№330210114512520
საქმე №ას-1130-1063-2015 09 დეკემბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ- თ--–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჰ-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ლ- თ--მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ჰ--ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული სარგებლის - 38 400 ლარის დაკისრება.
2. მოპასუხემ სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ლ-- თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ლ-- თ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 სექტემბრის განჩინებით ლ- თ-–ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 სექტემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ლ--თ-–მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხარვეზის აღმოფხვრისათვის დამატებითი ვადის მიცემა.
7. კერძო საჩივარი დასაბუთებულია იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ივნისის განჩინება ლ-- თ-–ს გაეგზავნა რეგისტრირებულ მისამართზე და 2015 წლის 12 აგვისტოს ჩაბარდა მის დედას - ნ--ეს.
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარების დროისათვის ლ-თ--ი საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა ქალაქ ბათუმში, სადაც ერთ კვირას დაყოვდა.
ნ--ეს (კერძო საჩივრის ავტორის დედას) ასაკის გამო აქვს ჯანმრთელობასა და მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები.
სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის არსებობის შესახებ ლ- თ-–ისათვის ცნობილი გახდა მხოლოდ თბილისში დაბრუნების შემდეგ, რასაც უკავშირდება მის მიერ საპროცესო ვადის გაშვება.
კერძო საჩივრის ავტორი დამატებით აღნიშნავს, რომ მას არ დაუკარგავს სამართლებრივი ინტერესი საქმისადმი და დროულად შეტყობის შემთხვევაში აღმოფხვრიდა ხარვეზს.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
10. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ივნისის განჩინებით ლ-თ–ს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი სახელმწიფო ბაჟის გადახდის თაობაზე და განესაზღვრა 10 დღის ვადა მის შესავსებად.
11. ხარვეზის დადგენის შესახებ ზემოაღნიშნული განჩინება თ-–ს გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, თ- 4, კორპუსი 1, სადარბაზო 3, ბინა 58 და ჩაბარდა ადრესატის დედას - ნ- ბ-ეს (-2015 წლის 12 აგვისტოს (იხ., ტ. 4, ს.ფ. 172). აღნიშნული კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, მიიჩნევა განჩინების კასატორისათვის ჩაბარებად.
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოთმოხმობილ ნორმათა კომპლექსური ანალიზი გვაძლევს ერთმნიშვნელოვანი დასკვნის საფუძველს მასზედ, რომ საპროცესო სამართალურთიერთობის ყოველი მონაწილე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, რომელიც მას განჩინებით დაევალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს დავალებული საპროცესო მოქმედების შემდგომ შესრულების უფლებას.
13. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და სასამართლოსათვის არც შეუვსებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
15. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი ხარვეზის დადგენილ ვადში შეუვსებლობას იმით ხსნის, რომ განჩინება ჩაბარდა პირს (მის დედას), რომელმაც ჯანმრთლობასა და მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ვერ შესძლო ადრესატისათვის გზავნილის დროულად გადაცემა.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს გაშვებული საპროცესო ვადის საპატიოდ მიჩნევის საფუძველს გამომდინარე იქიდან, რომ მითითებული გარემოება საქმის მასალებით დადასტურებული არ არის, ხოლო მარტოოდენ მხარის განმარტება განჩინების გაუქმებასა და საპროცესო ვადის აღდგენას საფუძვლად ვერ დაედება.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ- თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე