Facebook Twitter

საქმე №ას-1308-1228-2015 25 იანვარი, 2016 წელი ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე – ა. ბ-ის სარჩელის გამო, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიმართ, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

საკასაციო პალატას განსახილველად გადმოეცა სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი. საკასაციო მოთხოვნასა და დასაბუთებაში კასატორი უთითებდა რომ მოითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ნოემბრის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას. იმის გათვალისწინებით რომ, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ არ ყოფილა მოსარჩელე, საკასაციო პალატამ მიიჩნია რომ მოთხოვნა საჭიროებდა დაზუსტებას და 2016 წლის 8 იანვრის განჩინებით, კასატორს განუსაზღვრა სამდღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაზუსტებული საკასაციო განაცხადის წარმოსადგენად.

2016 წლის 18 იანვარს სასამართლოს მომართა კასატორის წარმომადგენელმა თ. ი-მა და განმარტა რომ, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ მოითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ნოემბრის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით ა. ბ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული.

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით ა. ბ-ის სარჩელი სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიმართ, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა. ა. ბ-ი ცნობილ იქნა მესაკუთრედ საჯარო რეესტრში სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე - ქალაქი თბილისი, ვ-ას გამზირი, მე-6 კვარტალი, კორპუსი #.../ქალაქი თბილისი, ქ-ის ქუჩა #..., ბინა ..., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #.... გაბათილდა ნოტარიუს ნ. ბ-ის მიერ 2013 წლის 12 ივნისს (რეესტრის #130584440) ვ. ჯ-ის სამკვიდრო ქონებაზე სახელმწიფოს სახელზე გაფორმებული სამკვიდრო მოწმობა. სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ ა. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 1236 ლარისა და 30 თეთრის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში გაასაჩივრა სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“, შესაბამისად, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განსახილველად მიღების საფუძველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.

აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი შეიძლება გახდეს სააპელაციო სასამართლოს ის გადაწყვეტილებები, რომლითაც ნამსჯელია პირველი ინსტანიის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ნოემბრის განჩინებით, განხილულია მხოლოდ სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის“ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი და არა ა.ბ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების კანონიერება. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი ვერ გახდება საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი.

პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილშიც რომ ხდიდეს სადავოდ სააპელაციო სასმართლოს განჩინებას, საკასაციო საჩივარს მაინც არ ექნებოდა პერსპექტივა, ვინაიდან განჩინება ემყარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის სწორ განმარტებას მხარეთა (და არა სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ) შორის სასამართლო ხარჯების განაწილებასთან დაკავშირებით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე, 391-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე