საქმე №ა-2595-შ-55-2015 8 ივლისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განცხადების ავტორი – ინდივიდულაური მეწარმე ა. ნ.-ა
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.-ი“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – ყაზახეთის რესპუბლიკის მანგისტაუსკის სპეციალიზირებული რაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება
განცხადების ავტორის მოთხოვნა – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ყაზახეთის რესპუბლიკის მანგისტაუსკის სპეციალიზირებული რაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით შპს ს.-ს“ ინდივიდულაური მეწარმე ა. ნ.-ას სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანების – 2 566 666 ტენგესა და სახელმწიფო ბაჟის ხარჯების – 25 667 ტენგეს გადახდა.
ინდივიდულაური მეწარმე ა. ნ.-ამ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, შპს ს.-ის“ უძრავი და მოძრავი ქონების დაყადაღება 2 592 333 (2 566 666+25667) ტენგეს ფარგლებში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ინდივიდულაური მეწარმე ა. ნ.-ას განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
განსახილველ შემთხვევაში ინდივიდულაური მეწარმე ა. ნ.-ამ მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ყაზახეთის რესპუბლიკის მანგისტაუსკის სპეციალიზირებული რაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მიზნით.
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისათვის ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების თაობაზე ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, მითითებული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღიონისძიების არსი მდგომარეობს იმაში, რომ სასარჩელო წესით საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე თავიდან იქნეს აცილებული ისეთი ქმედების განხორიციელება, რაც ხელს შეუშლის ან შეუძლებელს გახდის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე მუხლის შესაბამისად განცხადებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტს ამ სარჩელის განმხილველი სასამართლო.
მოცემულ შემთხვევაში ინდივიდულაური მეწარმე ა. ნ.-ამ მოიითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება იმ საქმეზე, რომელიც ყაზახეთის რესპუბლიკის მანგისტაუსკის სპეციალიზირებული რაიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს წარმოებაში იყო.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენცია შემოიფარგლება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებით, ხოლო სარჩელის ან მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ სასამართლოს მიერ, რომელიც შესაბამის დავას განიხილავს.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ინდივიდულაური მეწარმე ა. ნ.-ას განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე