Facebook Twitter

საქმე №ას-1140-1072-2015 15 იანვარი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ. გ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის11 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით 2010 წლის 31 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოპასუხისათვის ყოველთვიურად 365 ლარის დაკისრება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ლ. გ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე) მიმართ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ საზოგადოების გენერალური დირექტორის 2010 წლის 24 აგვისტოს #... ბრძანების ბათილად ცნობის, სს „ს-ის“ ქ,თბილისის სილიანის ცვლის მექანიკოსის ან სხვა ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და დათხოვნის დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარადგინა როგორც მოთხოვნის შემწყვეტი, ისე მისი განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი. მოპასუხის განმარტებით, დასაქმებული გათავისუფლდა შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, მას მიეცა კომპენსაცია და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელის ყველა მოთხოვნა ხამდაზმულია.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი საზოგადოების გენერალური დირექტორის ბრძანება დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ და დამსაქმებელს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 6 თვის ხელფასის ოდენობით.

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ მოითხოვა კომპენსაციის დაკისრების ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით 2010 წლის 31 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დამსაქმებლისათვის ყოველთვიურად 365 ლარის დაკისრება, ხოლო მოპასუხემ _ ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, სს „ს-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

5.1.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ს-სა“ და ლ. გ-ეს შორის 2010 წლის 12 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მოსარჩელე დაინიშნა ქ.თბილისის #... ფილიალის სადგურის ცვლის ელ. მექანიკოსის თანამდებობაზე, ხოლო ხელფასი განესაზღვრა 365 ლარით. ხელშეკრულების მოქმედების ვადად კი - 2010 წლის 31 დეკემბერი.

5.1.2. სს „ს-ის“ გენერალური დირექტორის 2010 წლის 17 დეკემბრის ბრძანებით 2010 წლის 20 დეკემბრიდან მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი და 38-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილები.

5.1.3. სარჩელი სასამართლოში ლ. გ-ის მიერ შეტიანილია 2014 წლის 15 სექტემბერს, ანუ სამსახურიდან გათავისუფლებიდან 3 წლისა და 9 თვის შემდეგ. (აღნიშნულ გარემოებაზე აპელირებდა მოპასუხე შესაგებელში და სასამართლო სხდომაზეც). სარჩელით იგი მოითხოვდა უკანონო ბრძანების გაუქმებას, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურებას.

5.1.4. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით შეუძლებელია, ლ. გ-ის სარჩელის დაკმაყოფილება, რადგანაც მასთან დადებული იყო ვადიანი შრომითი კონტრაქტი, რომლის მოქმედების ვადა 2010 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა. მოპასუხემ დასაქმებული სამსახურიდან გაათავისუფლა 10 დღით ადრე, ხელშეკრულების ვადის მოქმედების გასვლამდე. პალატის დასკვნით, ამ თვალსაზრისით დამსაქმებლის მოქმედება უკანონოა, რადგან იგი უფლებამოსილი არ იყო, ვადაზე ადრე შეეწყვიტა კონტრაქტი მოსარჩელესთან. მიუხედავად ამისა, ეს გარემოება წარმოშობს მხოლოდ ლ. გ-ისათვის 10 დღის განმავლობაში მიუღებელი ხელფასის ანაზღაურებისა და არა სამსახურში მისი აღდგენის შესაძლებლობას. სადავო ბრძანების გაუქმების შემთხვევაში მოსარჩელეს წარმოეშობოდა 2010 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მუშაობის უფლება, რაც შეუძლებელია განხორციელდეს ხელშეკრულებაში მითითებული ვადის გასვლის გამო, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ სს „ს-ის“ გენერალური დირექტორის ბრძანების ბათილობის იურიდიული ინტერესი არ არსებობს.

5.1.5. მითითებული ბრძანების გაუქმებით ლ. გ-ეს წარმოეშვა განაცდური ხელფასის ანაზღაურების უფლება, მაგრამ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაც შეუძლებელია, რადგან გასულია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. ლ. გ-ის გათავისუფლების დროისათვის მოქმედი შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სახელფასო განაცდურთან დაკავშირებულ სარჩელებზე ხანდაზმულობა უნდა შეფასდეს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრულ 3-წლიან ვადაში, ლ. გ-ემ სასამართლოს სარჩელით 3 წლისა და 9 თვის გასვლის შემდეგ მიმართა. სააპელაციო პალატის დასკვნით, სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელემ უფლების დარღვევის შესახებ შეიტყო 2010 წლის 20 დეკემბერს, ვინაიდან, იგი ამ დროს გათავისუფლდა სამსახურიდან და ერთი დღეც აღარ უმუშავია კომპანიაში. აღნიშნული გარემოება კი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით 2010 წლის 31 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოპასუხისათვის ყოველთვიურად 365 ლარის დაკისრება.

6.1. საკასაციო საჩივრის საფუძლები:

6.1.1. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და უსაფუძვლოდ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, თითქოს მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულების ვადა 2010 წლის 31 დეკემბერს იწურებოდა. სწორედ ამ ვადას დაუკავშირა სასამართლომ სარჩელის შეტანის ხანდაზმულობა და უსაფუძვლოდ განმარტა, რომ სასამართლოსათვის მიმართვის ვადა იწურებოდა 2013 წლის 31 დეკემბერს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად.

6.1.2. სასამართლოს არ უმსჯელია იმაზე, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 143 მუხლის თანახმად, მოპასუხე სს „ს-ის“ სამართალმემკვიდრეა და ამავე საზოგადოების კუთვნილ საწარმოთა ბაზაზეა შექმნილი, სადაც კასატორი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა, დასაქმებული იყო განუსაზღვრელი ვადით. კასატორს უფლება ჰქონდა, კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფკავშირთან 2010 წლის 25 მაისს დადებული კოლექტიური ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უვადო შრომით ურთიერთობაში ყოფილიყო მოპასუხესთან.

6.1.3. რაც შეეხება გათავისუფლების შესახებ ბრძანების გასაჩივრებას, სასამართლომ არასწორად არ იხელმძღვანელა ამ საკითხთან მიმართებაში სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით, რადგანაც გათავისუფლებულ მუშაკს სარჩელის შეტანამდე კი არ ჩაბარებია ბრძანება, არამედ იგი სხვა თანამშრომელთა ბრძანებებთან ერთად შემთხვევით იქნა მოპოვებული, მოპასუხე პერიოდულად აიმედებდა და ჰპირდებოდა კასატორს, რომ დაასაქმებდა, ანუ 2013 წლის ნოემბერ-დეკემბერშიც კი აღიარებდა მოპასუხე ხელშეკრულების გაგრძელების ვალდებულებას. გარდა აღნიშნულისა, კასატორი საქართველოს კონსტიტუციის 30-ე და 42-ე მუხლებით განსაზღვრული უფლებებით ვერ ისარგებლებდა, ვინაიდან უცნობი იყო სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. უპირველეს ყოვლისა, პალატა ყურადღებას გაამახვილებს კასატორის დაზუსტებულ მოთხოვნაზე (იხ: 19.11.2015წ. #ა-4426-15 განცხადება) _ მოსარჩელემ მოითხოვა მხოლოდ განაცდურის ანაზღაურების ნაწილში მისი საკასაციო საჩივრის განხილვა, საკასაციო პალატის 26.11.2015წ. განჩინებით კი, ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას საკასაციო პალატის მსჯელობის საგანიც სწორედ განაცდურის ანაზღაურება იქნება (სსსკ-ის 409-ე მუხლი).

1.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად ეფუძნება იმ დასკვნებს, რომ დასაქმებული სამუშაოდან 2010 წლის 20 დეკემბრიდან გათავისუფლდა, მან სარჩელი სასამართლოში 2014 წლის 15 დეკემბერს (გათავისუფლების მომენტიდან 3 წლისა და 9 თვის შემდეგ) აღძრა, რის გამოც, მოთხოვნა ხანდაზმულია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

1.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.5. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის შეფასებებსა და დასკვნებს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის კუთხით და აღნიშნავს, რომ ვალდებული პირის მიერ ვალდებულების აღიარების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვება, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას და კანონის დროში მოქმედების პრინციპიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლომ, შრომის კოდექსის (მუშაკის გათავისუფლების დროს მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის დებულებებით და სწორად განსაზღვრა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სამი წლით (სკ-ის 129.1 მუხლი), ამასთანავე, ვინაიდან დასაქმებულისათვის გათავისუფლების მომენტიდან ცნობილი იყო უფლების დარღვევის თაობაზე, თუნდაც ადმინისტრაციას არ ჩაებარებინა მისთვის გათავისუფლების შესახებ ბრძანება, სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო სწორად დაეყრდნო ხანდაზმულობის ვადის დენის ობიექტურ მომენტს, რა დროიდან მოყოლებულიც გასული იყო მოთხოვნის იძულებით განხორციელების ვადა. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე (სკ-ის 144.1 მუხლი).

1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე