალიანების წარმოშობის მექანიზმი და არ მიუთითებია განცხადებაში მოყვანილი ფაქტების უსწორობებზე (ტ. I, ს.ფ. 317).

27. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა შპს „--ს“ დირექტორის 2014 წლის 16 მაისის წერილზე, რომლითაც ის არ უარყოფდა სს ბ-- „ს--ის“ მიმართ 18619.79 ლარის დავალიანების არსებობას და იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიას მიმდინარე პერიოდისათვის არ გააჩნდა შემოსავლები, სს ბ-- „სს“ სთავაზობდა ვალის გადახდის სხვადასხვა გზებს (ტ. I, ს.ფ. 85).

28. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხეს გააჩნია 18 620 ლარის დავალიანება მოსარჩელის მიმართ დასტურდებოდა ასევე საქმეში წარმოდგენილი საბუღალტრო დოკუმენტაციითაც (ტ. I, ს.ფ. 29-82, 117-314).

29. ზემოაღნიშნული საფუძვლებით, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 2005-2013წწ.-ში არსებული ქირავნობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შპს „-ს“ სს ბ-- „ს-ის“ მიმართ გააჩნდა 18,620 ლარის დავალიანება.

30. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 128-ე და 130-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნაზე ვრცელდებოდა ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა. ვადის ათვლა კი, უნდა დაწყებულიყო ყოველი მომდევნო წლის პირველი იანვრიდან, რადგან ყოველი ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნაზე საბოლოო ანგარიშსწორება მხარეებს შორის ხდებოდა წლის ბოლომდე - 31 დეკემბრამდე.

31. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე საიჯარო ქირის, გაწეული მომსახურების და შესრულებული სარემონტო სამუშაოების ღირებულებების გადახდის გარდა, ზედმეტად იხდიდა თანხებს, რომლითაც ხდებოდა წინა წლების დავალიანების ჩათვლა.

ზედმეტად გადახდილი თანხები კი, უნდა შეფასებულიყო როგორც სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების არსებობის აღიარება.

32. პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ სარჩელი 18620 ლარის დავალიანების მოთხოვნით აღძრულია ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე, კერძოდ, 2014 წლის ივნისში.

33. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2006 წლის დავალიანებამ შეადგინა, 60631.86 ლარი, ხოლო 2007 წლის დავალიანებამ - 26968 ლარი. შპს „-------ს“ მიერ 2008 წელს გადახდილი თანხა 44760 ლარით მეტი იყო ამ წელს გადასახდელ ქირაზე. ამ თანხით ჩაითვალა როგორც 2007 წლის დავალიანება სრულად, ისე 2006 წლის დავალიანების ნაწილი, რის გამოც, შეწყდა 2008 წლის ბოლოს დარჩენილი დავალიანების 42839.86 ლარის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა და მისი ათვლა, სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად, დაიწყო თავიდან 2009 წლის 1 იანვრიდან და გავიდა 2012 წლის 1 იანვარს.

34. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დავალიანება ასევე წარმოიშვა 2009 წლის ბოლოს - 49605.84 ლარი და 2010 წლის ბოლოს 2924 ლარი, ხოლო 2011 წლის ბოლომდე მოპასუხემ გადაიხადა 1494 ლარით მეტი, რითაც მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა და მისი ათვლა დაიწყო თავიდან 2012 წლის 1 იანვრიდან. 2011 წლის ბოლოს მოპასუხის დავალიანებამ შეადგინა 93875.70 რომლის ხანდაზმულობის ვადა დამთავრდა 2015 წლის პირველ იანვარს. 2012-2013 წლებში მოპასუხემ გადაიხადა ამ წლების ქირაზე 74780.57 ლარით მეტი, შესაბამისად, დავალიანება შემცირდა 18 620 ლარამდე.

VI. კასატორის მოთხოვნა და კასაციის საფუძვლები

35. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 11 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „-მ“ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

36. კასატორის მითითებით სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლები, არასწორად განმარტა მტკიცების ტვირთის ცნება, ხოლო, საქმის განხილვისას არ მოახდინა მტკიცებულებების ყოველმხრივი და სრული შესწავლა.

37. კასატორმა სადავოდ გახდა სარჩელის ხანდაზმულობა.

38. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ საკმარისად ვერ დაასაბუთა თუ რატომ შეფასდა მიმდინარე საიჯარო ქირის გარდა დამატებით გადახდილი თანხა წინა წლების დავალიანებად. ეს თანხა შეიძლება განხილულიყო როგორც უსაფუძვლო გამდიდრების შემთხვევა, ან შემდგომი წლების იჯარის წინასწარ გადახდა.

კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა 2014 წლის 16 მაისის წერილი, როგორც დავალიანების არსებობის აღიარების დამადასტურებელი მტკიცებულება. მისი აზრით, წერილის ტექსტიდან ასეთი რამ არ გამომდინარეობს. სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტდა მხოლოდ მოსამზადებელ სხდომაზე, შესაბამისად, მხარე ვერ აღიარებდა ისეთი დავალიანების არსებობას, რომლის მოთხოვნა და მოთხოვნის საფუძველიც მისთვის უცნობი იყო.

კასატორი ყურადღებას ამახვილებს გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებულ მსჯელობზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლთან დაკავშირებით. იგი არ ეთანხმება სასამართლოს ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის ნაწილში და თავის მოსაზრებას აყრდნობს სააპელაციო პალატის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის სამართლებრივი ბუნების არასწორ შეფასებას.

კასატორი ასევე მიუთითებს პირველ ინსტანციაში წარმოდგენილი შესაგებლის ფაქტობრივ გარემოებებზე.

კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს არ უმსჯელია თუ რატომ არ უთითებდა კრედიტორი უკვე არსებულ დავალიანებაზე ყოველწლიურად ახალი ხელშეკრულების დადებისას. კასატორს საეჭვოდ მიაჩნია სს ბ--ი „ს-ის“ მიერ კრების ოქმის ან წლიური საბუღალტრო დეკლარაციის წარუდგენლობა რაც დაადასტურებდა დავალიანების არსებობას.

სამოტივაციო ნაწილი:

VII. საკასაციო პალატის დასკვნები:

39. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 05 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

2015 წლის 18 ნოემბერს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტამდე მხარეთა მორიგების მიზნით, ჩატარდა საქმის ზეპირი მოსმენა.

30. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

41. კასატორი სადავოდ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობას და ამავდროულად, მიიჩნევს, რომ საქმის განმხილველმა სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობამ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა შპს „-ს“ მიერ ქირის სახით თანხების ზედმეტად გადახდის ფაქტობრივ გარემოებას.

42. კასატორის ზემოთმითითებულ პოზიციას საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიუთითებს დაზუსტებული სარცელის ფაქტობრივ გარემოებებსა და მოთხოვნაზე, რომლის თანახმად, დავალიანება წარმოშობილია მხარეთა შორის გაფორმებული 2005-2013წწ.-ის ხელშეკრულებების საფუძველზე, კერძოდ:

- 2005 წლის ხელშეკრულებით მხარეთა შორის ქირა განისაზღვრა 456000 ლარით, საიდანაც მოპასუხემ გადაიხადა ბანკში ქირის თანხა 386700 ლარი, რემონტის თანხამ შეადგინა 69300 ლარი, რითაც მოპასუხემ სრულად დაფარა დავალიანება.

- 2006 წელს ქირის თანხა განისაზღვრა 566400 ლარით, საიდანაც მოპასუხემ გადაიხადა ბანკში 367200 ლარი, სალაროში შეიტანა 29000 ლარი, ჩატარებული რემონტის თანხამ შეადგინა 100568.14 ლარი, რითაც სულ გადაიხადა 505768.14 ლარი, დარჩა დავალიანება 60631.86 ლარი.

- 2007 წელს ქირამ შეადგინა 495600 ლარი, საიდანაც მოპასუხემ ბანკში გადაიხადა 407732 ლარი, სალაროში შეიტანა 10400 ლარი, ჩატარებული რემონტის თანხამ შეადგინა 50500 ლარი, რამაც ჯამში შეადგინა - 468632 ლარი, რასაც დაემატა წინა წლის დავალიანების თანხა და 2007 წელს დავალიანებამ შეადგინა 87599.86 ლარი.

- 2008 წელს ქირა განისაზღვრა 651360 ლარით, საიდანაც გადახდილი იქნა ბანკში 679600 ლარი, რემონტის ხარჯებმა შეადგინა 16520 ლარი, ჯამმა კი შეადგინა 696120 ლარი, და წინა წლის დავალიანება 87599.86 ლარიდან შემცირდა და 2008 წელს შეადგინა 42839.86 ლარი.

- 2009 წელს ქირამ შეადგინა 991200 ლარი, საიდანაც მოპასუხემ ბანკში გადაიხადა 794840 ლარი, სალაროში შეიტანა 143750 ლარი, რემონტის ხარჯებმა შეადგინა 3004.16 ლარი, ჯამმა კი 941594.16 ლარი, რის გამოც წინა წლის დავალიანება 42839.86 ლარიდან 2009 წელს გაიზარდა 92445.70 ლარამდე.

- 2010 წელს, მოპასუხეს დაერიცხა ქირის თანხა 955800 ლარი, საიდანაც მოპასუხემ ბანკში გადაიხადა 834900 ლარი, სალაროში შეიტანა 77030 ლარი, რემონტის ხარჯებმა შეადგინა 40946 ლარი, ჯამმა კი შეადგინა 952876 ლარი, რითაც გაიზარდა წინა წლის დავალიანება და და 2010 წელს შეადგინა 95369.70 ლარი.

- 2011 წელს, მოპასუხეს დაერიცხა 562240 ლარი, საიდანაც ბანკში გადახდილი იქნა 465180 ლარი, სალაროში შეტანილ იქნა 68110 ლარი, მომსახურების თანხამ შეადგინა 3044 ლარი, სულ გადაიხადა 563734 ლარი, რაც - 1494 ლარით მეტია გადასახდელ ქირაზე.

- 2012 წელს, მოპასუხეს დაერიცხა ქირის თანხა 440640 ლარი, საიდანაც ბანკში გადახდილ იქნა 255660 ლარი, სალაროში შეტანილ იქნა 39350 ლარი, მომსახურების თანხამ შეადგინა 91332 ლარი, რემონტზე გაწეულმა ხარჯებმა კი შეადგინა 76773.34 ლარი, რითაც მოპასუხის მიერ გადახდილ იქნა დარიცხულზე 22000 ლარით მეტი, რითაც შემცირდა წინა წლის დავალიანება და 2012 წელს შეადგინა 71400.36 ლარი.

- 2013 წელს, მოპასუხეს დაერიცხა ქირის თანხა 373728 ლარი, საიდანაც ბანკში გადარიცხულ იქნა 166920 ლარი, სალაროში შეტანილ იქნა 12700 ლარი, მომსახურების თანხამ შეადგინა 144428 ლარი, მოპასუხისაგან გადაცემულ იქნა 19719.59 ლარის ინვენტარი, რემონტის ხარჯებმა შეადგინა 12740.98 ლარი. სულ გადახდილ იქნა 426508.57 ლარი, რაც 52780.57 ლარით მეტი იყო გადასახდელ ქირაზე. წინა წლის დავალიანება შემცირდა 71400.36 ლარიდან და 2013 წლის ბოლოს შეადგინა 18620 ლარი.

43. დადგენილია, რომ მოპასუხემ არ ცნო დაზუსტებულ სარჩელის მოთხოვნა, ხოლო წარმოდგენილ შესაგებელში სადავოდ არ გაუხდია დაზუსტებულ სარჩელში მითითებული დავალიანების წარმოშობის მექანიზმი და არც განცხადებაში მოყვანილი ფაქტების უსწორობებზე მიუთითებია (ტ. I, ს.ფ. 317).

44. სარჩელის მოთხოვნის დასაბუთებულობაზე მიუთითებდა როგორც შპს „-ს“ დირექტორის 2014 წლის 16 მაისის წერილი, რომლითაც არათუ უარყოფილი იყო სს ბ-- „ს--ის“ მიმართ 18619.79 ლარის დავალიანების არსებობა, არამედ იმის გათვალისწინებით, რომ მოვალის კომპანიას მიმდინარე პერიოდისათვის არ გააჩნდა შემოსავლები, იგი კრედიტორს სთავაზობდა ვალის გადახდის სხვადასხვა გზებს (ტ. I, ს.ფ. 85).

45. დავალიანების - 18 620 ლარის არსებობაზე მიუთითებდა საქმეში წარმოდგენილი საბუღალტრო დოკუმენტაციაც (ტ. I, ს.ფ. 29-82, 117-314).

46. ხანდაზმულობასთან მიმართებაში, კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ამასთან, ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამოირიცხოს კრედიტორის უფლებების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა, ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას. ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.

სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხია, თუ საიდან აითვლება ხანდაზმულობის ვადა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მხედველობაშია მისაღები, თუ ხანდაზმულობის დენის დაწყების მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს. ამასთან იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის დენის დაწყების ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა.

მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ვალდებულება, რომლის შესრულება მოვალის მხრიდან გარკვეული პერიოდებით განისაზღვრა. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე, მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ანგარიშსწორებას მხარე ახდენდა წლის ბოლომდე - 31 დეკემბრამდე და ამდენად, მისი გადახდის მოთხოვნის ვადის დენა უნდა დაწყებულიყო ყოველი წლის 01 იანვრიდან.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე საიჯარო ქირის, გაწეული მომსახურების და შესრულებული სარემონტო სამუშაოების ღირებულებების გადახდის გარდა, ზედმეტად იხდიდა თანხებს, რომლითაც ხდებოდა წინა წლების დავალიანების ჩათვლა, ზედმეტად გადახდილი თანხები უნდა შეფასდეს, როგორც სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების არსებობის აღიარება.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ზედმეტად გადახდილი თანხას უნდა მისცემოდა უსაფუძვლოდ გადახდილი თანხის სამართლებრივი შეფასება. პალატა განმარტავს რომ მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი აღძრულია ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის მოთხოვნით. ხოლო იმ პირობებში, როდესაც მხარეები იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობებში, ზედმეტად გადახდილ თანხაზე, როგორც უსაფუძვლოდ გადახდილზე მსჯელობა, მოკლებულია იურიდიულ დასაბუთებას. გარდა ამისა, თუკი მოპასუხეს მიაჩნდა, რომ თანხის ზედმეტად გადახდის ვალდებულება არ გააჩნდა, მას ჰქონდა იმისი პროცესუალური შესაძლებლობა, რომ მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის ჩაბარების შემდგომ მოეთხოვა მისი უკან დაბრუნება, რითაც მას არ უსარგებლია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სარჩელი 18620 ლარის დავალიანების მოთხოვნის თაობაზე არ არის ხანდაზმული.

47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

47. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, რომელიც შეეხება ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულებისა და ასევე, ხანდაზმულობის სამართლებრივ საკითხებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

VIII. საპროცესო ხარჯი:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახელმწიფო ბაჟის (935 ლარის) 70% – 654.5 ლარი

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. შპს „--ს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შპს „--ს“ დაუბრუნდეს 2015 წლის 09 ივლისს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (935 ლარის) 70% – 654.5 ლარი და შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე