Facebook Twitter

საქმე №ა-4792-შ-97-2015 25 დეკემბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგის ვასილეოსტროვსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ა.კ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ბ. წ.-ია

განაჩენი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგის ვასილეოსტროვსკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 14 სექტემბრის განაჩენი

შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა – განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება ზიანის ანაზღაურების ნაწილში

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგის ვასილეოსტროვსკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 14 სექტემბრის განაჩენით ბ. წ.-ია ცნობილ იქნა დამნშავედ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 162-ე მუხლის მეორე ნაწილით და საბოლოდ მიესაჯა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე განაჩენით ბ. წ.-იას ნ.ბ.-ას სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 128400 რუბლის ოდენობით, ო.ბ.-ას სასარგებლოდ – 27700 რუბლის ოდენობით, ე.რ.-ას სასარგებლოდ – 159500 რუბლის ოდენობით, ხოლო ე.რ.-ას სასარგებლოდ – 112676 რუბლი ოდენობით.

აღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 26 სექტემბერს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგის ვასილეოსტროვსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ა.კ.-მა 2015 წლის 16 დეკემბერს შუამდგომლობით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგის ვასილეოსტროვსკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 14 სექტემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება ზიანის ანაზღაურების ნაწილში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგის ვასილეოსტროვსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ა.კ.-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგის ვასილეოსტროვსკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 14 სექტემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ზიანის ანაზღაურების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.

„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე წარედგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს. იგი შეიძლება წარედგინოს გადაწყვეტილების გამომტან პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომელიც შუამდგომლობას უგზავნის კომპეტენტურ სასამართლოს, გადაწყვეტილება გამოიტანოს შუამდგომლობით.

მითითებული ნორმების თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ და მხოლოდ მხარის წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე. დაინტერესებულ მხარეს შეუძლია ასევე შუამდგომლობით მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს, რომელიც მოვალეა შუამდგომლობა გადაუგზავნოს იმ სასამართლოს, რომელიც, კომპეტენტურია განიხილოს შუამდგომლობა გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება შესაძლებელია მხოლოდ დაინტერესებული მხარის შუამდგომლობით.

დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგის ვასილეოსტროვსკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 14 სექტემბრის განაჩენი გამოტანილია ნ.ბ.-ას, ო.ბ.-ას, ე.რ.-ასა და ე.რ.-ას სასარგებლოდ, შესაბამისად, ისინი წარმოადგენენ იმ პირებს, რომელებიც დაინტერესებული არიან სადავო განაჩენის აღსრულებით. განსახილველ შემთხვევაში კი უცხო ქვეყნის სასამართლო განაჩენის ცნობისა და აღსრულების თაობაზე შუამდგომლობით საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგის ვასილეოსტროვსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ა.კ.-მა და არა სადავო განაჩენის აღსრულებით დაინტერესებულმა პირებმა – ნ.ბ.-ამ, ო.ბ.-ამ, ე.რ.-ამ და ე.რ.-ამ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგის ვასილეოსტროვსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ა.კ.-ის შუამდგომლობა დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 53-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგის ვასილეოსტროვსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ა.კ.-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგის ვასილეოსტროვსკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 14 სექტემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ზიანის ანაზღაურების ნაწილში დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი