ბს-925-511(კ-05) 16 იანვარი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
რ. ნადირიანი,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: მიწის გადასახადის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 19 აგვისტოს ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ სარჩელი აღძრა სს «გ-ის» მიმართ და საგადასახადო კოდექსის 245-247-ე, სკ-ის 300-301-ე მუხლების საფუძველზე მოითხოვა სს «გ-ის» დაყადაღებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის უფლების მინიჭება მოპასუხეზე რიცხული საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით.
მოსარჩელემ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
სს «გ-ის» მიერ საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ამ უკანასკნელის დავალიანებამ ბიუჯეტისა და სახელმწიფო ფონდების მიმართ შეადგინა 23145 ლარი. გირავნობის, იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2003წ. 20 თებერვლის ¹61 შეტყობინებით მოპასუხე გაფრთხილებულ იქნა საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საგადასახადო კოდექსის 245-ე მუხლის შესაბამისად, საწარმოს იმ ქონების დაყადაღებისა და რეალიზაციის შესახებ, რომლის მიმართაც ვრცელდება საგადასახადო გირავნობის უფლება, კერძოდ, რომლის ლიკვიდური ღირებულება განისაზღვრება 18431 ლარით და საკმარისია საგადასახადო ვალდებულების დაფარვისათვის. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2003წ. 10 ივლისის ¹42 ბრძანების საფუძველზე, ამავე ინსპექციის ვადაგადაცილებულ დავალიანებათა იძულებითი გადახდევინების კომისიის 2003წ. 12 აგვისტოს აქტით ყადაღა დაედო სს «გ-ის» ქონებას _ ორსართულიან ადმინისტრაციულ შენობასა და ავეჯს, რომლის სარეალიზაციო ფასი შეადგენს 15055 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს გაყიდვის მომენტისათვის.
მოსარჩელის განმარტებით, საგადასახადო კოდექსის 245-247-ე მუხლების თანახმად, საგადასახადო ინსპექცია უფლებამოსილია, მოვალე საწარმოს ქონების დაყადაღების შემდეგ მიმართოს სასამართლოს აღნიშნული ქონების რეალიზაციის შესახებ, რადგან დაყადაღებული ქონების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ ღია აუქციონის ჩატარების ფორმით სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.
2003წ. 25 აგვისტოს ფოთის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ასევე სს «გ-მა» ქ. ფოთის მთავრობის, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ფოთის სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მიწის იჯარის ხელშეკრულების დარეგისტრირება და მიწის გადასახადის ხელშეკრულების შესაბამისად გადაანგარიშება, გადასახადებზე საურავების მოხსნა, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის გადასახადის _ 3772 ლარის გადახდის დაწყება 2004 წლიდან:
მოსარჩელის განმარტებით, სს «გ-ი» არის ფოთის ......... მეურნეობის სამართალმემკვიდრე და მასვე უნდა დამაგრებოდა მეურნეობის სარგებლობაში არსებული მიწები, მაგრამ ქ. ფოთის მერის 1996წ. 9 აგვისტოს ¹457 განკარგულებით ზემოაღნიშნული ნაკვეთებიდან 5 ჰა გადაეცა ქ. ფოთის საეპარქიოს, ხოლო 36 ჰა სახნავი მიწა გერმანულ ფირმა «მ-ის» მეშვეობით დაურიგდა 600 შეჭირვებულ და იძულებით გადაადგილებულ პირს, თუმცა, მიწის გადასახადები ერიცხება სს «გ-ს», რაც არაკანონიერია. მოსარჩელის მითითებით, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მათი სარჩელი და ქ. ფოთის მთავრობასა და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ფოთის სამმართველოს დაევალა «გ-თან» 590,74 ჰა მიწის ნაკვეთზე იჯარის ხელშეკრულების გაფორმება, რასაც ისინი წლების მანძილზე უშედეგოდ ითხოვდნენ. 446,93 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულება ფოთის მთავრობასა და სს «გ-ს» შორის დაიდო მხოლოდ 2003წ. 25 აგვისტოს, ხელშეკრულება რეგისტრირებულ იქნა 2003წ. 1 სექტემბერს, საიდანაც უნდა მოხდეს მიწის გადასახადის დარიცხვა, თანახმად საგადასახადო კოდექსის 148-ე მუხლისა.A
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 23 სექტემბრის განჩინებით სსკ-ის 182-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექციისა და სს «გ-ის» სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის განმარტებით, სს «გ-ს» საბოლოო თანხა ერიცხება 23145 ლარი, 1999წ. 26 ნოემბერს გადახდილი აქვს 3500 ლარი, 2000წ. 21 დეკემბერს _ 9278 ლარი, ხოლო 2000წ. 21 დეკემბერს _ 1478 ლარი, რაც შეეხება მიწის გადასახადს, რასაც არ დაეთანხმა მოსარჩელე სს «გ-ი». საგადასახადო ინსპექციის განმარტებით, მიწის გადასახადის დარიცხვისას იგი დაეყრდნო მიწის მართვის სამმართველოს უფროსის წერილს, რომლის თანახმად, «გ-ს» ყოველწლიურად დარიცხული ჰქონდა 5499 ლარი, სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადი _ 8547 ლარი, საურავი _ 9397 ლარი, საშემოსავლო გადასახადის საურავი _ 608 ლარი, სოციალური უზრუნველყოფის ფონდში გადასახდელი ძირითადი თანხა 2142 ლარი, საურავი _ 105 ლარი, სულ ძირითადი თანხა დაერიცხა 11462 ლარი, ხოლო საურავი _ 11081 ლარი.
მოპასუხე _ მიწის მართვის სამმართველოს განმარტებით, მათთვის არ იყო ცნობილი, ვის გადასცა მერიამ მიწა და დარიცხვა მოხდა 1984წ. სახაზინო საზოგადოების მიმაგრების აქტიდან, რომლის სამართალმემკვიდრეც არის სს «გ-ი».
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 20 იანვრის გადაწყვეტილებით სს «გ-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა; ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექციას დაევალა სს «გ-ის» ქონებაზე დადებული ყადაღის მოხსნა და სს «გ-ს» ბიუჯეტისათვის გადახდილი თანხებიდან 9730 ლარი ჩაეთვალა საბიუჯეტო გადასახადებში 2003წ. 14 სექტემბრიდან; ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სარჩელი დაყადაღებული ქონების რეალიზაციის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 146-ე, 148-ე მუხლებით, ამავე კოდექსის 152-ე მუხლის მე-3 ნაწილით და საფუძვლიანად მიიჩნია სს «გ-ის» სარჩელი შემდეგი მოტივებით:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მიწის იჯარის ხელშეკრულება, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, დაიდო 2003წ. 1 სექტემბერს, საიდანაც წარმოეშვა მას საგადასახადო კოდექსის 146-ე მუხლით გათვალისწინებული, კანონით დადგენილი მიწის გადასახადის გადახდის საფუძველი. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება მიწის გადასახადის დაკისრების საფუძვლად მხოლოდ უფლებამონაცვლეობის მიჩნევის შესახებ იმ მოტივით, რომ იჯარის ხელშეკრულების დადებამდე, მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სახელმწიფოს, კონკრეტულ შემთხვევაში _ ქ. ფოთის მთავრობის საკუთრებას და სს «გ-ი» ხელშეკრულების გაფორმებამდე არ სარგებლობდა სადავო მიწის ნაკვეთით, რაც დასტურდება ფოთის მთავრობის მიერ მიწის ნაკვეთის სხვადასხვა პირებზე (გერმანულ ფირმა «მ-სა» და ფოთის ეპარქიაზე) გადაცემით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არამართებულად მიიჩნია უსაფუძვლოდ დარიცხული მიწის გადასახადის უზრუნველსაყოფად სს «გ-ის» ქონებაზე ყადაღის დადება, რადგან საგადასახადო კოდექსის 148-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მიწის გადასახადის განსაზღვრის საფუძველია მიწის ფართობის საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, კონკრეტულ შემთხვევაში _ იჯარის ხელშეკრულება.
სს «გ-ის» სარჩელის საფუძვლიანობის დამადასტურებლად საქალაქო სასამართლომ მიუთითა ქ. ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექციისათვის ფოთის მიწის მართვის საქალაქო სამმართველოს მიერ გაგაზავნილ ¹წ108/6 წერილზე, რომლის მიხედვით, სს «გ-ზე» მიწის გადასახადის დარიცხვა უნდა მომხდარიყო საიჯარო ხელშეკრულების დადებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დღიდან _ 2003წ. 1 სეტემბრიდან.
ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს 2004წ. 20 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო სს «გ-ის» სარჩელზე უარის თქმა.
აპელანტმა უკანონოდ მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ სს «გ-ი» ქ. ფოთის საქალაქო სასამართლოში რეგისტრირებულ იქნა 1996წ. 15 ნოემბერს, ხოლო იმავეწ. 21 ნოემბერს აღრიცხვაზე დადგა საგადასახადო ინსპექციაში გადასახადის გადამხდელად. შესაბამისად, საზოგადოებაზე დარიცხული ნებისმიერი სახის გადასახადის გადახდაზე პასუხისმგებლობა ეკისრება არსებული საზოგადოების ხელმძღვანელობას, მიუხედავად საკუთრების თუ საკადრო ცვლილებებისა და ნებისმიერი სახის ხელშეკრულების გაფორმებისა. აპელანტის მითითებით, სს «გ-ს» სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა სარგებლობაში აქვს რეგისტრაციის მომენტიდან, ხოლო მასზე გადასახადის დარიცხვა ნაწარმოებია 1998 წლიდან, მიწის მართვის ფოთის სამმართველოს მიერ საგადასახადო ინსპექციისათვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
აპელანტმა მიიჩნია, რომ სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია გადაწყვეტილების ფაქტობრივ და იურიდიულ დასაბუთებას და მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. აპელანტმა ასევე იშუამდგომლა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად, საქმეში ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ჩართვის შესახებ.
ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ ცნო სს «გ-მა», მოითხოვა უსაფუძვლობის გამო მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 20 იანვრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 ივნისის გადაწყვეტილებით ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 20 იანვრის გადაწყვეტილება სს «გ-თვის» ბიუჯეტში გადახდილი თანხებიდან 9730 ლარის 2003წ. 1 სექტემბრის საბიუჯეტო გადასახადში ჩათვლის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გააუქმა სს «გ-ზე» 2003წ. 12 აგვისტოს დადებული ყადაღა და უარი უთხრა საგადასახადო ინსპექციას დაყადაღებული ქონების რეალიზაციაზე. რაც შეეხება სს «გ-ის» მიერ ბიუჯეტში გადახდილი 9730 ლარის ჩათვლას, სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილში არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ მოტივით, რომ აღნიშნული მოთხოვნა სს «გ-ს» არ დაუყენებია.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 10 ივნისის გადაწყვეტილება გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005წ. 1 მარტის განჩინებით და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა საგადასახადო ინსპექციის სარჩელი სს «გ-ის» ქონების რეალიზაციის შესახებ და აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ განმარტა, რომ საგადასახადო ინსპექცია თავდაპირველად ითხოვდა სს «გ-ის» დაყადაღებული ქონების რეალიზაციის უფლების მინიჭებას 23145 ლარის დავალიანების დაფარვის მიზნით, თუმცა შემდგომ დააზუსტა დავალიანების ოდენობა, რამაც შეადგინა 14855 ლარი. სს «გ-ი» საგადასახადო დავალიანებას სადავოდ ხდიდა მხოლოდ მიწის გადასახადის ნაწილში, რაც შედარების აქტის მიხედვით შეადგენდა 9303 ლარს. შესაბამისად, საკასაციო პალატამ მიიჩნია,რომ აღიარებული საგადასახადო დავალიანების _ 5552 ლარის დაფარვის მიზნით გადამხდელის დაყადაღებული ქონების რეალიზაციაზე დაუსაბუთებლად ეთქვა უარი საგადასახადო ინსპექციას.
გარდა ამისა, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა დადგინდეს, რომელი წლიდან და რამდენ ჰა მიწის ნაკვეთს ფლობდა და სარგებლობდა სს «გ-ი» 446,93 ჰა მიწის ნაკვეთზე იჯარის ხელშეკრულების დადებამდე, როგორც სახელმწიფო საწარმო ფოთის ............ მეურნეობის სამართალმემკვიდრე, ასევე უნდა დადგინდეს, რომელი წლიდან წარმოიშვა სადავო საგადასახადო დავალიანება 9303 ლარი და დაცულია თუ არა საგადასახადო კოდექსის 237-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 მაისის გადაწყვეტილებით ფოთის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 20 იანვრის გადაწყვეტილება, ფოთის საგადასახადო ინსპექციის სარჩელი დაკმაყოფილდა და სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა სს «გ-ის» დაყადაღებული ქონების რეალიზაცია აუქციონზე, სს «გ-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა და დადგინდა მიწის გადასახადის ათვლის დაწყება 2003წ. 1 სექტემბრიდან.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს «გ-ის» საგადასახადო დავალიანება შედარების აქტით შეადგენს 14855 ლარს. ამ უკანასკნელმა აღიარა დავალიანების არსებობა საშემოსავლო, სოციალური უზრუნველყოფისა და ქონების გადასახადის ნაწილში, მაგრამ სარჩელი არ აღიარა მიწის გადასახადის ნაწილში, რაც შედარების აქტის მიხედვით, შეადგენს 9303 ლარს. სააპელაციო პალატის მითითებით, აღნიშნული დავალიანება წარმოიშვა 2004წ. 18 იანვრიდან. პალატის განმარტებით, «გ-ის» მიერ 5552 ლარის დავალიანების აღიარებისა და ამ ნაწილში სარჩელის ცნობისა და იმის გამო, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა დავალიანება არ არსებობს, საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უნდა მოხდეს 5552 ლარის ღირებულების ქონების რეალიზაცია აუქციონით.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სს «გ-ი» არის ფოთის .......... მეურნეობის სამართალმემკვიდრე, ფოთის მერიის 1996წ. 9 აგვისტოს ¹457 განკარგულებით ........ მეურნეობის მიწის ნაკვეთიდან 5 ჰა გადაეცა ფოთის საეპარქიოს, ხოლო 36 ჰა გერმანულ ფირმა «მ-ის» მეშვეობით დაურიგდა 600 შეჭირვებულ და იძულებით გადაადგილებულ პირს. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ფოთის მთავრობასა და ფოთის მიწის მართვის სამმართველოს დაევალა სს «გ-თან» იჯარის ხელშეკრულების გაფორმება, რაც განხორციელდა 2003წ. 25 აგვისტოს. 1997წ. საგადასახადო კოდექსის 146-ე მუხლის შესაბამისად, მიწის გადასახადის ათვლა უნდა მოხდეს 2003წ. 1 სექტემბრიდან, რადგან მიწის ნაკვეთი იჯარით მიღებული აქვს სს «გ-ს» 2003წ. 25 აგვისტოდან.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფოთის საგადასახადო ინსპექციამ და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ, მიწის გადასახადის ათვლის დაწყების თარიღად 2003წ. 1 სექტემბრის განსაზღვრის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სს «გ-თვის» მიწის გადასახადის გადახდის დაკისრება 9278 ლარის ოდენობით, შემდეგი მოტივით:
სს «გ-ი» დაფუძნდა 1994წ. 29 დეკემბერს და წარმოადგენს «ფ-ის» სამართალმემკვიდრეს. ხობის რ-ნის უფროსი მიწათმომწყობის ცნობის თანახმად, «ფ-ას» მუდმივ სარგებლობაში მიმაგრებული ჰქონდა 397,82 ჰა მიწა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მითითებით, სს «გ-ს», რომელსაც კანონით დადგენილი წესით მუდმივ სარგებლობაში აქვს მიმაგრებული მიწის ნაკვეთი, უნდა დაერიცხოს მიწის გადასახადი დაფუძნების დღიდან და არა 2003წ. 1 სექტემბრიდან.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 მაისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, არასწორად განმარტა კანონი, გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად დასაბუთებული, რაც სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 394-ე მუხლის «ე» პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრის მოტივებს იმის თაობაზე, რომ სს «გ-ს», როგორც ფოთის ......... მეურნეობის სამართალმემკვიდრეს, სარგებლობაში ჰქონდა მიმაგრებული მიწის ნაკვეთი, რადგან საქმეში წარმოდგენილი ხობის რ-ნის მიწათმოწყობის სამსახურის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ფოთის ......... მეურნეობას 1984წ. მდგომარეობით მუდმივ სარგებლობაში მიმაგრებული ჰქონდა 397,82 ჰა მიწა, საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის 1998წ. 27 აპრილის ¹17/30 გადაწყვეტილებით, ფოთის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული მიწის ნაკვეთი გადაეცა დაქვემდებარებაში ქ. ფოთის მერიას, ხოლო მითითებული ნაკვეთიდან 590,74 ჰა განკუთვნილი იყო სს «გ-თვის». სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილება გახდა საფუძველი სს «გ-თან» 2003წ. 25 აგვისტოს იჯარის ხელშეკრულების გაფორმებისა. გარდა ამისა, თავად სს «გ-ის» დირექტორი მ. ზ-ა, იჯარის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, მიმართავდა რა ქ. ფოთის მერიას, თავად ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ სს «გ-ს» სარგებლობაში ჰქონდა 946,93 ჰა მიწა, რაც დასტურდება საქმეში არსებული, მ. ზ-ას 2003წ. 25 მარტის მიმართვით. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სს «გ-ის» დირექტორის მოსაზრებას, რომელიც მიწის გადასახადის დარიცხვას ითხოვს 2003წ. 1 სექტემბრიდან, იჯარის ხელშეკრულების დადების მომენტიდან, იმ მოტივით, რომ სს «გ-ი» მიწის ნაკვეთით სარგებლობს იჯარის ხელშეკრულების დადებიდან და მანამდე საწარმოს მიწით არ უსარგებლია და რაიმე შემოსავალი აქედან არ მიუღია.
მითითებულ მსჯელობას საკასაციო პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის (1997წ. რედაქცია) 148-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მიწის გადასახადი არ არის დამოკიდებული გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის შედეგზე. შესაბამისად, ის გარემოება სს «გ-ი»´ფაქტობრივად სარგებლობდა თუ არა მიწის ნაკვეთით და იღებდა თუ არა რაიმე შემოსავალს, გავლენას ვერ მოახდენს მიწის გადასახადის დარიცხვაზე, რადგან მითითებული 148-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მიწის გადასახადის განსაზღვრის საფუძველია მიწის ნაკვეთის საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ასეთად არ უნდა იქნეს მიჩნეული მხოლოდ იჯარის ხელშეკრულება და აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას განმსაზღვრელია სს «გ-ის» სარგებლობაში არსებობდა თუ არა მიწის ნაკვეთი იჯარის ხელშეკრულების დადებამდე, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში სადავოა არა იჯარის, არამედ მიწის გადასახადი. სწორედ აღნიშნული მოტივით გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005წ. 1 მარტის განჩინებით ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 ივნისის გადაწყვეტილება და სსკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს მთელი რიგი მითითებებით, კერძოდ, იმის დასადგენად, მართებულად მოხდა თუ არა სს «გ-ზე» მიწის გადასახადის დარიცხვა, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა 2003წ. სექტემბრამდე რამდენ ჰა მიწას ფლობდა და სარგებლობდა «გ-ი», როგორც .......... მეურნეობის სამართალმემკვიდრე, რაც სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია და მიიჩნია, რომ მიწის გადასახადის გადახდა უნდა მოხდეს 2003წ. 1 სექტემბრიდან, თუმცა სააპელაციო სასამართლოს არ დაუსაბუთებია, რატომ არ უნდა დაერიცხოს სს «გ-ს» მიწის გადასახადი იჯარის ხელშეკრულების გაფორმებამდე, როგორც მიწათმოსარგებლეს, ასეთის დადასტურების შემთხვევაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საგადასახადო კოდექსის 146-ე მუხლი და სარგებლობის დამადასტურებლად მხოლოდ იჯარის ხელშეკრულება მიიჩნია და არ გამოიკვლია სს «გ-ს», როგორც ........... მეურნეობის სამართალმემკვიდრეს, დამაგრებული ჰქონდა თუ არა მიწის ნაკვეთი სარგებლობაში, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო მიწის გადასახადის დარიცხვის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს ასევე არ გამოუკვლევია ხანდაზმულობის საკითხი, რაზეც მიუთითა საკასაციო სასამართლომ, კერძოდ, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ დადგენილი უნდა ყოფილიყო თუ როდიდან წარმოიშვა საგადასახადო დავალიანება 9303 ლარი და დაცული იყო თუ არა საგადასახადო კოდექსის 237-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის 6-წლიანი ვადა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ გამოითხოვა ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან, რომლის თანახმად, სს «გ-ზე» რიცხული მიწის გადასახადის დავალიანება 9303 ლარი წარმოშობილია 2004წ. 18 იანვრიდან, თუმცა აღნიშნულზე სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია თავის გადაწყვეტილებაში. გარდა ამისა, საკასაციო პალატა თვლის, რომ მითითებული ცნობა ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, რადგან 2003წ. 10 ივლისის შედარების აქტის მიხედვით, მიწის გადასახადის დავალიანება არსებობდა 2003წ. 1 იანვრიდან 2003წ. 10 ივლისამდე პერიოდშიც, რაც საფუძველი გახდა ფოთის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2003 წელს აღძრული სარჩელისა, რომლითაც მოითხოვა, არსებული დავალიანების ამოღების მიზნით, სს «გ-ის» დაყადაღებული ქონების რეალიზაციის უფლების მინიჭება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულზე არ იმსჯელა, სათანადოდ არ გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმეზე დადგენილ გარემოებებს.
გარდა ამისა, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს საქმეში მოპასუხედ ჩართული _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის სათანადო მოპასუხეობის თაობაზე, რადგან მოსარჩელის მოთხოვნა, მიწის გადასახადის ათვლის 2003წ. 1 სექტემბრიდან დაწყების შესახებ, არ არის მიმართული საჯარო რეესტრისათვის რაიმე ვალდებულების დაკისრებისაკენ, რის გამოც საჯარო რეესტრის საქმეში მოპასუხის სტატუსით მონაწილეობის საფუძველი არ არსებობს. საჯარო რეესტრის საქმეში მოპასუხედ მოწვევა განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ სს «გ-ის» 2003წ. 25 მარტის სარჩელის მოთხოვნას სხვა მოთხოვნებთან ერთად წარმოადგენდა საჯარო რეესტრის (იმჟამად მიწის მართვის ფოთის სამმართველო) დავალდებულება საიჯარო ხელშეკრულების რეგისტრაციაში გატარების შესახებ, მაგრამ დღეისათვის აღნიშნული არ წარმოადგენს დავის საგანს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს მითითებული გარემოებები, კერძოდ, სს «გ-ს» იჯარის ხელშეკრულების გაფორმებამდე სარგებლობაში ჰქონდა თუ არა მიწის ნაკვეთი და რა რაოდენობით, ასევე დაცულია თუ არა საგადასახადო კოდექსის 237-ე მუხლით დადგენილი გადასახადის დარიცხვის ხანდაზმულობის 6-წლიანი ვადა და სათანადო შეფასება მისცეს მათ.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 მაისის გადაწყვეტილება და სსკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რადგან სააპელაციო სასამართლოს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, რის გამოც შეუძლებელია საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფოთის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისიას საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 მაისისგადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.