საქმე №ას-1209-1136-2015 29 იანვარი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ს-ა“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – მომსახურების საფასურის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
სს „ს-ამ“ (შემდგომში _ მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „კ-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე) მიმართ, 24 საათზე მეტი მომსახურების გამო, თანხის _ 49 029 ლარის დაკისრების მოთხოვნით. სარჩელის თანახმად, 2014 წლის აპრილში მოპასუხემ #... საგზაო უწყისის საფუძველზე განახორციელა ტვირთის სარკინიგზო გადაზიდვა. მოსარჩელემ კეთილსინდისიერად შეასრულა გადაზიდვის ვალდებულება, თუმცა მოპასუხემ ფოთის ნავსადგურში ვერ უზრუნველყო მიწოდებული ვაგონის დროული დაცლა, რის გამოც დაერიცხა 24 საათზე მეტი მომსახურების საფასური, რაც არ არის ანაზღაურებული.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მარტივი შედავებით მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა იმ დასაბუთებით, რომ 2014 წლის 21 აპრილიდან 11 ნოემბრამდე მოსარჩელის მომსახურებით არ უსარგებლია.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
5.1.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ 2013 წლის 8 ნოემბერს უკრაინაში შეიძინა დიზელ-ელექტრული ლოკომოტივი „T...“ ქარხნული ნომრით №....
5.1.2. მოპასუხის დაკვეთით, მოსარჩელემ განახორციელა მითითებული ლოკომოტივის ტრანსპორტირება საქართველოში, კერძოდ, ლოკომოტივი მიწოდებულ იქნა მოპასუხის კუთვნილ ე.წ „ფოთის პორტში“ 2014 წლის 21 აპრილს და დარჩა იქვე.
5.1.3. ლოკომოტივის განბაჟების პროცედურა გაჭიანურდა დროში, საბოლოოდ, ყველა აუცილებელი პროცედურა დასრულდა 2014 წლის 11 ნოემბერს და განხორციელდა აპელანტთან ტვირთის მიწოდების ანგარიშსწორება.
5.1.4. პალატამ, სარკინიგზო კოდექსის მე-11 და მე-12 მუხლების პირველი ნაწილების თანახმად, აღნიშნა, რომ მოსარჩელემ, გადაზიდვის ხელშეკრულების საფუძველზე, განახორციელა მოპასუხის კუთვნილი ლოკომოტივის გადაზიდვა უკრაინიდან საქართველოში _ ფოთის პორტში, რომელიც დაასრულა 2014 წლის 21 აპრილს. ტვირთი გადაეცა ტვირთმიმღებს (მოპასუხეს) და განთავსდა მის კუთვნილ სარკინიგზო სადგომში ისე, რომ არ დადგენილა გადამზიდავის (მოსარჩელის) კუთვნილი რომელიმე აქტივის (სარკინიგზო ლოკომოტივის, ვაგონის, ლიანდაგის, სადგურის და სხვა) მოცდენის გარემოება, მოპასუხის კუთვნილი ტვირთის მიღების დაყოვნების გამო. სარკინიგზო კოდექსის 36-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, მოსარჩელემ ტვირთმიმღებს (მოპასუხეს) შეთანხმებულ ვადაში (2014 წლის 21 აპრილს) მიაწოდა ტვირთი, მოპასუხის კუთვნილ სადგურში და იგი მითითებული თარიღიდან დგას მოპასუხის საკუთრებაში არსებულ სადგურში. მოპასუხემ ამ მომსახურებისათვის მოსარჩელეს გადაუხადა საფასური. რაც შეეხებოდა მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ლოკომოტივთან დაკავშირებულ დამატებით, 2014 წლის 21 აპრილიდან 2014 წლის 11 ნოემბრამდე, მოსარჩელის მიერ გაწეულ მომსახურებას, სააპელაციო პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიწოდების დაყოვნებას, აგრეთვე, ტვირთმიმღების მისამართზე მისული ვაგონის გზად მდებარე რკინიგზის სადგურში დაყოვნებას ადგილი არ ჰქონია, რაც გამორიცხავდა მითითებული პერიოდის გამო ტვირთმიმღებისათვის (მოპასუხისათვის) დამატებით რაიმე თანხის გადახდევინებას მოსარჩელის სასარგებლოდ.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
6.1.1. 2014 წლის აპრილში მოპასუხემ განახორციელა ტვირთის სარკინიგზო გადაზიდვა. კასატორმა ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად, თუმცა, მოპასუხემ საბუთების გამოსყიდვისა და განბაჟების მოლოდინის გამო, ტვირთის დროული მიღება ვერ უზრუნველყო, რის გამოც მას დაერიცხა 24 საათზე მეტი მომსახურების საფასური.
6.1.2. კასატორმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლზე, სარკინიგზო კოდექსის მე-2 მუხლის „ჰ15“ ქვეპუნქტზე, 26-ე მუხლზე და განმარტა, რომ სასამართლოს, გარდა სამოქალაქო კოდექსის 668-708-ე მუხლებისა, უნდა ეხელმძღვანელა სპეციალური კანონით _ სარკინიგზო კოდექსით, რომელშიც დეტალურადაა განსაზღვრული სარკინიგზო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის წესები, მხარეთა უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობის საფუძვლები. მოპასუხეს დარიცხული დავალიანება არ გადაუხდია.
6.1.3. საქმეში წარმოდგენილია სარკინიგზო უწყისი, რომელიც სარკინიგზო კოდექსის მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულებაა და მასში აღნიშნულია, რომ მოპასუხეს ტვირთი გადაეცა 2011 წლის 11 ნოემბერს, ხოლო 2014 წლის 21 აპრილიდან მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ფოთის ნავსადგურში მიწოდებული ტვირთის საკუთარ ღერძზე დროული მიღება. ტვირთის დროული მიღების შეუძლებლობა დასტურდება საქმეში წარმოდგენილი #... საერთო ფორმის აქტითა და სადგურის მომსახურებისა და ტვირთის ჩაბარების #... და #... სამახსოვროებით. ამასთანავე, სხვა სარკინიგზო მომსახურების გადახდის გზით მოპასუხემ აღიარა ვალდებულება. ტვირთის 2014 წლის 21 აპრილს ჩამოსვლის ფაქტი აღიარებულია მოპასუხის შესაგებელშიც. შემოსავლების სამსახურმა ტვირთი გააფორმა 25 აპრილს და დოკუმენტი გამოიცა 2014 წლის 11 ნოემბერს, ხოლო კასატორმა ტვირთი არსებული წესის დაცვით ჩააბარა მოპასუხეს. მოპასუხის არგუმენტი იმის შესახებ, რომ ტექნიკური პრობლემების გამო ვერ განხორციელდა დოკუმენტების დროულად გაფორმება, არ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით, გარდა აღნიშნულისა, სარკინიგზო კოდექსის შესაბამისად, ეს გარემოება პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი არ არის.
6.1.4. კასატორის განმარტებით, გადამზიდველი ვალდებულია, ტვირთმიმღებს ტვირთი გასცეს სასაქონლო შტრიხკოდიანი დეკლარაციის წარდგენის შემდგომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ გამოყენებული იქნება საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია. გარდა აღნიშნულისა, საგულისხმოა სარკინიგზო კოდექსის 25-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის დათქმა რომლის თანახმადაც ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიწოდების დაყოვნებისას დგება საერთო ფორმის აქტი, რომლის საფუძველზეც ტვირთმიმღები ვალდებულია გადაიხადოს სატარიფო პოლიტიკით გათვალისწინებული საფასური. ამდენად, სარკინიგზო კოდექსის 64-ე მუხლისა და სატვირთო გადაზიდვის ტარიფების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოპასუხეს ეკისრება 49 029 ლარის გადახდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად ეფუძნება იმ დასკვნებს, რომ მოსარჩელემ განახორციელა სარკინიგზო გადაზიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რომელიც 2014 წლის 21 აპრილს დასრულდა. გადამზიდველმა ტვირთმიმღებს საქონელი გადასცა, რომელიც განთავსდა მოპასუხის კუთვნილ სარკინიგზო სადგომში, ისე, რომ ტვირთის მიღების დაყოვნების მოტივით არ დადგენილა მოსარჩელის კუთვნილი რომელიმე აქტივის მოცდენის ფაქტი.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ცდილობს, სარკინიგზო კოდექსის ნორმების მოშველიებით, დაასაბუთოს ტვირთმიმღების მხრიდან მოსარჩელის კუთვნილი აქტივების მოცდენის ფაქტი, თუმცა, საქმის მასალებით არ დგინდება კონკრეტულად რას ემყარება კასატორის არგუმენტაცია. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი უტყუარად ვერ ასაბუთებს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ რომელ საფუძველს ემყარება 24 საათზე მეტი ვადით მომსახურების გამო, მოპასუხისათვის თანხის დარიცხვა და ამ თანხის გადახდის ვალდებულება.
1.5. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 24.11.2015წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2 451,45 ლარის 70% _ 1 716,015 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სს „ს-ას“ (ს/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 24.11.2015წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2 451,45 ლარის 70% _ 1 716,015 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური