№031210014641046
საქმე №ას-1139-1071-2015 23 დეკემბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ- გ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ- მ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
სარჩელში დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ- მ--ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ი-ბ--ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 1,500 ლარის დაკისრება.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 27 მარტის განჩინებით საქმეში არასათანადო მოპასუხე ი-- ბ--ე შეიცვალა სათანადო მოპასუხით მ-- გ--ით.
3. მოპასუხემ სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიღებული 2015 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილებით მ-- მ---ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მ-- გ-ეს მ- მ--ის სასარგებლოდ დაეკისრა 1 500 ლარის გადახდა.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიღებულ 2015 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მ- გ-ემ. მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 სექტემბრის განჩინებით მ- გ--ის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 სექტემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მ--- გემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
8. კერძო საჩივარი დასაბუთებულია იმ გარემოებაზე მითითებით, რომ კერძო საჩივრის ავტორმა სააპელაციო საჩივრის შეტანისას უსახსრობის გამო ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა. თუმცა, მას შემდეგ რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 01 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა 05 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა 75 ლარის ოდენობით, კერძო საჩივრის ავტორმა განჩინების ჩაბარებიდან მე-3 დღეს - 2015 წლის 09 სექტემბერს გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი დადგენილი ოდენობით სს „ს- ბ-ში“, თუმცა, მას არ აქვს იურიდიული განათლება და არ იცოდა, რომ ქვითარი უნდა წარედგინა სასამართლოში, ხოლო უსახსრობის გამო, ვერ ისარგებლა ადვოკატის მომსახურებით.
9. კერძო საჩივრის ავტორმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 83-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი და მას შესაძლებლობა არ მისცა ესარგებლა თავისი საპროცესო უფლებებით.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
12. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 01 სექტემბრის განჩინებით მ- გ--ეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი სახელმწიფო ბაჟის გადახდის თაობაზე და განესაზღვრა 05-დღის ვადა მის შესავსებად.
13. ხარვეზის დადგენის შესახებ ზემოაღნიშნული განჩინება გ---ეს გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, ქობულეთი, ა--ის ქ. №12, და ჩაბარდა პირადად (პ/ნ:6----) 2015 წლის 05 სექტემბერს (იხ. ს.ფ. 219).
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოთმოხმობილ ნორმათა კომპლექსური ანალიზი გვაძლევს ერთმნიშვნელოვანი დასკვნის საფუძველს მასზედ, რომ საპროცესო სამართალურთიერთობის ყოველი მონაწილე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, რომელიც მას განჩინებით დაევალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს დავალებული საპროცესო მოქმედების შემდგომ შესრულების უფლებას.
15. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და სასამართლოსათვის არც შეუვსებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
17. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობას იმით ხსნის, რომ მან რეალურად სასამართლოს მიერ დადგენილ 5- დღიან ვადაში (განჩინების ჩაბარებიდან მე-3 დღეს) გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი სს „ს-- ბ---ში“, თუმცა მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, ვერ შეძლო ადვოკატის მომსახურებით ესარგებლა, მას არც იურიდიული განათლება გააჩნდა, რის გამოც დაუშვა შეცდომა და სასამართლოსთვის არ წარუდგენია გადახდილი ბაჟის ქვითარი.
18. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს გაშვებული საპროცესო ვადის საპატიოდ მიჩნევის კანონისმიერ საფუძველს გამომდინარე იქიდან, რომ სამოქალაქო კანონმდებლობის მიხედვით კანონის არ ცოდნა არ ათავისუფლებს მხარეს საპროცესო ვალდებულების არამხოლოდ შესრულების, არამედ მისი დადგენილ ვადაში შესრულების მოვალეობისაგან.
ასეც რომ არ იყოს, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტით, რომლითაც მხარემ შეიტყო, რომ სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და მის მიერ გადასახელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 75 ლარს შეადგენდა, მას განემარტა, დადგენილი ოდენობით სახელმწიფო ბაჟის არამხოლოდ გადახადის, არამედ გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სასამართლოში წარდგენის ვალდებულება და დრო, რომლის განმავლობაში ეს საპროცესო მოვალეობა უნდა შესრულებულიყო.
ამავე განჩინებით მხარეს განემარტა დადგენილი საპროცესო მოქმედების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის საპროცესო შედგების შესახებ.
ამდენად, უმართებულოა კერძო საჩივრის ავტორის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს სასამართლომ დაარღვია დისპოზიციურობის პრინციპი და მას შეუზღუდა სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების შესაბამისად, მხარე სარგებლობს საპროცესო უფლებით გაასაჩივროს სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებება მინიმუმ ერთ ინსტანციაში, თუმცა საჩივარი უნდა პასუხობდეს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და მასზე გადახდილი უნდა იქნეს სახელმწიფო ბაჟი. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხარეს უდგინდება ხარვეზი, რომლის შევსება სამართლებრივ შედეგს მხოლოდ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ დროში წარმოშობს.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
16. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივარზე ზედმეტადაა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, რომელიც უკან უნდა დაუბრუნდეს მ- გ-ეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ- გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 სექტემბრის განჩინება;
3. მ- გ-ეს უკან დაუბრუნდეს 2015 წლის 28 ოქტომბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბ---ის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე