საქმე №ას-1261-1183-2015 4 იანვარი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – თ. ბ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ყ.-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – ხარვეზის შევსებულად მიჩნევა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ლ. ყ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. კ.-ის მიმართ და მოითხოვა, 2013 წლის 13 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირითადი თანხის – 2200 ლარისა და 9 თვის სარგებლის – 4400 ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხემ სარჩელი 1400 ლარის ნაწილში ცნო, დანარჩენ ნაწილში კი, თანხის გადახდაზე უარი განაცხადა.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ყ.-ის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინებით ლ. კ.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
5. 2015 წლის 9 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა თ. ბ.-ემ, რომელმაც განმარტა, რომ მისი მეუღლე ლ. კ.-ის საქმეზე შეიტანა სახელმწიფო ბაჟი – 179 ლარი, თუმცა სასამართლოსათვის არ წარუდგენია თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. განმცხადებელმა მოითხოვა ხარვეზის შევსებულად ჩათვლა და განცხადებას დაურთო საგადახდო დავალება.
6. 2015 წლის 18 დეკემბერს სააპელაციო სასამართლომ მოცემული განცხადება როგორც „ლ. კ.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინებაზე“ გაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლომ შეაფასა თ. ბ.-ის განცხადება ლ. კ.-ისათვის დადგენილი ხარვეზის შევსებულად მიჩნევის შესახებ და მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება მოპასუხე ლ. კ.-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო. ამავე განჩინებით მხარეებს განემარტა, რომ განჩინების გასაჩივრება დასაშვებია კანონით დადგენილი წესით კერძო საჩივრის შეტანის გზით.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ბ.-ის განცხადება არ წარმოადგენს ლ.კ.-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების განჩინებაზე შეტანილ კერძო საჩივარს.
11. უპირველესად აღსანიშნავია, რომ განმცხადებელი დავის მონაწილე მხარეს არ წარმოადგენს და, სათანადო უფლებამოსილების დამადასტურებელი მტკიცებულების გარეშე, თ. ბ.-ის მიერ შეტანილი განცხადება აპელანტ ლ. კ.-ის პრეტენზიად ვერ ჩაითვლება.
12. ამავდროულად, ასეთი მტკიცებულების წარდგენის პირობებშიც, განსახილველი განცხადება არც თავისი ფორმით (იგი შეტანილია განცხადების სახით), და არც შინაარსით (მხარე მოითხოვს ხარვეზის შევსებულად მიჩნევას) არ აკმაყოფილებს კერძო საჩივრისათვის წარდგენილ მოთხოვნებს. იგი არ ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და არ მიუთითებს მისი დებულებების უკანონობაზე.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 415-ე მუხლის მეორე წინადადების თანახმად, კერძო საჩივარი უნდა უპასუხებდეს სარჩელისათვის ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს. 177-ე მუხლი კი ადგენს, თუ რა სახის ინფორმაციას უნდა შეიცავდეს სარჩელი.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, მხარის მიერ წარდგენილი საჩივარი არ შეიცავდეს კანონით დადგენილ მონაცემებს, ანუ არ იყოს დაცული კანონით დადგენილი საჩივრის ფორმა, თუმცა აღნიშნული ხარვეზი გამოსწორდეს მოგვიანებით ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიცემული საპროცესო ვადის განმავლობაში, მაგრამ ხარვეზის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იკვეთება მხარის პრეტენზია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინების მიმართ და იგი მიუთითებს განჩინების არაკანონიერების თაობაზე, ანუ სასამართლო შეაფასებს მხარის საჩივრის შინაარსს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის დებულებათა შესაბამისად. მითითებული ნორმის მიხედვით, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ბ.-ის განცხადების როგორც სიტყვასიტყვითი, ისე გონივრული განსჯის შედეგად შეფასება არ იძლევა საფუძველს დავასკვნათ, რომ წარმოდგენილი განცხადება მიზნად ისახავს სააპელაციო პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინების გაუქმებას, არამედ თავისი სამართლებრივი ხასიათით განმცხადებლის პრეტენზია წარმოადგენს მოთხოვნას ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის აღდგენისა და ხარვეზის გამოსწორებულად ჩათვლის შესახებ.
16. თ. ბ.-ის განცხადება ასევე ვერ შეფასდება, როგორც „ლ. კ.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინებაზე“, ვინაიდან აღნიშნულზე არც თავად მხარე მიუთითებს და არც დასახელებული განჩინების (სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე) საკასაციო საჩივრით გასაჩივრების საპროცესო შესაძლებლობას მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
17. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემული დავა ეხება, სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულების შესრულებას, კერძოდ, მოპასუხე ლ. კ.-ეს მოსარჩელე ლ. ყ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 6600 ლარის ანაზღაურება, შესაბამისად, გასათვალისწინებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესები და მნიშვნელოვანია კრედიტორისა და მოვალის ინტერესთა შორის ბალანსის შენარჩუნება.
18. ამდენად, მითითებული განცხადება საკასაციო სასამართლოს არსებითად განხილვის საგანი ვერ გახდება, საქართველოს უზენაეს სასამართლოს იგი არასწორად გადმოეგზავნა, რის გამოც თ. ბ.-ის განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ბ.-ის განცხადება დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზ. ძლიერიშვილი