Facebook Twitter

საქმე №ას-1161-1092-2015 15 იანვარი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – დ. ჩ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს-ა“, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახური (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი – საკადასტრო აზომვით ნახაზსა და საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

დ. ჩ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს-ისა“ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში _ მოპასუხეები) მიმართ მიწის ნაკვეთების ზედდების გაუქმებისა და საკადასტრო აზომვით ნახაზში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით. სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს 2008 წლის 17 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით ერიცხება ს-ის #...ში მდებარე მიწის ნაკვეთი, რომლის ელექტრონული რეგისტრაციისას აღმოჩნდა ზედდება. საჯარო რეესტრის განმარტებით, მოსარჩელის მიწის ნაკვეთი იჭრება მეზობლად მდებარე სს „ს-ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთის საზღვრებში. ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან ფიქსირდება 24 კვ.მ გადაფარვა.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. სს „ს-ამ“ სარჩელი არ ცნო და მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლით განმარტა, რომ მისი საკუთრება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ საზღვრებშია მოქცეული, საკადასტრო აზომვითი ნახაზი კანონით დადგენილი წესით აქვს შედგენილი.

2.2. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ასევე არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ საკადასტრო ნახაზზე პასუხისმგებლობა მესაკუთრეს ეკისრება, შესაბამისად, სადავო ფაქტზე იგი პასუხისმგებელი ვერ იქნება.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სს „ს-ის“ კუთვნილი მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი და საჯარო რეესტრის ჩანაწერი იმ ნაწილში, სადაც ზედდება ხდება მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზთან 24 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთის ფარგლებში. სს „ს-ას“ დაევალა ამავე (ზედდების) ნაწილში №... უძრავ ნივთთან დაკავშირებული საჯარო რეესტრის მონაცემების შეცვლა, კორექტირებული აზომვითი ნახაზის წარდგენის გზით.

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ს-ამ“, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

5.1.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2008 წლის 17 აპრილიდან საჯარო რეესტრში მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებულია ქალაქ ჭიათურაში, ს-ის №---ში მდებარე 2287 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მანამდე, იგივე ნაკვეთი, 2000 წლიდან, რეგისტრირებული იყო სს „ს-ის“, ხოლო 2002 წლიდან _ ო. მ-ის საკუთრებად, რომლისგანაც იგი შეძენილ იქნა მოსარჩელის მიერ 2008 წლის 17 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

5.1.2. 2007 წლის 27 აგვისტოდან საჯარო რეესტრში აპელანტის საკუთრებად რეგისტრირებულია 51 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე ქალაქ ჭიათურაში, საკადასტრო კოდით №....

5.1.3. მოსარჩელემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით, ვერ დაამტკიცა, რომ აპელანტის საკუთრებად რეგისტრირებული №... მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრები შეჭრილია მის საკუთრებად რეგისტრირებული №... მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 15 ივლისის №... დასკვნა ამგვარ მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება, რადგან ექსპერტებმა დასკვნა მითითებული მიწის ნაკვეთების გადაფარვის თაობაზე ჩამოაყალიბეს მოსარჩელის მიწის ნაკვეთის სავარაუდო (და არა ზუსტი) ადგილმდებარეობის საფუძველზე.

5.1.4. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“, „ლ“, „მ“ ქვეპუნქტების, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 25-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების თანახმად, პალატამ აღნიშნა შემდეგი: სარჩელი ეფუძნება იმ ფაქტს, რომ სს „ს-ის“ კუთვნილი მიწის ნაკვეთის საზღვრები შეჭრილია მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში, რადგან სს „ს-ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა უზუსტო საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე. მითითებული გარემოების არსებობა მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რის გამოც მისი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

6.1. საკასაციო საჩივრის საფუძლები:

6.1.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, ამასთანავე, არასწორი შეფასება მისცა საქმის იმ მასალებს, რომლებსაც სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ემყარება. საქართველოს პრეზიდენტის 30.04.1999წ. #206 ბრძანებულებით განსაზღვრული ახალი გეოდეზიური ქსელის შექმნა არ ნიშნავს უკვე არსებული უფლების ჩამორთმევას. სააპელაციო პალატა პრაქტიკულად ეთანხმება სარეგისტრაციო მონაცემების უზუსტობას, თუმცა საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ლახავს სამართლებრივ უსაფრთხოებას და ქმნის მდგომარეობას, როდესაც კასატორი არის საკუთრების მატარებელი, თუმცა არ გააჩნია უფლების ობიექტი.

6.1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივია, იგი, ერთი მხრივ, ადასტურებს მოსარჩელის საკუთრებას ფორმალურად, თუმცა, მეორე მხრივ, გამორიცხავს საკუთრებას, ვიანიდან არ გაიზიარა ექსპერტიზის დასკვნა და ვერც თავად მიუთითა კასატორის საკუთრების ადგილმდებარეობაზე (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „სპორონგი და ლონორითი შვედეთის წინააღმდეგ“).

6.1.3. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო უფლების რეგისტრაციის რიგითობაც, კერძოდ, კასატორის უფლება, მოწინააღმდეგის უფლებამდეა რეგისტრირებული. მოსარჩელემ საჯარო რეესტრში დაადასტურა, რომ მისი მხრიდან ნაკვეთის კონფიგურაცია არ დარღვეულა და იგი იმგვარადაა შესრულებული, რომ პირველადი ნახაზი არ დარღვეულა. სასამართლოს მითითებით, სადავო იყო ნაკვეთის ადგილმდებარეობაც, მაშინ, როდესაც ექსპერტიზის ჩატარებას ორივე მხარე ესწრებოდა. კასატორის ნაკვეთზე გადის რკინიგზის ჩიხი, რომლის გადატანაც შესაძლებელია. მოპასუხის მხრიდან უფლების არასწორ რეგისტრაციას ადასტურებს სასამართლოების, მათ შორის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ განხილული დავები, სადაც დადგინდა, რომ სს „ს-ას“ უფლება არასწორად ჰქონდა რეგისტრირებული.

6.1.4. პალატამ არასწორად დაასკვნა, თითქოს, მოსარჩელემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვერ დაადასტურა, რომ მოპასუხის ნაკვეთი შეჭრილია მოსარჩელის ნაკვეთში და სათანადო მტკიცებულებად ექსპერტიზის დასკვნა ვერ იქნებოდა მიჩნეული. მითითებულ დასკვნაზე დაყრდნობით საჩხერის რაიონულმა სასამართლომ 2013 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა ზედდება. მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს ზემდგომმა სასამართლოებმა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ეჭვქვეშ დააყენა სამი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად ეფუძნება იმ დასკვნებს, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 2008 წლის 17 აპრილს, მოპასუხისა _ 2007 წლის 27 აგვისტოს. მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ სწორედ მოპასუხის ნაკვეთი იყო შეჭრილი მისი კუთვნილი ქონების საზღვრებში. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ამ თვალსაზრისით არ იყო უტყუარი მტკიცებულება, რამდენადაც იგი ემყარებოდა კასატორის მიწის სავარაუდო და არა ზუსტ ადგილმდებარეობას.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. კასატორი ქვემდგომი სასამართლოს დასკვნებს უპირისპირებს ადმინისტრაციული სამართლწარმოების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას იმავე მხარეებს შორის, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და განმარტავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლით განსაზღვრული პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტები განსახილველ საქმესთან ადმინისტრაციული სამართლწარმოების გზით გამოტანილ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ დადგენილა, რამდენადაც ადმინისტრაციულ დავაზე დავის საგანს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების _ ზედდების ნაწილში საჯარო რეესტრის ჩანაწერისა და სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა წარმოადგენდა. საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მარეგისტრირებელ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გზით დაევალა ახალი აქტის გამოცემა.

1.5. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ #ას-1648-1545-2012, 6 სექტემბერი, 2013 წელი).

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს კასატორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმისათვის დართვის საფუძველი, შესაბამისად, დ.ჩ-ეს უნდა დაუბრუნდეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 18.11.2013წ. #3/21-12 გადაწყვეტილების, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.03.2014წ. #3/ბ-55-2014 განჩინებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.10.2014წ. #ბს-333-329 (კ-14) განჩინების ასლები 11 (თერთმეტი) ფურცლად (ს.ფ. 193-203).

3. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2015 წლის 20 ოქტომბერს #01 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ დ. ჩ-ეს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 2015 წლის 20 ოქტომბერს #01 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. კასატორს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები (საჩხერის რაიონული სასამართლოს 18.11.2013წ. #3/21-12 გადაწყვეტილების, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.03.2014წ. #3/ბ-55-2014 განჩინებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.10.2014წ. #ბს-333-329 (კ-14) განჩინების ასლები) 11 (თერთმეტი) ფურცლად (ს.ფ. 193-203).

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე