საქმე №ას-1208-1135-2015 4 იანვარი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. (ი.) შ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი – ხელშეკრულებიდან გასვლა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. (ი.) შ.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ლ.-ის მიმართ ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ნ. (ი.) შ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. (ი.) შ.-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ნ. (ი.) შ.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. (ი.) შ.-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2015 წლის 22 დეკემბერს ნ. (ი.) შ.-ემ განცხადებოთ მომართა საკასაციო სასამართლოს და განმარტა, რომ უარს ამბობს კერძო საჩივარზე, ვინაიდან მხარეები მორიგდნენ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, ნ. (ი.) შ.-ის განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ მოცემულ კერძო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კასატორი უფლებამოსილია, თანამდევი სამართლებრივი შედეგის გათვალიწინებით, უარი განაცხადოს თავის კერძო საჩივარზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე.
კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის მიერ კერძო საჩივარზე უარის თქმისას სასამართლო შეწყვეტს კერძო საჩივარზე არსებულ საქმის წარმოებას, ხოლო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უცვლელად დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა კერძო საჩივარზე უარი თქვა მისი დასაშვებობის საკითხის შემოწმების ეტაპზე, რის გამოც ხსენებულ საქმეზე წარმოება უნდა შეწყდეს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 399-ე, 378-ე, 272-ე, 284-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. (ი.) შ.-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. ნ. (ი.) შ.-ის კერძო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდეს.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
4. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი