Facebook Twitter

№ა-3522-ა-15-2015 29 იანვარი, 2016 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – მ. მ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შ. კ-ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 თებერვლის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, ქმედების დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ. მ-ემ მოპასუხე შ. კ-ას მიმართ და მოითხოვა:

ა. მოპასუხისათვის წერილობით ბოდიშის მოხდის დავალდებულება;

ბ. მოპასუხისათვის მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად თვეში 150 ლარის დაკისრება.

2. მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 19 აგვისტოს მან სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე სს „მ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა იძულებითი განაცდურისა და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. ამ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე 2013 წლის 24 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა შ. კ-ამ, მოპასუხის დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, სასამართლოს განუმარტა, რომ 2008 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით მოსარჩელე კი არ გამართლდა, არამედ შეწყალებულ იქნა. ამ განმარტებით, შ. კ-ამ სასამართლოს მიაღებინა საქმის წარმოების შეწყვეტის გადაწყვეტილება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხის წარმომადგენელის ზემოხსენებული განმარტებით შეილახა მისი პატივი, ღირსება და მიადგა ზიანი.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 24 ოქტომბერს სასამართლო სხდომაზე, №2/462-13 საქმის განხილვისას, მოპასუხის წარმომადგენელმა შ. კ-ამ მოსარჩელის მისამართით გამოიყენა სიტყვები – „შეწყალებული იქნა“, ნაცვლად სიტყვებისა – „გამართლებული იქნა“. სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელემ ვერ წარადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოპასუხის მიერ წარმოთქმული სიტყვით შეილახა მისი პატივი და ღირსება და მიადგა ზიანი. სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოხსენებული გარემოებების დამტკიცების ტვირთი, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, მოსარჩელეს ეკისრებოდა.

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ივნისის განჩინებით: სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლიდან გამომდინარე, დამტკიცებულად ჩათვალა მოსარჩელის (იგივე აპელანტის) მიერ მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: მოპასუხის წარმომადგენელმა - შ. კ-ამ ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მიმართ წარმოთქვა სიტყვები, რომ ის იქნა შეწყალებული. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული, დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოება იურიდიულად არ ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებული მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, უსაფუძვლო იყო.

8. სააპელაციო სასამართლომ, საქმის განხილვისას იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლითა და 24-ე მუხლის პირველი ნაწილით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით, სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილით, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ამავე კანონის მე-13 მუხლით.

9. ზემოთ დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ცილისწამებისათვის პირს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გაავრცელებს არსებითად მცდარ ფაქტებს, რითაც ამ პირს ზიანი მიადგა, ანუ ფაქტი უნდა იყოს მცდარი, მოგონილი, ყალბი და მან ზიანი უნდა მიაყენოს მოსარჩელეს. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ წარმოთქმული სიტყვები, რომელიც მან წარმოთქმისთანავე შეასწორა, არ შეიძლებოდა მოსარჩელის მიმართ არასწორი ინფორმაციის გავრცელებად და მისთვის ზიანის მიყენებად მიჩნეულიყო, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი იურიდიულად გაუმართლებელი იყო და იგი დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება ან საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 იანვრის განჩინებით მ. მ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი, ხოლო ამავე სასამართლოს 2015 წლის 26 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ივნისის განჩინება უცვლელად დარჩა.

12. 2015 წლის 27 ივნისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მ. მ-ემ, რომელმაც მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 თებერვლის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

13. განმცხადებლის მითითებით: სასამართლო ვერ/ან არ გაერკვა, თუ რას და რატომ ითხოვდა მოსარჩელე; განჩინებაში მისი სასარჩელო მოთხოვნა არ არის მითითებული; მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხის მიერ იმის დადასტურებას, რომ მოსარჩელე 2008 წლის 3 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენით შეწყალებულ იქნა და სს „მ-ში“ მუშაობა შრომის კოდექსის მე-7 მუხლის შესაბამისად დაიწყო ან მოპასუხის მიერ ბოდიშის მოხდასა და მატერიალური ზარალის ანაზღაურებას. ამდენად, მისი სარჩელი შეეხება არა განცხადების უარყოფასა და ზიანის ანაზღაურებას, როგორც ეს გასაჩივრებულ განჩინებაშია მითითებული, არამედ „შეწყალებასა“ და „მუშაობაზე“ ფაქტის დადასტურებას ან ბოდიშის მოხდასა და მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურებას. განმცხადებელი აღნიშნავს, ასევე, რომ საკასაციო საჩივარი მისი მონაწილეობის გარეშე იქნა განხილული. სამართლებრივად განცახდება დაფუძნებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტსა და ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

16. მითითებული ნორმის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში.

17. განმცხადებელი საქმის წარმოების განახლების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე და ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე, ხოლო ფაქტობრივ საფუძვლად - შემდეგ გარემოებებზე: ა. საკასაციო სასამართლო ვერ გაერკვა მოსარჩელის მოთხოვნაში, კერძოდ, სარჩელი შეეხება არა განცხადების უარყოფასა და ზიანის ანაზღაურებას, როგორც ეს გასაჩივრებულ განჩინებაშია მითითებული, არამედ „შეწყალებასა“ და „მუშაობაზე“ ფაქტის დადასტურებას ან ბოდიშის მოხდასა და მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურებას; გ. საკასაციო საჩივარი განხილულ იქნა კასატორის მონაწილეობის გარეშე.

18. საკასაციო პალატა, უპირველესად, აღნიშნავს, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები საქმის წარმოების განახლების კანონით გათვალისწინებულ არც ერთ საფუძველს არ განეკუთვნება, შესაბამისად, წარმოდგენილი განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ სრულიად დაუსაბუთებელია.

19. ამასთან, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვით, საკასაციო სასამართლოს კანონი არ დაურღვევია, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილი მას ამის უფლებას ანიჭებდა, კერძოდ, მითითებული ნორმის მიხედვით, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საქმის განხილვის საპროცესო ფორმას საკასაციო სასამართლო თავად განსაზღვრავს, იგი უფლებამოსილია დავა მხარეთა დასწრების გარეშე განიხილოს, სავალდებულოა მხოლოდ ის, რომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე წინასწარ აცნობოს მხარეებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 იანვრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი და დადგინდა საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე. აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელეს ეცნობა კანონით დადგენილი წესით (იხ. ს.ფ. 206-213).

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს წარმოდგენილი განცხადების დაკმაყოფილებისა და საქმის წარმოების განახლების კანონით გათვალისწინებული საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. მ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი