Facebook Twitter

საქმე №ას-1186-1116-2015 22 იანვარი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ-ს“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (შემდგომში _ მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ-სის“ (შემდგომში _ მოპასუხე) მიმართ პირგასამტეხლოს _ 2 064,43 ლარის დაკისრების მოთხოვნით. სარჩელის თანახმად, ელექტრონული ფორმით გამოცხადებული აუქციონის შედეგად მხარეთა შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება ერთი წლის ვადით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ მოპასუხეს ქონება არ დაუბრუნებია, რის გამოც მოსარჩელემ წერილობით მოითხოვა, როგორც დაყოვნების დროისათვის საიჯარო ქირის, ისე _ პირგასამტეხლოს გადახდა. მოპასუხემ აანაზღაურა დაყოვნებული დროის საიჯარო ქირა, ხოლო პირგასამტეხლოს გადახდაზე უარი განაცხადა.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს გადახდევინებაზე შეთანხმებას არ შეიცავდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

5.1.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2013 წლის 16 სექტემბრის პ#... ბრძანებით სარგებლობის უფლებით გაცემის თაობაზე გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ ქალაქ ბათუმში, პ-ის ქ#...ში მდებარე 142,5 კვ.მ შენობა-ნაგებობასა და მასზე მიმაგრებული 605 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა მოპასუხე. სამინისტროს 2013 წლის 16 ოქტომბრის #... ბრძანებით აღნიშნული აუქციონის შედეგები მიღებულ იქნა ცნობად და ბრძანების მე-2 პუნქტის შესაბამისად, 2013 წლის 28 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, წლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 12 400 ლარით. მე-5 პუნქტით საიჯარო ვადა განისაზღვრა ერთი წლით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, „მოიჯარეს“ ეძლეოდა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითებოდა დარღვევის გამოსწორების ვადა და ჯარიმები: ა) საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში - გადასახდელი საიჯარო ქირის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ბ) ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში - თითოეულ დარღვევაზე საიჯარო ქონების ღირებულების 0.05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (6.6. პუნქტი). მხარეები შეთანხმდნენ იჯარის ვადის გასვლის შემდგომ ქონების დაბრუნების წესზე (მე-9 პუნქტი), კერძოდ, ხელშეკრულებით დადგენილი საიჯარო ვადის გასვლის ან მე-8 მუხლის შესაბამისად, მისი გაუქმების შემთხვევაში, საიჯარო შენობა-ნაგებობის და მასზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთის გადაცემა უნდა მომხდარიყო ქონების აღწერის ოქმის საფუძველზე (9.1. პუნქტი), თუკი მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდგომ არ დააბრუნებდა იჯარით აღებულ ქონებას, მაშინ მეიჯარეს შეეძლო, მოეთხოვა დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის, ასევე, მეიჯარეს შეეძლო მოეთხოვა სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაც (9.2 პუნქტი).

5.1.2. მოპასუხემ საიჯარო ქონება 29 დღის დაგვიანებით დააბრუნა, რის გამოც სამინისტროს 2014 წლის 17 დეკემბრის №... წერილით ეთხოვა იჯარის ხელშეკრულების 9.2 პუნქტის შესაბამისად, ვადაგადაცილებულ 29 დღეზე გადაეხადა საიჯარო ქირა და ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა (პირგასამტეხლო) ქონების ღირებულების - 142 375 ლარის 0.05% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 2 064,43 ლარი. ვადაგადაცილებულ 29 დღეზე მოპასუხემ საიჯარო ქირა გადაიხადა, ხოლო პირგასამტეხლოს გადახდაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შორის ასეთი შეთანხმება არ არსებობდა.

5.1.3. სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 317-ე მუხლების პირველი ნაწილების, 327-ე, 581-ე მუხლების შესაბამისად, პალატამ განმარტა, რომ 2013 წლის 28 ოქტომბრის ხელშეკრულებით მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. სადავო არ იყო, რომ მოპასუხემ საიჯარო ქონება 29 დღის დაგვიანებით დააბრუნა, რის გამოც, სამინისტროს მოთხოვნის შემდეგ, გადაიხადა ვადაგადაცილებულ 29 დღეზე საიჯარო ქირა, ხოლო პირგასამტეხლოს გადახდაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შორის ასეთი შეთანხმება არ არსებობდა.

5.1.4. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე მუხლებით, 419-ე მუხლის პირველი ნაწილით და გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა, რომლითაც დაუსაბუთებულად იქნა მიჩნეული მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე. მართალია, მხარეები 2013 წლის 28 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების 6.6 პუნქტით წერილობით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს თაობაზე, თუმცა მოიჯარეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო დაეკისრებოდა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების (გარდა საიჯარო ქირის დადგენილ დროში გადახდისა) დარღვევის შემთხვევაში. ამავე ხელშეკრულების ხელშეკრულების 9.2 პუნქტით მხარეები კონკრეტულად შეთანხმდნენ, რომ თუკი მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდგომ არ დააბრუნებდა იჯარით აღებულ ქონებას, მაშინ მეიჯარეს შეეძლო მოეთხოვა დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის, ასევე, მეიჯარეს შეეძლო მოეთხოვა სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაც და არა პირგასამტეხლო. ამდენად, პალატამ ჩათვალა, რომ მხარეებს შორის არ არსებობდა შეთანხმება ქონების დადგენილ დროში დაუბრუნებლობისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, მაშინ, როცა სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლი იმპერატიულად მოითხოვს ასეთი შეთანხმების არსებობას.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

6.1. საკასაციო საჩივრის საფუძლები:

როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ მხარეთა შორის არ არსებობდა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა, თუკი იგი არ დააბრუნებდა ქონებას. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-5 პუნქტით განისაზღვრა ხელშეკრულების მოქმედების ვადა, ხოლო მე-9 პუნქტი (9.2.) შეეხებოდა შემთხვევას, როდესაც მოიჯარე საიჯარო ურთიოერთობის დამთავრების შემდეგ დროულად არ დააბრუნებდა ქონებას. კასატორმა მიიჩნია, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულება, შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების მიზნით, მას მოეთხოვა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს გადახდა, რაც არ იქნა გაზიარებული ქვემდგომი სასამართლოების მიერ იმ საფუძვლით, თითქოს სამინისტრო მოითხოვდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებას _ საიჯარო ქირის გადახდას. კასატორი აღნიშნულ მოსაზრებას, სამოქალაქო კოდექსის 591-ე მუხლის შესაბამისად, ნაწილობრივ ეთანხმება, თუმცა, სახელშეკრულებო პირობათა შესაბამისად, სამინისტრო ასევე მოითხოვდა 6.6. პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს ანაზღაურებას. კასატორმა მიუთითა უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე (საქმე #ას-459-438-2015) და აღნიშნა, რომ მოპასუხემ დაარღვია ქონების დაბრუნების ვალდებულება, რის გამოც იგი ვალდებულია აანაზღაუროს პირგასამტეხლო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად ეფუძნება იმ დასკვნებს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება, მართალია, ითვალისწინებდა შეთანხმებას პირგასამტეხლოზე, თუმცა ამგვარი შეთანხმება მიმართული იყო ხელშეკრულების მოქმედების ვადაში ვალდებულების დარღვევაზე და არა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ ქონების დაუბრუნებლობაზე, შესაბამისად, არ არსებობდა რა სახელშეკრულებო დათქმა ვალდებულების შეწყვეტის შემდგომ (ვადის გასვლით) მოთხოვნის უზრუნველყოფის სახელშეკრულებო საშუალების გამოყენების თაობაზე, მოსარჩელის მოთხოვნა იყო უსაფუძვლო.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. კასატორის ძირითადი არგუმენტი სახელშეკრულებო დებულებათა არასწორ განმარტებას შეეხება, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა სწორად განმარტეს ხელშეკრულების სადავო დებულებები, რამდენადაც, სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი იცნობს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით საშუალებებს, რომელთაგან პირველს გირავნობა (სკ-ის 254-ე მუხლი) და იპოთეკა (სკ-ის 286-ე მუხლი), ხოლო მეორეს _ პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია (სკ-ის 416-ე მუხლი) განეკუთვნება. მითითებულთაგან ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ საშუალებას სწორედ პირგასამტეხლო წარმოადგენს და იგი მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის (სკ-ის 417-ე მუხლი). სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დანიშნულება ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში ამ თანხის ჩათვლაა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად მიღებული ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის სავალდებულოა მხარეთა მიერ შესაბამისი ფორმით შეთანხმების მიღწევა, რაც რეგულირებულია სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილით. განსხვავებით ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, რომელიც, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ საჭიროებს მხარეთა წინასწარი შეთანხმების არსებობას, პირგასამტეხლო ყოველთვის სახელშეკრულებო პირობად გვევლინება. ზიანის ანაზღაურების სახელშეკრულებო პირობის ერთადერთი გამონაკლისია ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისას პროცენტზე შეთანხმება (სკ-ის 403-ე მუხლი), თუმცა, ეს შემთხვევა სახეზე არ გვაქვს. ისეთ ვითარებაში, როდესაც ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომი პერიოდისათვის პირგასამტეხლოზე მხარეთა შეთანხმების არსებობა, პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა მართებულად არ გაიზიარეს მოსარჩელის მოსაზრებანი.

1.5. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. უფრო მეტიც, წინამდებარე საქმეზე არ დადასტურდა რა ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომი პერიოდისათვის მხარეთა შეთანხმება პირგასამტეხლოზე, დაუსაბუთებელია კასატორის მითითება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე (იხ. სუსგ #ას-459-438-2015).

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელომწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური