საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე№ა-1222-ბ-10-2015 26 ნოემბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. ბ-ი (მოსარჩელე)
განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 02 ოქტომბრის განჩინების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 06 მაისის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით დ. ბ-ის (შემდეგში - დასაქმებული) სარჩელი მოპასუხე სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდეგში - თსუ, მოპასუხე, მოწინააღმდეგე ან განმცხადებელი) მიმართ ბრძანებების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დასაქმებულმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 დეკემბრის განჩინებით დასაქმებულის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დასაქმებულმა, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით დასაქმებულის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 დეკემბრის განჩინება და საქმე, ხელახლა განსახილველად, დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
5. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით დასაქმებულის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით, ნაწილობრივ, დასაქმებულის სასარგებლოდ დაკმაყოფილებულ ნაწილში, გაასაჩივრა თსუ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, დასაქმებულის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მაისის განჩინებით თსუ-ის საკასაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, განუხილველად დარჩა.
7. 2015 წლის 16 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადება/საჩივრით მომართა თსუ-ის წარმომადგენელმა და მოითხოვა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის რამდენიმე გადაწყვეტილების გაუქმება კერძოდ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 სექტემბრის (საქმე # ას-106-101-2014), ამავე წლის 2 ოქტომბრის განჩინებების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებისა და უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მაისის განჩინების (იხ. განცხადება, ტ.3, ს.ფ.33-34).
8. განმცხადებლის განმარტებით, დასახელებული განჩინება/გადაწყვეტილებების გაუქმების საფუძველია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 394-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის დანაწესი, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 სექტემბრის განჩინება (შემდეგში - უზენაესი სასამართლოს 26.09.2014 განჩინება ან სასამართლოს სადავოდ ქცეული აქტი), რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი დასაქმებულის საკასაციო საჩივარი, უკანონოა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 394-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო 421-ე მუხლის პირველი ნაწილზე და 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით, განმცხადებელმა მოითხოვა კანონიერ ძალაში შესული იგივე განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
9. წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტში წარმოდგენილ განცხადებაზე თსუ-ს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი (ტ.3., ს.ფ. 71-76). იმავე წლის 27 ივლისს, თსუ-მა წარმოადგინა განცხადება (ტ.3., ს.ფ.85-88) თანდართული დოკუმენტებით და მოითხოვა, ამ განჩინების მე-7 პუნქტში მითითებული სასამართლო აქტების ბათილად ცნობა, ასევე, მათი გაუქმება.
10. საკასაციო სასამართლომ 2015 წლის 31 ივლისის განჩინებით დასაშვებად ცნო თსუ-ს განცხადება უზენაესი სასამართლოს 26.09.2014 წლის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე, ხოლო განმცხადებლის მოთხოვნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ოქტომბრის განჩინების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მაისის განჩინების (შემდეგში - სადავოდ ქცეული სასამართლო აქტები) გაუქმების ნაწილში მიიჩნია დაუზუსტებლად, კერძოდ, გაურკვეველი იყო თსუ-ს მოთხოვნა ეხებოდა დასახელებული აქტების გაუქმებას და, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლებას, თუ მათ ბათილად ცნობას. მოთხოვნის საფუძვლების დაზუსტებისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების მითითებით, საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის განჩინებით, თსუ-ს განესაზღვრა საპროცესო ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად (იხ. საკასაციო სასამართლოს განჩინებები, ტ.3., ს.ფ. 100-111).
11. თსუ-მა 2015 წლის 8 აგვიტოს წარმოადგინა განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო (ტ.3., ს.ფ.115-121), კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მაისის განჩინების (საქმე # ას- -252-239-2015) გაუქმება, იმ დასაბუთებით, რომ მითითებული განჩინება ემყარებოდა უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 26 სექტემბრის უკანონო განჩინებას, ხოლო განჩინების უკანონობის შესახებ, განმცხადებლისათვის ცნობილი გახდა 2015 წლის 12 ივნისს, შესაბამისად, დაცული იყო განცხადების სასამართლოში შეტანის ერთთვიანი ვადა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის 432-ე და 426-ე მუხლები).
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 12 აგვისტოს განჩინებით თსუ-ს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ოქტომბრის განჩინების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო სამეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მაისის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, მიჩნეულ იქნა დასაშვებად (ტ.3., ს.ფ.127-131). მითითებული მოთხოვნით, თსუ-ს განცხადების განხილვა საკასაციო სასამართლომ შეაჩერა 2015 წლის 31 აგვისტოს განჩინებით იმ საფუძვლით, რომ იხილებოდა იგივე განმცხადებლის მოთხოვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობის შესახებ. სსსკ-ის 421-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოში შემოსულია განცხადებები როგორც ერთი და იმავე, ასევე ორივე მხარის მიერ ერთდროულად გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, სასამართლომ უნდა შეაჩეროს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების შესახებ განცხადების განხილვა, ვიდრე არ იქნება განხილული განცხადება გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის შესახებ (იხ. განჩინება, ტ.3., ს.ფ.165-169).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლო, თსუ-ს მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძვლების შესწავლისა და შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მისი მოთხოვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 ოქტომბრის განჩინების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მაისის განჩინების გაუქმებისა და, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 10 სექტემბრის გაჩინებით, თსუ-ს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა (ტ.3., ს.ფ.182-189). საკასაციო სასამართლომ დაადგინა, რომ არ არსებობდა სასამართლოს სადავოდ ქცეული აქტის ბათილობის პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველი. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 26 სექტემბრის სადავოდ ქცეული განჩინება არის საკასაციო ინსტანციის სამი მოსამართლის მიერ ხელმოწერილი განჩინება საქმეზე # ას-106-101-2014, რომლითაც სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დასაშვებად ცნო დასაქმებულის საკასაციო საჩივარი (ტ.3, ს.ფ. 256-269).
14. აღნიშნული განჩინებით, უზენაეს სასამართლოში საქმისწარმოების საწყის ეტაპზე, სსსკ-ის 391-ე მუხლით დადგენილი საფუძვლების მიხედვით, შესწავლილია საჩივრის დასაბუთებულობა და საკასაციო საჩივარი დასაშვებად არის ცნობილი; აღნიშნული ნორმა განთავსებულია სსსკ-ის მეცხრე კარის XLVIII თავში, რომელიც კასაციის დასაშვებობას ეხება.
15. საკასაციო საჩივარი თუკი არ აკმაყოფილებს დასაშვებობის კანონით განსაზღვრულ საფუძვლებს, დაუშვებლად იქნება ცნობილი. სსსკ არ ადგენს საკასაციო სასამართლოს, როგორც უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის, პროცესუალური აქტის გასაჩივრების შესაძლებლობას, შესაბამისად, სასამართლოს სადავოდ ქცეული აქტი, რომელიც კონკრეტულ პროცესუალურ ეტაპს - საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას ეხება, არ საჩივრდება.
16. უზენაესი სასამართლოს 26.09.2014 წლის განჩინების შესახებ, საკასაციო სასამართლომ თავისი მსჯელობა დაამყარა სსსკ-ის 421-ე და 422-ე მუხლებზე, ასევე მიუთითა, რომ თსუ-ს მოთხოვნა დასაშვებობის ეტაპთან დაკავშირებული სასამართლო აქტის კანონიერებისა და მისი ბათილობის შესახებ სსსკ-ის 394-ე მუხლით, ასევე დაუსაბუთებელი იყო, რადგან მითითებული ნორმა საკასაციო წარმოების თავშია და გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებს ეხება, არ შეიცავს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლებს. ნიშანდობლივია, რომ სასამართლოს სადავოდ ქცეული აქტით დავა არსებითად არ გადაწყვეტილა, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა არ ნიშნავს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას აუცილებლად კასატორის სასარგებლოდ.
17. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: „საქმის წარმოების განახლების მიზნით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გაუქმების ობიექტი შეიძლება იყოს პირველი ინსტანციის სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები და განჩინებები საქმის წარმოების შეწყვეტის თუ სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, ასევე სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, აგრეთვე განჩინებები საქმის წარმოების შეწყვეტისა და სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, სასამართლო ინსტანციების ყველა სხვა განჩინება არ შეიძლება იყოს, საქმის განახლების მიზნით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გაუქმების ობიექტი, რადგან მათი მეშვეობით ხდება არა საქმის წარმოების დამთავრება, არამედ ცალკეული საპროცესო მოქმედებების შესრულება, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების გადაწყვეტა“ (იხ. სუსგ # 3კ -41-02, 14.01, 2003).
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, განსახილველ შემთხვევაში, თსუ სასამართლოს სადავოდ ქცეული აქტების (იხ. ამ განჩინების მე-12 პუნქტი) გაუქმებას და, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 სექტემბრის განჩინება არის უკანონო. ამ აქტის კანონიერება, რომელიც საფუძვლად უდევს განმცხადებლის მოთხოვნას, დადასტურებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 სექტემბრის განჩინებით. აქედან გამომდინარე, არ არსებობს განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც თსუ-ს უარი უნდა ეთქვას წარმოდგენილი განცხადების დაკმაყოფილებაზე (სსსკ-ის 423-ე მუხლი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 430-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 02 ოქტომბრის განჩინების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 06 მაისის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე