საქმე №ას-1182-1112-2015 15 იანვარი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ. ბ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ც-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
გ. ბ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ც-ის (შემდგომში _ მოპასუხე) მიმართ 1 200 აშშ დოლარისა და ბოლო სამი წლის დავალიანების _ 9 000 ლარის დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელის განმარტებით, 2006 წლის 1 ივნისს 1 200 აშშ დოლარად მოპასუხისაგან შეიძინა სამარშრუტო ხაზი. მხარეთა შეთანხმებით, სამარშრუტო ხაზზე იმუშავებდა მოპასუხე და ყოველთვიურად გადაუხდიდა შემძენს 250 ლარს, ხოლო ხაზის გაუქმების შემთხვევაში, თანხას დაუბრუნებდა მყიდველს. მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება და უარს აცხადებს თანხის დაბრუნებაზე, ხოლო ის ფაქტი, რომ გააჩნია მოსარჩელის ვალი, ნაწილობრივ აღიარა პოლიციის განყოფილებაში.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ _ 750 ლარის მოთხოვნის ნაწილში ცნო, ამასთან, წარადგინა, როგორც მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი, ისე მისი შემწყვეტი შესაგებელი. მოპასუხის განმარტებით, გარდა ზემოხსენებული თანხისა, მას ვალდებულება შესრულებული აქვს, ამასთანავე, მოთხოვნა არის ხანდაზმული.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა 1 200 აშშ დოლარისა და 750 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
4. აპელანტის/შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
4.1. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
4.2. სააპელაციო პალატას შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა მოპასუხემ, მოითხოვა გადაწყვეტილების 1 200 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში გაუქმება და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩვრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით 1 200 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
5.1.1. მხარეთა განმარტებებზე დაყრდნობით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2006 წლის 1 ივნისს გაფორმდა სასყიდლიანი სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე: სესხის ოდენობაზე, მისი გადახდის წესსა და ვადებზე, ასევე, სარგებლის ფორმაზე. სესხის თანხას წარმოადგენდა 1 200 აშშ დოლარი, სარგებელს _ სამარშრუტო ხაზ თბილისი-ზესტაფონზე მუშაობისათვის თვეში 250 ლარის გადახდა გ. ბ-ისათვის.
5.1.2. სამი თვის სარგებლის, 750 ლარის გადაუხდელობის ნაწილში მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო, ამ ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა სააპელაციო წესით (ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში).
5.1.3. 2007 წლიდან მოპასუხეს არ გადაუხდია შეთანხმებული სარგებელი, მოსარჩელე ცდილობდა მოვალესთან დაკავშირებას, რომელიც მასთან არ ჩნდებოდა და ემალებოდა. ამდენად, ამ უკანასკნელმა ნაკისრი ვალდებულება დაარღვია 2007 წელს, შესაბამისად, ამ დროიდან გახდა კრედიტორისათვის დარღვეული უფლების შესახებ ცნობილი.
5.1.4. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 317-ე მუხლების პირველი ნაწილებით, 361-ე, 623-ე, 625-ე მუხლებით და განმარტა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა სესხის თანხის _ 1 200 აშშ დოლარის გ. ბ-ისათვის დაბრუნების ფაქტი, თუმცა ეს გარემოება საშეღავათო ვერ გახდებოდა მოსარჩელისათვის მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო, რადგანაც ვალდებულების დარღვევის დროისა (რაც ამ დროიდან მოყოლებული იყო ცნობილი მოსარჩელისათვის) და სარჩელის სასამართლოში შეტანის თარიღის გათვალისწინებით მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნეოდა.
5.1.5. პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე, 131-ე მუხლებზე და არ გაიზიარა კრედიტორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ 2007 წლიდან მოყოლებული იგი ავადმყოფობდა, რის გამოც ვერ შეძლო სასამართლოსათვის მიმართვა დარღვეული უფლების აღსადგენად. პალატის განმარტებით, მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტიდან 7 წელი დიდი დროა იმისათვის, რათა მოსარჩელეს თუნდაც წარმომადგენლის მეშვეობით ეზრუნა დარღვეული უფლების აღსადგენად. კანონმდებლის ნებაც ამ შემთხვევაში ერთმნიშვნელოვანია, რაც გამოიხატება იმაში, რომ ხანდაზმული სარჩელი (საფუძვლიანობის დადასტურების შემთხვევაშიც კი) დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
6.1. საკასაციო საჩივრის საფუძლები:
6.1.1. სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა საქმის მასალები. სასამართლო აღნიშნავს, რომ 1 200 აშშ დოლარი დაბრუნებული არ არის, თუმცა მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, რაც არასწორია, რადგანაც მოპასუხეს საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე არ უცნობებია კასატორისთვის, ხოლო ამ უკანასკნელის მცდელობა, დაკავშირებოდა მოვალეს ვალდებულების შესრულების მოთხოვნით, ასევე, მოვალის აღიარება, რომ 750 ლარი გადასახდელი აქვს, უნდა გაეთვალისწინებინა სასამართლოს და არ მიეთითებინა ხანდაზმულობაზე.
6.1.2. პალატამ ვალდებულების დარღვევის შეტყობის ვადად არასწორად მიუთითა 2007 წელზე. მოპასუხე თვითონ აღიარებს, რომ გადასახდელი აქვს 750 ლარი, მის მიერ დასახელებულმა მოწმეებმა არ დაადასტურეს ის გარემოება, რომ მოსარჩელისათვის თანხა უნდა გადაეცათ, ამასთანავე, კასატორმა მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, სადაც მოპასუხემ ასევე აღიარა ვალდებულების ნაწილობრივ არსებობა. ეს აღიარება გამორიცხავს ვალდებულების არსებობას, რაც პალატამ არ გაითვალისწინა.
6.1.3. სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა შსს-ოს პოლიციის პირველ განყოფილებაში მოპასუხის მიერ მიცემული ჩვენება. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც მოპასუხის მხრიდან საქმიანობის შეწყვეტას დაადასტურებდა, სააპელაციო პალატამ კი, ეს გარემოება დამტკიცებულად ცნო. სამუშაოს შეწყვეტის შესახებ მოვალეს კლრედიტორისათვის არ უცნობებია, შესაბამისად, მოთხოვნის უფლებაც მას შემდეგ წარმოიშვა, როდესაც მოპასუხემ მას არ გადაუხადა ყოველთვიური თანხა. ამ გარემოების გათვალისწინებით კი, სარჩელი არ არის ხანდაზმული.
6.1.4. მიკროევტობუსით მგზავრთა გადაყვანიდან გამომდინარე, მოპასუხეს ყოველთვიურად, საქმიანობის შეწყვეტამდე უნდა ეხადა თანხა მოსარჩელისათვის. საქმიანობის შეწყვეტის შესახებ მოვალეს არ განუცხადებია, ამ გარემოებების სწორად შეფასების შემთხვევაში სასამართლო სრულად დააკმაყოფილებდა სარჩელს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად ეფუძნება იმ დასკვნებს, რომ მხარეთა შორის არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 625-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ, მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 1 200 აშშ დოლარი; სესხი იყო სარგებლიანი (თვეში 250 ლარი). მოპასუხემ ვალდებულება დაარღვია 2007 წელს, რის თაობაზეც ცნობილი იყო მოსარჩელისათვის, თუმცა, უფლების იძულებით დაცვის მოთხოვნით მოსარჩელემ სასამართლოს 2016 წლის 26 ოქტომბერს მიმართა.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს: სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შემოღებით კანონმდებელმა განსაზღვრა სამოქალაქო უფლების დაცვის გარკვეული ვადებით შეზღუდვის აუცილებლობა, რომელიც მყარ სამოქალაქო ბრუნვაზეა ორიენტირებული და მოთხოვნის ხანდაზმულობის ამა თუ იმ ვადის გასვლით მხარე კარგავს იმ სამართლებრივ ბერკეტებს, რომელთა საშუალებითაც მას შესაძლებლობა ჰქონდა, მოეხდინა მისი მოთხოვნის იძულებით აღსრულება. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის აღწერილობითი ნაწილის მითითება - როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო, არ შეიძლება გაგებულ იქნას იმგვარად, რომ გარემოების შეტყობა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ან მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი, პრაქტიკულად, ერთმანეთის თანმხვედრია და ორიენტირებულია კრედიტორის ობიექტურ აღქმაზე ვალდებულების დარღვევის მიმართ. ამასთანავე, სუბიექტურ ფაქტორზე - უნდა შეეტყო, მხოლოდ მაშინ შეიძლება დაყრდნობა, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტური ფაქტორის განსაზღვრა. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, რაც, მოცემულ შემთხვევაში, უდავოდაა დადგენილი, რომ მხარეს არ დაუცავს, შესაბამისად, პალატამ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 144-ე-145-ე მუხლებით და სწორად არ დააკმაყოფილა სარჩელი. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის თაობაზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 137-ე-138-ე მუხლებით გათვალისწინებული იურიდიული მოქმედებებიდან ერთ-ერთის განხორციელებას მხოლოდ მაშინ მოჰყვება ამავე ნორმებში მითითებული სამართლებრივი შედეგი, ვიდრე ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასული ვადის დენის შეწყვეტაზე საუბარი მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ წერილობით დოკუმენტებს პალატა აღნიშნავს, რომ გაურკვეველია, როგორც მათი ავტორის ვინაობა, ისე შედგენის თარიღი, შესაბამისად, ამ კუთხით მხარის პრეტენზიები მოკლებულია საფუძვლიანობას.
1.5. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე