Facebook Twitter

¹ ბს-926-512(კ-05) 5 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბ. კობერიძე,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: თანხის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 2 სექტემბერს ზესტაფონის რაიონის ... საზოგადოებამ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში ქ. ზესტაფონის გამგეობის მიმართ სარჩელი აღძრა და მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 8587,70 ლარის დაკისრება მოითხოვა.

მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

ზესტაფონის ... საზოგადოებას ზესტაფონის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1982წ. 30 მაისის ¹114 გადაწყვეტილებით ქ. ზესტაფონში, ... გამზირზე, “ს-ს” 24-ბინიანი სახლის პირველ სართულზე 22 კვ.მ ფართის ბინა გამოეყო, რომლითაც იგი სარგებლობდა და თავის საკუთრებად თვლიდა. სს “ელ-ის” ფილიალის ზესტაფონის საქსელო საწარმომ სასამართლოში სარჩელი აღძრა და ზესტაფონის ... საზოგადოების დაკავებული ფართიდან გამოსახლება მოითხოვა. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2001წ. 23 აპრილის გადაწყვეტილებით სს “ელ-ის” ფილიალის ზესტაფონის საქსელო საწარმოს დირექტორ გ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ზესტაფონის ... საზოგადოება გამოსახლებულ იქნა ქ. ზესტაფონში, ... მდებარე შენობის 22 კვ.მ ფართიდან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით მითითებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

მოსარჩელის მოსაზრებით, ქ. ზესტაფონის გამგეობა ზესტაფონის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამართალმემკვიდრეს წარმოადგენდა, რომლის გადაწყვეტილებითაც ზესტაფონის რაიონის ... საზოგადოებას ფართის სანაცვლოდ სს “ელ-ის” ფართი გამოეყო. ამდენად, ქ. ზესტაფონის გამგეობა ვალდებული იყო, მოსარჩელე შესაბამისი ფართით დაეკმაყოფილებინა. ვინაიდან, მოპასუხემ აღნიშნული ვალდებულება არ შეასრულა, აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მოპასუხისაგან ქ. ზესტაფონში, ... მდებარე ბინის ღირებულების, 8587,70 ლარის, მის სასარგებლოდ გადახდას ითხოვდა.

მოპასუხე მხარემ, ქ. ზესტაფონის გამგეობამ, სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 თებერვლის გადაწყვეტილებით ზესტაფონის რაიონის ... საზოგადოების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ზესტაფონის რაიონის ... საზოგადოებამ იმავე საფუძვლებით სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 10 ივლისის განჩინებით ზესტაფონის რაიონის ... საზოგადოების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 თებერვლის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ზესტაფონის რაიონის ... საზოგადოებამ იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005წ. 2 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 10 ივლისის განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ აპელანტს მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ თანხის ანაზღაურების დაკისრების (შენობის კომპენსაციის) მოთხოვნაზე ისე უთხრა უარი, რომ სრულყოფილად არ გამოიკვლია, რამდენად გააჩნდა ზესტაფონის რაიონის ... საზოგადოების აღნიშნულ მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ არ დაადგინა, რის საფუძველზე ფლობდა 1982 წლამდე ზესტაფონის რაიონის ... საზოგადოება ფართს, აგრეთვე არ იმსჯელა, რამდენად მართებული იყო ზესტაფონის რაიონის გამგეობის თანხის ანაზღაურების (შენობის კომპენსაციის) ვალდებულებისაგან გათავისუფლება, მაშინ, როცა ზესტაფონის რაიონის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის (რომლის სამართალმემკვიდრესაც ამჟამად ქ. ზესტაფონის გამგეობა წარმოადგენს) 1982წ. 30 მაისის ¹114 გადაწყვეტილებით ზესტაფონის რაიონის მონადირეთა საზოგადოების დირექციის თხოვნა დაკმაყოფილდა და ზესტაფონის რაიონის მონადირეთა საზოგადოებას ქ. ზესტაფონში, ...ის გამზირზე, “ს-ს” 24-ბინიანი სახლის პირველ სართულზე 22 კვ.მ ფართის ბინა გამოეყო.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 11 მაისის გადაწყვეტილებით ზესტაფონის რაიონის ... საზოგადოების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 თებერვლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ზესტაფონის რაიონის ... საზოგადოების სარჩელი დაკმაყოფილდა; ქ. ზესტაფონის გამგეობას ზესტაფონის რაიონის ... საზოგადოების სასარგებლოდ 8587 ლარისა და 70 თეთრის გადახდა დაეკისრა.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, 1982წ. 30 მაისის ¹114 გადაწყვეტილებით ქ. ზესტაფონში, ... (ყოფილი ...ის გამზირი) ... საზოგადოებას 22მ2 ფართი გამოეყო ქალაქის ფონდიდან ..., მისი კუთვნილი ოფისის სანაცვლოდ.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის მიმართ სკ-ის 523-ე მუხლის ნორმა უნდა გამოყენებულიყო, კერძოდ, ნასყიდობის წესები, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა გაცვლას.

მოგვიანებით, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 23 აპრილის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე გამოსახლებულ იქნა სადავო ფართიდან. სკ-ის 490-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს იგი საამისოდ აუცილებელ ვადაში.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც არსებობდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. მოსარჩელისთვის გადაცემული ბინა ნაკლის მქონე აღმოჩნდა, ხოლო მის საკუთრებაში არსებული ფართი ჩამორთმეული იქნა ქალაქის კეთილმოწყობის მიზნით. ამდენად, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ანუ ... ქუჩაზე მდებარე ფართის დაბრუნება შეუძლებელი იყო, ასევე შეუძლებელი იყო მოსარჩელისთვის 22 კვ.მ-ის გადაცემა, რადგან ამ ფართიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა გამოსახლებული. ამ შემთხვევაში, სკ-ის 409-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს უნდა მისცემოდა ფულადი ანაზღაურება. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქ. ზესტაფონის გამგეობას მოსარჩელისთვის უნდა გადაეხა სადავო შენობის საბალანსო ღირებულება 8587 ლარი და 70 თეთრი.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემული დავა ხანდაზმული არ იყო, ვინაიდან, მართალია, ზესტაფონის აღმასკომის 1982წ. ¹114 გადაწყვეტილებაში მითითებული იყო, რომ მოსარჩელეს გამოეყო საქენერგოს 24 ბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე 22 კვ.მ, მაგრამ ამ დროიდან ხანდაზმულობა ვერ აითვლებოდა იმ საფუძვლით, რომ თავიდანვე ცნობილი არ იყო ნაკლის შესახებ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 11 მაისის გადაწყვეტილება ქ. ზესტაფონის გამგეობამ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ის 130-ე მუხლის მოთხოვნები. ამასთან, არ გაარკვია, ნივთის გადაცემის დროს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ნივთი იყო თუ არა ნივთობრივად ნაკლის მქონე.

კასატორმა უსაფუძვლოდ ჩათვალა სასამართლოს მტკიცება იმის თაობაზეც, რომ მყიდველმა მოითხოვა ნაკლის გამოსწორება, ანუ სანაცვლო ფართის მიცემა, რაც ქ. ზესტაფონის გამგეობამ არ დააკმაყოფილა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ქ. ზესტაფონის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 11 მაისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსთვის, თუ კასატორის მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგს:

საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ზესტაფონის რაიონის ... საზოგადოება 1982 წლამდე ქ. ზესტაფონში, ... მდებარე შენობის ორ ოთახში იყო განთავსებული. ზესტაფონის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1982წ. 30 მაისის ¹114 გადაწყვეტილებით საზოგადოებას ქ. ზესტაფონში, ...ის გამზირზე, “ს-ს” 24-ბინიანი სახლის პირველ სართულზე 22 კვ.მ-ის ბინა გამოეყო. აღნიშნული გადაწყვეტილებით ასევე დასტურდება ისიც, რომ ქ. ზესტაფონში, ... მდებარე შენობა, სადაც ზესტაფონის რაიონის ... საზოგადოება იყო განთავსებული, ხუთსართულიანი, ორმოცდათოთხმეტბინიანი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით უნდა აღებულიყო.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ქონების გაცვლას, ამდენად, მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის მიმართ სკ-ის 523-ე მუხლის ნორმა უნდა იქნეს გამოყენებული, კერძოდ, ნასყიდობის წესები.

საქმის მასალებით, ასევე დადგენილია, რომ, მართალია, ზესტაფონის რაიონის ... საზოგადოებამ ზესტაფონის საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით მისთვის გამოყოფილი “ს-ს” ოცდაოთხბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე 22 კვ.მ დაიკავა, მაგრამ მოგვიანებით იგი მითითებული ფართიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გამოსახლდა “ს-ს” უფლებამონაცვლის საზოგადოება “ელ-ის” ფილიალის ზესტაფონის საქსელო საწარმოს სარჩელის საფუძველზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ. ზესტაფონის გამგეობამ (რომელიც ზესტაფონის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს), ზესტაფონის რაიონის ... საზოგადოებას ნაკლის მქონე ნივთი გადასცა, რის გამოც მან სკ-ის 490-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება უნდა შეასრულოს, კერძოდ, აღნიშნული მუხლის შესაბამისად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში.

საკასაციო სასამართლო აქვე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც არსებობდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. მოსარჩელისთვის გადაცემული ბინა ნაკლის მქონე აღმოჩნდა, ხოლო მის საკუთრებაში არსებული ფართი ჩამორთმეული იქნა ქალაქის კეთილმოწყობის მიზნით. ამდენად, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ანუ კეთილაძის ქუჩაზე მდებარე ფართის დაბრუნება შეუძლებელია, ასევე შეუძლებელია მოსარჩელისთვის 22 კვ.მ-ის გადაცემა, რადგან ამ ფართიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა გამოსახლებული. ამ შემთხვევაში, სკ-ის 409-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს უნდა მიეცეს ფულადი ანაზღაურება. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ ქ. ზესტაფონის გამგეობამ ... საზოგადოებას უნდა გადაუხადოს სადავო შენობის საბალანსო ღირებულება 8587 ლარი და 70 თეთრი.

რაც შეეხება ხანდაზმულობის საკითხს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებულ საკითხზე მსჯელობისას სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სკ-ის 130-ე მუხლი, რომლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ და სწორედ განმარტა, რომ ზესტაფონის რაიონის ... საზოგადოება სადავო 22 კვ.მ-იდან ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2001წ. 23 აპრილის გადაწყვეტილებით იქნა გამოსახლებული, მანამდე იგი ამ ფართს ფლობდა როგორც საკუთარს. მაშასადამე, უფლება მას დაერღვა 2001წ. 23 აპრილიდან, ე.ი. სარჩელის უფლებაც ამ პერიოდიდან წარმოეშვა. სარჩელი კი შეიტანა 2003წ. 29 აგვისტოს, ანუ სკ-ის 129-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, რომლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა უძრავ ნივთებთან დაკავშირებით შეადგენს 6 წელს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი და, შესაბამისად, იგი დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ზესტაფონის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005წ. 11 მაისის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.