საქმე №ას-1166-1096-2015 15 იანვარი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ა. და ე. დ-ეები (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. მ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ოქტომბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ასევე საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მ. მ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. და ე. დ-ეების (შემდგომში _ მოპასუხეები, კასატორები) მიმართ ქ.ქუთაისში, კ-ის ქუჩა, VI შესახვევის #...-ში მდებარე უძრავი ნივთის (საცხოვრებელი სახლი #..., საერთო ფართი _ 175,5 კვ.მ, დამხმარე ნაგებობები: 32,0 კვ.მ; 36,74 კვ.მ) მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და მოსარჩელისათვის გადაცემის მოთხოვნით.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს.
2.2. ამავე სასამართლოს 2015 წლის 4 მაისის განჩინებით მოპასუხეების მიერ წარდგენილი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
3. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მათი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
4. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ დარჩა უცვლელად.
5. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
5.1. პალატამ მიუთითა მოსარჩელის მოთხოვნაზე და დადგენილად ცნო, რომ სარჩელი და თანდართული საბუთები 2015 წლის 6 იანვარს მოსარჩელე მხარის მიერ მოპასუხე ე. დ-ის მეუღლე ა. დ-ეს პირადად და მეუღლისათვის გადასაცემად ჩაბარდა სარჩელში მითითებულ მისამართზე. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა 10 (ათი) დღის ვადა, რომელიც 2015 წლის 16 იანვარს გავიდა, მაგრამ მოპასუხეებმა შესაგებელი არ წარადგინეს, არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ არ უცნობებიათ და არც შესაგებლის წარმოდგენის ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსათვის.
5.2. ასეთ ვითარებაში საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლით სარჩელში მითითებული გარემოებები დამტკიცებულად მიიჩნია, ხოლო სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას, შესაბამისად, სარჩელი დაკმაყოფილდა.
5.3. 2015 წლის 2 მარტს საქალაქო სასამართლოს საჩივრით მიმართეს მოპასუხეებმა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება ითხოვეს. საჩივრის თანახმად, გზავნილის ჩაბარებისას ფოსტის თანამშრომელს ეცნობა, რომ შვილის პრობლემების გამო, მთელი ოჯახი მიემგზავრებოდა ბათუმში და ვერ მოხერხდებოდა ამ საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. მოპასუხეები ელოდებოდნენ სასამართლოსგან შეტყობინებას სხდომის თაობაზე. მათივე განმარტებით, მათი შვილი - ნ. უ-ი არის მრავალშვილიანი დედა, რომელსაც მეხუთე შვილი შეეძინა აღნიშნული დავის განმავლობაში, რის გამოც, ვერ მოხერხდა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით ქმედებების განხორციელება. შესაგებლის ვადაში წარმოუდგენლობა უნდა ჩაეთვალოთ საპატიოდ და მათ წინააღმდეგ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.
5.4. საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 მაისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ამავე სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
5.5. პალატამ იხელძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2321 მუხლით და აღნიშნა, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალური წინაპირობები, ამავდროულად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლო გამოარკვევს, ამართლებს თუ არა სარჩელში მითითებული გარემოებანი სასარჩელო მოთხოვნას, რაც, მოცემულ შემთხვევაში ასევე სახეზე იყო.
5.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლზე მითითებით, პალატამ აღნიშნა, რომ საპატიო მიზეზად მხარემ მიუთითა შვილის ავადმყოფობა და წარადგინა სამედიცინო ცნობა, რაც სხვა მტკიცებულებებთან ერთად შეაფასა და ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართლიანად არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლომ. მოპასუხეს სარჩელის ჩაბარების შემდეგ გააჩნია საპროცესო მოვალეობა, რაც შესაგებლის შემოტანაში აისახება. ამისათვის მას დანიშნული ჰქონდა 10 დღის ვადა. მან გამოიჩინა გულგრილობა და დანიშნულ ვადაში შესაგებელი არ წარადგინა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა.
5.7. პალატის დასკვნით, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. სარჩელში მითითებული იყო, რომ მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენდა სადავო უძრავი ქონება, რომელიც მან შეიძინა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 2010 წლის 13 აგვისტოს. ხელშეკრულება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ქონება საკუთრების უფლებით ირიცხება მოსარჩელის სახელზე, ეს ქონება უკანონო მფლობელობაში აქვთ მოპასუხეებს, ნებაყოფლობით არ ათავისუფლებენ ფართს, რითაც ხელს უშლიან მესაკუთრეს საკუთრებით სარგებლობაში. ამ კუთხით მოსარჩელემ მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს პოლიციის მეორე განყოფილებას იძულებით გამოსახლებასთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მოსარჩელის დახმარება ვერ უზრუნველყვეს შემდეგი მიზეზის გამო: საკადასტრო რუკა, რის საფუძველზეც დგინდება არსებული ფართის კანონიერად ფლობა, მოსარჩელეს არ გააჩნდა, საკადასტრო რუკას ვერ არეგისტრირებს მოსარჩელე, რადგან თანამესაკუთრე მ. დ-ე გარდაცვლილია და მისი თანხმობა არ აქვს აღნიშნული ფართის საკუთრებასთან დაკავშირებით, შესაბამისად იგი ვერ ახდენს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთას. მითითებული გარემოებები სრულად შეესაბამებოდა სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლების მოთხოვნებს, შესაბამისად, არსებობდა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი (სსსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
5.8. პალატის დასკვნით, სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოსთან ერთად დაუსაბუთებელიც იყო, აპელანტი ვერ მიუთითებდა სამართლებრივ საფუძველს, თუ რატომ უნდა გაუქმებულიყო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება.
6. კასატორების მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი, ასევე საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
6.1. საკასაციო საჩივრის საფუძლები:
6.1.1. ქვემდგომი სასამართლოების გადაწყვეტილებები უსაფუძვლოა, რადგანაც მხარეს რეალურად არ ჩაბარებია სარჩელი და თანდართული მასალები, შესაბამისად, მოპასუხეებისათვის უცნობი იყო დავის ფაქტობრივი გარემოებები. პალატამ შეფასება არ მისცა მხარეთა განცხადებას, რომ მათ ხელი რაიმე საფოსტო შეტყობინებაზე არ მოუწერიათ, რაც საეჭვოს ხდის, უფრო მეტიც, შესაძლო სიყალბის ჩადენაზე მიუთითებს, ამდენად, ეს გარემოება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი იყო.
6.1.2. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების დაცვას მოსარჩელის მხრიდან. სასამართლომ მხარეთათვის სარჩელი და თანდართული მასალები 2015 წლის 6 იანვარს ჩაბარებულად მიიჩნია და არ შეუფასებია სადავო გარემოება იმის თაობაზე, რომ ა. დ-ემ ხელი მხოლოდ ფოსტაში გამოცხადების შესახებ შეტყობინებას მოაწერა. საქმეში არ არის დოკუმენტი, რომელიც მის მიერ იდენტურად იქნება ხელმოწერილი, ხოლო სააპელაციო პალატამ კალიგრაფიული ექსპერტიზის დანიშვნაზე უსაფძვლოდ უთხრა უარი მოპასუხეებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად ეფუძნება იმ დასკვნებს, რომ მოპასუხეებს ჩაბარდათ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები და მათ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი სასამართლოსათვის არ წარუდგენიათ, ამასთან, არც წარუდგენლობის საპატიო მიზეზზე მიუთითებიათ და არც საპროცესო ვადის აღდგენა უთხოვიათ, შესაბამისად, არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, ვინაიდან სარჩელში მითითებული გარემოებები, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას (სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლები). რაც შეეხებოდა საჩივარს, მხარეები მიუთითებდნენ შვილის ავადმყოფობის გამო ქალაქიდან გასვლასა და საპროცესო ვადის საპატიოდ დარღვევაზე, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის ფარგლებს ცდებოდა და არ ქმნიდა ამავე კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძველს.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. მოცემულ შემთხვევაში, დავის სწორად გადაწყვეტაზე ზეგავლენას ვერ იქონიებს მოსარჩელის მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა დაუცველობა, რადგანაც საქმეში წარმოდგენილია საფოსტო შეტყობინების ბარათები, რომლებითაც ირკვევა, რომ 2015 წლის 6 იანვარს ა. დ-ემ, როგორც საკუთარი სახელით, ისე მეუღლისათვის გადასაცემად ჩაიბარა კორესპოდენცია, რაც, ამავე კოდექსის 70-ე და 74-ე მუხლების პირველი ნაწილების შესაბამისად, მხარეთა ჯეროვან ინფორმირებად განიხილება. რაიმე მტკიცებულება, რაც დაასაბუთებდა კასატორების პოზიციას, რომ ხელმოწერით ფოსტაში გამოცხადების ვალდებულება დაადასტურა, საქმეში წარმოდგენილი არ არის. რაც შეეხება ექსპერტიზის ჩატარებას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საფოსტო შეტყობინებაზე ხელმოწერის კუთვნილება ამ ხელმოწერის ნამდვილობის შემდავებელ მხარეს ეკისრებოდა (სსსკ-ის 102-ე მუხლი), სათანადო მტკიცებულების, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნის წარდგენაც სწორედ მოპასუხეს ევალებოდა. სასამართლო კი, როგორც მხარეთა შეჯიბრებითობის წარმმართველი, არ იყო უფლებამოსილი, დაენიშნა ექსპერტიზა, ვინაიდან არ იკვეთება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები.
1.5. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ №ას-557-528-2014, 6 აპრილი, 2015 წელი).
1.6 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. და ე. დ-ეების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე