№240210015793895
საქმე №ას-1044-984-2015 16 დეკემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ- ძ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს-ი გ-ა“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
I. სასარჩელო მოთხოვნა და სარჩელის საფუძვლები
1. ნ- ძ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს-ი გ-ის“ მიმართ, რომლითაც მოითხოვა: 1999 წლისა და 2000 წლის იანვარ-თებერვალის სახელფასო დავალიანების - 1400 ლარისა და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაყოვნებული თანხის 0.07%-ის ანაზღაურება.
2. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ 1999 წელსა და 2000 წლის იანვარსა და თებერვალში მოსარჩელე მუშაობდა ს- რ--ის საექიმო ამბულატორიაში, ექიმ თერაპევტად.
3. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულ პერიოდში პოლიკნილიკის დირექტორი იყო მ- ბ--ა, რომელმაც უკანონოდ მიითვისა 1999 წლისა და 2000 წლის იანვარ-თებერვლის ხელფასები.
4. მოსარჩელის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ მისი საქმიანობა მოიცავდა ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების სხვადასხვა სფეროს, ხელფასი ეწერებოდა მხოლოდ ბავშვთა სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში, რადგან პოლიკლინიკის დირექტორის განმარტებით, სამედიცინო მომსახურების სხვა სფერო დაფინანსებას არ ექვემდებარებოდა.
5. მოსარჩელის განმარტებით, მან 2014 წელს სასამართლო სხდომაზე შეიტყო, რომ 1999 წელსაც არსებობდა „სოფლის მოსახლეობის დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამა“, რომელიც ითვალისწინებდა უბნის ექიმების დაფინანსებას, არა მხოლოდ ბავშვებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, არამედ სხვა მომსახურებისათვისაც.
6. მოსარჩელემ განმარტა, რომ ვინაიდან სადავო პერიოდში გაწეული შრომითი ანაზღაურების ანაზღაურება სრულად არ მიუღია, მოპასუხე ვალდებულია აუნაზღაუროს 1999 წლის ყველა თვისა და 2000 წლის იანვარ-თებერვლის მიუღებელი შემოსავალი 1400 ლარის ოდენობით (ყოველთვიურად 100 ლარი). ამასთან, ყოველი გადაცილებული დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%.
7. მოსარჩელემ აღნიშნა ასევე, რომ ვინაიდან ახლახან გახდა ცნობილი მისთვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამების შესახებ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადა არ უნდა გავრცელდეს.
II. მოპასუხის პოზიცია
8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა მის უსაფუძვლობასა და ხანდაზმულობაზე.
მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეს სადავო პერიოდის კუთვნილი თანხა მიღებული აქვს, რაც დასტურდება აუდოტორული დასკვნით და შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილებით.
მოპასუხემ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა - ყოველთვიურად 100 ლარი აშკარად შეუსაბამოა შრომის ანაზღაურების იმ დროს მოქმედ წესებთან. ვინაიდან 1999-2000 წლებში არ არსებობდა სახელმწიფო სადაზღვეო კომპანია და შესაბამისად არ იყო ფიქსირებული ხელფასები.
მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნა სახელფასო უწყისების სასამართლოში წარდგენის შესახებ, უსაფუძვლოა, ვინაიდან 1999-2000 წლების უწყისები განადგურდა მათი შენახვის ვადის გასვლის გამო.
III. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებზე მითითება
9. ს- რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე შპს „ს-ა- გის“ მიმართ, 1999-2000 წლების სახელფასო დავალიანების - 1 400 ლარის დაკისრების თაობაზე და ყოველ დაყოვნებულ დღეზე დაყოვნებული თანხის 0.07% -ის ანაზღაურების დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
IV. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა
10. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ნ-ძ-მა, რომელმაც მოითხოვა, სენაკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.
V. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 აგვისტოს განჩინებით ნ- ძ--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ს-- რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება.
12. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 1999 წლიდან 2000 წლის 03 მარტამდე მოსარჩელე მუშაობდა შპს „ს- გ-აში“ სოფ. გეჯეთის საექიმო ამბულატორიის თერაპევტის თანამდებობაზე.
13. 1999 წელს მოსარჩელეს ხელფასის სახით დაერიცხა 46.72 ლარი, რაც მას აუნაზღაურდა 2009 წელს, დაყოვნებული თანხის 0.07%-ის დამატებით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რამაც შეადგინა 109.16 ლარი.
14. სადავო პერიოდში მოსარჩელისთვის დარიცხული და ანაზღაურებული ხელფასის ოდენობის შეუსაბამობა, ამბულატორიულ - სამედიცინო მომსახურების სახით მის მიერ გაწეულ შრომით საქმიანობასთან, სათანადო მტკიცებულებებით დადგენილი ვერ იქნა.
15. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისათვის, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მე-16, 94-ე მუხლებით; საქართველოს ორგანული კანონის - შრომის კოდექსის 31-ე მუხლითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 128-ე, 129-ე, 137-ე-138-ე მუხლებით.
16. სააპელაციო პალატის განმარტებით, აპელანტმა ვერ დაამტკიცა, რომ 1999-2000 წლებში იგი ახორციელებდა იმ საქმიანობას, რომელიც სახელმწიფო პროგრამით ფინანსდებოდა და ამ დაფინანსების ფარგლებში მის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურების ვალდებულება მოწინააღმდეგე მხარემ იკისრა.
17. ხელშეკრულება, რომელიც ნ- ძ-მა თავისი მოთხოვნის დასამტკიცებლად წარმოადგინა, დადებულია 2001 წლის 29 იანვარს და მოიცავს 2001 წლის 1 მარტიდან 2002 წლის 1 იანვრამდე შესრულებულ სამუშაოებს. ამ პერიოდისათვის კი აპელანტი თერაპევტის თანამდებობაზე უკვე აღარ მუშაობდა.
18. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 131-ე მუხლის თანახმად, ნ- ძ--ის მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია და მიუთითა, რომ ამ მხრივ მოპასუხემ წარმოდგინა შესაგებელი, რომელიც გამორიცხავს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას ამავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილით.
VI. კასატორის მოთხოვნა და კასაციის საფუძვლები
20. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ნ--- ძ---მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
21. საკასაციო პრეტენზია იმ გარემოებას ეფუძნება, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს მიღებული აქვს სადავო 1999-2000წწ.-ბის პერიოდზე ხელფასი.
კასატორი უარყოფს სადავო პერიოდზე ხელფასის მიღების შესახებ მოპასუხის პოზიციას და აღნიშნავს, რომ სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ შპს „ს-ამბულატორიულ-პოლიკნილიკური გ-ის დირექტორის - მ- ბ-ას ახსნა-განმარტებებს, რომელმაც საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საბუთები - სახელფასო უწყისები გაანადგურა.
22. კასატორი სადავოდ ხდის სარჩელის ხანდაზმულობაზე სასამართლოს მითითებასაც.
სამოტივაციო ნაწილი:
VIII. საკასაციო პალატის დასკვნები:
27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
28. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
29. კასატორი სადავოდ ხდის 1999 წლისა და 2000 წლის იანვარ-თებერვალის სახელფასო დავალიანებისა და ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის 0.07 პროცენტის ანაზღაურებას.
კასატორის ზემოთმითითებულ პოზიციას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის მიხედვით, სწორედ მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების არსებობა.
სარჩელში, დავის საგნიდან გამომდინარე, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს შეადგენდა იმ გარემოების სარწმუნოდ დადასტურება, რომ სადავო პერიოდზე მოპასუხეს მის მიმართ გააჩნდა სახელფასო დავალიანება. ამ გარემოების სარწმუნოდ დადასტურება კი, მოსარჩელემ ვერ შეძლო.
30. გარდა ამისა, სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში მოპასუხემ მიუთითა მოთხოვნის გამომრიცხველ გარემოებაზე, რაც სარჩელის ხანდაზმულობაში მდგომარეობს და რომელიც სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მთლიანად გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
32. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, რომელიც შეეხება სახელფასო დავალიანებისა და სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
33. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ნ- ძ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე