№ას-519-492-2015 28 დეკემბერი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ნ. გ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ფ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება, სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. გ-ემ (შემდეგში – მოსარჩელე) ა. ფ-ის (შემდეგში – მოპასუხე) წინააღმდეგ და მოითხოვა სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირება და სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:
2.1. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2.2. ნოტარიუსის მიერ 2013 წლის 07 აგვისტოს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №.....) შევიდა ცვლილება და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად განისაზღვრა (სააღსრულებო ფურცლის მე-7 პუნქტი) სესხის ძირითადი თანხა – 9000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 0.03 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო ფურცლის აღსრულებამდე და გადაუხდელი პირგასამტეხლო – 567.00 აშშ დოლარი;
2.3. ნოტარიუსის მიერ 2013 წლის 07 აგვისტოს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №.......) შევიდა ცვლილება და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად განისაზღვრა (სააღსრულებო ფურცლის მე-7 პუნქტი) სესხის ძირითადი თანხა – 7500 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 0.03 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო ფურცლის აღსრულებამდე და გადაუხდელი პირგასამტეხლო – 202.50 აშშ დოლარი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- 2012 წლის 10 მაისს მხარეებს შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ მოსარჩელეს სამი თვის ვადით ასესხა 9000 აშშ დოლარი, თვეში 5 პროცენტი სარგებლის დარიცხვით (სსკ-ის 623-ე, 625.1 მუხლები);
- 2013 წლის 29 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ მოსარჩელეს ასესხა 7500 აშშ დოლარი, 10 დღის ვადით, სარგებლის დარიცხვის გარეშე (სსკ-ის 623-ე მუხლი);
- მხარეებმა ორივე ხელშკერულებით გაითვალისწინეს პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, დღეში გადაუხდელი თანხის 0,3 პროცენტის ოდენობით (სსკ-ის 417-ე, 418-ე მუხლები);
- ორივე სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება (სსკ-ის 286.1, 289.1 მუხლები);
- მოსარჩელემ ვალდებულება ვერ შეასრულა. მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე, 2013 წლის 07 აგვისტოს ნოტარიუსმა გასცა ორი სააღსრულებო ფურცელი, რომელთა მიხედვით, 10.05.2012 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესასრულებელ ძირითად ვალდებულებას წარმოადგენდა 9000 აშშ დოლარი, ხოლო, პირგასამტეხლოს – 5670 აშშ დოლარი, 29.04.2013 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კი, შესასრულებელ ძირითად ვალდებულებას წარმოადგენდა 7500 აშშ დოლარი, ხოლო, პირგასამტეხლოს – 2025 აშშ დოლარი. სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული იქნა იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციაც (სსკ-ის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილი და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38.5 და 40-ე მუხლები).
4. თბილისის საქალაქო სასამართლომ იხელმძღანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 417-ე-420-ე მუხლებით და პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად მიიჩნია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ათჯერ შემცირება. აქედან გამომდინარე, შემცირებული პირგასამტეხლოს შესაბამისად, სასამართლომ ცვლილებები შეიტანა სააღსრულებო ფურცლებშიც.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოები და სამართლებრივი შეფასებები. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ შემცირების მიუხედავად, პირგასამტეხლოს ოდენობა ისევ მაღალია და იგი დამატებით უნდა შემცირდეს.
7. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ უკანონოდ უთხრა უარი პირგასამტეხლოს ოდენობის უფრო მეტად შემცირებაზე და ასევე უკანონოდ დააკისრა პირგასამტეხლოს გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
8. საქართველოს უზენასი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად სამოქალაქო საპროცესი კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
12. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
14. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების შესახებ შეესაბამება მოცემული ტიპის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკას. საკასაციო სასამართლომ არაერთ განჩინებაში განმარტა, რომ პირგასამტეხლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ., სუს 18.03.2015წ.-ის №ას-506-479-2014 განჩინება; სუს 16.02.2015წ.-ის Nას-1198-1140-2014 განჩინება; სუს 16.05.2014წ-ის #as-1200-1145-2013 განჩინება). მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა, რომლის კიდევ უფრო მეტად შემცირების საფუძველი არ არსებობს.
15. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ნ. გ-ეს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300.00 ლარის, საგადახდო დავალება №300, გადახდის თარიღი – 09 ივნისი 2015 წელი) 70% – 210.00 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი