Facebook Twitter

საქმე №ას-1208-1135-2015 4 იანვარი, 2016 წელი

№ას-1208-1135-2015 უზრუნველყოფა ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზ. ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – ნ. (ი.) შაინიძე

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 ოქტომბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. (ი.) შაინიძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ლ.-ის მიმართ ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ნ. (ი.) შაინიძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. (ი.) შაინიძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

2015 წლის 6 ოქტომბერს ნ. (ი.) შაინიძის წარმომადგენელმა ზ. ც.-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 სექტემბრის №... სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება, მიმდინარე სამოქალაქო საქმის გადაწყვეტამდე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით ნ. (ი.) შაინიძის განცხადება არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საჩივრით გაასაჩივრა ნ. (ი.) შაინიძის წარმომადგენელმა ზ. ც.-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ნ. (ი.) შაინიძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

2015 წლის 22 დეკემბერს ნ. (ი.) შაინიძემ განცხადებოთ მომართა საკასაციო სასამართლოს და განმარტა, რომ უარს ამბობს საჩივარზე, ვინაიდან მხარეები მორიგდნენ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, ნ. (ი.) შაინიძის განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ მოცემულ საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საჩივრის ავტორი უფლებამოსილია, თანამდევი სამართლებრივი შედეგის გათვალიწინებით, უარი განაცხადოს თავის საჩივარზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე.

კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორის მიერ საჩივარზე უარის თქმისას სასამართლო შეწყვეტს საჩივარზე არსებულ საქმის წარმოებას, ხოლო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უცვლელად დარჩება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე, 399-ე, 378-ე, 272-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. (ი.) შაინიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ნოემბრის განჩინება და ნ. (ი.) შაინიძის საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდეს.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

4. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე