Facebook Twitter

საქმე №ას-1151-1083-2015 18 დეკემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – თ. გ.-ი, გ. გ.-ე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ.-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სს „ლ.-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების –თ. გ.-ისა და გ. გ.-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით სს „ლ.-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს – თ. გ.-სა და გ. გ.-ეს სს ,,ლ.-ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ძირი თანხის – 43,301,02 ლარის, პროცენტის – 1308.7 ლარისა და ჯარიმის – 268,19 ლარის, სულ 44877,91 ლარის გადახდა. სს ,,ლ.-ის“ მოთხოვნა დაკმაყოფილდა და განხორციელდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია: ს/კ ... მდებარე: ს.-ის რაიონი, სოფელი ბ.-ი, ფართი 370000.00 კვ.მ, მესაკუთრე თ. გ.-ი და უძრავი ქონების: ს/კ ... მდებარე: ს.-ის რაიონი, სოფელი ბ.-ი, ფართი 550000.00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი: 56.05.29.019, შენობა ნაგებობების ჩამონათვალი №1, შენობა ნაგებობების საერთო ფართი: 610.00.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრეს თ. გ.-მა, გ. გოქაძემ და მოითხოვეს მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 სექტემბრის განჩინებით თ. გ.-ისა და გ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრეს თ. გ.-მა, გ. გოქაძემ და მოითხოვეს მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ნოემბრის განჩინებით კასატორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2015 წლის 21 ივლისს თ. გ.-მა და გ. გ.-ემ წარმოადგინეს დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, მაგრამ არ წარმოადგინეს საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითარი. ამასთან, კასატორებმა მიუთითეს, რომ არ ასაჩივრებენ თანხის ოდენობას და თანახმა არიან გადაიხადონ დაკისრებული თანხა.

საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 4 დეკემბრის განჩინებით თ. გ.-სა და გ. გ.-ეს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა და დაევალათ ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინონ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის დამადასტურებელი ქვითარი.

აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თ. გ.-ს ჩაბარდა 2015 წლის 4 დეკემბერს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. გ.-ისა და გ. გ.-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კასატორ თ. გ.-ს ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 4 დეკემბრის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2015 წლის 4 დეკემბერს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ტ.2, ს.ფ.86). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 5 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 9 დეკემბერს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. გ.-ისა და გ. გ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი