საქმე №ას-863-813-2015 17 დეკემბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ს.“, დირექტორი ც. მ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. ხ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი – პარტნიორთა კრების მოწვევისა და დივიდენდის განაწილების დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
დ. ხ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს-ს“ (შემდგომში _ მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა საზოგადოების პარტნიორთა 2014 წლის 30 მაისის #5 ოქმის ბათილად ცნობა და მოპასუხის (დირექტორი ც. მ-ე) დავალდებულება, მოიწვიოს პარტნიორთა კრება და გაანაწილოს 2013 წლის დივიდენდი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მარტივი შედავების ფარგლებში განმარტა, რომ არ არსებობდა საზოგადოების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობის წინაპირობები, იგი მოწვეული იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით და მასში მონაწილეობდა მოსარჩელე. რაც შეეხებოდა კრების მოწვევასა და დივიდენდის განაწილებას, ამ ნაწილში სარჩელი იყო უსაფუძვლო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საზოგადოების პარტნიორთა 2014 წლის 30 მაისის კრების #5 ოქმი, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება 2013 წლის დივიდენდის განაწილების დავალდებულებისა და საპროცესო ხარჯების ნაწილში გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაევალა 2013 წლის დივიდენდის სახით 8 081 ლარის მოსარჩელისათვის გადაცემა.
5.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
5.1.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა 2014 წლის 30 მაისის პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა და საზოგადოების დირექტორის დავალდებულება პარტნიორთა კრების მოწვევისა და 2013 წლის დივიდენდების განაწილების თაობაზე. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი პარტნიორთა კრების #5 ოქმი. ამ ნაწილში გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და იგი ძალაშია. მოსარჩელის მოთხოვნა პარტნიორთა კრების მოწვევისა და 2013 წლის დივიდენდის განაწილების დავალდებულების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და აპელანტმა სწორედ ამ ნაწილში გაასაჩივრა გადაწყვეტილება. მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა საზოგადოების პარტნიორთა 2014 წლის 30 მაისის კრების #5 ოქმი.
5.1.2. 2014 წლის 30 მაისის პარტნიორთა კრების #5 ოქმის თანახმად, 2013 წელს საწარმოს წმინდა მოგებამ შეადგინა 37 198 ლარი, ხარჯები, რომელიც არ გამოიქვითა, 4 874 ლარი იყო, ხოლო საფინანსო მოგება _ 32 324 ლარი.
5.1.3. მოპასუხე საწარმოში აპელანტის წილი შეადგენდა 25%-ს.
5.1.4. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 46-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ აღნიშნა, რომ სამეწარმეო სუბიექტის დაფუძნების მიზანი მოგების მიღებაა; პარტნიორის ინტერესიც, როდესაც იგი ხდება საწარმოს განსაზღვრული წილის მესაკუთრე, სწორედ საწარმოს მოგებიდან მისი წილის პროპორციული მოგების მიღებაა დივიდენდის სახით. სხვა სიტყვებით, საწარმოს მიერ მიღებული მოგების შესაბამის წილზე პარტნიორს წარმოეშობა საკუთრების უფლება, რომელიც დაცულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და მისი შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით.
5.1.5. გასაჩივრებული გადაწყვეტილება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლს ეფუძნებოდა, რასაც არ დაეთანხმა პალატა და განმარტა, რომ მითითებული ნორმით გათვალისწინებულია პარტნიორთა კრების უფლება და შესაძლებლობა, გაანაწილოს დივიდენდი. კანონი არ შეიცავს მოთხოვნას, რომ დივიდენდი აუცილებლად უნდა განაწილდეს მხოლოდ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით. კანონის ასეთი განმარტება უსამართლო და არაპროპორციულად შემზღუდველი იქნება ამ სიტუაციაში, როდესაც ცალსახაა, რომ საწარმოს დომინანტი (75% წილის მესაკუთრე) პარტნიორი _ ც. მ-ე, კანონით გაუთვალისწინებელ საფუძველზე (საწარმოში 2013 წელს მოგება არ დადგინდა, რადგან საწარმოში მიმდინარეობს აუდიტორული შემოწმება, შესაბამისად, არ მომხდარა მისი განაწილებაც) მითითებით, არ იღებს გადაწყვეტილებას 2013 წელს საწარმოს მიერ მიღებული მოგების დივიდენდების სახით განაწილების თაობაზე, რითაც უკანონოდ იზღუდება დ. ხ-ის საკუთრების უფლება საწარმოს მიერ მიღებული მოგების 25%-ზე (რაც შეადგენს სწორედ 32324 ლარს, 25%-ი კი - 8081-ია).
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
6.1. საკასაციო საჩივრების საფუძვლები:
6.1.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილით, ასევე, ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ აპელანტს მიაკუთვნა ის, რაც მას არ მოუთხოვია, სასარჩელო მოთხოვნა დივიდენდის განაწილების თაობაზე პარტნიორთა კრების ჩატარების დავალდებულება იყო და არა თანხის დაკისრება, ამდენად, სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნები.
6.1.2. კასატორმა მიუთითა სასარჩელო მოთხოვნაზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებაზე და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს არავითარი უფლება არ ჰქონდა, მიეღო გადაწყვეტილება საწარმოს კრების მოწვევისა და დივიდენდის განაწილების დავალდებულების თაობაზე იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს მისთვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებაც კი არ უცდია, ასეთ შემთხვევაში, სრულიად გაუმართლებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ დომინანტი პარტნიორი კანონით გაუთვალისწინებელი საფუძვლით არ აპირებს დივიდენდის განაწილებას, რის გამოც საკითხი სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა, ამით სააპელაციო პალატა უხეშად ჩაერია საწარმოს შიდა საქმიანობაში.
6.1.3. სააპელაციო სასამართლომ, გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას, არასწორად განმარტა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და არასწორად აღნიშნა, რომ დივიდენდის განაწილება მხოლოდ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით არ ხორციელდება. აღნიშნულით სააპელაციო სასამართლომ საკუთარ თავზე იკისრა პარტნიორთა კრების ფუნქცია.
6.1.4. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ამავე მხარეებს შორის განხილულ დავაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკაც (#ას-75-408-09). უზენაესმა სასამართლომ მითითებულ გადაწყვეტილებაში დივიდენდის განაწილება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე, შესაბამისი პროცედურების დაცვით მიიჩნია შესაძლებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, რომელიც შეეხება სასამართლოს მიერ საწარმოში წლიური მოგების დივიდენდის სახით პარტნიორთა შორის განაწილებას. სააპელაციო პალატის დასკვნით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შინაარსის მიუხედავად, სასამართლო ყოველთვისაა უფლებამოსილი, გადაწყვიტოს დივიდენდის განაწილების საკითხი, რათა დომინანტ პარტნიორს არ მიეცეს შესაძლებლობა, კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელ შემთხვევაში, არაპროპორციულად შეზღუდოს მცირე პარტნიორის საკუთრების უფლება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული სიკეთეა.
1.2. კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებს და წარმოადგინა პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს მხრიდან, როგორც მატერიალური, ისე საპროცესო სამართლის ნორმების არასწორი გამოყენება-განმარტების თაობაზე.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე ნორმის მე-2 და მე-3 ნაწილებით განსაზღვრულია, თუ რა ჩაითვლება კანონის დარღვევად, ასეთად კი, მიიჩნევა მატერიალური სამართლის ნორმების არასწორი გამოყენება-განმარტება, ასევე, საპროცესო წესების იმგვარი დარღვევა, რასაც შედეგად არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა.
1.4. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს და აპელანტს მიაკუთვნა ის, რასაც მხარე არ მოითხოვდა, კერძოდ, სარჩელის, ასევე, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის შესწავლით ირკვევა, რომ კასატორის მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნა იყო მოპასუხე საწარმოსა და მისი დირექტორის დავალდებულება, მოეწვია პარტნიორთა კრება და გაენაწილებინა დივიდენდი, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კი, სააპელაციო პალატამ მხარეს მიაკუთვნა საწარმოში მისი წილის პროპორციული მოგება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლით იმპერატიულადაა დადგენილი სასამართლო გადაწყვეტილების ფარგლები, რომლის თანახმადაც, სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. მითითებული ნორმის დანაწესი არა მარტო პირველი ინსტანციის, არამედ, სააპელაციო და საკასაციო განხილვის წესებზეც ვრცელდება, რამდენადაც, ამავე კოდექსის 384-ე და 409-ე მუხლების თანახმად, ზემდგომი სასამართლო უფლებამოსილია, გადაწყვეტილება მხოლოდ მხარის მოთხოვნის ფარგლებში შეცვალოს, ხოლო საქმის ზემდგომ სასამართლოში განხილვისას დავის საგნის გადიდება დაუშვებელია (სსსკ-ის 381-ე და 406-ე მუხლები). ამდენად, სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, გასცდენოდა სასარჩელო მოთხოვნას და თუნდაც იმ პირობებში, თუკი ჩათვლიდა, რომ არსებობდა დივიდენდის განაწილების წინაპირობა, მას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში უნდა ემსჯელა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე (სსსკ-ის 377-ე მუხლი).
1.5. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორის იმ პოზიციასაც, რომლის თანახმადაც, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმები. სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. დასახელებული ნორმა განამტკიცებს იურიდიული პირის, როგორც სამართალსუბიექტის დამოუკიდებლობის ზოგად პრინციპს და ყოველი კონკრეტული შემთხვევის რეგულირების მატერიალური საფუძველი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითაა განსაზღვრული. მითითებული კანონის მე-3 თავში მოცემულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მახასიათებელი სპეციალური წესები და 47-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პარტნიორთა კრება წარმოადგენს საზოგადოების მმართველობითი ფუნქციის განმახორციელებელ უმთავრეს ინსტიტუტს. სწორედ საერთო კრებაზე ფორმირდება საზოგადოებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისეთი საკითხები, როგორიცაა: წარმოების სახეებისა და სამეურნეო საქმიანობის დაწყება და მათი შეწყვეტა; საწარმოს სარეგისტრაციო განცხადების მონაცემებსა და წესდებაში ცვლილებების მიღება; ფილიალების შექმნა და ლიკვიდაცია; ინვესტიციების განხორციელება, რომელთა ღირებულება ცალკე ან მთლიანად ერთ სამეურნეო წელიწადში აღემატება საზოგადოების აქტივების ღირებულების 50%-ს; ვალდებულებათა აღება, რომლებიც ცალკე ან მთლიანად აღემატება საზოგადოების აქტივების ღირებულების 50%-ს; ვალდებულებათა უზრუნველყოფა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას და რომელთა ღირებულება აღემატება საზოგადოების აქტივების ღირებულების 50%-ს; პროკურის გაცემა და გაუქმება; წლიური შედეგების დამტკიცება; აუდიტორის არჩევა; საწარმოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია. მითითებული საკითხების გარდა, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, კრება იღებს გადაწყვეტილებას: ხელმძღვანელ პირთათვის მოგებასა და საერთო შემოსავალში მონაწილეობისა და პენსიის მიცემის პრინციპების განსაზღვრის შესახებ; იმ დამატებითი უფლებების გამოყენებაზე, რომლებიც საზოგადოებას დაფუძნებიდან ან საზოგადოების მართვიდან გამომდინარე აქვს დირექტორის ან/და პარტნიორის მიმართ, ასევე საზოგადოების წარმომადგენლობა იმ პროცესებში, რომლებსაც იგი დირექტორების წინააღმდეგ წარმართავს; შენატანების მოთხოვნის, დამატებითი შენატანების უკან დაბრუნების; დირექტორების დანიშვნა/გამოწვევის, მათთან ხელშეკრულებების დადება/შეწყვეტის, აგრეთვე მათი ანგარიშების დამტკიცების; სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ, ასევე, ახალი/დამატებითი შენატანების გზით საწარმოს კაპიტალის გაზრდის გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. ამასთანავე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-5-მე-7 პუნქტები). „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება. ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, წლიური მოგების/დივიდენდის განაწილების საკითხის გადაწყვეტა შპს-ის მმართველობითი ორგანოს (საერთო კრება) კომპეტენციაა და ასეთ შემთხვევაში, პარტნიორის, მათ შორის, მცირე პარტნიორის უფლებადამცავ დანაწესს საერთო კრების მოწვევის განმსაზღვრელი ნორმები გვთავაზობს.
1.6. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას იმის შესახებ, რომ სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორს გააჩნია დივიდენდის მოთხოვნის უფლება, თუმცა, ყველა შემთხვევაში აღნიშნული არ შეიძლება იქნეს მიჩნეული საწარმოს ხელძღვანელობით უფლებამოსილებაში სასამართლოს მხრიდან ჩარევის ლეგიტიმურ საფუძვლად. საკითხის სამართლებრივად სწორად შეფასებისათვის ყურადღება უნდა გამახვილდეს თავად დივიდენდის ინსტიტუტზე. საქმეში წარმოდგენილი შპს „ს-ს“ წესდების თანახმად საზოგადოების მიზანი მოგების მიღება და საქმიანობის შემდგომი განვითარებაა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამეწარმეო საქმიანობის მიზნის გათვალისწინებით, პარტნიორის ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება საზოგადოების საქმიანობიდან მოგების მიღებაა. ეს უფლება მოიცავს დივიდენდის მიღების ზოგად უფლებას (დივიდენდის მიღების უფლება) და კონკრეტული სამეურნეო წლის ბოლოს პარტნიორის მიერ საზოგადოების მოგების ნაწილის მოთხოვნის უფლებას (დივიდენდის მოთხოვნის უფლება). მათ შორის განსხვავება იმაშია, რომ პირველი უფლება წარმოიშობა საზოგადოების პარტნიორად გახდომის მომენტიდან, ხოლო მეორე – საზოგადოების პარტნიორთა კრების მიერ მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან. ამდენად, წლიური შედეგების დამტკიცებისა თუ დივიდენდის განაწილების საკითხი საზოგადოების უფლებამოსილებას წარმოადგენს, რომელიც ფორმირდება საზოგადოების საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების სახით. დივიდენდის მოთხოვნის უფლების მარეგულირებელ ნორმას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი წარმოადგენს, რომელიც გულისხმობს როგორც დივიდენდის გაცემა-არგაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების, ისე გასანაწილებელი დივიდენდის ოდენობის განსაზღვრის უფლებამოსილებასაც. აღნიშნული კანონი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში პარტნიორთა კრების მიერ დივიდენდის გაცემა-არგაცემის ან დივიდენდის ოდენობის განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მარეგულირებელ ნორმებს არ შეიცავს და მათი მოწესრიგების შესაძლებლობას ითვალისწინებს კომპანიის წესდებით. საქმეში არსებული წესდების მე-6 მუხლის თანახმად, საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანო პარტნიორთა კრებაა (6.1. მუხლი), რომელიც გადაწყვეტილებას იღებს მათ შორის წლიური შედეგების დამტკიცებისა და შედეგების გამოყენებაზე (6.7.7. მუხლი), ხოლო მე-8 მუხლით დივიდენდი ნაწილდება შესაბამისად, ყოველი სამეურნეო წლის შედეგების მიხედვით (8.2. მუხლი). შეიძლება ითქვას, რომ, როგორც კანონის, ისე საწარმოს წესდების შესაბამისად, დივიდენდის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება საწარმოს დისკრეციაა, რაც გულისხმობს გასანაწილებელი მოგების ოდენობის განსაზღვრის დისკრეციასაც და ამ გადაწყვეტილების მიღებაში სასამართლო უნდა შეიჭრას, თუ უფლებამოსილ პირთა მხრიდან ადგილი ექნება არაკეთილსინდისიერ ქმედებებს, პარტნიორის უფლებების განზრახ უგულებელყოფას ან დისკრეციის ბოროტად გამოყენებას. უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო სამართლის მიზნებისათვის, პარტნიორთა გადაწყვეტილება ორმხრივი/მრავალმხრივი გარიგებაა, რომელიც სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული გარიგების ნამდვილობის ყველა ელემენტს უნდა აკმაყოფილებდეს და სადავოობის შემთხვევაში, პარტნიორი, რომელიც არ ეთანხმება ამ გარიგებას, უფლებამოსილია, ისარგებლოს უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპით, რომელიც ვრცელდება ნებისმიერი დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების მიმართ.
1.7. საკასაციო პალატა ეთანხმება კასატორის შედავებას იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკისგანაც. ამავე მხარეებს შორის განხილული ერთ-ერთი დავისას, საკასაციო პალატა არ დაეთანხმა დ. ხ-ის მოთხოვნას დივიდენდის განაწილების თაობაზე და განმარტა, რომ დ.ხ-ეს დივიდენდის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ სადავო პერიოდისათვის მოგების განაწილება საზოგადოებაში დივიდენდის გაცემის გზით განხორციელდა. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე დაყრდნობით, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „დივიდენდების გაცემა საწარმოს საქმიანობის ჩვეულებრივი პროცესი კი არ არის, არამედ განსაკუთრებული შემთხვევაა, რომელიც შესაბამისი პროცედურის დაცვით ხორციელდება. დივიდენდის გაცემის საფუძველი შეიძლება იყოს საწარმოში მოგების არსებობა და პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება პარტნიორებზე დივიდენდების გაცემის შესახებ. დივიდენდის სავალდებულო რეჟიმში მხოლოდ ერთ პარტნიორზე გაცემა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის... პარტნიორს დივიდენდის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა თუ დამტკიცდებოდა, რომ შპს „ს-ს“ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით მოხდა დივიდენდების განაწილება და მას, როგორც პარტნიორს, მისი წილის პროპორციული თანხა არ გაუნაწილეს, ან თუ ის მოითხოვს პარტნიორთა კრების მოწვევას და საწარმოს პარტნიორთა კრება მიიღებს გადაწყვეტილებას დივიდენდების განაწილების თაობაზე.“ (იხ. სუსგ №ას-75-408-09, 2 ივლისი, 2009 წ).
1.8. პალატა კვლავ დაუბრუნდება განსახილველ სარჩელს, რომლის თანახმადაც, დ. ხ-ე მოითხოვდა მოპასუხე საწარმოსა და მისი დირექტორის დავალდებულებას პარტნიორთა კრების მოწვევისა და დივიდენდის განაწილების თაობაზე. როგორც ზემოთ აღინიშნა, მითითებული მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლია, თუმცა ამ ნაწილში სააპელაციო პალატას არ უმსჯელია და არ დაუდგენია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე არც ერთი ფაქტობრივი გარემოება (ნორმის შემადგენლობა), შესაბამისად, ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია (სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტი). რაც შეეხება თავად პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის საკითხს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-2 პუნქტით რეგლამეტირებულია პარტნიორის შესაძლებლობა, შესაბამისი პროცედურების დაცვით, მოიწვიოს საერთო კრება და დადგენილია დღის წესრიგში ცვლილებების შეტანისა თუ კრების გადაწყვეტილებაუნარიანობის საკითხი, ნორმით განსაზღვრულია ასევე შპს-ის დირექტორის უფლებამოსილება, თავად მოიწვიოს საერთო კრება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ საწარმოში მოგების არსებობის ფაქტის დადგენისას ისე იხელმძღვანელა პირველი ინატნციის სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილი შპს „ს.ს“ პარტნიორთა 2014 წლის 30 მაისის #5 კრების ოქმით, რომ მას არ გამოუკვლევია ამავე კრების გადაწყვეტილების მე-8 პუნქტი, რომლის თანახმადაც დ.ხ-ის მოთხოვნით საზოგადოების დირექტორს დაევალა პარტნიორთა კრების ჩატარება მოსარჩელისათვის მისაღებ დროს იმ დღის წესრიგით, რასაც პარტნიორი დ.ხ-ე წარადგენდა. სასამართლოს არსევე არ უმსჯელია საწარმოს მიმართვაზე, რომლითაც მოსარჩელეს გაეგზავნა სადავო კრების ოქმი და განემარტა, რომ კრების მიმდინარეობის ჩანაწერი გადაეცემოდა მომავალ პარტნიორთა კრებაზე, რომელიც მისთვის სასურველ დროს ჩაინიშნებოდა. კრების მოწვევის დავალდებულების მოთხოვნასთან მიმართებით პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ დივიდენდის განაწილება სცილდება საწარმოს ჩვეულებრივ საქმიანობას, რის გამოც, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების მიღება მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებულ კრებას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სწორედ ეს უკანასკნელი შემთხვევა შეიძლება განვიხილოთ პროპორციულად საწარმოს საქმიანობაში (კრების მოწვევის დავალდებულება იმ პირობებში, როდესაც შეუძლებელია ყველა პერტნიორის მონაწილეობით კრების ჩატარება) სასამართლოს მხრიდან ლეგიტიმურ ჩარევად, ამასთანავე, პარტნიორთა კრების დღის წესრიგის განსაზღვრის ნაწილში სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმებისას პალატამ შეფასება უნდა მისცეს თავად მოსარჩელის განმარტებას იმის თაობაზე, რომ საწარმომ მოგებით დაასრულა 2013 წელი და გასანაწილებელი თანხა შეადგენდა 32 324 ლარს, მაგრამ არაწორი აღრიცხვიანობის გამო, საწარმოს დამატებით დაერიცხა 20 270 ლარი და სანქცია-საურავი 15 000 ლარი, რაც საწარმოს 2013 წლის წაგებაზე უთითებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილი კრების ოქმის მე-2 პუნქტის თანახმად კი, საწარმოს ბუღალტერს დაევალა 2013 წლის წლიური ანგარიშისა და დივიდენდის განაწილების შესახებ მოსარჩელისათვის სრული ინფორმაციის მიწოდება, მას შემდეგ, რაც საწარმოში დასრულდება საგადასახადო-ფინანსური და სახელმწიფო აუდიტორული შემოწმება.
1.9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, თავად გადაწყვიტოს დავა, ვიდრე ობიექტურად არ დადგინდება მისი გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.
2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:
2.1. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს კასატორმა დაურთო მტკიცებულებები: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 2 ივლისის განჩინებისა და აუდიტორული დასკვნის ასლები.
2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს მტკიცებულებათა მიღების საფუძველი, შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 02.07.2009წ. #ას-75-408-09 განჩინების, ასევე, შპს „ა-ის“ 29.04.2015წ და 12.06.2015წ. დასკვნების ასლები (ტ. II, ს.ფ.279-286).
3. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს.სა“ და მისი დირექტორის, ც. მ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. კასატორებს დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე დართული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 02.07.2009წ. #ას-75-408-09 განჩინების, ასევე შპს „ა-ის“ 29.04.2015წ და 12.06.2015წ. დასკვნების ასლები (ტ. II, ს.ფ.279-286).
4. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური