№ას-959-908-2015 30 ოქტომბერი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – კ. ი-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. ი-ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სესხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელით მიმართა კ. ი-მა (შემდეგში – მოსარჩელემ) დ. ი-ას (შემდეგში მოპასუხის) წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 10 380 აშშ დოლარის დაკისრება.
2. მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის მარტის დასაწყისში, მან 30000 აშშ დოლარი და 1140 აშშ დოლარი სოლიდარულად ასესხა მოპასუხე დ. ი-ას, გ. ქ-სა და ნ. უ-ეს. სესხი უნდა დაბრუნებულიყო იმავე წლის 16 აპილამდე. მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული თანხიდან მოპასუხის მიერ დასაბრუნებელ წილს შეადგენს 10380 აშშ დოლარი. მისივე განმარტებით, მოპასუხე უარს აცხადებს თანხის დაბრუნებაზე.
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას მოსარჩელისგან სესხი არ მიუღია.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 10 380 აშშ დოლარის გადხადა.
5. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის ახსნა-განმარტებითა და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდებოდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სესხის ზეპირი ხელშეკრულების დადების ფაქტი. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეს, შეთანხმებულ ვადაში, მოსარჩელისათვის სესხი არ დაუბრუნებია. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ მოპასუხე ვალდებული იყო მოსარჩელისათვის დაებრუნებინა სესხი.
6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის დადებულია სესხის ზეპირი ხელშეკრულება. აპელანტმა აღნიშნა, რომ ზემოხსენებული გარემოება სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელის ახსნა-განმარტების, მოწმეთა ჩვენებების და ამავე მოწმეთა მიერ შესრულებული ხელწერილების საფუძველზე, რაც, აპელანტის მოსაზრებით, წინააღმდეგობაში მოდის სასამართლო პრაქტიკასთან და სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის იმპერატიულ დანაწესთან, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულების ზეპირი ფორმით დადების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით: მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; კ. ი-ი სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა მოცემულ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
9. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა.
10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 624-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, კანონმდებელმა სესხის ხელშეკრულების დადებისათვის არ გაითვალისწინა სავალდებულო ფორმა, თუმცა განსაზღვრა მტკიცებულებათა დასაშვებობის კრიტერიუმები, კერძოდ, ზეპირი ხელშეკრულების დროს სესხის ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, რაც იმას ნიშნავს, მოწმეთა ჩვენება ამ შემთხვევაში არასაკმარისი მტკიცებულებაა, მაშინ როცა სხვა სახის სამართალურთიერთობის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა მატერიალურ სამართლებრივი ნორმა არ კრძალავდეს მოწმის ჩვენების საფუძველზე კონკრეტული ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შემადგენლობის (ფაქტების) დადასტურებას.
11. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტის დადასტურება, ვინაიდან მოპასუხე სადავოდ ხდიდა ამ ფაქტის არსებობას. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ფაქტის დასადასტურებლად მოსარჩელემ მიუთითა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე, რაც, პალატის მოსაზრებით, არ იყო საკმარისი მტკიცებულება სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტის დასადასტურებლად, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის იმპერატიული დანაწესის თანახმად, სესხის ხელშეკრულების ზეპირი ფორმით დადების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
- სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სკ-ს 624-ე მუხლით, ვინაიდან სსკ-ს 102-ე მუხლით დაშვებულია, რომ მტკიცებულებად მიიღება მხარეთა ახსნა-განმარტებები, რომლებიც მოპასუხის მიერ არ ყოფილა გაქარწყლებული ტოლფასი მტკიცებულებით;
- სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ არსებულ სასესხო ურთიერთობაში მტკიცებულებად მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები იყო წარმოდგენილი. საქმეში დევს სხვა მოვალეთა ხელწერილები, რომლითაც უდაოდ დასტურდება, რომ კასატორის მიმართ მათ და მოპასუხეს აქვთ სოლიდარული ვალდებულება ვალის დაბრუნების თაობაზე, ამის საწინააღმდეგოდ, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია, რომ მოპასუხე არ არის სასესხო ურთიერთობის მონაწილე.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული მოსარჩელის საკასაციო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
17. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ, საქმე №ას-858-807-2010წ., 16.05.2011წ.).
19. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
22. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ. ი-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ კ. ი-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (მთლიანობაში - 1250.00 ლარის, მათ შორის: 500.00 ლარის, საგადახდო დავალება N7647229, გადახდის თარიღი – 13.08.2015 წელი; 750.00 ლარის, საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი – 06.10.2015 წელი) 70% – 875.00 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი