Facebook Twitter

საქმე №ას-1279-1200-2015 29 იანვარი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – მ. კ-ი, მ. ჩ-ი, თ. ე-ე, თ. ი-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს-ა“, დირექტორი ზ. დ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – კრების ოქმის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

თ. ი-მა, მ. კ-მა, თ. ე-ემ და მ. ჩ-მა (შემდგომში _ მოსარჩელეები, კასატორები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს „ს-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე) მიმართ საზოგადოების 2012 წლის 27 აგვისტოს კრების ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით. სარჩელის თანახმად, კრების ოქმის შესახებ მოსარჩელეებისათვის ცნობილი 2012 წლის 7 ნოემბერს გახდა. 2012 წლის 27 აგვისტოს იმყოფებოდნენ საზოგადოების ადმინისტრაციულ შენობაში და აქციონერთა რიგგარეშე კრება არ ჩატარებულა, კრება მოწვეული იყო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2012 წლის 27 აგვისტოს მდგომარეობით მოსარჩელეები: თ. ი-ი, თ. ე-ე და მ. ჩ-ი არ იყვნენ საზოგადოების აქციონერები, შესაბამისად, არ არიან უფლებამოსილი, სადავო გახადონ 2012 წლის 27 აგვისტოს კრების ოქმი, ხოლო მ. კ-ის წარმომადგენელი ესწრებოდა კრებას და კანონით დადგენილ ვადაში სადავოდ არ გაუხდია კრების გადაწყვეტილება. კრება მოწვეული იყო და გადაწყვეტილებები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, მას ესწრებოდა ნოტარიუსი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

5.1.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 1996 წლის 22 ნოემბერს, საიდენტიფიკაციო კოდი: ..., წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირია დირექტორი _ ზ. დ-ი.

5.1.2. სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორის“ მიერ გაცემული რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მ. კ-ი 2013 წლის 13 ივნისის მდგომარეობით ფლობს 118 083 ცალ აქციას (24.50745%); თ. ე-ე _ 2 247 (0.46635%); მ. ჩ-ი - 48 143 (10.00010%); თ. ი-ი _ 1 607 (0.33352%).

5.1.3. მოპასუხე საზოგადოების აქციონერთა 2012 წლის 27 აგვისტოს რიგგარეშე კრების ოქმის თანახმად (დამოწმების თარიღი: 31.08.2012წ.), კრება ჩატარდა საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: ქ.თბილისში, ჩ-ის მე-3 შესახვევის №...-ში, კრებას ესწრებოდა ნოტარიუსი ნ. ბ-ე, კრება დაიწყო 15:00 საათზე და დასრულდა 15:45 წუთზე. განხილულ იქნა სამეთვალყურეო საბჭოს და წესდების ცვლილების საკითხი, საწესდებო კაპიტალის გაზრდის საკითხი, ფ.კაპანაძის განცხადება მიწის ნაკვეთის შესყიდვის თაობაზე და სხვადასხვა საკითხები. კრების ოქმის თანახმად, მას ესწრებოდა აქციათა 81,6492%-ის მფლობელი აქციონერები, მათ შორის, მ. კ-ის წარმომადგენელი ზ. დ-ი. აქციონერთა კრების ოქმი სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის ელექტრონულ რეესტრში გატარდა 2012 აგვისტოს 31 აგვისტოს. მ. კ-ის მიერ ზ. დ-ის სახელზე გაცემული იყო წილის მართვისა და ხმის უფლების მინდობის შესახებ მინდობილობები 2011 წლის 1 აგვისტოს და 2011 წლის 26 აგვისტოს. 2012 წლის 23 ივლისს მ. კ-მა გააუქმა ზ. დ-ის სახელზე 2011 წლის 12 აგვისტოს და 26 აგვისტოს გაცემული მინდობილობები, ხოლო 2011 აგვისტოს გაცემული მინდობილობა მოქმედებდა 2012 წლის 27 აგვისტომდე.

5.1.4. აქციათა რეესტრის ამონაწერებითა და აქციათა რეესტრით დგინდებოდა, რომ მოსარჩელეები: თ. ი-ი, თ. ე-ე და მ. ჩ-ი 2012 წლის 27 აგვისტოს მდგომარეობით არ იყვნენ სს „ს-ის“ აქციონერები. მითითებული გარემოება სადავოს არ წარმოადგენდა. აპელანტები მიუთითებდენ, რომ თ. ი-მა, თ. ე-ემ და მ. ჩ-მა საკუთრების უფლება აქციებზე დაარეგისტრირეს სააღრიცხვო დღის შემდეგ, მხოლოდ 13.06.2013წ. სააპელაციო საჩივარში მოცემული მსჯელობის წინააღმდეგ, რომ თ. ე-ე, შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე, წარმოადგენდა აქციონერ ლ. მ-ს და უფლება ჰქონდა, დასწრებოდა სხდომას, პალატამ განმარტა, რომ წინამდებარე სარჩელი აღძრული იყო თ. ე-ის, არა როგორც ლ. მ-ის წარმომადგენლის, არამედ საკუთარი სახელით, შესაბამისად, დავის ფარგლების გათვალისწინებით განხილული ვერ იქნებოდა კრებაზე სხვა აქციონერის, რომელიც არ წარმოადგენს წინამდებარე საქმის მხარეს, ან/და მისი წარმომადგენლის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად მოწვევის საკითხი.

5.1.5. სადავოს არ წარმოადგენდა ის გარემოებაც, რომ აქციონერ მ. კ-ს პირადად ეცნობა 2012 წლის 27 აგვისტოს რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ. ინფორმაცია კრების მოწვევისა და დღის წესრიგის შესახებ გამოქვეყნებული იყო „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

5.1.6. ნოტარიუსის შემცვლელი პირის მ. მ-ის 2013 წლის 5 დეკემბრის ინფორმაციით, ნოტარიუს ნ. ბ-ის სანოტარო ბიუროში 2012 წლის 27 აგვისტოს 15:00 საათიდან 16:00 საათამდე რაიმე სანოტარო მოქმედება არ შესრულებულა.

5.1.7. პალატამ იხელმძღვანელა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტით, 54-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5 პუნქტებით და განმარტა, რომ საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ აქციონერებს, რომლებსაც აქციაზე საკუთრების უფლება ჰქონდათ სააღრიცხვო დღისთვის. საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლით გათვალისწინებული აქციონერის უფლებების საერთო კრებაზე რეალიზების უფლება გააჩნიათ მხოლოდ იმ აქციონერებს, რომლებსაც აქციაზე საკუთრების უფლება ჰქონდათ სააღრიცხვო დღისთვის. ამგვარი უფლება არ გააჩნდათ თ. ი-ს, თ. ე-ესა და მ. ჩ-ს. კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება არ ეხებოდა მათ უფლებებს და არ იყვნენ უფლებამოსილი, სადავო გაეხადათ 2012 წლის 27 აგვისტოს კრების მოწვევის, ჩატარებისა და გადაწყვეტილებების მიღების კანონიერება. რაც შეეხებოდა მოსარჩელე მ. კ-ს, საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ მას პირადად ეცნობა კრების დღის თაობაზე, დღის წესრიგი გამოქვეყნებული იყო კანონით დადგენილი წესით და კრებაში მონაწილეობას იღებდა წარმომადგენლის მეშვეობით. წარმომადგენლმა 2012 წლის 27 აგვისტოს კრებაზე მხარი დაუჭირა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს. არ იქნა გაზიარებული მსჯელობა მასზე, რომ 2012 წლის 27 აგვისტოს არ შემდგარა სს „ს-ის“ აქციონერთა კრება, ვინაიდან ზემოაღნიშნული გარემოება საქმის მასალებით დადასტურებული არ იყო. სადავო კრების ოქმი დამოწმდა ნოტარიუსის მიერ, რომელიც ესწრებოდა კრების მიმდინარეობას საზოგადოების იურიდიულ მისამართზე. თავად მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, კრების მიმდინარეობის პერიოდში ნოტარიუს ნ.ბ-ის სანოტარო ბიუროში არ შესრულებულა რაიმე სანოტარო მოქმედება. ზემოაღნიშნული გარემოება არც პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულა. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა მასზე, რომ მართალია, სარჩელში მითითებულია, რომ კრების ოქმის შესახებ მოსარჩელეებისათვის ცნობილი გახდა 2012 წლის 7 ნოემბერს, მაგრამ სარჩელში მითითებული ოქმის გაცნობის თარიღის გათვალისწინებითაც მ. კ-ს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში კრების გადაწყვეტილებები სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, მისი მოთხოვნა აქციონერთა 2012 წლის 27 აგვისტოს კრების ოქმის ბათილად ცნობის შესახებ იყო ხანდაზმული.

5.1.8. აპელანტების განმარტებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა შუამდგომლობა საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. საქალაქო სასამართლოს 19.11.2014წ. განჩინების თანახმად, სასამართლოს მიერ ნოტარიუს ნ. ბ-ისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, რომლის მიხედვით ნოტარიუსს აღნიშნულ პერიოდში არ განუხორციელებია რაიმე სანოტარო ქმედება. ვინაიდან, აღნიშნულ საკითხზე არსებობდა სასამართლოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 284-ე, 285-ე და 414-ე მუხლების შესაბამისად, არ არსებობდა შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. სააპელაციო პალატის დასკვნით, არ არსებობდა მითითებული განჩინების გაუქმების ამავე კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.

6. კასატორების მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

6.1.1. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის განმარტება სადავო კრების მოწვევისა და ჩატარების თაობაზე, თუმცა შეფასება არ მიუცია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებისათვის, რის შედეგადაც მიღებულ იქნა ტენდენციური გადაწყვეტილება.

6.1.2. სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარემ დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართოს არაერთგვაროვანი მიდგომა ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ ამ საკითხთან მიმართებაშიც ტენდენციურად არ გაიზიარა მოსარჩელეთა არგუმენტები, რომ სარჩელი არ იყო ხანდაზმული.

6.1.3. სასამართლომ კრიტიკულად არ შეაფასა ის საკითხი, რომ ზ.დ-ს, რომელიც, ერთი მხრივ, საწარმოს დირექტორი, ხოლო, მეორე მხრივ, მ.კ-ის წარმომადგენელი იყო, არ შეეძლო კასატორის სახელით სარჩელის შეტანა.

6.1.4. გადაწყვეტილების მიკერძოებაზე მეტყველებს სასამართლოს გადაწყვეტილება საადვოკატო მომსახურების ხარჯის _ 1 600 ლარის მოსარჩელეებისათვის დაკისრების თაობაზე. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სს „ს-ას“ ადვოკატი ემსახურება, რის გამოც უხდის 2 000 აშშ დოლარს, შესაბამისად, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გაწევა მის მოვალეობაში შედიოდა.

6.1.5. კასატორთა მითითებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა მოწმეთა ჩვენებები და სარჩელზე დართული დისკი, რომელიც ადასტურებდა გარემოებას იმის თაობაზე, რომ კრება არ ჩატარებულა, ასევე, მინდობილობების გაუქმებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად ეფუძნება იმ დასკვნებს, რომ კრების ჩატარების დროისთვის თ. ი-ი, თ. ე-ე და მ. ჩ-ი არ წარმოადგენდნენ აქციონერებს, მიღებული გადაწყვეტილება მათ უფლება-მოვალებებს არ შეხებია და მათ არავითარი ინტერესი კრების ოქმის ბათილად ცნობისა არ შეიძლებოდა ჰქონოდათ. რაც შეეხებოდა მ. კ-ს, ის სათანადოდ იყო მოწვეული კრებაზე, წარმომადგენლის მეშვებოთ ახორციელებდა საკუთარი, როგორც აქციონერის უფლებების დაცვას, ამასთანავე, თუდაც სარჩელში მითითებული თარიღის გათვალისწინებით (თითქოს მან სწორედ ამ დღეს შეიტყო კრების ოქმის თაობაზე) მოთხოვნა იყო ხანდაზმული.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნებსა და სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლი, ამასთან, დამატებით აღნიშნავს, რომ თ. ი-ს, თ. ე-ესა და მ. ჩ-ს სასარჩელო მოთხოვნის მიმართ არ გააჩნიათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის აბსოლუტური საფუძველია, ხოლო, რაც შეეხება მ. კ-ს, სააპელაციო პალატამ სარჩელში მითითებული თარიღიდან _ 2012 წლის 7 ნოემბრიდან სარჩელის აღძვრამდე (28.04.2014წ.) პერიოდის გათვალისწინებით მართებულად მიიჩნია დარღვეულად „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა. მითითებული გარემოებების წინააღმდეგ კასატორები შემოიფარგლენ მხოლოდ ზოგადი მითითებით, რომ სასამართლომ არ გამოიკვლია მტკიცებულებები. რაც შეეხება კასატორთა მითითებას სარჩელზე დართული დისკისა და სანოტარო აქტის გაუქმების ფაქტის არასწორ შეფასებაზე, პალატა განმარტავს, რომ კასატორების მოსაზრებათა გაზიარების შემთხვევაშიც კი, საქმეზე სხვაგვარი შედეგი არ შეიძლება დადგეს. პალატა მხედველობაში იღებს ადვოკატის ხარჯების ნაწილში მხარეთა მიერ გამოთქმულ პრეტენზიას და განმარტავს, რომ გასაჩივრებული განჩინება ემყარება, როგორც საქმეში არსებულ საადვოკატო მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, ისე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის სწორ განმარტებას და არც ამ ნაწილში არსებობს მისი გაუქმების წინაპირობები (იხ. ასევე სუსგ-ებები: №ას-330-315-2015, 29 ივნისი, 2015 წელი; №ას-792-1114-07, 11 თებერვალი, 2008 წელი; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები: „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“; „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“).

1.5. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა თვლის, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ თ. ი-ის მიერ 06.01.2016წ. საკრედიტო საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. კ-ის, მ. ჩ-ის, თ. ე-ისა და თ. ი-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორებს მ. კ-ს (პ/#...), მ. ჩ-ს (პ/#...), თ. ე-ესა (პ/#...) და თ. ი-ს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ თ. ი-ის მიერ 06.01.2016წ. საკრედიტო საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური